არ არის გამორიცხული, ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის პერიოდში წაყენებულ ბრალდებაზე სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, სასამართლო პროცესებზე დასწრების საშუალება აღარ მიეცეს. ახალაიას, რომელიც დღეს პროცესიდან გააძევეს, ეს უფლება ეზღუდება, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი დარახველიძე 16 აპრილს ჩანიშნულ პროცესზე მიიღებს.
ახალაიას გაძევების შემდეგ მისმა ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ მიუხედავად მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ მოსამართლისადმი მიმართვისა, მძიმე ბრალდებებიდან გამომდინარე ახალაიას მიეცეს არსებით განხილვებზე დასწრების საშუალება.
"ბაჩო ახალაიამ მხოლოდ ის თქვა, რომ თუკი დარბაზიდან გააძევებდით, პროკურორს არ მოუსმენდა", - განუმარტეს ადვოკატებმა მოსამართლეს, გიორგი დარახველიძემ კი მათ მიმართა, რომ მომდევნო პროცესზე მოტივირებული შუამდგომლობა წარადგინონ და ამის შემდეგ იმსჯელებს ის ახალაიას პროცესებზე დაშვების საკითხზე.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბრალდებული ბაჩო ახალაია მოსამართლემ სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევა. ამის მიზეზი ბაჩო ახალაიას მხრიდან პროკურორთან და საქმის ერთ-ერთ მოწმესთან პოლემიკაში შესვლა გახდა. მოსამართლე გიორგი დარახველიძემ ახალაიას განუმარტა, რომ პოლემიკაში შესვლის უფლება არ ჰქონდა და თუკი ასე გააგრძელებდა, დარბაზიდან გააძევებდა. ახალაიამ უპასუხა, რომ ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, რის შემდეგაც, დარბაზიდან გააძევეს.
პროცესზე, პროტესტის ნიშნად, ბაჩო ახალაიას ერთ-ერთმა ადვოკატმა, რომეო საჯაიამ განაცხადა, რომ თავადაც ტოვებდა დარბაზს. მოსამართლე დარახველიძემ მას განუმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში ის დაჯარიმდებოდა. რომეო საჯაიამ დარბაზი მაინც დატოვა, რის გამოც, მას 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. დარბაზი პროტესტის ნიშნად დამსწრეთა ნაწილმაც დატოვა.
ბაჩო ახალაიას მორიგი პროცესი 16 აპრილს გაიმართება.