"ვეღარ ვხედავ სამშობლოზე შეყვარებულ პოლიტიკოსებს"

"ვეღარ ვხედავ სამშობლოზე შეყვარებულ პოლიტიკოსებს"

"9 აპრილს არ მინახავს იმდენი სისხლი, რაც 2011 წლის 26 მაისს ვნახე. საბჭოთა კავშირის დროს რუს ჯარისკაცებს არ უქნიათ ის, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ქართულმა სპეცრაზმმა გააკეთა, რომელმაც სისხლის გუბეები დააყენა რუსთაველის პროსპექტზე", - მეუბნება მილიციის ვიცე-პოლკოვნიკი გურგენ მურცხვალაძე და ცრემლს ვერ იკავებს:

- მენატრება ეროვნული მოძრაობის დრო, როდესაც მთელი საზოგადოება, პარტიული მუშაკები, ადმინისტრაციულ ორგანოებში მომუშავეები და სამართალდამცავები ერთ მუშტად იყვნენ შეკრული, ყველას დამოუკიდებლობა უნდოდა და ამ მიზნით გაერთიანებულ ხალხს ერთმანეთზე ძვირფასი არავინ გვყავდა. 1989 წლის 9 აპრილს მოვლენების ეპიცენტრში აღმოვჩნდი. მაშინ მაიორის ჩინი მქონდა, დიდუბის რაიონში სისხლის სამართლის სამძებროს უფროსის მოადგილე ვიყავი. მე და ჩემი ათი თანამშრომელი ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას მოვხვდით, - მთავრობის სახლში შესასვლელი კიბის თავზე. რამდენიმე ნაბიჯზე მოშიმშილეები იწვნენ, ქვემოთ კი ხალხი იდგა. დავალება გვქონდა, მომიტინგეები მთავრობის სასახლეში არ შეგვეშვა. იარაღი არც ერთ მილიციელს არ ჰქონდა... მენატრება ის დრო, როდესაც გადაძეძგილ რუსთაველის პროსპექტზე ათიათასობით კაცი ერთმანეთს ეფერებოდა. ვერ გამიგია, სად დავკარგეთ ერთმანეთის სიყვარული (ტირის). ასი ათასზე მეტი კაცი იდგა და არ მინახავს ერთი მთვრალი, ჩხუბი და კამათი. მოხუცი ახალგაზრდას ეფერებოდა, ახალგაზრდა - მოხუცს, უცხო - უცხოს, დიდი - პატარას. არც ერთ ქართველს არ სურდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ილია ჭავჭავაძის ტომეულების გამოცემა მოსკოვთან შესათანხმებელი ყოფილიყო.

8 აპრილს, დილის 10 საათზე მივედი პოსტზე და იქაურობა დავათვალიერე. მთავრობის სასახლეს ორი ფლიგელი აქვს. მარჯვნივ უზენაესი საბჭო იყო, მარცხნივ - მინისტრთა საბჭო. უზენაეს საბჭოში პირველი სართული რუსეთიდან ჩამოყვანილი სპეცრაზმელებით იყო სავსე. შენობაში ისე შეიყვანეს, არავის დაუნახავს. ეს შეიძლებოდა ან შენობის ზედა ნაწილიდან, ან მიწისქვეშა გვირაბიდან, რომელიც მთავრობის სასახლიდან სანაპიროზე გადის. მომიტინგეებმა არ იცოდნენ, რომ შენობაში რუსი სპეცრაზმელები იყვნენ. ყველანი კედელთან მიდგმულ სკამებზე ისხდნენ, თავზე ჩაფხუტებით, ხელში ავტომატებითა და რეზინის ხელკეტებით. ყველას გადაკიდებული ჰქონდა ჩანთა ვაზნებისთვის, საქამრეებში კი ნიჩბები შევნიშნე. გავიფიქრე, მომიტინგეებმა რომ იცოდნენ, მათგან რამდენიმე ნაბიჯზე კბილებამდე შეიარაღებული ასეულია, ღმერთმა იცის, რა მოხდება-მეთქი.

მინისტრთა საბჭოს ფლიგელში დილიდანვე იყვნენ ამიერკავკასიის ჯარების სარდალი გენერალი როდიონოვი, საქართველოს შს მინისტრი გორგოძე და სამინისტროს თანამშრომლები. როდიონოვი გორგოძისაგან მიტინგის დაშლას მოითხოვდა, მაგრამ ანთებულ ხალხს, რომელიც ერთი კვირა უკვე მიტინგებს მართავდა, სახლში რა წაიყვანდა?!

მთავრობის სახლის წინ ხალხი ფუტკრის სკასავით ზუზუნებდა. ჩემგან 4 მეტრის დაშორებით ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი, ირაკლი ბათიაშვილი და სხვები გამოდიოდნენ - დამოუკიდებლობა გვინდა, ძირს რუსეთის დამპალი იმპერიაო! ეს როდიონოვს ესმოდა. ვფიქრობდი: რა იმპერიის დამხობაზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი, კომპარტია, ცენტრალური კომიტეტი და ხუთიოდე ნაბიჯში რუსის ჯარია-მეთქი...

მოკავშირე რესპუბლიკების კონსტიტუციაში ეწერა, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტებზე უწესრიგობის ან მათში შეჭრის დროს გამოიყენება ცეცხლსასროლი იარაღი გაფრთხილების გარეშე. ვფიქრობდი, ამ ხალხს რომ ვიღაც პროვოკატორმა მთავრობის სასახლეში შეჭრისკენ მოუწოდოს და ხალხმა იხუვლოს, ხომ გამოცვივდებიან სპეცრაზმელები და ჟლეტა დაიწყება-მეთქი. ძალიან საპასუხისმგებლო დავალება მქონდა, კრიტიკულ ვითარებაში ხალხის ნაკადი უნდა შემეჩერებინა, რომ მთავრობის სასახლეში არ შეჭრილიყვნენ. განცხადებები სულ უფრო მწვავე ხდებოდა. ხალხზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის შუადღისას პროსპექტზე ტანკი ჩაატარეს. ხალხი აზუზუნდა, მაგრამ გაისმა მოწოდება, ხელი არ შეუშალოთო. მერე ჯარი ჩაატარეს. ისევ გაისმა მოწოდება, ჯარისთვის გავლის საშუალება მიეცათ. ამით როდიონოვი ხალხის გამოწვევას ცდილობდა, მაგრამ მომიტინგეები ლიდერების მოწოდებებს დაემორჩილნენ. დაღამდა.

მიტინგზე გამომსვლელები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. მიტინგი დუღდა. დაახლოებით ღამის 3 საათზე პატრიარქის სიტყვები გაისმა, - "ჩემო სულიერო შვილებო"... აბობოქრებულ მიტინგზე სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. პატრიარქმა მომიტინგეებს უთხრა, რომ იყო რეალური საშიშროება უხეში ძალა გამოეყენებინათ, რასაც შესაძლოა მსხვერპლი მოჰყვესო. პატრიარქმა ხალხს მოუწოდა, ქაშუეთში შევიდეთ და ვილოცოთო. უცებ მიკროფონთან ირაკლი წერეთელი მივიდა და დაიძახა, არსად არ წავალთ და ვერაფერსაც ვერ გვიზამენო. ხალხმა არ დაუჯერა პატრიარქს, რომელმაც სავარაუდოდ, იცოდა, რომ უზენაესი საბჭოს შენობაში რუსი ჯარისკაცები იყვნენ. შესაძლოა, როდიონოვი ეუბნებოდა კიდეც, მომიტინგეებს ვერც თქვენ შლით და ვერც გორგოძე, ამიტომ მე უნდა დავშალოო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა