ალექსი პეტრიაშვილი: "ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებას ვერაფერი შეაფერხებს"

ალექსი პეტრიაშვილი: "ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებას ვერაფერი შეაფერხებს"

საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ასპექტებზე, საქართველოს ევროსტრუქტურებში გაწევრების პერსპექტივასა და სირთულეებზე სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი გვესაუბრება.

- რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს საქართველომ ვილნიუსის აღმოსავლეთ ევროპის სამიტამდე ევროკავშ­ირთან ასოცირების ხელშეკრულების მის­აღწევად? როგორია ევროკავშირის "საშინაო დავალების" მთავარი გზავნილები?

- "საშინაო დავალება" მოარული ტერმინია. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენს წინაშე მდგომი ყველა ამოცანა, სამართლებრივი იქნება თუ ტექნიკური, გადავჭრათ, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი რომ დაჩქარდეს. ყალბი თავმდაბლობის გარეშე აღვნიშნავ, რომ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია და ვიმედოვნებთ, ვილნიუსის სამიტზე მისი პარაფირება მოხდება. ეს მომლაპარაკებელთა ჯგუფის, თითოეული უწყების წარმომადგენლების დამსახურებაა. ამ მოლაპარაკებისას განიხილებოდა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თემები, როგორიც არის: ტარიფები, სურსათის უვნებლობა, ფიტოსანიტარიული ნორმები, ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის შესვლა და ა.შ.. ცალკე თავი ეხება სოციალური თანამშრომლობის საკითხს: ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც დღეს ევროკავშირის ქვეყნებში მძიმე შრომის ფასად ძალზე მცირე ანაზღაურებას იღებენ, მომავალში ლეგალურად მუშაობას შეძლებენ.

- რა მოთხოვნებს უყენებს ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიის განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით?

- საზოგადოებამ ისე არ უნდა გაიგოს, რომ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაა მთავარი. ჩვენ თვითონ ვიღებთ ვალდებულებას, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნის პროცესი გაგრძელდება, სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი იქნება, რომ პენიტენციურ სისტემაში მდგომარეობას რადიკალურად გავაუმჯობესებთ, მედია თავისუფალი და დამოუკიდებელი იქნება. ეს ეხება ადამიანის უფლებების, ეროვნულ უმცირესობათა დაცვას; ასევე შრომის კანონმდებლობის დახვეწას, ჩვენი მოქალაქეების უფლებები უცხოელ თუ ადგილობრივ დამსაქმებლებთან მუშაობისას რომ არ დაირღვეს. რაც უფრო მჭიდრო ხდება საქართველოს ინტეგრაცია ევროსტრუქტურებთან, მით მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება, როგორც პარტნიორ ქვეყანას, რომელსაც გაცხადებული აქვს ევროკავშირის წევრობის სურვილი.

- დარწმუნებული ხართ, რომ ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკრულების პარაფირებას მიაღწევთ? ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა განაცხადა: საქართველო ვილნიუსის სამიტისგან სასწაულს არ უნდა ელოდესო..

- ჩემი აზრით, დიმიტროვის ეს განცხადება იყო გზავნილი ჩვენი ოპონენტებისადმი, ვინაიდან სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" მუდმივად ქმნიდა გადაჭარბებულ მოლოდინს, რომ ვილნიუსში სასწაული მოხდება. კონკრეტულ თარიღებს ასახელებდნენ, რომ 2013 წელს შესაძლებელი გახდება ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა, მივიღებთ მიწვევას ევროკავშირისგან და ა.შ. ვფიქრობ, დიმიტროვის განცხადება რეალობასთან ახლოს არის, თუმცა, გააჩნია, რას დავარქმევთ "სასწაულს". ვფიქრობ, ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების შეთანხმების პარაფირება ძალზე მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისთვის, კეთილმოსურნეებისა და არაკეთილმოსურნეებისთვისაც, ეს იქნება დასტური, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეუქცევადია.

- პრეზიდენტი სააკაშვილი ხშირად ამბობს, თუ ვილნიუსში ევროპის მატარებელმა გაგვასწრო, მერე დიდხანს მოგვიწევს ლოდინიო...

- ბოლო პერიოდში "ნაცმოძრაობა" ცდილობს, ყველა საკითხი ამ თემას მიაბას, აცხადებენ, თუ უმრავლესობა ამ საკითხს, ამ კანონპროექტს ასეთი სახით არ მიიღებს, მაშინ ვილნიუსის მატარებელი გაგვასწრებს, ასოცირების შეთანხმებას საფრთხე დაემუქრებაო. არადა, ეს ასე არ არის, ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკების ბოლო რაუნდი ძალზე წარმატებულად ჩატარდა და ევროპელმა პარტნიორებმაც მკაფიო განცხადებები გააკეთეს. ახლა ამ შეთანხმების საბოლოო სამართლებრივი გაშალაშინების პროცედურაა დარჩენილი, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა მოწადინებული და მობილიზებულია იმისათვის, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების პარაფირება მოხდეს. ასე რომ, სააკაშვილის გამუდმებული ძახილი, რომ "ევროპის მატარებელი გაგვასწრებს" რეალობას არ ასახავს და უფრო შანტაჟის მცდელობაა; მცირე ხნის წინ ევროკავშირმა აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლო არეალში "პროგრესის ანგარიში" გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო პროგრესის თვალსაზრისით უსწრებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს. ჩემი აზრით, ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებას ვერაფერი შეაფერხებს, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა.

- ვისგან ელით ყველაზე დიდ წინააღმდეგობას? ევროპის სახალხო პარტიამ საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა, არაერთგვაროვნად აფასებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს ბალტიის ქვეყნების წარმომადგენელი ევროპარლამენტარები.

- ბალტიისპირეთის ქვეყნები ერთმნიშვნელოვნად უჭერენ მხარს არა მარტო ასოცირების შეთანხმებას, არამედ საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევროკავშირში, ისევე როგორც სკანდინავიის ქვეყნები, პოლონეთი. მიუხედავად ცალკეული დეპუტატების პოზიციისა, რომლებიც ამ ქვეყნებს წარმოადგენენ, სახელმწიფოების მხრიდან, რომელთა პარლამენტებში ამ შეთანხმების რატიფიცირება უნდა მოხდეს, დაბრკოლება არ შეგვექმნება.

ესაუბრა ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა