კენედის კლანი და ყოვლისშემძლე მაფია - როგორ ვითარდებოდა ბინძური კულუარული ბრძოლები გასული საუკუნის ამერიკაში

კენედის კლანი და ყოვლისშემძლე მაფია - როგორ ვითარდებოდა ბინძური კულუარული ბრძოლები გასული საუკუნის ამერიკაში

დიდ პოლიტიკას ხშირად, ბინძური კულუარული ბრძოლები ახლავს. წინამდებარე ამბავი გასული საუკუნის ამერიკაში გვაბრუნებს და ამ სუპერსახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გვარის - კენედის პოლიტიკურ-კრიმინალური ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდს გადმოგვცემს.

1960 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯონ კენედიმ მხოლოდ 113 ათასი ხმით მოუგო რიჩარდ ნიქსონს. 68 მილიონი ხმიდან კენედი თეთრ სახლში შევიდა სულ რაღაც ორ მეათედპროცენტიანი უპირატესობით. მისი მოგების გასაღებს კუკის ოლქი წარმოადგენდა - ალ კაპონეს ყოფილი სამფლობელო. ილინოისის შტატში მან აბსოლუტური უპირატესობა მოიპოვა 450 ათასი ხმით და 27 საარჩევნო ხმა და პრეზიდენტობა მიიღო (ყოველი შტატი საკუთარ ამომრჩევლებს ირჩევს).

კენედის მამა "მშრალი კანონის" დროს ბუტლეგერი იყო, მაფიასთანაც კარგი კავშირი ჰქონდა და მთელი თავისი გავლენა საკუთარ შვილს მოახმარა. მან გადაიბირა ჩიკაგოს მერი, ქალაქის ბოსი - რიჩარდ დეილი. დეილი ის კაცი იყო, რომელსაც ამ პოსტზე უცვლელად ირჩევდნენ ოთხ წელიწადში ერთხელ, 1955 წლიდან მოყოლებული - 1975 წლამდე. ჯონ კენედი ხუმრობდა, რომ არჩევნების წინ მამამისმა სთხოვა, დაესახელებინა ხმების რაოდენობა, რომელიც მოსაგებად სჭირდებოდა, რადგან აბსოლუტური უმრავლესობის მოსაპოვებლად მას ფული უნდა გადაეხადა.

ჯონ კენედის საკუთარი კავშირები ჰქონდა მაფიასთან. 1960 წლის თებერვალში ის იმყოფებოდა ლას-ვეგასის "სენდს ოტელში", სადაც ფრენკ სინატრამ გააცნო ახალგაზრდა ქალი - ჯუდიტ კემპბელი და ისინი საყვარლები გახდნენ. ერთი კვირის შემდეგ ეს ქალი შეხვდა ჩიკაგოს დაჯგუფების ლიდერს, სემ ჯანკანას, რომელიც 1957-დან 1966 წლამდე განაგებდა ქალაქს პრინციპით - "ჯერ მოკალი და მერე დასვი კითხვები". ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში, ჩიკაგოში 75 განგსტერული მკვლელობა მოხდა. მასზე ამბობდნენ, რომ პოლიციის შეფები მოსყიდული ჰყავდა და კუკის ოლქი ხელში მტკიცედ ეჭირა.

ერთხელ კენედიმ კემპბელს უთხრა, რომ საპრეზიდენტო კამპანიის წარმოებისას ჯანკანას დახმარება დასჭირდებოდა. კემპბელმა მათ შორის შუამავლის როლი იკისრა და ისინი იმავე წლის აპრილში, მაიამი-ბიჩის სასტუმროში შეხვდნენ ერთმანეთს. კენედი იმდენად კმაყოფილი იყო შედეგით, რომ კემპბელს აღუთქვა, - ჯეკის გავეყრები და ცოლად შეგირთავ, თუ დემოკრატიულ პარტიაში შიდა არჩევნებში ვერ გავიმარჯვებო. მოგვიანებით ჯანკანა კენედის შეჰპირდა, რომ ნოემბერში არჩევნების დროს "აუარება დამკვირვებელს" დაახმარდა. კემპბელის თქმით, მერე ჯანკანა ტრაბახობდა, რომ პრეზიდენტად მისი ბოიფრენდი გააყვანინა, თუმცა ამ საქმეში ჩიკაგოს მერს, დეილისაც ჰქონდა შეტანილი წვლილი.

1961 წლის აპრილში, "გოჭების ყურეში" ჩაშლილი ოპერაციიდან (ფიდელ კასტროს დამხობის მცდელობა) რამდენიმე დღის შემდეგ კემპბელი კენედის თხოვნით, ლას-ვეგასში გაფრინდა. მას ჯონი როზელის - ლოს-ანჯელესის დრაგნას ოჯახის ბოსის მოადგილისთვის წერილი უნდა გამოერთმია. კონვერტი ჯანკანას გადასცეს. შეხვედრა მასა და კენედის შორის ჩიკაგოს "ამბასადორ ისტ-ოტელში" შედგა. 1959 წელს, როდესაც ფიდელ კასტრომ კუბაში ხელში აიღო ძალაუფლება, მან მთლიანად გაანადგურა მაფიის სარფიანი სათამაშო ოპერაციების ბიზნესი. ამრიგად, მაფიას მნიშვნელოვანი მიზეზი ჰქონდა საიმისოდ, რომ მთელი ძალით ჩართულიყო ოპერაცია "მანგუსტაში", რომელიც ფიდელ კასტროს მკვლელობას ითვალისწინებდა.

ურთიერთობა ჯონ კენედის, ჯუდით კემპბელსა და სემ ჯანკანას შორის მას შემდეგ გაცივდა, რაც პრეზიდენტის ძმამ, აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა რობერტ კენედიმ მაფიის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

მაფიასთან ჯონ კენედის კავშირის შესახებ მითქმა-მოთქმა 1963 წელს, მისი მკვლელობის შემდეგ შეწყდა, მაგრამ ეს თემა 1975 წელს კვლავ ამოტივტივდა. ჯანკანას მკვლელობიდან ხუთი დღის შემდეგ, სენატის კომისიის წინაშე, რომელიც კასტროს წინააღმდეგ შეთქმულებას იძიებდა, ჯონი როზელი წარდგა. მას კომისიისთვის არაფერი გაუმხელია, მაგრამ ბოსებმა ის მაინც საფრთხედ მიიჩნიეს, ამიტომ მოიტაცეს, ჯერ ტყვია ესროლეს და შემდეგ მოახრჩვეს. მერე ფეხები მოახერხეს, 55-გალონიან ნავთის კასრში ჩატენეს, მსხვილი ჯაჭვით დაამძიმეს და ფლორიდაში, ზღვის ფსკერზე ჩაუშვეს. მაგრამ ხრწნადი გვამიდან გაზების გაჟონვის შედეგად, კასრი წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა. მის მკვლელებს ვერ მიაგნეს, თუმცა ფიქრობდნენ, რომ ის ფლორიდის დაჯგუფების თავკაცმა, ოპერაცია "მანგუსტას" ერთ-ერთმა მონაწილემ, სანტო ტრაფიკანტემ მოაწყო. მოარული ხმებით, როზელი აგრეთვე მონაწილეობდა ჯონ კენედის მკვლელობაში, რომელმაც არჩევნების დროს მაფიისთვის მიცემული დაპირებები არ შეასრულა.

რობერტ კენედი პროფკავშირში არსებული რეკეტის შემსწავლელი, სენატის კომიტეტის მთავარი მრჩეველი იყო, რომელსაც ჯონ მაკქლელანი ხელმძღვანელობდა. მაკქლენანმა მძღოლების პროფკავშირის თავმჯდომარეზე, ჯიმი ჰოფაზე მიიტანა იერიში. 1959 წელს, გაფლანგვის, პროფკავშირში გაბატონებული რეკეტისა და გადასახადების გადაუხდელობისთვის, ჰოფას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 1957 წელს, მმართველობაში მისი მოსვლის შემდეგ, მძღოლთა პროფკავშირიდან AFL-CIO (მუშათა ამერიკული ფედერაცია და სამრეწველო ორგანიზაციების გაერთიანება) გარიცხეს, ხოლო მისმა ლიდერმა, ჯორჯ მინიმ განაცხადა, რომ გაერთიანებაში მხოლოდ მას შემდეგ დააბრუნებდა მძღოლების პროფკავშირს, როცა ჰოფა თავმჯდომარის პოსტიდან წავიდოდა. არსებობდა ასევე ეჭვი, რომ ჰოფამ 500 ათასი დოლარი ნიქსონის საარჩევნო კამპანიისთვის გაიღო.

1960 წელს რობერტ კენედიმ გამოაქვეყნა ანგარიში "შიდა მტერი", რომელიც პროფკავშირების უკანონო საქმიანობას შეეხებოდა. რობერტ კენედიმ დიდად შეუწყო ხელი მისი ძმის საარჩევნო კამპანიას და ჯონ კენედიმ ის გენერალურ პროკურორად დანიშნა. ამ პოსტიდან მან დაიწყო წარმატებული კამპანია ორგანიზებული დამნაშავეობის წინააღმდეგ - მისი ხელმძღვანელობის პერიოდში გასამართლებები 800%-ით გაიზარდა. მან გააგრძელა მძღოლების პროფკავშირის წინააღმდეგ გამოძიება და დაუპირისპირდა ჰოფას სატელევიზიო მოსმენების დროს. 1962 წელს რობერტ კენედი ეცადა, გაესამართლებინა ჰოფა ე.წ. "ატკატების" აღებისთვის გადამზიდავი კომპანიისაგან, მაგრამ ეს ამბავი სასამართლოს დიდი ხნით გადადებით დამთავრდა.

1964 წელს პროფკავშირის ერთ-ერთი წევრი, ედუარდ პარტინი მოულოდნელად ფედერალური მოწმე გახდა და ჰოფა მოსამართლის საქმეში ჩარევისათვის გაასამართლეს. მას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამავე წლის ბოლოს, პროფკავშირის საპენსიო ფონდის არამიზნობრივად ხარჯვასა და თაღლითობაში დასდეს ბრალი და ხუთი წელი დაუმატეს. მიუხედავად ამისა, 1971 წლის დეკემბერში, მისჯილი ცამეტიდან ხუთი წლის მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს. სასჯელი ნიქსონმა შეუმსუბუქა. მძღოლთა პროფკავშირმა კი პენსიის სახით, 1,7 მლნ დოლარი გამოუყო, რაც მანამდე არასდროს გაუკეთებია.

1975 წლის 30 ივლისს ჰოფა ორ მაფიოზ ლიდერს - დეტროიტელ ენტონი "ტონი ჯეკ" ჯაკალონესა და ნიუ-იორკის ჯენოვეზეს კრიმინალური ოჯახის ცაპორეგიმეს, ენტონი "ტონი პრო" პროვენძანოს უნდა შეხვედროდა; პროვენძანო წარსულში, პროფკავშირში ჰოფას მოადგილეც გახლდათ. შეხვედრა ოკლენდის ოლქის (მიჩიგანის შტატი) პატარა დასახლება ბლუმფილდში, ერთ-ერთი რესტორნის ავტოსადგომზე ჰქონდათ დათქმული. იმ დღიდან, ჰოფა აღარავის უნახავს. ჯაკალონე და პროვენძანო მასთან შეხვედრას უარყოფდნენ, მაგრამ არსებობდა ეჭვი, რომ ჰოფას გაქრობა მაფიის ნახელავი იყო.

მძღოლთა პროფკავშირის ყოფილი მესვეურის, დენიელ სალივანის თქმით, ცოტა ხნით ადრე ჰოფამ მას უთხრა:

"ტონი პრო მოკვლით მემუქრება ან - შვილიშვილების მოტაცებით, თუ მძღოლთა პროფკავშირის თავმჯდომარის პოსტის დასაბრუნებლად ბრძოლაზე ხელს არ ავიღებ". რიჩარდ კუკლინსკი, პოლონელი კილერი, რომელიც მაფიაზე მუშაობდა, ირწმუნებოდა, რომ ჰოფა მან მოკლა. იმავეს იბრალებდა მაფიის დაკვეთების კიდევ ერთი შემსრულებელი, კილერი დონალდ "ბერძენი ტონი" ფრანკოსი. მისი თქმით, მან და რამდენიმე კილერმა ჰოფა "რედ ფოქსთან" მოიტაცეს და მაუნტ-კლემენსში, ერთ-ერთ სახლში მიიყვანეს. "ორი ხუთცენტიანი (ტყვია) დავაჭედე შუბლში", - თქვა ფრანკოსმა. მერე მისი სხეული ელექტროხერხით დაანაწევრეს, ნარჩენები ჩანთაში ჩააწყვეს და მაფიის მიერ კონტროლირებად ნაგავსაყრელზე წაიღეს. ნაგავსაყრელის მენეჯერი ძალიან ნერვიულობდა იმის გამო, რომ საქმეს დიდი რეზონანსი მოჰყვა, ამიტომ გვამის ნარჩენები ჯერ საყინულეში დამალეს, მერე ნიუ-ჯერსის შტატში, მიდოულენდის "ჯაიენტსის" სტადიონის საძირკველში ჩაატანეს. ბუნებრივია, რომ მის ცხედარს ვერ მიაგნეს და, კანონის შესაბამისად, გაუჩინარებიდან შვიდი წლის შემდეგ, გარდაცვლილად გამოაცხადეს.

ირინა ჯანდიერი

"რომ უყურებდი, მოგინდებოდა გეკოცნა, ჩახუტებოდი" - როგორ იხსენებენ გიორგი შაქარაშვილს მეგობრები

"პროექტის დატოვების დრო იყო. მიხარია, რომ ღირსეულად წამოვედი“ - "მასტერშეფის“ სამზარეულო ზურა ხოკერაშვილმა დატოვა

ბრიტანეთში იშვიათი კომეტა დააფიქსირეს, რომელიც დედამიწას 23 ივლისს მოუახლოვდება - შთამბეჭდავი ფოტოები