უკვე 150 დღეზე მეტი გავიდა, რაც ჩვენს ქვეყანას ახალი მთავრობა მართავს და თუ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს დავუჯერებთ, საქართველოში ყველაფერი ძალიან ცუდადაა - ეკონომიკური სტაგნაცია დაიწყო და ქვეყანამ წინსვლა შეაჩერა. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე თვალსაზრისს გვიზიარებს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლადო პაპავა:
- ვფიქრობ, "ნაციონალური მოძრაობა" არ არის ის ოპოზიცია, რომელიც დღეს ქვეყანას სჭირდება. უფრო მეტიც - ეს ოპოზიცია კი არა, კრიმინალური მთავრობის ნარჩენია, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე ზრუნავს. შეიძლება უცხოელები მოატყუონ და თვალში ნაცარი შეაყარონ, მაგრამ ქართველ ხალხს ვეღარ მოატყუებენ თუნდაც იმიტომ, რომ მათი კრიმინალური წარსული ყველას კარგად ახსოვს. რაც შეეხება ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, ვის-ვის და ნაციონალებს ყველაზე ნაკლები აქვთ სალაპარაკო. თუ ქვეყანაში არსებობს პრობლემები, სწორედ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნა და მემკვიდრეობით დაგვიტოვა. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის მცირე პერიოდში უბრალოდ ვერ მოესწრებოდა ვითარების მკვეთრად გაუმჯობესება ან გაუარესება. ერთ მაგალითს მოვიყვან: წელიწადზე მეტია, რაც ქვეყანაში დეპრესიული მომხმარებლის ფენომენია, ადამიანებს საჭირო რაოდენობის პროდუქტის შესაძენად ფული არა აქვთ. ეს მემკვიდრეობა "ქართულ ოცნებას" ე.წ. ნაციონალურმა ოპოზიციამ დაუტოვა.
- უკვე 150 დღეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ახალი მთავრობა მოვალეობის შესრულებას შეუდგა, შეიძლება ითქვას, რომ ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა?
- 25 მარტს ხუთი თვე შესრულდა, რაც ქვეყნის სათავეში ახალი მთავრობა მოვიდა. გამოჩნდნენ აქტიური, წარმატებული სამინისტროები, მინისტრები, რომლებიც უფრო ყოჩაღები არიან და კარგად მოერგნენ სამთავრობო პოზიციებს, მაგრამ ამასთანავე, გამოჩნდნენ პასიური სამინისტროებიც და მათი ხელმძღვანელები. პირველი 150 დღის განმავლობაში ძირითადი ყურადღება გადატანილი იყო საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომლითაც სააკაშვილს უნდა დაკარგვოდა საპარლამენტო არჩევნების ვადამდე ჩატარების სურვილი. სამწუხაროდ, ამან შეიწირა თითქმის ყველა თემა, მაგრამ მთავარი მაინც შედეგია, ცვლილება უკვე მივიღეთ. ეს კი ნიშნავს, რომ გაზაფხული უფრო მშვიდი გვექნება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ხუთი თვის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი სწორედ ეს კონსტიტუციური ცვლილებაა. მას საკმაოდ დადებითად შეხვდა აშშ და ამ ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული ელჩი - რიჩარდ ნორლანდი, რომლის როლიც ამ საკონსტიტუციო ცვლილების მიღებაში, ისევე, როგორც 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში, უმნიშვნელოვანესი იყო. ამით კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ აშშ მხარს უჭერს არა ხელისუფლებას, არამედ საქართველოს მოსახლეობას. ჩემი აზრით, რიჩარდ ნორლანდის როლი "ნაციონალური ბოროტების" დამარცხების საქმეში დასაფასებელია. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს - რა თქმა უნდა, "ნაციონალურ მოძრაობას" ეყოლება თავისი კანდიდატი, მაგრამ საეჭვოა, ამ კანდიდატს გამარჯვების რამე პერსპექტივა ჰქონდეს. დიდი ალბათობით გაიმარჯვებს "ქართული ოცნების" კანდიდატი, თუმცა ვისურვებდი, რომ კოალიციამ ამ პოსტზე რომელიმე კარიკატურული ფიგურა არ წარმოადგინოს, ან ისეთი ფიგურა, რომელიც საყოველთაო გაღიზიანებას გამოიწვევს. ასეთ შემთხვევაში, ხალხი გადაწყვეტს უბრალოდ არ მივიდეს არჩევნებზე, რაც ნამდვილად არ მოგვიტანს სიკეთეს.
- გავრცელებული ინფორმაციით, ძველი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ბიზნესმენებისათვის ჩამორთმეული ქონება სამ მილიარდ დოლარს აჭარბებს. ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ეს თანხა სახელმწიფომ შიგა ვალად აღიაროს და ბიუჯეტიდან დაფაროს?
- ვფიქრობ, ხელახლა უნდა დაზუსტდეს, დაზარალებულთა რიცხვი და თანხის ოდენობა. გაუმართლებელია ასეთი მარტივი მიდგომა, რომ ყველაფერი ქვეყნის შიგა ვალად იყოს აღიარებული. სახელმწიფოს ხარჯზე ყველაფრის გამოსწორება შეუძლებელია. თითოეული ბიზნესმენის საქმე ინდივიდუალურ რეჟიმში უნდა გადაწყდეს და თუ ზარალის აღდგენა ქონების დაბრუნებით შეიძლება, მაშინ ის უნდა დაბრუნდეს ქონებით, ხოლო თუ კონკრეტული პირის დანაშაული იკვეთება, ზარალის აღდგენა უნდა დაეკისროს სწორედ მას. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ლაპარაკი თანხაზე, რომლის გადახდაც სახელმწიფოს ვალდებულება იქნება. მართალია, სააკაშვილის პერიოდში სახელმწიფო თრგუნავდა ბიზნესსაც და მოქალაქეებსაც, მაგრამ ეს სახელმწიფო მარტო სააკაშვილისა არ არის, ის ჩვენიცაა და რაც მეტ ვალს ავკიდებთ, მით უარესი ჩვენთვის. სამართლიანობა უნდა აღდგეს, მაგრამ ყველაფრის ერთ ქვაბში მოხარშვა გამართლებულად არ მიმაჩნია.
- ოფიციალური ინფორმაციით, მთავრობა ქართველ ექსპერტებთან ერთად ქვეყნის სტრატეგიული განვითარების ამსახველ დოკუმენტზე მუშაობს და ამ პროცესში თქვენც ხართ ჩართული. როგორ შეიძლება შეფასდეს ეს ინიციატივა?
- მივესალმები ბიძინა ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ გვჭირდება ხედვა, საით მიდის ქვეყანა, როგორი უნდა იყოს საქართველო მომავალში, ან როგორი უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკის მოდელი... ის, რომ მთავრობამ დაიწყო ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობა, მისასალმებელია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მთავრობას ხარვეზებიც აქვს, საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ მაქვს განცდა, რომ ეს ჩემი მთავრობაა. აქედან გამომდინარე, ძალიან მინდა, მისი საქმიანობა წარმატებული იყოს. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ ამ დოკუმენტზე მუშაობაში ქართველი ეკონომისტებიც ჩართოს, ერთადერთი და სწორი გზაა. შედგა პირველი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ქვეყნის წამყვანი ეკონომისტები და ვფიქრობ, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში შემუშავდება დოკუმენტი, სადაც იქნება ხედვა, როგორი უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკა უახლოეს წლებში და გრძელვადიან პერიოდში, ან რა მემკვიდრეობა დარჩება მთავრობას, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა ჩამოყალიბდეს, სათათბიროს წევრები არიან ცნობილი ეკონომისტები და იმედია, ეს სათათბირო არ დაემსგავსება იმ ავბედით საბჭოს, რომელიც სააკაშვილმა შექმნა 2005 წელს და დღემდე არსებობს, ოღონდ ქაღალდზე.
- ანუ 150-დღიან პერიოდს წარმატებულად აფასებთ?
- გამოგიტყდებით, შეიძლებოდა უკეთესი შედეგიც ჰქონოდა, მაგრამ ის, რაც გაკეთდა, საკმაოდ შთამბეჭდავია. საბედნიეროდ, დღეს ჩვენ გვაქვს განცდა, რომ "ნაციონალური ბოროტება" ვერ შეძლებს კიდევ ერთი საფრთხე დაატეხოს თავს ქართველ ხალხს, თუმცა სააკაშვილისგან გამორიცხული არაფერია.
ესაუბრა ხათუნა ჩიგოგიძე
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)