"ჯავახკი" ქართულ-თურქული მოლაპარაკებების ჩაშლას ცდილობს"

"ჯავახკი" ქართულ-თურქული მოლაპარაკებების ჩაშლას ცდილობს"

საქართველოსა და თურქეთს შორის კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკება ერთ-ერთ წამყვან პოლიტიკურ თემად რჩება. კულტურის სამინისტროში გამართული ხმაურიანი განხილვის შემდეგ თურქეთში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩავიდა და როგორც თვითონ ამბობს, რაბათის კომპლექსის გუმბათის ფერზეც კი ისაუბრა. ამ პროცესების კვალდაკვალ, რუსეთის ჯავახური დიასპორა სომხეთის პატრიარქ გარეგინ მეორეს საგანგებო განცხადებით მიმართავს და "სომხური ისტორიული ძეგლების", მათ შორის, იშხანის, ოშკისა და ბანას დაბრუნებისთვის ბრძოლის გააქტიურებას სთხოვს. ამგვარი პრეტენზიები სომხური მხარისგან არახალია. საქმე კურიოზამდეც მივიდა, როცა "სუხიშვილები" სომხურ ანსამბლად გამოცხადდა, "ჩაკრულო" - სომხურ სიმღერად, "საფერავი", ხაჭაპური და ჩურჩხელა კი სომხური კულინარიის ნიმუშებად. საინტერესოა, რატომ გააქტიურდა ტაო-კლარჯეთის ქართული ეკლესიების თემა სწორედ ახლა? - ამ საკითხზე არმენოლოგი, პროფესორი ბონდო არველაძე გვესაუბრება:

- ზოგიერთი ვაი-მეცნიერი ამ საკითხზე დროსა და მელანს ტყუილუბრალოდ ხარჯავდა და ხარჯავს. საქართველოში აღმოჩენილ 653 (!) "სომხური ეკლესიისა" არ იყოს, 1946 წელს პროფესორმა ტოკარსკიმ გამოსცა "ძველი სომხეთის არქიტექტურა", სადაც "ასაბუთებს", რომ ტაო-კლარჯეთი თავის დროზე სომხეთის ტერიტორია ყოფილა, იშხანი, ბანა, ოშკი და სხვა ქართული ეკლესიები კი - სომხური არქიტექტურის ნიმუშები! მას აკადემიურად გასცა პასუხი აკადემიკოსმა სიმონ ჯანაშიამ და ქართულ თუ უცხოურ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით გააცამტვერა მისი მოსაზრება. ამის შემდეგ სომხურ მხარეს დიდხანს ხმა არ ამოუღია, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად, რამდენიმე წლის წინ მოსკოვში გამოცემულ "მართლმადიდებლური ენციკლოპედიის" მესამე ტომში ტაო-კლარჯეთის ქართული არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშები შეტანილია როგორც სომხური ძეგლები... საზოგადოებრივ მოძრაობა "ჯავახკს" სომხეთის პარლამენტის წევრი შირაკ ტოროსიანი ხელმძღვანელობს, მისი ერთ-ერთი მძლავრი ფილიალი მოსკოვშია. ახლახან ამ ორგანიზაციამ სომხეთის პატრიარქ გარეგინ მეორეს მიმართა და ტაო-კლარჯეთის სომხური საეკლესიო ძეგლებისა და მიწების დაბრუნებისათვის "თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე სერიოზული ქმედებების განხორციელება მოსთხოვა". ბუნებრივია, ისმის კითხვა, რატომ გააქტიურდა ეს თემა სწორედ ახლა, ვის ინტერესებშია ეს ყველაფერი? ჩემი აზრით, არ არის შემთხვევითი, რომ ეს აჟიოტაჟი მას შემდეგ ატყდა, რაც გადამწყვეტ ფაზაში შევიდა მოლაპარაკება საქართველოსა და თურქეთს შორის თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული არქიტექტურის ძეგლების აღდგენა-რესტავრაციაზე, ამასთანავე განიხილება ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთში დახურული ქართული მონასტრის ამოქმედების საკითხიც. დაინტერესებული პოლიტიკური ჯგუფები, მათ შორის "ჯავახკი", ამ მოლაპარაკების ჩაშლას ცდილობს.

გარდა ამისა, ქართულ-თურქული მოლაპარაკებისას კვლავ გაისმის აჭარაში მეჩეთის მშენებლობის საკითხი (სტატისტიკისთვის: აჭარაში 198 მეჩეთი და ათეულობით მედრესეა). მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რაც აქამდე საჯაროდ არასოდეს მითქვამს: დასავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე, ვანის ტბის ნაპირას მდებარეობს "ახთამარის" ტაძარი, სომხური არქიტექტურის მნიშვნელოვანი ძეგლი. თურქულმა მხარემ აღადგინა სომხური ტაძარი, ასევე ანკარასა და სტამბოლში დახურული სომხური სემინარიები და ეს ნაბიჯები სომხური მხარისგან ყოველგვარი ნაცვალგების მოთხოვნის გარეშე გადადგა. თურქეთი ჩვენი მეგობარი, ნატოს წევრი სახელმწიფოა და ვფიქრობ, საქართველოსთან ურთიერთობაშიც ამგვარი ნაბიჯი უნდა გადადგას.

- სხვადასხვა სახელმწიფოსადმი ტერიტორიული პრეტენზიების წაყენებისას სომხური მხარე "დიდ არმენიაზე" აპელირებს.

- წინა ისტორიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ამიერკავკასიის გასაბჭოებისთანავე, როცა საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრების დადგენის საკითხი დადგა, სომხებმა პრეტენზია ქვემო ქართლზე, ბორჩალოსა და ჯავახეთზე წამოაყენეს... სწორედ მაშინ აჩუქა სტალინმა სომხეთს ლორე. სომხური მხარე დროდადრო ჯავახეთისთვის, სულ მცირე, ავტონომიური სტატუსის მინიჭებას ითხოვდა, უფრო რადიკალურ მოთხოვნებსაც აყენებდნენ. ბევრმა არ იცის, რომ 1980-იანი წლების ბოლოს ერევანში გამართულ შეკრებაზე სულ ერთი ხმის უპირატესობით გადაწყდა, რომ ჯერ მთიანი ყარაბაღის დაბრუნებისთვის უნდა ებრძოლათ და შემდეგ კი ჯავახეთს მიხედავდნენ. ტერმინი "დიდი არმენია" მეფე ტიგრან მეორის (ჩვ.წ.აღ.-მდე II-I საუკუნეები) მეფობისას წარმოიშვა და იმჟამინდელი სომხეთის ტერიტორიას მოიცავდა, თუმცა შემდეგ მან არარეალური, ფანტასმაგორიული მასშტაბები შეიძინა... როცა 1919 წელს სტამბოლში ამიერკავკასიის სასაზღვრო საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე სომხურმა მხარემ მის მიერ შედგენილი დიდი სომხეთის რუკები წარადგინა, ის უზარმაზარ ტერიტორიას მოიცავდა შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და კიდევ შორს, ხმელთაშუა ზღვამდე. კონფერენციაზე თურქეთის წარმომადგენლის გამოსვლის შემდეგ ამ რუკებიდან, სომხური მხარის "არგუმენტებიდან" აღარაფერი დარჩა. ამ ყველაფრის შემდეგ სომეხი დაშნაკების მომხრე ამერიკისა და ინგლისის წარმომადგენლებმაც კი მათ დასაცავად ხმა ვეღარ ამოიღეს; "დიდი არმენიის" ამ რუკას ივანე ჯავახიშვილმა ფანტასტიკური რუკა უწოდა, აღსანიშნავია, რომ მასზე გორი სომხურ ქალაქად იყო გამოცხადებული... ასე რომ, ტერიტორიული პრეტენზიების თემა არახალია და არც ის არის შემთხვევითი, რომ ის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური თუ კულტურულ-რელიგიური საკითხების გადაჭრისას ახალი ძალით იფეთქებს ხოლმე.

ესაუბრა ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა