რას გულისხმობს განათლების რეფორმის კონცეფცია

რას გულისხმობს განათლების რეფორმის კონცეფცია

საზოგადოებას დიდი ინტერესი აქვს განათლების სფეროში მოსალოდნელი ცვლილებებისადმი. განსაკუთრებით კი, ახლად შექმნილ "უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კონცეფციისადმი". კონცეფციის დეტალებზე მისი ერთ-ერთი ავ­ტორი, ლუნდის (შვედეთი) უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ზაალ კოკაია გვესაუბრება.

- კონცეფცია ეფუძნება ტენუარის სისტემას, რომლის თაობაზე ფართო საზოგადოებრიობამ საქართველოში ცოტა რამ თუ იცის...

- ტენუარის სისტემა უმაღლესი განათლების გამოცდილი მოდელია. ამაში ახალი არაფერია. ჩვენს კონცეფციაში დეტალურად არის აღწერილი, თუ ვის მიენიჭება ტენუარის სტატუსი. ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მიუკერძოებელი, გარეშე კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც შევლენ მოქმედი და მაღალი კვალიფიკაციის ქართველი და უცხოელი მეცნიერები. ტენუარის სტატუსს მიიღებს მხოლოდ ის პროფესორ-მასწავლებელი, რომე­ლსაც მაღალი დონის კვლევისა და პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება ექნება. რა თქმა უნდა, შეფასებისას გათვალისწინებული იქნება ყველა დარგის თავისებურებები და სპეციფიკა, მაგრამ ხარისხის თვალსაზრისით კომპრომისი დაუშვებელია.

- კონცეფციაში აღნიშნულია, რომ ამ "განსაკუთრებული სტატუსის" მინიჭების კანდიდატებს სპეციალურად შექმნილი მიუკერძოებელი კომიტეტი შეარჩევს... რა იქნება ამ კომიტეტის წევრთა ობიექტურობის, მიუკერძოებლობის გარანტი?

- კომისიის მიუკერძოებლობის გარანტი იქნება ის, რომ დაკომპლექტდება მაღალი დონის მოქმედი მეცნიერებით, პროფესურით და მკაცრად იქნება დაცული ინტერესთა კონფლიქტის კრიტერიუმები. კომიტეტის შემადგენლობაში და რეცენზენტთა ჯგუფში აუცილებლად შევლენ სათანადო კვალიფიკაციის გამოცდილი უცხოელი სპეციალისტებიც, რომლებიც თვითონ მოღვაწეობენ თავისუფალ, მიუკერძოებელ და მაღალი დონის აკადემიურ გარემოში და ამგვარი საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვთ.

- განათლების სისტემაში ამჟამად შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, იქნება თუ არა შესაძლებელი ამ სისტემაზე გადასვლა შოკური თერაპიის გარეშე, ისე, რომ პროფესორ-მასწავლებლების დიდი ნაწილი უსამსახუროდ, ქუჩაში არ დარჩეს?

- ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ვემხრობით ევოლუციურ და არა რევოლუციურ მიდგომას განათლების სისტემაში. გარეშე რეფერირებით, შეფასებით მოხდება საუკეთესო და წარჩინებული პროფესურის შერჩევა, რომელსაც ტენუარის სტატუსი მიენიჭება. შედარებით ახალგაზრდა და პერსპექტიულ კადრებს, ასევე მიუკერძოებელი კონკურსის შედეგად მიეცემა ტენუარის გზაზე მდგომი პროფესორის სტატუსი და შეექმნება პირობები განავითაროს თავისი პოტენციალი. ამ კატეგორიის პროფესურას მომავალში ტენუარის პოზიციის მიღების შანსი ექნება. ტენუირების შემოღება ხანგრძლივი პროცესია, ეს არ მოხდება სხვების ხარჯზე. უბრალოდ, საუკეთესოები მიიღებენ შესაბამის სტატუსსა და დამატებით ხელშეწყობას.

- კონცეფციის ავტორები საუნივერსიტეტო მეცნიერების გა­ნვითარების აუცილებლობაზე საუბრობთ, თუმცა ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე მიიჩნევს, რომ "რეალურად, ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალი, 2-3 სამეცნიერო ინსტიტუტს თუ გასწვდება"...

- შესაბამისი შეფასების, კვლევის გარეშე იმის თქმა, თუ რამდენი სამეცნიერო ცენტრი ან კვლევითი ჯგუფია სიცოცხლისუნარიანი და საერთაშორისო დონის შესაბამისი, პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენი კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ამის დადგენა, ანუ "წარჩინებულთა კლასტერების", ჯგუფების გამოვლენაა. გამოცხადდება კონკურსი და ყველა, ვისაც ამის სურვილი და ამბიცია აქვს და კონკურსის პირობებს აკმაყოფილებს, წარმოადგენს აპლიკაციას, განაცხადს, რომელიც შეფასდება მიუკერძოებელი და მაღალი დონის მეცნიერებისგან დაკომპლექტებული კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან როგორც ქართველი, ასე უცხოელი მეცნიერები. ამ გზით გამოვლენილ ჯგუფებსა ან ინსტიტუტებს მიეცემათ დაფინანსება, რათა განავითარონ თავისი კვლევები და შესაბამისი დარგი. ასეთი ჯგუფები და ინსტიტუტები შესაძლოა,

გაერთიანდნენ საინსტიტუტო ქსელში, რომლის მიზანიც კვლევების ხელშეწყობა და განვითარება იქნება.

- განათლების ახალ სისტემაზე გადასვლა წაახალისებს თუ არა უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ ქართველ მეცნიერებს, უფრო აქტიურად ითანამშრომლონ ჩვენს სახელმწიფო თუ კერძო უმაღლეს სასწავლებლებთან?

- უდავოდ. უცხოეთში მომუშავე ახალგაზრდა მკვლევარები ის სამეცნიერო პოტენციალია, რომელსაც ძალზე დიდი წვლილის შეტანა შეუძლია საქართველოში თანამედროვე და მაღალი დონის კვლევების განვითარებაში. მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული სისტემა თავისი მაღალი სტანდარტით და გარანტიებით მომხიბვლელი იქნება არა მარტო თანამშრომლობისთვის, არამედ ბევრი წარმატებული ქართველი მკვლევარის სამშობლოში დასაბრუნებლადაც.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"