ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციის პროგრამა ამოქმედდა

ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციის პროგრამა ამოქმედდა

ამნისტიით ციხიდან გათავისუფლებული ათასობითი პატიმრის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის საკითხი ძალზე მნიშვნელოვანია. მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ უკანონო პატიმარი იყო და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის მექანიზმის ამოქმედებას მოუთმენლად ელის. ბევრი ამბობს, რომ მისთვის უმთავრესი სახელის რეაბილიტაციაა, უმრავლესობას კი იმედი აქვს, უდანაშაულობის დამტკიცების შემდეგ, სახელმწიფოსგან სოლიდურ კომპენსაციასაც მიიღებს. ჯერ უცნობია, რა ფორმით მოხდება ამ საქმეების გადასინჯვა.

სამაგიეროდ, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, 2012 წლის ბოლოს, დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრმა ყოფილი მსჯავრდადებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამა აამოქმედა. პროგრამის მიზანი ამნისტირებულთა დახმარებაა. ბუნებრივია, ეს ყველაზე მეტად, საპატიმროდან დაბრუნებულ ადამიანებს გაახარებთ. აბსოლუტური უმრავლესობის უმთავრეს პრობლემას უმუშევრობა წარმოადგენს და ხელისუფლებას ისინი დახმარებას სწორედ მის მოგვარებაში სთხოვენ. მართალია, ეს იოლი არ იქნება, მაგრამ იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ მათ დასახმარებლად. ამ პროცესში აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა უწყება. იუსტიციის სამინისტრომ უკვე გააფორმა მემორანდუმი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან, ასევე საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან და საპატრიარქოსთან არსებულ ანტინარკოტიკულ ცენტრთანაც. იმედია, ზემოთ ჩამოთვლილი უწყებების კოორდინირებული მუშაობით, ყოფილი პატიმრები საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებას შეძლებენ.

ყოფილი პოლიტპატიმარი ლევან გოგიჩაიშვილი თვლის, რომ გათავისუფლებულებს პირველ რიგში, უფასო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.

ლევან გოგიჩაიშვილი:

- სამედიცინო დახმარება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან პატიმრებს ციხეში ჯანმრთელობა სერიოზულად შეერყათ. ვფიქრობ, სახელმწიფო შექმნის პროგრამებს იმ პატიმრებისთვის, რომლებიც რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ. ჩემი აზრით, ასევე უნდა იზრუნოს მათ დასაქმებაზე. რაც შეეხება ფსიქოლოგის დახმარებას, ეს ყველას სჭირდება, მაგრამ მიდგომა მაინც ინდივიდუალურია. თავად პიროვნების გადასაწყვეტია, მივა თუ არა ფსიქოლოგთან. ბევრს ფსიქოლოგთან საუბარი ვერ წარმოუდგენია. ციხიდან რომ გამოვედი, ფაქტობრივად, არ მეძინა... პირადად მე, სიამოვნებით ვსარგებლობ ფსიქოლოგის დახმარებით... ვთვლი, რომ ამ პროცესებში აქტიურად უნდა ჩაერთონ ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები.

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ორგანიზაციის ფსიქოლოგს, მანანა სოლოღაშვილს პატიმრებთან მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. მიაჩნია, რომ თითოეულ პატიმართან მუშაობა საპატიმროდან გათავისუფლებამდე რამდენიმე თვით ადრე უნდა დაიწყოს...

მანანა სოლოღაშვილი, ფსიქოლოგი:

- რეაბილიტაციის პროგრამებში 2001 წლიდან ვართ ჩართულები. სანამ ადამიანი ციხიდან გამოვა, მანამდე აუცილებლად უნდა გაიაროს გარკვეული ფსიქოსოციალური პროგრამა, მიიღოს შესაბამისი დახმარება, რომ საზოგადოებაში ადაპტაცია არ გაუჭირდეს. ამ პროცესში ფსიქოლოგები და სოციოლოგები ვართ ჩართულები და ფსიქოსოციუმში არსებულ პრობლემებს ვუგვარებთ პატიმრებს. თუ მას ოჯახთან აქვს პრობლემა, ამის მოგვარებაში სოცმუშაკი ეხმარება. პირადად მე, წლებია, პატიმარ ქალებთან ვმუშაობ, ასევე მიმუშავია პატიმარ მამაკაცებთან და მოზარდებთან, რომლებიც სასჯელს იხდიან.

- ქალბატონო მანანა, გათავისუფლებული პატიმრების გარკვეულ ნაწილს შურისძიების სურვილი ამოძრავებს. ბევრისგან მსმენია, რომ ისინი "ნაცმოძრაობასა" და ძველ ხელისუფლებას, მათზე განხორციელებულ საშინელ ტერორს ვერ აპატიებენ. მიაჩნიათ, რომ უდანაშაულოდ იხდიდნენ სასჯელს და მზად არიან, ეს სხვადასხვა ფორმით გააპროტესტონ... ერთი სიტყვით, ისინი ძველი რეჟიმის გასამართლებას ითხოვენ. ამ ადამიანებს რას ეტყოდით?

- სწორედ ამიტომ არის საჭირო მათთან მუშაობა. დაწესებულებებში იმ ხალხსაც შევხვედრივარ, რომლებმაც გლდანის ჯოჯოხეთი გამოიარეს. ჩვენთან საუბრისას ბოლომდე არ იხსნებოდნენ, მაგრამ აშკარად ეტყობოდათ, რომ სერიოზული ტრავმა ჰქონდათ მიღებული. მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ იქ საშინელებები ხდებოდა. ე.წ. "კარანტინის დაშლის" სცენაზე კი თავისუფლად საუბრობდნენ. აბსოლუტურად ყველა მსჯავრდადებულს შეეხო ის მძიმე მეთოდები. ქალებთან წამებისა და ძალადობის ერთეული ფაქტებია. იქ უფრო სექსუალური ძალადობის ფაქტებს ვაწყდებით და ეს ძირითადად, წინასწარი დაკავების იზოლატორებში ხდებოდა. ციხეებში 24000 პატიმარი იყო და შეუძლებელია, ყველასთან მიხვიდე და მოუსმინო. გათავისუფლების პროგრამა ადრეც მოქმედებდა და იწყებოდა ჯგუფში მუშაობით, თუმცა თითქმის ყველას სჭირდება ინდივიდუალური საუბრებიც, რადგან არის ისეთი საკითხები, რომლებზეც ჯგუფში ღიად ვერ საუბრობენ. ციხეში მყოფ პატიმრებს ძალიან მოსწონთ ეს პროცესი. 2-3 თვე ვმუშაობთ თითოეულ ჯგუფთან და სასაუბრო თემებს ისინი თავად არჩევენ.

- გათავისუფლებულებს რა კურსის გავლა დასჭირდებათ?

- ეს ინდივიდუალურია. გათავისუფლებამდე 3 თვით ადრე ციხეში თუ გაივლის ამ პროგრამას და გათავისუფლების შემდეგაც - კიდევ 3 თვეს, ვფიქრობ, საკმარისი იქნება. ამნისტიით ბევრი ადამიანი მოულოდნელად გათავისუფლდა და მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება, რადგან ამისთვის ფსიქოლოგიურადაც მოუმზადებლები იყვნენ. რამდენიმე ყოფილმა პატიმარმა უკვე დამირეკა და მითხრა, რომ ამ კურსის გავლა სურს. იმ ხალხთან, რომლებთანაც გვიმუშავია ციხეში, იმდენად მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რომ პატიმრებმა ჩვენს ორგანიზაციას ჰიმნიც კი დაუწერეს, ბენდიც ჩამოაყალიბეს და საოცარი სიმღერები შექმნეს... ეს ადამიანები პირად საუბრებში გვიყვებოდნენ იმ საშინელებებზე, რაც გადაიტანეს.

- ბევრი ფსიქოლოგთან მისვლასაც ვერ ახერხებს, რადგან თავის პრობლემაზე გახსნილად საუბარი უჭირს.

- ესეც ერთგვარი პრობლემაა. ბევრისგან მომისმენია - რაში მჭირდება ფსიქოლოგი, ის რაში უნდა დამეხმაროს, იქით დავეხმარებიო. - მიჩვეული ვარ ასეთ საუბრებს არა მარტო ციხეში, არამედ თავისუფლებაში მყოფი ადამიანებისგანაც. როცა ადამიანი მიდის ფსიქოლოგთან, მას პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმული აქვს; ფსიქოლოგმა საკუთარ თავში უნდა ჩაგახედოს, უნდა დაგანახვოს შენი სუსტი და ძლიერი მხარეები, რომ შენ თვითონ მოინდომო და თუ უკმაყოფილო ხარ შენი ცხოვრებით, რაღაც შეცვალო. ძალადობაგამოვლილ ადამიანებს უფრო ხანგრძლივი ფსიქორეაბილიტაცია სჭირდებათ.

- ბევრი მსჯავრდადებული მოძალადეა, მათი შეცვლა შეიძლება?

- მოძალადე პიროვნება თვითონ არ იცვლება, მაგრამ ამ პროგრამას საგანმანათლებლო დატვირთვა აქვს. სხვა ქვეყნებში მოძალადეების გამოსწორების სტატისტიკა 2 პროცენტია. ბევრჯერ ისიც მსმენია, მე სხვის გამოსწორებას ვცდილობდი და თურმე საკუთარი თავი უნდა გამომესწორებინაო. ხშირად მაგალითებით, სავარჯიშოებით უნდა ვასწავლოთ საჭირო ქცევა ძალადობის მსხვერპლსაც და მოძალადესაც.

ბევრი ადამიანი გამოვიდა ციხიდან. ისინი დანაშაულის ჩადენის მიზეზად უმეტესად უმუშევრობას ასახელებენ. მათი ფსიქორეაბილიტაცია პირველ რიგში, მათ დასაქმებაში იქნება. მომავალში პრიორიტეტული უნდა გახდეს გასათავისუფლებელ ადამიანებთან მუშაობა.

რა სერვისებს სთავაზობს იუსტიციის სამინისტრო გათავისუფლებულებს, ამის გარკვევა პროექტის მენეჯერებთან ვცადე.

მახარე მერებაშვილი, პროექტის მენეჯერი:

- პროექტის იდეა მინისტრ თეა წულუკიანს ეკუთვნის. დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციის პროგრამების ცენტრმა, რომელიც ადრე ძირითადად არასრულწლოვნების საკითხებზე მუშაობდა, ყოფილი მსჯავრდადებულების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე დაიწყო ზრუნვა, ძირითადად - რესურსების მოძიებაზე; სანამ პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებენ, მანამდე უნდა მოხდეს მათთან მუშაობა. გათავისუფლებამდე ამნისტირებულ პატიმრებსაც შეხვდნენ ჩვენი თანამშრომლები. მათ დაურიგდათ ბროშურები, სადაც მითითებული იყო ჩვენი "ცხელი ხაზის" ნომრები. დაწესებულებებში პატიმრებს გათავისუფლებამდე 2-3 თვით ადრე შევხვდებით, შიგნით მოხდება მათი მომზადება და გარეთ გამოსვლის შემდეგაც მათთან უფრო კომპლექსურად ვიმუშავებთ.

ნიკოლოზ ხარებავა, პროექტის მენეჯერი:

- სოცმუშაკის მოვალეობაა, შეიწავლოს ამ ადამიანების პრობლემები და შემდეგ მათ საკითხების მოგვარებაში დავეხმაროთ. არიან ადამიანები, რომლებსაც ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათ. ნაწილს ხელობის შესწავლა და პროფესიის დაუფლება სურს. ყოფილ პატიმრებს შეუძლიათ, ჩვენი "ცხელი ხაზის" ნომერზე დარეკონ: 214.51.45, ჩავინიშნავთ მათ მონაცემებს, სოციალური მუშაკი მივა და შეისწავლის მათ ოჯახურ პირობებს. ამის შეფასების შემდეგ, საჭიროებიდან გამომდინარე, დავეხმარებით: თუ ფსიქოლოგი სჭირდება, მასთან დავაკავშირებთ, თუ სხვა პრობლემა აქვს, ამის მოგვარებასაც შევეცდებით. სოცმუშაკი პრობლემის საბოლოოდ მოგვარებამდე გააგრძელებს მასთან მუშაობას. უახლოეს პერიოდში გამოცხადდება საგრანტო პროგრამა ამ მიმართულებით და დაინტერესებული ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას, გამარჯვებული კი მიიღებს გრანტს და მუშაობა უფრო გაფართოვდება.

- მათი გადამზადება სად მოხდება და რა პროფესიებს დაეუფლებიან მსურველები?

- მათი პროფესიული გადამზადება ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხდება. ისინი დაეუფლებიან საჭირო პროფესიებს. სამწუხაროდ, გათავისუფლებულთა უმრავლესობა პროფესიას არ ფლობს, რადგან ის წლები, რომლებიც სწავლისთვის უნდა დაეთმო, ციხეში იჯდა. მათ უნდა დავეხმაროთ. უშუალოდ სამინისტრო ვერ მისცემს ადამიანებს სამუშაოს ან კონკრეტული ბიზნესის დასაწყებად ფულს, მაგრამ ასწავლის, როგორ გააკეთონ ბიზნესი, რომ გადამზადებულმა ადამიანებმა დამოუკიდებლად შეძლონ შემდგომ თუნდაც ბიზნესის აწყობა. ჯერჯერობით თბილისის მასშტაბით ვმუშაობთ, მაგრამ შეგვიძლია რეგიონებშიც მოვუგვაროთ ადამიანებს გარკვეული პრობლემები. ვიმედოვნებთ, რომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო კონტაქტი ამაში დაგვეხმარება.

მახარე მერებაშვილი:

- ორგანიზაციები, რომლებიც აქამდეც თანამშრომლობდნენ სასჯელაღსრულების სამინისტროსთან და ჰქონდათ სხვადასხვა პროგრამა, კვლავ გააგრძელებენ მუშაობას და ეს ერთგვარად, ჩვენც დაგვეხმარება. ვფიქრობთ, უნდა შეიქმნას ერთიანი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მათ რესოციალიზაციაზე იმუშავებს. დასაქმება არის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მთავარი საშუალება, მაგრამ ეს ადვილი არ არის.

- 7000-ზე მეტმა პატიმარმა დატოვა ციხე, ამდენი ადამიანის დახმარებას შეძლებთ?

- ბევრი პატიმარია ამნისტირებული. ამიტომ ჩვენ გამოვკვეთეთ კონკრეტული ჯგუფი - 25 წლამდე მამაკაცები და 40 წლამდე ქალები; მათ მიენიჭებათ პრიორიტეტი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თუ 35-40 წლის ადამიანი მოგვმართავს პრობლემით, მას არ დავეხმარებით. პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითია, მხოლოდ სურვილი უნდა დააფიქსიროს მოქალაქემ. თუ სამართლებრივი პრობლემები ექნებათ მოსაგვარებელი, შეგვიძლია, იურისტებთან დავაკავშიროთ, რომ საჭირო იურიდიული კონსულტაცია მიიღონ. მოკვლევა ჩავატარეთ სხვადასხვა ორგანიზაციაში და ძირითადად გამოიკვეთა ის პროფესიები, რაზეც ბაზარზე არის მოთხოვნა. ჩამონათვალში ათამდე მოთხოვნადი პროფესიაა: მეფილე, მღებავი, კალატოზი, დურგალი, ელექტრიკოსი, ბუღალტერი, კომპიუტერის ქსელის სპეციალისტები; ქალებისთვის: მქარგავი, ბუღალტერი, ოფისის მენეჯერი.

- როგორც ჩანს, პრიორიტეტი მაინც 25 წლამდე ახალგაზრდებს და 40 წლამდე ქალბატონებს მიენიჭებათ. თუ არის ზუსტი სტატისტიკა, დაახლოებით რამდენი ასეთი ადამიანია გარეთ გამოსული?

- დაახლოებით 1000-მდე ადამიანი გამოიკვეთა იმ სამიზნე ჯგუფში, რომელიც ჩვენ ასაკის მიხედვით დავყავით. გათავისუფლებულ პირებს დაწესებულებიდან გამოსვლის დროს ერთგვერდიანი წერილი ხვდებოდათ თეა წულუკიანის ხელმოწერით. იქ იყო ჩვენი საკონტაქტო მისამართი და პატიმარს შეეძლო, ანკეტა გამოსვლამდე შეევსო და დაეტოვებინა. ანკეტის ეს დანართებიც მოდის ჩვენთან და მათ იქიდანაც ვუკავშირდებით. საკუთარი სურვილის გარეშე, ჩვენ ვერავის დავავალდებულებთ პროგრამაში ჩართვას. ამ ეტაპზე საგრანტო პროგრამებია შექმნილი და ამ დღეებში ტენდერი გამოცხადდება.

- უკვე დაეხმარეთ ვინმეს?

- მათი გადამზადება სავარაუდოდ, აპრილის ბოლოდან დაიწყება. ერთი შემთხვევა მახსენდება, დასაქმებასთან დაკავშირებით: მამაკაცმა კონკრეტულ ორგანიზაციაში მძღოლის ადგილი მოიძია, მაგრამ პრობლემა იმის გამო შეექმნა, რომ ის ნასამართლევი იყო. ამ ადამიანს ჩვენ გავუწიეთ რეკომენდაცია, რადგან სოციალურმა მუშაკმა კარგად იცის თითოეული ბენეფიციარის მდგომარეობა და შესაძლებლობა. პრობლემა მოგვარდა და ის ახლა მძღოლად მუშაობს.

ასევე ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ციხიდან გათავისუფლდა, თავშესაფრის პრობლემა ჰქონდა. მას არც ოჯახი და არც ისეთი ადამიანი ჰყავდა, ვისთანაც ცხოვრებას შეძლებდა. მისი პატიმრობაში ყოფნის დროს სოფელში არსებული მისი სახლი ჩამოიშალა და საცხოვრებლად უვარგისი იყო. მის რაიონში ჩავედით, ვესაუბრეთ საკრებულოს თავმჯდომარეს. სახსრები გამოინახა და მისი სახლის სახურავი შეკეთდა. იქაურმა მუნიციპალიტეტმა იმის ვალდებულებაც აიღო, რომ ერთი ოთახიც მოუწყოს. თავის მშობლიურ სახლში იცხოვრებს, აქვს დიდი ეზო, ალბათ დაამუშავებს, მოიყვანს პროდუქტებს და ცხოვრებას ააწყობს. ამ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემაც აქვს და ამ კუთხითაც დავეხმარეთ. ის გადავამისამართეთ შესაბამის კლინიკაში.

თავშესაფრები სამწუხაროდ არ გვაქვს. არადა, ბევრი ადამიანია ისეთი, რომელიც ჭერის გარეშეა დარჩენილი. ჩვენ ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ საპატრიარქოსთან და ასეთ ადამიანებს საშუალება ეძლევათ, დროებით ღამე მონასტერში გაათიონ.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ