ზაზა კოლელიშვილი წლების განმავლობაში აქტიურად იბრძოდა ქვეყანაში ცვლილებების განსახორციელებლად.. ბოლო პერიოდში კი, როდესაც მრავალთა მიერ ნატრული ცვლილებები მართლაც განხორციელდა, იგი არსად ჩანს და თუ რა არის ამის მიზეზი, თავად გვესაუბრა..
- ბატონო ზაზა თქვენ და სოსო ჯაჭვლიანი მეგობრები ხართ... როგორ მოხდა, რომ დღეს იგი ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ საზოგადო პერსონად იქცა, თქვენ კი არსად ჩანხართ?
- სოსო ჯაჭვლიანი - სოსო ჯაჭვლიანია და მე ზაზა კოლელიშვილი ვარ. მე ვთვლი, რომ არ ვარ პოლიტიკოსი, კანონები რომ შევიმუშავო და ასე შემდეგ.. თუმცა, როცა ასეთ ქვეყანაში ცხოვრობ, პოლიტიკა თავისთავად გეხება. თუ პოლიტიკაა ქვეყნის გვერდით დგომა, მაშინ მეც პოლიტიკოსი ვარ და ჩემს ქვეყანას ყოველთვის გვერდით დავუდგები... მაინცდამაინც უნდა ვიყვირო, რომ ვჩანდე?!... სხვადასხვა სცენარებზე, პროექტებზე ვმუშაობთ, გვეუბნებიან ცოტა კიდევ მოიცადეთო და ჩვენც ვიცდით. ისევ გაურკვევლობაა ირგვლივ, რადგან უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია ჯერ გადასაწყვეტი. თუმცა კინოს გამოცოცხლებაც აუცილებლობად და ეროვნულ საქმედ მიმაჩნია.
- ცხრაწლიანი რეჟიმის დამარცხებას აქტიურად უჭერდით მხარს...
- ცხრაწლიანმა რეჟიმმა ბევრი დააზარალა და არც მე ამიარა გვერდი. ფილმი "ომი და ქორწილი" რომ გადავიღე, მხოლოდ ფულის ნაწილი მომცეს დანაპირებიდან. შედეგად, ჩემი ბინა გაიყიდა და რომ არა კეთილი ადამიანები, რომლებმაც ბინა გამოისყიდეს, ღია ცის ქვეშ ვიყავით ოჯახი დარჩენილი. ისევ ახლობლებმა მიშველეს. დღემდე მიმაჩნია რომ მსახიობების ვალი მაქვს, რომელიც აუცილებლად გასტუმრებული უნდა იქნას. ფილმს თავიდან ჭირდება გადამონტაჟება და კარგი შეფუთვის პირობებში სათანადო სიტყვას იტყვის... ფილმი გააჩერეს და მითხრეს იმ ფულით რაც გადმოგირიცხეთ, გვაჩვენეთ რა გაკეთდაო. ეგონათ არაფერი იყო გაკეთებული და ამ დროს ფილმი ფაქტიურად დასრულებული იყო. როდესაც ჩანაწერი ვაჩვენე გაკვირვებას ვერ მალავდნენ.