ტარიელ ვასაძის შვილები უკრაინის ბიზნესიმპერიის მემკვიდრეთა ტოპათეულში არიან

ტარიელ ვასაძის შვილები უკრაინის ბიზნესიმპერიის მემკვიდრეთა ტოპათეულში არიან

გასულ კვირას უკრაინაში ბიზნესიმპერიის მემკვიდრე ქალბატონთა ხუთეული წარადგინეს. ლიდერთა შორის აღმოჩნდა უკრაინაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის, ტარიელ ვასაძის ქალიშვილი ნინო. მანამდე უკრაინული ბიზნესის ათი მემკვიდრე გამოავლინეს და ამ სიაში ვასაძის ვაჟი მოხვდა - "ავტომობილების პრინცად" წოდებული ვახტანგ ვასაძე.

სანამ ბიზნესმენის შვილებს გავიცნობთ, მკითხველს შევახსენებთ, ვინ არის ტარიელ ვასაძე.

მომავალი ბიზნესმენი და დეპუტატი 1947 წლის 15 ოქტომბერს დაიბადა ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში. საავტომობილო-საგზაო ინსტიტუტი კიევში დაამთავრა და იქვე შეუდგა შრომით საქმიანობას. თავდაპირველად მლესავი იყო ავტომობილების სარემონტოში. შემდეგ ინჟინერი გახდა, უფროსი ოსტატი, ქარხნის ხელმძღვანელი, ტექნიკური მომსახურების სადგურის დირექტორი, 1983 წლიდან ჩაუდგა სათავეში "ავტოტექმომსახურებას", რომლის საწარმოები საბოლოოდ შევიდა კონცერნში "უკრავტო". ათი წელი იყო "უკრაინის საავტომობილო კორპორაციის" პრეზიდენტი. 318,4 მლნ დოლარის ოდენობის კაპიტალით უკრაინის ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის არის და ასევე ხშირად მოიხსენიებენ უკრაინის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორისაც. 2012 წლის ნოემბრიდან უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატია.

"უკრავტო" უკრაინის საავტომობილო ბიზნესის ლიდერია. ეს არის მსხვილი ავტომწარმოებელი, დისტრიბუტორი და სერვისული მომსახურების მიმწოდებელი უკრაინაში. ასევე დსთ-ს ქვეყნებში ავტომობილების მთავარი ექსპორტიორია. ვასაძის აქტიური საქმიანობის წყალობით, კომპანია 20-ზე მეტი საავტომობილო ბრენდის გენერალური იმპორტიორი და ოფიციალური დილერია.

თანამედროვე ბიზნესლედი

ტარიელ ვასაძის ქალიშვილს ნამდვილ ახალგაზრდა ბიზნესლედის უწოდებენ. ნინო ვასაძე 1985 წელს დაიბადა. კიევში საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი დაამთავრა. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ იგი მამამისის საავტომობილო ბიზნესში ჩაერთო და არცთუ მცირე წარმატებას მიაღწია. ის კომპანია "ავტოკაპიტალის" (უკრაინაში "მერსედეს-ბენცის" წარმომადგენლობის) ფინანსური დირექტორია და ასევე სათავეში უდგას "უკრავტოს" სამეთვალყურეო საბჭოს.

გარდა ბიზნესის მართვის ნიჭისა, ნინოს კარგი გარეგნობა აქვს, უყვარს გემოვნებით ჩაცმა და ბომონდურ ღონისძიებებსაც ხშირად ესწრება. ჟურნალმა "კორესპონდენტმა" ის რამდენჯერმე შეიყვანა "უკრაინის ყველაზე გავლენიან ქალთა" სიაში, ასევე რამდენჯერმე მოხვდა "უკრაინის ყველაზე სასურველი საპატარძლოების" ათეულში.

ნინო გატაცებულია სპორტის წყლის სახეობებით, უყვარს სერფინგი.

ავტომობილების პრინცი

ვახტანგ ვასაძე მამის კომპანიას უდგას სათავეში, სანამ მამამისი პოლიტიკაშია ჩართული და უკრაინის რადაში დეპუტატის ფუნქციებს ასრულებს. ტარიელ ვასაძე ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია მათ შორის, როცა ბიზნესმენის მომდევნო თაობაც სერიოზული, საქმიანი და წარმატებულია და ოჯახურ საქმეს ღირსეულად უძღვება.

ვასაძის ვაჟს კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დიპლომი აქვს. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაიწყო კარიერის აწყობა - მენეჯერად მუშაობდა სავაჭრო ცენტრში "კვადრატი". 2003 წელს კი მამის კორპორაციის ერთ-ერთ ფილიალში გენერალური დირექტორის პოსტი დაიკავა.

უკრაინულ ავტობიზნესში ვახტანგი ცნობილია, როგორც ხელმძღვანელი, რომელიც არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს იღებს. მასზე ამბობენ, რომ გარეგნული გულკეთილობის მიღმა, საკმაოდ მკაცრია, განსაკუთრებით მათთან მიმართებით, ვინც, მისი აზრით, არც ისე ბეჯითად მუშაობს. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ტარიელ ვასაძე თავისი ბიზნესის ძირითად ნაწილს თავადვე აკონტროლებს.

ვახტანგ ვასაძე დაქორწინებამდე ქალების გულთამპყრობლად მიიჩნეოდა და უკრაინულ პრესაში ერთ დროს იმასაც წერდნენ, რომ მისი მიჯნური მომღერალი ანი ლორაკი იყო. თუმცა მოგვიანებით ვახტანგმა ქართველი გოგონა შეირთო ცოლად - ყოფილი გენერალური პროკურორის, ნუგზარ გაბრიჩიძის ქალიშვილი თიკო გაბრიჩიძე. როგორც ამბობენ, მათ ერთმანეთი ვანო ჩხარტიშვილის შვილის ქორწილში გაიცნეს და ვახტანგი თიკოს გარეგნობასთან ერთად, მისი ხასიათითა და განათლებით მოიხიბლა.

წყვილმა ჯვარი სამების ტაძარში დაიწერა. პატარძალს ელი სააბის საქორწინო კაბა ეცვა და მისი მეჯვარე ცნობილი ქართველი დიზაინერი ლაკო ბუკია იყო. ვახტანგის ერთ-ერთი მეჯვარე კი - უკრაინაში მცხოვრები ასევე წარმატებული ქართველი ბიზნესმენი ლევ (ლევან) ფარცხალაძე.

საქართველოს შემდეგ წყვილმა მეორე ქორწილი უკრაინაში გადაიხადა, ვასაძეების კუთვნილ ქართულ რესტორანში. დღეს თიკო ქმრის გვერდით არის და ოფიციალურ ღონისძიებებზეც მუდამ თან ახლავს. ამბობენ, რომ ვახტანგი საყვარელ მეუღლეს დაოჯახების შემდეგაც ანებივრებს რომანტიკული სიურპრიზებით.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"