მოსკოვში სტალინის შთამომავლები გაქურდეს. საბჭოთა ბელადის შვილიშვილის, ევგენი ჯუღაშვილის საცხოვრებელი ბინის კარი მეზობლებს გატეხილი დახვდათ. როგორც აღმოჩნდა, ქურდებმა ბინის ორივე საკეტის გახსნა მოახერხეს და ბინიდან მხოლოდ კომპიუტერი წაიღეს.
77 წლის ევგენი ჯუღაშვილი, რომელიც იმ დროს თავის ვაჟთან, იაკობთან საქართველოში იმყოფებოდა, დარწმუნებულია, რომ ქურდები მის ხელნაწერებს ეძებდნენ.
"კომპიუტერში, რომელიც ქურდება წაიღეს, კატინის ტრაგედიის შესახებ დოკუმენტები ინახებოდა. მათზე არ ვღელავ, რადგან დოკუმენტების დიდი ნაწილი უკვე გამოქვეყნებულია. ვფიქრობ, მძარცველები ჩემს წიგნზე ნადირობენ, რომელიც ასევე კატინს ეხება. ალბათ, ეგონათ, რომ ხელნაწერებს შინ დავტოვებდი, სინამდვილეში სულ თან დამაქვს. ამ წიგნით ვამტკიცებ, რომ სტალინს კატინში პოლონელები არ დაუხვრეტია. გავრცელებული ვერსია მხოლოდ ფალსიფიკაციაა. სინამდვილეში ეს გერმანელებმა ჩაიდინეს. წიგნში საამისოდ ბევრი მტკიცებულებაა", - აცხადებს ევგენი ჯუღაშვილი.
მოსკოვში მდებარე სამოთახიანი ბინა ოფიციალურად სტალინის შვილთაშვილს, 40 წლის იაკობ ჯუღაშვილს ეკუთვნის, თუმცა საცხოვრებლად მას მამამისი იყენებს.
"ჩემს სახლს, რომელიც ფრუნზეს სანაპიროზე მდებარეობს, ვაქირავებ. შემოსავალს შემოქმედებისთვის ვიყენებთ - მე ვწერ, შვილი ხატავს. კედლები მისი ნახატებითაა სავსე. სახლში ძველი ნივთებიც შემოგვრჩა, რომლებიც ჩემს მშობლებს ეკუთვნოდათ", - ამბობს ბელადის შვილიშვილი.
გაქურდულ ბინაში ქურდებმა ხელუხლებელი დატოვეს 1938 წლით დათარიღებული ფაიფურის ქანდაკებები, რომელთაგან თითოეულის ფასი 50 000 რუბლს აჭარბებს. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ქურდები მართლაც დოკუმენტებს ეძებდნენ ან ბინა მოზარდებმა გატეხეს, რომლებმაც ამ ნივთების რეალური ფასი არ იცოდნენ.
მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.