პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ქართველმა ხალხმა უნდა მოახერხოს, რომ მესამე პრეზიდენტს მაინც კულტურულად მოექცეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბოლო 24 წლის განმავლობაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების შეფასებისას განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ქართველმა ხალხმა არა მხოლოდ თავისუფლებისაკენ სწრაფვა, არამედ კულტურაც უნდა აჩვენოს.
"ჩვენ 1989 წლის 9 აპრილს მოვახერხეთ, გვეჩვენებინა ქართული ხასიათი, რომ ვართ თავისუფლებისაკენ მსწრაფველი ხალხი და ამ გზისკენ ვერაფერი შეგვაჩერებს. შემთხვევით არ ვიყავით პირველები, ვინც თავისუფლებისათვის სისხლი დაღვარა და თავი გასწირა. ამ პროცესიდან ორი წლის შემდეგ მოვახერხეთ თავისუფლების აღდგება, მაგრამ მოვახერხეთ ისიც, რომ დღეს ჩვენი პირველი პრეზიდენტი ცოცხალი არ არის და თქვენ იცით, ჩვენი ისტორიის ბედისწერა როგორც განვითარდა. ამის შემდეგ ვიცით, როგორ მოვექეცით მეორე პრეზიდენტს, ახლა მესამის ჯერია და უნდა მოვახერხოთ, რომ კულტურულად მოვიქცეთ. ჩვენ თავისუფლებისკენ სწრაფვის გარდა, კულტურა უნდა ვაჩვენოთ", - განუცხადა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ გაერო-ს მონაცემებით, ქართველი ხალხი არის მილევადი ერების რიცხვში. მისივე შეფასებით, საჭიროა, ქვეყანამ შეძლოს ერთმანეთის გვერდიგვერდ დგომა.