"თეა წულუკიანი სხვა სამყაროში ცხოვრობს"

"თეა წულუკიანი სხვა სამყაროში ცხოვრობს"

19 აპრილს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე გვესაუბრება:

- რა არის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 19 აპრილს პარლამენტის წინ დაგეგმილი მიტინგის ძირითადი მიზანი? მისი ერთ-ერთი ლოზუნგია "ევროპული არჩევანისთვის". მიიჩნევთ, რომ ქვეყნის ევროპული არჩევანი საფრთხეშია?

- ქვეყნის საგარეო ორიენტაციასთან კითხვის ნიშნები გაჩნდა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "ქართული ოცნება" აკრიტიკებს ევროპას და ტაშს უკრავს რუსეთს... 19 აპრილის აქცია არ არის მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" აქცია, ეს არის ყველა იმ ადამიანის შეკრება, ვისაც სურვილი აქვს, როგორც ახლანდელ ხელისუფლებას, ისე მთელ ევროპას მიაწვდინოს ხმა, რომ ჩვენი ევროპული არჩევანი უცვლელია... 19 აპრილის თავყრილობაზე, რომელზეც ძალიან ბევრი ადამიანი მოვა, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზეც ვისაუბრებთ. კონკრეტულად იმაზე, რომ 1-ლი ოქტომბრის შემდეგ ათასობით ადამიანი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, კერძო სექტორში სამუშაო ადგილები მცირდება, ეკონომიკაში სერიოზული ვარდნა გვაქვს, ბიუჯეტში - გარღვევა, მიუხედავად იმისა, რომ ხადურის სამინისტრო გარკვეული ციფრებით მანიპულირებს... ეს ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" ვერ ახერხებს ხალხისთვის მიცემული დაპირებების შესრულებას. არაერთი პროექტი შეჩერდება. ჩვენი მიტინგის მიზანია, გამოვაფხიზლოთ ხელისუფლება, რათა უსაქმურობიდან საქმეზე გადავიდნენ, თუკი საერთოდ შეუძლიათ საქმის კეთება.

- თქვენი აზრით, რა კატეგორიის მოქალაქეები მოვლენ ამ აქციაზე და იქნება თუ არა ის ხალხმრავალი?

- 19 აპრილის მიტინგი ხალხმრავალი იქნება, მოქალაქეები აქციაზე სხვადასხვა მიზეზით მოვლენ; საზოგადოების რომელიმე კონკრეტულ ჯგუფზე აქცენტს არ ვაკეთებთ... მოვლენ ის ადამიანები, ვინც მიიჩნევს, რომ ახალი ხელისუფლება არაფერს აკეთებს თავისი დაპირებების შესასრულებლად.

- გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი 19 აპრილის წინა დღეს, 18 აპრილს რუსთაველზე "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო აქციის გამართვას გეგმავს. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუ ისინი რუსთაველის გამზირზე დარჩებიან? ხომ არ არის მოსალოდნელი სიტუაციის დაძაბვა?

- ოპოზიციის წინააღმდეგ აქციების დაგეგმვა, ჩემი აზრით, თავიდანვე განწირულია. ვინ ეცდება იქ ადამიანების შეკრებას? გამოდის, რომ ხელისუფლება ატარებს ამ აქციას და ვურჩევ, ამის ნაცვლად საქმეს მოჰკიდოს ხელი. "ქართული ოცნების" გუნდი რაბათის ნგრევით კი არ უნდა იყოს დაკავებული, არამედ საქმის კეთებით. ან რა განცხადებები გააკეთა ახლახან იუსტიციის მინისტრმა წულუკიანმა? იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის სხვა სამყაროში ცხოვრობს. თქვა, იუსტიციის სახლებს ვაშენებთო, არადა, მცხეთის გარდა, არსად არ მიმდინარეობს იუსტიციის სახლის მშენებლობა. დღეს ყველა სამინისტროში უსაქმოდ სხედან.

- "ნაციონალური მოძრაობის" დროს საქმე კეთდებოდა? მაშინ რატომ არ აისახა ეს 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შედეგზე?

- "ნაციონალური მოძრაობა" 9 წლის განმავლობაში იყო ხელისუფლებაში და სწორედ ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც არჩევნებში დამარცხება აღიარა. "ნაციონალურ მოძრაობას" საქმის კეთების უცოდინარობას ნამდვილად ვერ დააბრალებ, 1-ლი ოქტომბრის არჩევანი კი "ქართული ოცნების" მიერ გაცემულმა არარეალურმა, უაზრო დაპირებებმა და დიდმა ფულმა განაპირობა. ხალხმა მართლა დაიჯერა, რომ ოცნებები აუხდებოდა. ამომრჩეველს ხშირად ვხვდები და არავინ ამბობს, რომ ამ 6 თვეში მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. 19 აპრილის მიტინგის მიზანი ხელისუფლების გამოფხიზლებაც არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კიდევ არაერთ შეცდომას დაუშვებს.

- რატომ ტარდება ეს აქცია რუსთაველის გამზირზე და არა ქუთაისში, პარლამენტის წინ, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი გადაიტანეთ?

- 19 აპრილის აქცია ტარდება თბილისში, სადაც ადვილია ხალხის მთელი საქართველოდან ჩამოსვლა. საქართველოს მთავრობა თბილისშია, ეს კი მთავრობის გამოსაფხიზლებელი აქციაა.

- თუმცა, საზოგადოებას კარგად ახსოვს პრეზიდენტ სააკაშვილის ფრაზა: ქვეყნის ბედი ერთ ქუჩაზე, ქალაქის ცენტრში არ უნდა წყდებოდესო.

- ძალზე მარტივია ამაზე პასუხი: ეს აქცია მთავრობის გამოსაფხიზლებლად არის მიმართული და ამიტომ თბილისში ვატარებთ, როცა პარლამენტის გამოფხიზლება დაგვჭირდება, ქუთაისში ჩავალთ.

- ლაპარაკია "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციაზე, იმაზე, რომ სიტუაციის არევა მის წისქვილზე დაასხამს წყალს...

- ვიმედოვნებ, ამჯერად, 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენებისგან განსხვავებით, პოლიცია თავის ფუნქციას შეასრულებს. ამასთან ერთად, ჩვენ მაქსიმალურად ვართ მობილიზებული, პოლიციის უმოქმედობისა და უსუსურობის პირობებშიც კი შევძლოთ ამ საპროტესტო აქციის მშვიდობიანად, ექსცესების გარეშე ჩატარება... რაც შეეხება ჩვენი მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციას, ამაზე საუბარი აბსურდია. იმასაც ამბობდნენ, ნაცმოძრაობა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს და 19 აპრილსაც რაღაცას გეგმავსო! მესმის, რომ მოსახლეობის ნაწილი ჯერ კიდევ უჭერს მხარს ახალ ხელისუფლებას, თუმცა მათ მხარდამჭერებსაც უჩნდებათ კითხვები... ფაქტია, რომ დღეს "ნაციონალური მოძრაობა" ერთადერთი ძალაა, რომელიც სახელმწიფოებრივად აფასებს მოვლენებს, იცის, როგორ უნდა განვითარდეს ეს ქვეყანა. ამიტომ პროვოკაციას, ვისი მხრიდანაც უნდა მოდიოდეს, არ დავუშვებთ.

- თქვენი ოპონენტები მიიჩნევენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" 7 ნოემბრისა და 26 მაისის დარბევების შემდეგ რუსთაველის პროსპექტზე აქციის გამართვის მორალური უფლება არა აქვს...

- 2007 წლის 7 ნოემბერს მმართველმა ძალამ იმით უპასუხა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი გადადგა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა, ამაზე მეტი რა უნდა გაეკეთებინა? რაც შეეხება 26 მაისს, დღევანდელი ხელისუფლება დიდი ხანია ამბობს, ამ საქმეს ვიძიებთო, მაგრამ ჯერ შედეგი არ ჩანს... გამოიძიონ და ნახონ, მოხდა თუ არა იმ დღეს უკანონობა, დამნაშავეები კი დაისაჯონ... ასე რომ, 19 აპრილს აქცია რუსთაველზე ჩატარდება და ხელისუფლება დაინახავს, რომ ამ ქვეყანაში მარტო არ არის და დროა, გამოფხიზლდეს. რეალობა ასეთია - ერთადერთი ძალა, ვისაც დღეს ქვეყნის მართვა შეუძლია, "ნაციონალური მოძრაობაა", დღევანდელმა ხელისუფლებამ კი ქვეყნის მართვა არ იცის და არც ჩვენი ესმით. თუ მთავრობა ჩვენს რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, ქვეყანას საბედისწერო შეცდომებს ავარიდებთ. გვინდა წინსვლა გაგრძელდეს, ხოლო როცა ხელისუფლებაში დავბრუნდებით, ქვეყნის მშენებლობას ორჯერ სწრაფად განაგრძობს.

"ოპოზიციის წინააღმდეგ აქციების დაგეგმვა ჩემი აზრით, თავიდანვე განწირულია. ვინ ეცდება იქ ადამიანების შეკრებას? გამოდის, რომ ხელისუფლება ატარებს ამ აქციას და ვურჩევ, ამის ნაცვლად საქმეს მოჰკიდოს ხელი"

ნინო კვიტაშვილმა

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა