რაზე ოცნებობს 9 შვილის დედა და რისთვის ზრდის ის შვილებს

რაზე ოცნებობს 9 შვილის დედა და რისთვის ზრდის ის შვილებს

9 შვილის დედა მეათე შვილზე ოცნებობს. ირმა რუსიტაშვილი ჯერ კიდევ 17 წლის იყო, როდესაც გათხოვდა. სასიამოვნო, ბედნიერ დღეებთან ერთად, ტკივილიანი და სევდიანი პერიოდებიც გამოიარა. როგორც ამბობს, ხშირად ყოფილა სასოწარკვეთილი, მაგრამ მომავლის იმედი და ღვთის რწმენა არასდროს დაუკარგავს. პრობლემა დღესაც ბევრი აქვს, მაგრამ ამაყობს თავისი ოჯახით... ღვთის მადლიერია, რომ საუკეთესო ქმარ-შვილი არგუნა. რუსიტაშვილებს ოჯახის გასაცნობად, გლდანში ნაქირავებ ბინაში ვეწვიე.

- ქალბატონო ირმა, გაგვაცანით თქვენი შვილები...

- უფროსი ბიჭი, ქართლოსი 27 წლის არის და არმიაში მსახურობს, ახლა ავღანეთშია. 24 წლის ხათუნა სასულიერო აკადემიაში სწავლობს, მეოთხე კურსის სტუდენტი გახლავთ. 22 წლის გიორგიც არმიაშია. 19 წლის ვალენტინა მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა: სკოლაში გვიან შევიყვანე... 16 წლის მიხეილი მოჭიდავეა. 13 წლის როსტომი მსოფლიოს რეკორდსმენია - საათში 6800 აზიდვას აკეთებს, ამერიკელს მოუხსნა რეკორდი. შემდეგ მოდიან: 11 წლის მარიამი, 7 წლის ალექსანდრე, 4 წლის ნინიკო.

- ოჯახი როგორ შექმენით?

- დათო ბიძაჩემის მეჯვარე იყო. ერთმანეთი პირველად ქორწილში ვნახეთ. მალევე მთხოვა ხელი. როდესაც დავქორწინდით, ის 22 წლის იყო, მე - 17-ის. დათოს რკინიგზის ტექნიკუმი ჰქონდა დამთავრებული და ოსტატად მუშაობდა. მე მხოლოდ საშუალო განათლება მაქვს მიღებული. ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით. პატარა, მაგრამ მყუდრო, ლამაზი, თბილი ოჯახი მქონდა. დილით მეუღლეს სამსახურში გავისტუმრებდი, მე კი ოჯახში ვტრიალებდი - ბავშვებს მივხედავდი, კერძს მოვამზადებდი და მეუღლეს ველოდი.

- მერე რა შეიცვალა?

- მეხუთე შვილი, მიხეილი რომ შემეძინა, ფეხზე რაღაც პრობლემა ჰქონდა, ტერფს ვერ ადგამდა. გვითხრეს, რომ თუ ოპერაციას არ გავუკეთებდით, საერთოდ ვერ გაივლიდა. 1997 წელი იდგა, ქვეყანას უჭირდა. ჩემს მეუღლეს სამსახური უკვე აღარ ჰქონდა. იძულებული გავხდით, ბინა გაგვეყიდა. 5.000 დოლარად გავყიდეთ. ოპერაციის შემდეგ რაღაც თანხა კი დაგვრჩა, მაგრამ იმდენად მცირე იყო, რომ ბინის დაგირავებასაც ვერ მოვახერხებდით. აი, ასე აღმოვჩნდით ნაქირავებში. იმის მერე სულ უკან-უკან წავიდა ჩვენი საქმე. უმუშევარ ცოლ-ქმარს, 5 შვილით ნაქირავებში ცხოვრება ძალიან გაგვიჭირდა.

- მაგრამ კიდევ გააჩინეთ მეექვსე, მერე მეშვიდე...

- ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ 9 შვილის დედა გავხდებოდი... ბავშვები რომ დაიძინებენ და ოთახში პირჯვრის გადასაწერად შევდივარ, ზოგჯერ გაოცებული ვაკვირდები, ვფიქრობ, - ნუთუ ესენი ყველანი ჩემი შვილები არიან-მეთქი?!. ყველაფერი ღვთის ნებაა. მე და ჩემი მეუღლე მორწმუნეები ვართ, მოძღვარი გვყავს, ეკლესიაში დავდივართ, მარხვას მთელი ოჯახი ვინახავთ.

- პატარა ალექსანდრე და ნინიკოც?

- კი. სხვა რა გზა აქვთ - მარხვის პერიოდში ოჯახში მხოლოდ სამარხვო კერძი მზადდება. დილა-საღამოს ლოცვებს ყველა ერთად ვკითხულობთ. პატარებიც თავისდა უნებურად ებმებიან საერთო ფერხულში.

- თქვენმა მეუღლემ სამსახური რატომ ვეღარ იშოვა?

- სადაც მივიდა, ყველგან უთხრეს, რომ ადგილი არ ჰქონდათ, მისი სპეციალობა და გამოცდილება დღეს აღარავის სჭირდება.

- ბიჭები არმიაში იმიტომ წავიდნენ, რომ ოჯახს უჭირდა თუ ეს მათი მოწოდებაა?

- როგორ გითხრათ?.. მოწოდება ნამდვილად აქვთ: საუკეთესო, "სამასქულიანი" ჯარისკაცები არიან, ნორმატივებს ყოველთვის კარგად აბარებენ. ბავშვობიდანვე სპორტით არიან დაკავებულნი. თუმცა, კიდევ სხვა პრობლემაც არსებობს. ახლა იმის საშუალებაც კი არ გვაქვს, რომ შვილებს თითო საწოლი დავუდგათ. ქართლოსი და გიორგი ფაქტობრივად, ჯარში ცხოვრობენ, შინ 2-3 თვეში ერთხელ მოდიან. მოუკვდეთ დედა - როგორ მენატრებიან!.. საღამოს ყველას რომ სძინავს, ვუყურებ და ვნატრობ, ნეტავ, ჩემი ქართლოსი და გიორგიც ამათთან ერთად იყვნენ-მეთქი!

- ქართლოსი და გიორგი დიდი ხანია, არმიაში მსახურობენ?

- კი, ქართლოსი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა. საშინელი დღეები გვაქვს გამოვლილი. მაშინ მხოლოდ ქართლოსი მსახურობდა არმიაში. ომი იმ დღის დაწყებული იყო, შინ რომ დარეკა და მოგვიკითხა. ლაპარაკი დამთავრებული არ ჰქონდა, კავშირი რომ გაწყდა. ექვსი კოშმარული დღე გადავიტანე, არაფერი ვიცოდით - სად ან როგორ იყო. მთელი ოჯახი დღე და ღამე ვლოცულობდით, უფალს ქართლოსის შინ მშვიდობიანად დაბრუნებას შევთხოვდით. ერთ დილით ფსალმუნს ვკითხულობდით და ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. ყველანი ყურმილს მივცვივდით და... ქართლოსი იყო. გვითხრა, რომ ცოცხალი, საღ-სალამათი იყო და შინ მალე დაბრუნდებოდა. იმ დღეს გიორგიმ თქვა, რომ აუცილებლად წავიდოდა ჯარში და როდესაც ქვეყანას დასჭირდებოდა, ქართლოსის გვერდით იბრძოლებდა.

- ამდენი ნერვიულობის შემდეგ, თანახმა იყავით, რომ მეორე შვილიც ჯარისკაცი გამხდარიყო?

- კი. პათეტიკურად ნათქვამი არ მოგეჩვენოთ, მაგრამ მე და ჩემს მეუღლეს სამშობლო ძალიან გვიყვარს და ვფიქრობთ, რომ მის წინაშე ვალი ყველამ უნდა მოვიხადოთ. თუ საჭირო გახდება, ჩემი ყველა ვაჟიშვილი დადგება სამშობლოს სადარაჯოზე. მე და ჩემი მეუღლე ვფიქრობთ, რომ სამშობლო უპირველესია და შვილებსაც ამ მრწამსით ვზრდით. ჩემი მეუღლე ცდილობს, მათთვის მაგალითი იყოს. სიგარეტს არ ეწევა, სასმელსაც არ ეტანება, ბიჭებთან ერთად ვარჯიშობს და ეკლესიაში დადის. შედეგიც მივიღეთ. ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ მართლა საამაყო შვილები მყავს. უფროსი ბიჭები საუკეთესო ჯარისკაცები არიან, გოგონა სასულიერო აკადემიაში სწავლობს, დანარჩენები კი ასევე საუკეთესო მოწაფეები არიან. შეგიძლიათ დარეკოთ 69-ე საჯარო სკოლაში და თავად იკითხოთ ჩემი შვილების ამბავი. ყოველდღე ათიანები და ცხრიანები მოაქვთ; მარიამი ზოგჯერ დღეში ორ ათიანს იღებს. ყველანი კარგად სწავლობენ, თან სპორტითაც არიან დაკავებულები, როსტომზე აღარაფერს ვამბობ. 7 წლის ალექსანდრე 120 აზიდვას აკეთებს. სხვათა შორის, ქართლოსი 9 წლის იყო, მასზე "პირველმა არხმა" გადაცემა რომ მოამზადა - პირდაპირ ეთერში 3000 აზიდვა გააკეთა შეუსვენებლად. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილს ბავშვობაში ფეხზე სერიოზული პრობლემები ჰქონდა, დღეს შესანიშნავ ფორმაშია, ჭიდაობს, "შტანგებს" ეწევა... ბავშვებს შრომასა და წესრიგს ვაჩვევ. როდესაც სკოლიდან ბრუნდებიან, გაკვეთილების მომზადებასა და ვარჯიშს ამთავრებენ, მერე საოჯახო საქმეებში მეხმარებიან. ვფიქრობ, ჩემი გოგონები კარგი დიასახლისები დადგებიან. მათი დახმარების გარეშე ამდენი ხალხის სარეცხის დარეცხვასა და სადილის მომზადებას ვერ ავუვიდოდი. გული რატომ მწყდება, იცით? სახელმწიფო არაფრად გვაგდებს. მიუხედავად იმისა, რომ შვილები ნახევრად შიშვლები და მშივრები მყავდნენ, ღირსეულ, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანებად ჩამოვაყალიბე. ხელისუფლება ოდნავ მაინც რომ დამეხმაროს, ქვეყნისთვის ათასჯერ მეტის გაკეთებას შევძლებთ.

- მაინც რაში უნდა დაგეხმაროთ?

- როსტომმა 15 მეთვალყურის წინაშე დაამყარა რეკორდი. ყველა აღფრთოვანებული დარჩა, ტელევიზიებმაც გადაიღეს. გვინდოდა, რომ ამ ყველაფერს ოფიციალური სახე მისცემოდა და ბავშვი გინესის წიგნში შეეყვანათ. ამ თხოვნით როსტომმა პრეზიდენტ სააკაშვილს წერილიც მისწერა, მაგრამ - უშედეგოდ, პასუხიც კი არავინ გვაღირსა. იმაზე აღარაფერს ვამბობ, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა სიიდან რომ ამოგვიღეს, 220-ლარიანი დახმარება შეგვიწყვიტეს და 9 სული მხოლოდ 150 ლარის ანაბარად დაგვტოვეს.

- 150 ლარს რისთვის გაძლევენ?

- მერია, როგორც მრავალშვილიან დედას, თითოეულ არასრულწლოვანზე 25 ლარს მაძლევს.

- სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა სიიდან იმიტომ ხომ არ ამოგიღეს, რომ თქვენი შვილები არმიაში მსახურობენ?

- არა, ეს არ ყოფილა მიზეზი. ბიჭები, როგორც უკვე გითხარით, არმიაში ცხოვრობენ და შინ 2-3 თვეში ერთხელ მოდიან. ერთმა კერძო კომპანიამ საჩუქრად, სარეცხი მანქანა, ტელევიზორი და მაცივარი მომიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გავყიდე, შემოსავლების სამსახურიდან შეტყობინება მომივიდა, რომ ჩემს ანგარიშზე 5.000 ლარი დაირიცხა. მაშინვე დავწერე მინისტრის სახელზე განცხადება, რომ რაღაც გაუგებრობა მოხდა და დახმარება უსამართლოდ მომიხსნეს. მითხრეს, ყველაფერს გავარკვევთო, მაგრამ ჯერჯერობით არავის არაფერი გაურკვევია. სოციალური დახმარების გარეშე ჩვენი ყოფა შედარებით ასატანი იქნებოდა, საკუთარი ბინა რომ გვქონდეს და ქირას არ ვიხდიდეთ. "ნაციონალები" სულ გვპირდებოდნენ, რომ რაღაც თავშესაფარს გამოგვინახავდნენ, მაგრამ "მედღეხვალიობაში" წლები გადაგვატანინეს.

- კომპანიის საჩუქრები რატომ გაყიდეთ?

- იმიტომ, რომ ბავშვები მშივრები და შიშვლები მყავდნენ და ბინის ქირა 300 ლარი მქონდა გადასახდელი..

- უფროსი შვილები არ გეხმარებიან?

- ქართლოსმა პირველივე ხელფასით ფქვილი, კარტოფილი და მაკარონი გვიყიდა. ცდილობენ, დაგვეხმარონ, მაგრამ ორი ახალგაზრდა ბიჭი, რომლებსაც ცხოვრება ასაწყობი აქვთ და იქით სჭირდებათ მშობლების გვერდში დგომა, 9 სულს როგორ არჩენს?! კიდევ კარგი, რომ ღვთის მადლით, ჯანმრთელი შვილები გვყავს და ექიმებში არ გვიწევს ფულის ხარჯვა, თორემ რა გვეშველებოდა, არ ვიცი. ახლა ერთი რამის იმედი მაქვს: გავიგე, რომ ახალი ხელისუფლების ინიციატივით, დემოგრაფიული განვითარების ფონდი შეიქმნა. იქნებ ახლა მაინც გავახსენდეთ ვინმეს და თავშესაფრის პრობლემა მაინც მოგვიგვარონ.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"