გენერალი ქალის გზა "ნაცმოძრაობიდან" "ქართულ ოცნებამდე"

გენერალი ქალის გზა "ნაცმოძრაობიდან" "ქართულ ოცნებამდე"

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ხელმძღვანელი ირინა იმერლიშვილი ერთადერთი ქალია საქართველოში, რომელიც გენერალ-მაიორის წოდებას ატარებს. გენერალი იმერლიშვილი დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" დაპირებებს პირნათლად შეასრულებს და მას არჩევნების გაყალბება არასდროს დასჭირდება.

ირინა იმერლიშვილი:

- ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ მეც მიმიძღვის წვლილი ქართული პარლამენტარიზმის ჩამოყალიბებაში. ეს იყო პერიოდი, როდესაც კონსტიტუციაში გვეწერა, რომ ჩვენი კანონმდებლობა ევროკანონმდებლობასთან შესაბამისობაში უნდა მოსულიყო. პარლამენტი მაშინ 12 საათი მუშაობდა და მეც სულ სხდომაზე ვიჯექი.

- ამან განაპირობა თქვენი პროფესიის შეცვლა?

- იურიდიულ ფაკულტეტზე ძალიან მარტივად ჩავაბარე. ზედმიწევნით ვიცოდი არა მარტო კანონი, არამედ ვისი ცვლილება შევიდა, ვისი - დაიბლოკა, რა არგუმენტები იყო და ა.შ. მაშინ თავიდან დაიწერა სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსები... მანამდე ნამდვილად არ მიფიქრია იურისტობაზე. ჩემი ინტერესის სფერო ჟურნალისტიკა იყო და ამ მიმართულებით მეორადი ფაკულტეტიც დავამთავრე. სერიოზულად ვფიქრობდი ეკოლოგობას, ასპირანტურაშიც ჩავაბარე და ვაპირებდი, მეცნიერებას გავყოლოდი. ყველა ჩემს ჯგუფელს, კურსელს უკვირს, რომ პროფესია შევიცვალე. ამას სერიოზულად არ უყურებდნენ ჩემი მშობლებიც. ფიქრობდნენ, იურისტის დიპლომი მხოლოდ სამსახურისთვის მჭირდებოდა, მაგრამ ახლა ჩემი საქმიანობის სფერო სამართალია! პარლამენტში 1994-2000 წლებში სხვადასხვა თანამდებობაზე ვიმუშავე. ბოლოს საკანონმდებლო დარგში აპარატის უფროსის მოადგილე ვიყავი, შემდეგ იუსტიციის სამინისტროში წავედი.

- მიხეილ სააკაშვილთან მეგობრობდით?

- მასთან განსაკუთრებული მეგობრობა არ მაკავშირებდა, მაგრამ იუსტიციის მინისტრი რომ გახდა, პირველსავე დღეს, მე და კოტე კუბლაშვილს, რომელიც პარლამენტში იურიდიულ კომიტეტში მუშაობდა, მოადგილეობა შემოგვთავაზა. მეორე დილით ჯერ უშიშროების საბჭოში, ნუგზარ საჯაიასთან, შემდეგ - პრეზიდენტ შევარდნაძესან გასაუბრებაზე აღმოვჩნდით და მოადგილეებად დავინიშნეთ. მაშინ "კონტექსტიდან ამოვარდნილი" სამინისტრო ვიყავით. რამდენჯერმე მთავრობის სხდომაზე შევარდნაძემ "მიშა და მისი საბავშვო ბაღიც" კი გვიწოდა. ახალგაზრდებს სხვანაირი მიდგომა, ხედვა გვქონდა. ჩვენმა სამინისტრომ დაიწყო ის გარდატეხა, რაც შემდეგ "ვარდების რევოლუციით" დაგვირგვინდა.

- კომფორტულად გრძნობდით თავს მომავალ პრეზიდენტთან?

- თუ ის თავისი გუნდის წევრად მიგიჩნევს და გენდობა, მაშინ კომფორტულია მასთან მუშაობა. ერთი წლის თავზე, სააკაშვილმა მაჟორიტარობა გადაწყვიტა და სამინისტროდან წავიდა. ერთადერთი, ვინც მას გაჰყვა, ირაკლი ოქრუაშვილი იყო. ისინი ახლო მეგობრები იყვნენ. თანამშრომლების დიდი ნაწილი სამინისტროში დავრჩით. ზოგი ნახევარი წლის შემდეგ წავიდა, მაგალითად, - გიორგი არველაძე, რომელიც ერთ-ერთ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. წესით, მინისტრის წასვლის შემდეგ მოადგილეებიც ავტომატურად გადამდგრები არიან, მაგრამ როცა მიშა როლანდ გილიგაშვილმა შეცვალა, მოადგილეობა შემომთავაზა და 2 წელიწადი მასთან ვიმუშავე. ძალიან მძიმე პერიოდი გახლდათ, - ხშირი იყო ციხეებიდან გაქცევები... გილიგაშვილი რომ გაათავისუფლეს, ნახევარი წლის განმავლობაში მინისტრის გარეშე ვმუშაობდით. ამასობაში "ვარდების რევოლუციაც" მოხდა.

- ალბათ, თქვენც აქტიურად იყავით ჩართული იმ პროცესებში, არა?

- "ვარდების რევოლუციას" შორიდან თანავუგრძნობდი, მაგრამ საჯარო მოხელე გახლდით, გაცნობიერებული მქონდა, სად ვმუშაობდი და საჭიროდ არ მიმაჩნდა, ეთქვათ, - მინისტრის მოადგილე ჩვენკენ გადმოვიდაო. მოკლედ, აქციებში არ ვმონაწილეობდი, მაგრამ თანავუგრძნობდი. მათ გვერდით ბევრი ჩინოსანი იდგა, მაგრამ არა იუსტიციის სამინისტროდან.

- ზურაბ ადეიშვილთან მუშაობაზე უარი რატომ თქვით?

- რევოლუციიდან ძალიან მალე, რამდენიმე დღეში, დაიწყო ძალადობა კონსტიტუციაზე, კონსტიტუციას საკუთარ თავზე ირგებდნენ. ზურაბ ადეიშვილი მინისტრი რომ გახდა, იქ დავხვდი. ჩვენს ურთიერთობას შეიძლება მეგობრული დავარქვათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათთან ერთად, ჩემი ხელისუფლებაში ყოფნა არასწორად მივიჩნიე და წამოვედი.

- თუ ადეიშვილთან მეგობრობდით, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

- ისე წამოვედი, ზურას არც შევხვედრივარ. მეუბნებოდნენ, რომ ის ამის გამო განაწყენებული იყო. 2003 წლის 31 დეკემბერს ნინო ბურჯანაძემ დამირეკა და მითხრა, შენს განცხადებას ხელს არ მოვაწერო (ყველას უკვირდა ჩემი ის ნაბიჯი). ვუთხარი, რომ გადაწყვეტილებას არ შევცვლიდი... ირაკლი ოქრუაშვილი მინისტრად რომ დაენიშნათ, მასთან ვერ ვიმუშავებდი, ადეიშვილთან კი მუშაობის პრობლემა არ მქონდა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემდგომში მის ნამოქმედარს ვეთანხმებოდი. უბრალოდ, მიმაჩნდა, რომ ამ ხალხთან ერთად, ხელისუფლებაში ჩემი ყოფნა არასწორი იქნებოდა. ჩემი გადაწყვეტილებიდან 3-4 თვეში, როდესაც ოჯახის წევრები მიხვდნენ, რომ არც ერთ სტრუქტურაში მუშაობას არ ვაპირებდი, სამსახურებიდან ისინიც წამოვიდნენ. ჩემი მეუღლე მაშინ თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გახლდათ (სააკაშვილი საკრებულოს ხელმძღვანელი რომ გახდა, იმ თანამდებობაზე მაშინ წაიყვანა) და სამსახურიდან ისიც წამოვიდა. სამსახური დატოვა ჩემმა დედამთილმაც. მათი რძალი რომ გავხდი, ის სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახლდათ... აშკარა იყო, ქვეყანა დიქტატორული მმართველობისკენ წავიდა. დაიწყო ადამიანებისთვის ქონების წართმევა. პრაქტიკულად, ოჯახი არ დარჩენილა, რომელსაც ის ხელისუფლება არ შეეხო. ძალიან დიდი ხანი სახლში ვიყავი და მთელ ოჯახს მძიმე პერიოდი გვქონდა, რადგან ყველანი უმუშევრები გახლდით.

- პოლიტიკაში დაბრუნება დავით უსუფაშვილმა შემოგთავაზათ?

- 2006 წელს დათო უსუფაშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მათი კანდიდატი (საბურთალოს რაიონში) ვყოფილიყავი და მოვბრუნდი პოლიტიკაში, თუმცა გასაგები მიზეზების გამო, ვერ გავიმარჯვე... როდესაც პოლიტიკაში ივანიშვილი გამოჩნდა, მივიჩნიე, რომ ეს ის ადამიანი იყო, რომლის გარშემოც უნდა გავერთიანებულიყავით და გავხდი კიდეც "ქართული ოცნების" წევრი. ის რომ არ გამოჩენილიყო, არ ვიცი, ამ სისტემას რა დაანგრევდა. მან ხალხს "იმედი" ჩაუსახა...

- უსუფაშვილმა "ქართულ ოცნებაში" გადასვლა მოგიწონათ?

- უმრავლესობა მაინც ერთი გუნდი ვართ. მართალია, ერთ ფრაქციაში არ ვართ, მაგრამ ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.

- პარლამენტში საპასუხისმგებლო თანამდებობა გიკავიათ, თქვენი ძველი მეგობარი, ხათუნა გოგორიშვილი, წლების მანძილზე ამ თანამდებობაზე იყო. უცნაური დამთხვევაა, ისიც პროფესიით ბიოლოგია... როგორც ამბობენ, მან არჩევნების გაყალბების საქმეში გარკვეული ხრიკები იცის, ის ხრიკები წესით, თქვენც უნდა იცოდეთ, რადგან მასთან ერთად მუშაობდით. თუ თქვენს პარტიას დასჭირდა, იმ მეთოდებს გამოიყენებთ?

- მე და ხათუნა მეგობრები ვიყავით. მას არ უცდია, აეხსნა, რატომ გაწყვიტა ჩემთან ურთიერთობა და ალბათ, თავისი ახსნაც აქვს, მაგრამ ნამდვილად არ მინდა, მას ამ თემაზე დაველაპარაკო. ყველამ თავისი საქმე თვითონ იცის, მაგრამ ისე არ მოვიქცეოდი, როგორც ისინი მოიქცნენ... დღეს ჩვენი ურთიერთობა კომიტეტის წევრობის დონეზეა... პიროვნულად ბევრი რამ მეწყინა მაშინდელი ჩემი მეგობრებისგან, მაგრამ ეს არ უნდა აისახოს ჩვენს ურთიერთობაზე. რომ გითხრათ, დაბოღმილი ვარ და გულში წყენა მაქვს ჩადებული-მეთქი, ტყუილი იქნება. უბრალოდ, მივხვდი, - ისინი ჩემი მეგობრები არ ყოფილან... რაც შეეხება გოგორიშვილს, მის საქმიანობას გარედან ვადევნებდი თვალს. რაც თქვით, ის გოგორიშვილის ან ვინმეს ჯადოქრობაზე არ იყო დამოკიდებული, ის ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება გახლდათ, თან, ძალიან ცუდად. ჩემს პარტიას ეს არ უნდა დასჭირდეს, მაშინ ამ პარტიაში აღარ ვიქნები...

- თქვენი ნაბიჯი ბევრმა გააკრიტიკა და მიიჩნია, რომ სარეიტინგო კენჭისყრაზე არ უნდა წასულიყავით. თითქოს ეს ნაბიჯი "ნაცმოძრაობის" პოზიციების გამყარებას ემსახურებოდაო...

- არ მგონია, რომ ჯიუტი თხებივით ერთმანეთს უნდა დავუპირისპირდეთ, - ერთი კაცის ახირებულ ნებას გადავაყოლოთ შედეგი. "ნაციონალების" მიერ იქ ერთი მძიმეც კი არ ჩასმულა, მაგრამ მოინდომეს სარეიტინგო ქულა. ეს მათი შიდა პრობლემაა... პარლამენტში რეალური, საქმეზე ორიენტირებული ოპოზიცია მართლაც საჭიროა. წინა ხელისუფლებას პარლამენტში ოპოზიცია არ ჰყოლია. მიმაჩნია, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიწეროს ისეთი კონსტიტუცია, რომელსაც ხშირად შეცვლა არ დასჭირდება. 400 კანონზე მეტია, სადაც ცვლილება იქნება შესატანი. ნელ-ნელა იმ კანონების ცვლილება უნდა მოხდეს, არ შეიძლება, ყველაფერს ერთი ადამიანი აკონტროლებდეს. უკვე მომზადებული მაქვს დაცვისა და დაზვერვის კანონპროექტები და კიდევ გავაგრძელებ ამ კუთხით მუშაობას. არასოდეს მინანია იმ გუნდიდან წამოსვლა.

- თქვენი გუნდის წევრებს თანამდებობებზე ნათესავების დანიშვნაში ადანაშაულებენ. ალბათ, თქვენც ბევრი ახლობელი გთხოვთ, დაასაქმოთ. ეხმარებით?

- თხოვნა არის, მაგრამ ყველას ვუთხარი, ამას არ ვაპირებ. ახლა ყველა საჯარო სამსახურში 1-ელ ივნისამდე კონკურსი გამოცხადდა და მათ შეუძლიათ, მიიღონ მონაწილეობა. თუ გაიმარჯვებენ, რა ჯობია? კომიტეტში, პირად თანაშემწედაც ის სტაჟიორი გოგონა ავიყვანე, რომელიც პარლამენტში დამხვდა. ბევრს ლაპარაკობენ მინისტრების დანიშვნებზეც, მაგრამ იმ კადრებსაც კონკურსის გავლა მოუწევთ.

- თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ.

- მყავს მეუღლე - შალვა ბედოშვილი, ერთმანეთი პარლამენტში გავიცანით. მაშინ შალვა ახალგაზრდა "მოქალაქეთა კავშირის" რეგიონალური მდივანი იყო. საერთო სამეგობრო გვყავდა. დათო ტყეშელაშვილმა დიდი როლი ითამაშა ჩვენს ურთიერთობაში. 2000 წელს ვიქორწინეთ. მყავს 12 წლის ბიჭი და 11 წლის გოგონა. ორივე პრაქტიკულად, იუსტიციის სამინისტროში გავაჩინე (იღიმის). 7 აპრილს საინვესტიციო საბჭოს სხდომაზე ბოლომდე ვიჯექი და ჩემი შვილი 8 აპრილს გაჩნდა. მეუღლე მეუბნებოდა, ბავშვი ვინმეს აყვანილი არ ეგონოს, ცოტა ხანი სახლში მაინც დაჯექიო, მაგრამ მაშინ ძიძა მეხმარებოდა... ერთი წლის შემდეგ ჩემი გოგონაც გაჩნდა. დღეს დედამთილი და მამამთილი ძალიან მეხმარებიან. აბა, სახლიდან სულ გასული ვარ, რაზეც შვილები მსაყვედურობენ. ახლა განსაკუთრებით უჭირთ, რადგან ღამეც არ ვარ შინ, უმეტესად ქუთაისში მიწევს ყოფნა. დატვირთული რეჟიმით ვცხოვრობ, მაგრამ ეს ჩემთვის ბუნებრივი მდგომარეობაა.

- მეუღლე რას საქმიანობს?

- მეუღლეს ბიზნესი აქვს... ადრე შემოსავლების სამინისტროში აქციზური სამსახურის ხელმძღვანელიც იყო. ძველმა მეგობრებმა მასაც ზურგი აქციეს... სახლში უმუშევრები რომ ვისხედით, იმ პერიოდში, მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, მცხეთაში საცხოვრებლად გადავსულიყავით. სახლი შევიძინეთ და მთელი ოჯახი 4 წელია, იქ ვცხოვრობთ. სახლი კარგ ადგილას არის, - სვეტიცხოველსა და ჯვარს გავყურებთ. ჩანს მტკვრისა და არაგვის შესართავიც...

- ერთადერთი გენერალი ქალი ხართ საქართველოში. როგორ მიიღეთ ეს წოდება?

- ეს არის იუსტიციის უმაღლესი წოდება და არის წარდგენითი... ამ თანამდებობაზე ბევრი წარუდგენიათ, მაგრამ პრეზიდენტს ხელი არ მოუწერია. გილიგაშვილმა ისე წარმადგინა, რომ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. შევარდნაძემ კი გენერლობა მომანიჭა... მერე გამოვიდა წიგნი გენერლებზე, სადაც პეტრე ბაგრატიონიდან მოყოლებული, ყველა ქართველი გენერალია შესული, მათ შორის მეც... ფორმა არასდროს მიტარებია, სურათის გადაღების დროს, მამაკაცი გენერლის ფორმა მეცვა, რადგანაც ქალი გენერლის სპეციალური სამოსი არც არსებობს. ისე, სააკაშვილსაც არ მიუნიჭებია ვინმესთვის ეს წოდება... ამ ტიტულს ფორმალურად ვუყურებ. ჩემი გენერლობით არაფერი შეცვლილა. შემეძლო, გენერლის პენსიაზე გავსულიყავი და 400 ლარი მექნებოდა. პენსიაზე რომ გავსულიყავი, მომავალში წოდებიან თანამდებობაზე მუშაობა კანონით მეკრძალებოდა და ამიტომ, მაშინ ამაზე უარი ვთქვი. ჩემს გენერლობას მეუღლეც ჩვეულებრივად შეხვდა. ალბათ იმიტომაც, რომ სამხედრო ოჯახში არ გავზრდილვართ... ისე, მართლა სასიამოვნოა, რომ ერთადერთი გენერალი ქალი ვარ.

მინი დოსიე

დაიბადა და გაიზარდა თბილისში. პირველი ექსპერიმენტული სკოლის დამთავრების შემდეგ, მშობლების პროფესია - ბიოლოგობა აირჩია. ეკოლოგის სპეციალობა წარჩინებით დაამთავრა. საკურსოს ხელმძღვანელმა, ნანა ნემსაძემ, ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში მიიყვანა. მაშინ იქმნებოდა კანონი დაცული ტერიტორიების შესახებ და პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში აღმოჩნდა. "იმელის" შენობაში მაშინდელი კომიტეტის ხელმძღვანელი ზურაბ ნოღაიდელი გაიცნო, რომელმაც რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, თანამშრომლობა შესთავაზა. წლების მანძილზე ჰქონდა ურთიერთობა ზურაბ ჟვანიასთან. ამბობს, რომ მისგან დიდი გამოცდილება მიიღო. 1995 წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი იყო. არჩევნების შემდეგ, 21 წლის გოგონას ზურაბ ჟვანიამ პარლამენტში საორგანიზაციო დეპარტამენტის თავმჯდომარეობა შესთავაზა. პარლამენტის ყველა სხდომაზე დასწრება და დარბაზში ტექნიკური საკითხების ორგანიზება ევალებოდა. შემდეგ კი გადაწყვიტა, იურისტის პროფესიას დაუფლებოდა: იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე... საბოლოოდ, "ნაციონალური მოძრაობის" გუნდის წევრობაზე უარი თქვა და სახლში დაჯდა უმუშევარი. 2006 წელს ქალბატონი ირინა ისევ გამოჩნდა პოლიტიკაში: ადგილობრივ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიიდან დეპუტატობის კანდიდატი იყო. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ, "ქართული ოცნების" წევრი გახდა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"