სააკაშვილის გარეშე ლაფანყურის დანაშაული ვერ მოხდებოდა

სააკაშვილის გარეშე ლაფანყურის დანაშაული ვერ მოხდებოდა

დეკემბრის ბოლოს, როცა წლის მთავარ მოვლენებს შევაჯამებთ, "ნომინაციაში" - ყველაზე სკანდალური ანგარიში - ალბათ, ომბუდსმენის მოხსენებას პირველობას ვერავინ შეეცილება. სახალხო დამცველი შავით თეთრზე წერს, როგორ ქმნიდა ყოფილი ხელისუფლება შეიარაღებულ დაჯგუფებებს ჩეჩნებისგან და როგორ დაიწყო ლოპოტის ხეობაში სპეცოპერაცია თავისგანვე შეიარაღებული და იქ შეგზავნილი ადამიანების წინააღმდეგ. ეს დიდი სიახლე არ ყოფილა - ასეთი ვერსია 2012 წლის სექტემბერშივე გავრცელდა. უბრალოდ, უცნაურია, რატომ მოვისმინეთ ეს ამბავი ომბუდსმენისგან და არა პროკურატურის ან შსს-სგან? იმედია, პრინციპი, - "ხალხისთვისვე სჯობს, რომ სიმართლე ბოლომდე არ იცოდეს", სამუდამოდ ჩაჰბარდება წარსულს. ეს მხოლოდ ლოპოტის საიდუმლოებას არ ეხება, იგივე შეიძლება ითქვას საია-შსს-ს შორის მიმდინარე დავასა და რაბათის ციხის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე (სხვათა შორის, ეს თემები "ნაციონალებმა" კარგად გამოიყენეს ომბუდსმენის სკანდალური ანგარიშის გადასაფარად). ამ და კვირის სხვა მთავარ მოვლენებზე ექსპერტ გოგი ხუციშვილს ვესაუბრებით.

- ჯერ კიდევ შარშან ზაფხულს, ძველი ხელისუფლების მიერ ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, საუბრობდნენ იმ ვერსიაზე, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშშია დაფიქსირებული. გავიხსენოთ თვითმხილველების მონათხრობიც. მოკლედ, ყველაფერი მეტყველებდა, რომ ეს სუფთა საქმე არ იყო.

- საზოგადოების დიდი ნაწილი არ დავობს იმაზე, ომბუდსმენის ანგარიშში დაფიქსირებული ფაქტები სინამდვილეს შეეფერება თუ არა. უბრალოდ, საკითხს ასე სვამენ - სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, რამდენად საჭიროა ლოპოტის ამბის ამ ეტაპზე გასაჯაროება.

- ასეთი თემები ჯერ შესაბამისი წესების დაცვით უნდა იქნეს გამოძიებული და შემდეგ - გასაჯაროებული. მეორე მხრივ, ლაფანყურის სპეცოპერაცია სახალხო დამცველის ანგარიშში რომ არ მოხვედრილიყო, ყველაზე დიდი უცნაურობა ეს იქნებოდა. ისიც ცხადია, რომ როდესაც საქმე გვაქვს ამდენ საიდუმლოების შემცველ ამბავთან, რომლის დროსაც დაიღუპნენ ადამიანები, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქე, ხალხი ელოდება კითხვებზე პასუხს და ყველაფერი ეს საჯარო უნდა იყოს. ხალხი ასევე დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

- თუ ომბუდსმენის ანგარიშში დაფიქსირებული ფაქტები სინამდვილეს შეესაბამება, გამოდის, რომ იმდროინდელი მთავრობა ქვეყნის შიგნით აწყობდა პროვოკაციას და სახელმწიფოს აყენებდა დარტყმას.

- დარწმუნებული ვარ, ეს პრეზიდენტ სააკაშვილის გარეშე არ მოხდებოდა. ლოპოტის ხეობაში მომხდარი ძალზე სერიოზული დანაშაულია. საერთოდ, ამ მოვლენებზე მსჯელობისას იმის შეგრძნება უფრო მეტია, რომ ეს პროვოკაციაა. ცხადია, რომ ყოფილი ხელისუფლება პროვოკაციას ხშირად მიმართავდა.

- გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო ის დრამა, რომელიც გათამაშდა საია-ს მძღოლსა და აჭარის შს სამმართველოს უფროს ვალერი თელიას შორის. ძალიან ხომ არ "გადაეფარა" შსს თელიას? ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთი უკვე ავლებს პარალელს ღარიბაშვილის უწყებასა და მერაბიშვილის შსს-ს შორის, როდესაც პოლიციელი ყველგან და ყველასთან მართალი იყო.

- მეც მოვაწერე ხელი არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადებას, რომელშიც ისინი საქმის გამოძიებას ითხოვენ. მართლაც საჭიროა მტყუან-მართლის ბოლომდე გარკვევა. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ პოლიციელების, განსაკუთრებით შსს-ს მაღალჩინოსნების, დაუსჯელობის სინდრომი ჯერ კიდევ არსებობს. ასევე, ჩვენში არ არის საზოგადოების მხრიდან სამართალდამცავი ორგანოების კონტროლის მექანიზმი, რაც ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია.

შსს-ში კვლავ მოქმედებს შიდა კოდექსი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყვანონ მდგომარეობიდან თავისი თანამშრომელი და გრძელდება ძველ სტილში მუშაობა.

საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციებიც უნდა გააქტიურდნენ და ამას გარკვეული მექანიზმები დაუპირისპირონ. მთავრობამაც უნდა იზრუნოს, რომ მსგავსი ბერკეტები შეიქმნას, თორემ ყოველთვის იქნება აბსურდული მდგომარეობის მიღების საფრთხე. ერთ მაგალითს მოვიყვან - თელიას საქმეზე ვიდეოთვალის ჩანაწერი განადგურდა თუ გაანადგურეს, მაგრამ ამ ჩანაწერის მიხედვით აღწერილი მოვლენები კვლავ მოჰყავთ მტკიცებულებად. ეს ხომ წარმოუდგენელია?!

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა