მთავრობის კანცელარიასთან აბორტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები აბორტთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ, რაც მოგვიანებით ერთმანეთისადმი სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.
ვითარება არ გამწვავებულა, რადგან ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე პოლიციელი, რომლებმაც აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდეს. მოქალაქეთა ერთი ნაწილი ითხოვდა აბორტის კრიმინალიზაციას და მთავრობას მიმართავდა მოთხოვნით, რომ შემუშავდეს საკანონმდებლო ინიციატივა და აბორტი სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდეს.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობდნენ, აბორტი არის საზარელი მკვლელობა, მკვლელობა კი არის დასჯადი. მათ თან ჰქონდათ პლაკატები, წარწერით: "აბორტი ერის გენოციდია!", "ემბრიონიც სულიერი ადამიანია, მისი მოშორება კი მკვლელობაა".
რაც შეეხება აბორტის მომხრეთა აქციას, ისინი კრიმინალიზაციას აპროტესტებენ და აცხადებდნენ, რომ ყველა ქალმა თავად უნდა გადაწყვიტოს, უნდა თუ არა შვილი და უნდა თუ არა აბორტის გაკეთება. ისინი ასევე მიიჩნევდნენ, რომ აბორტი არ არის ადამიანის მკვლელობა და ემბრიონი არ არის ადამიანი.
ამ აქციის მონაწილეებსაც ჰქონდათ პლაკატები, წარწერით - "კრიმინალიზაცია არ იწვევს აბორტების შემცირებას", "სექსუალური განათლება ყველა სასწავლებელში", "შორს შენი რელიგიური ხელები ჩემი წმინდა სხეულისგან".
აბორტის აკრძალვას ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცები ითხოვდნენ, მისი აკრძალვის წინააღმდეგ გამართულ აქციაში კი ძირითადად ასევე ახალგაზრდა გოგონები მონაწილეობდნენ.
მთავრობის კანცელარიასთან აბორტის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქცია ამ დროისთვის დასრულებულია.