სააკაშვილი VS ტრაილერი - პრეზიდენტის სახიფათო გართობა

სააკაშვილი VS ტრაილერი - პრეზიდენტის სახიფათო გართობა

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან არაორდინალურ ქმედებებსა და მის შესახებ გავრცელებულ ხმაურიან ამბებს, საქართველოში უკვე ჩვეულ რეალობად აღიქვამენ, თუმცა დღევანდელი ცნობა პრეზიდენტის მარცხიანი "გასეირნების" შესახებ ძნელად დასავიწყებელი იქნება.

სააკაშვილის ტრავმირების შესახებ ინფორმაცია დილიდან თურქულ მედიაში გავრცელდა. ადგილობრივი გამოცემები წერდნენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ანტალიაში ველოსიპედით სეირნობისას საავტომობილო გზაზე გადავიდა და ტრაილერს შეეჯახა, მას მოტეხილი ჰქონდა ხელი და გარდა ამისა, სხვა დაზიანებებიც აღენიშნებოდა.

რამდენიმე საათიანი ნერვიულობის შემდეგ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა. როგორც აღმოჩნდა, მიხეილ სააკაშვილის ტრავმა საკმაოდ მძიმეა. მას მხრის სამმაგი მოტეხილობა აქვს და სტამბულის ერთ-ერთ საავადმყოფოში ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ოფიციალურ განცხადებაში არაფერია ნათქვამი ინციდენტის გარემოებების შესახებ, მხოლოდ აღნიშნულია ის, რომ შემთხვევა ველოსიპედით ყოველდღიური ვარჯიშის დროს მოხდა.

ასევე უცნობია, რომელი მხარი დაიშავა პრეზიდენტმა - მარჯვენა თუ მარცხენა. შესაბამისად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, შეძლებს თუ არა ის ახლო მომავალში ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტებზე "ხელის მოწერას".

თუმცა მიხეილ სააკაშვილი ერთადერთი პოლიტიკოსი არ არის, ვინც თურქეთში დაზარალდა. 2009 წლის აპრილში სტამბულის სასტუმროში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა მხარი დაიზიანა. ოფიციალური ვერსიით ის სასტუმროს კიბეზე წაიქცა.

ალბათ სიმბოლურია, რომ თურქეთში სწორედ ნატო-ს მინისტერიალზე ვიზიტისას ხელი მოიტეხა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვა. ოფიციალურ ვერსიად სასტუმროს ჰოლში წაბორძიკება და წაქცევა დასახელდა, თუმცა ამ პერიოდში რუსული მედია აქტიურად წერდა, რომ ლავროვმა მოტეხილობა აკვა-პარკში დასვენებისას მიიღო.

ამ სამ შემთხვევას შორის ლიდერობას ტრავმის სირთულისა და ექსტრემალური გარემოების გათვალისწინებით საქართველოს პრეზიდენტი იმსახურებს. მით უმეტეს თუ თურქული მედიის ვერსია რეალურია და მიხეილ სააკაშვილი ველოსიპედით მართლაც სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

ბექა პატურაშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა