იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის შეფასებით, დავით უსუფაშვილი საქართველოს პარლამენტის საუკეთესო თავმჯდომარეა. ამის შესახებ წულუკიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა , რომელზეც მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ იმით, თუ რას ფიქრობდა მინისტრი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის თაობაზე მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის უმრავლესობის ნაწილის მიერ დაწუნების საკითხზე.
"უნდა გიხაროდეთ, რომ საქართველოს ჰყავს უმრავლესობა, სადაც აქვთ განსხვავებული აზრი. ალბათ, ჯერ არ დაგვიწყებიათ წინა პარლამენტი, სადაც, უმრავლესობაში, რეალურად, კომუნისტური ტიპის აზროვნება იყო გამეფებული და ვერავინ გაბედავდა, რომ მმართველი გუნდის მიერ შეტანილი კანონპროექტის წინააღმდეგ მიეცა ხმა. ჩვენ ამას მივაღწიეთ და ეს დიდწილად არის პარლამენტის თავმჯდომარის დამსახურება. საქართველოში მკვიდრდება საპარლამენტო კულტურა. ის, რასაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო თავმჯდომარე ახერხებს, ჩემთვის შთამბეჭდავია. ის მუშაობს კონსენსუსის გზით, რაც ყველაზე რთული გზაა პოლიტიკოსისთვის. ის პროცედურულ დემოკრატიაზე საუბრობს, რომელიც უნდა იყოს მართლაც წამყვანი პრინციპი პარლამენტარიზმის, მაგრამ უმცირესობას ხანდახან პროცედურული დემოკრატია ესმის პროცედურული ომის გამოცხადებად და საბოტაჟად. ეს დასანანია, მაგრამ, ალბათ, უმცირესობასაც სჭირდება გარკვეული დრო, რომ გაიაზროს და დაუშვას აზრი, რომ ის არის უმცირესობა და, სავარაუდოდ, დიდხანს დარჩება უმცირესობაში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
რაც შეეხება უშუალოდ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, მინისტრის განმარტებით, იმ პირობებში, როცა პროკურატურა სასამართლოს, ბრალდებულთა ნაწილი კი პროკურატურას არ ენდობა, ეს საუკეთესო გამოსავალია.
"ის, რომ ნაფიცი მსაჯულების სასამართლო ბრალდებულისთვის ბოლომდე არჩევითი არ იქნება, ჩემთვის არის აბსოლუტურად მისაღები. დღეს დაცვის მხარე არ უცხადებს ნდობას პროკურატურას, რაც გასაგებია. პროკურატურას კი ექმნება დღევანდელი, ჯერ კიდევ გაუთავისუფლებელი სასამართლოს პირობებში არაერთი პრობლემა. მოსამართლეები ვერ უზრუნველყოფენ სასამართლო დარბაზში მხარეთა თანასწორობას და დისციპლინას. უნდობლობა არსებობს ყველას მხრიდან ყველას მიმართ, ხალხი უნდობლობას უცხადებს სასამართლოს, ნაწილი აქტორებისა კი უნდობლობას უცხადებს პროკურატურას. ამ უნდობლობის გასაქარწყლებლად, მე მივესალმები იმას, რომ თავად ხალხმა განსაჯოს, ვინ არის დამნაშავე და ვინ არა. დღევანდელ კონტექსტში ესაა საუკეთესო და საზოგადოებისთვის მისაღები გამოსავალი", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.