დაცლილ სოფელს შველა უნდა -"განა აქედან გაიქცევი, თუკი არ გაგდებენ?"

დაცლილ სოფელს შველა უნდა -"განა აქედან გაიქცევი, თუკი არ გაგდებენ?"

სვერის საჯარო სკოლა საუკუნეზე მეტი ხნის წინ, 1904 წელს დაუარსებიათ. ის დღემდე ამაყად დგას ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელში და სამი სოფლის: თვალუეთის, ცხრუკვეთისა და თავად სვერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სწავლა-აღზრდის საქმეს ემსახურება და იმედია, კვლავაც მოემსახურება, თუ ამ სამ სოფელში ისევ დარჩებიან მოსწავლე-ახალგაზრდები. სვერის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ჭიათურის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, თამაზ ცუცქირიძე დანანებით ლაპარაკობს სოფლის გასაჭირზე.

- ბატონო თამაზ, რა გაფიქრებინებთ, რომ შესაძლოა, ამ სამ სოფელში სასწავლო დაწესებულების გაუქმების საკითხი დადგეს?

- 1995 წელს, როდესაც აქ, ჩემს მშობლიურ სკოლაში დირექტორის მოადგილის რანგში დავბრუნდი, მოწაფეთა რაოდენობა 280-ს შეადგენდა. კარგად მახსოვს, ბატონი რეზო ბიწაძე, ამ სკოლის მაშინდელი დირექტორი, სინანულით აღნიშნავდა, რომ მოსწავლეთა რაოდენობამ იკლო, თუმცა, ის კლება დღევანდელთან შედარებით მცირე იყო. მიზეზებზე ყოველთვის ვსაუბრობდით, მაგრამ ვერც მაშინ და ვერც ახლა ამ მიმართულებით ვერაფერს ვაკეთებთ, რადგან ეს ჩვენს ძალ-ღონეს აღემატება. პირველი ტალღა სოფლიდან ქალაქისკენ, წაგებულმა ომმა და მისგან მოტანილმა სოციალურმა პრობლემებმა გამოიწვია... თუ დღეს 280-ის ნაცვლად 128 მოსწავლე მყავს, მომავალ სექტემბერს, ზუსტად ვიცი, რომ ეს ციფრი 20 მოწაფით მაინც (ეს ყველაზე ცოტაა) შემცირდება... სულ მარტივად გეტყვით: ამ სასწავლო წელს ჩემი 18 მოწაფე დაამთავრებს, სექტემბერში კი სკოლის მერხთან მხოლოდ 4 დაწყებით კლასელს ველით. თუ ასე გაგრძელდა, ღმერთმა ნუ ქნას და ალბათ თვალუეთის დაწყებით სკოლას დავემსგავსებით. იქ ახლა 3 მოსწავლე და 4 მასწავლებელია მთელი სკოლა. ერთი კლასი საერთოდაც არ ჰყავთ, დანარჩენ სამ კლასში კი თითო მოსწავლე ითვლება კლასად. არც სკოლის შენობა აქვთ, ყოფილი კოლმეურნეობის გამგეობის შენობაში აქვთ ერთი ოთახი გამოყოფილი. მოკლედ, უიმედოდ მეხატება მომავალი.

- ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც სკოლას მოსწავლეების გარეშე დარჩენის საფრთხე ელოდება, მიგრაციაა, რომელსაც ფონად სოციალური სიდუხჭირე უდევს. ბუნებრივია, უნდა გკითხოთ, მაინც რატომ არის აქაური გლეხი ესოდენ შეჭირვებული?

- მოტივაცია არა აქვთ იმისთვის, რომ მიწაზე იმუშაონ. სოფლის შესანარჩუნებლად ერთადერთი მეთოდი არსებობს და ამაში ალბათ ყველა დამეთანხმება: გლეხი დაინტერესებული უნდა იყოს შრომით. ეს კი მაშინ მოხდება, როდესაც ის უხვ მოსავალს და მოსავალში ღირსეულ გასამრჯელოს მიიღებს. კომუნისტების პერიოდში აქ ნებისმიერი ოჯახის ერთი მამაკაცი მაინც, ჭიათურის მაღაროში მუშაობდა და იმით არჩენდა ოჯახს. ანუ, გამოდის, რომ მიგრაციისკენ მიდრეკილი იმ პერიოდის ზემო იმერეთიც იყო, რაკიღა მიწა ვერც მაშინ იძლეოდა ღირსეული არსებობის საშუალებას. კომუნისტებმა არაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ეს მუშურ-გლეხური ფენა დაელაგებინათ და გლეხისთვის გლეხი, მუშისთვის კი - მუშა ეწოდებინათ. მათ ხელს აძლევდათ დამოკიდებული საზოგადოება და ჰყავდათ კიდეც. ახლა ჭიათურის მაღაროში ისევ მუშაობენ ჩვენი გლეხები, მაგრამ ეს სურათს ვეღარ ცვლის, რადგან დასაქმებულთა რიცხვი გაცილებით მცირეა. ამიტომაც სიღარიბის, პირდაპირი მნიშვნელობით - შიმშილის ზღვარზე მდგარი ჩვენი გლეხობა იძულებულია, სოფელს, რაიონს გასცდეს და დედაქალაქში, საზღვარგარეთ - მოკლედ, სხვაგან ეძიოს პური არსობისა.

- როგორც მივხვდი, მთავარი პრობლემა ამ სოფლებში ის არის, რომ მიწებია მწირი. ამიტომაც გარბის აქედან ხალხი და თავისი შვილებიც მიჰყავს. და რა უნდა იყოს ამის საშველი?

- არ არსებობს უიმედო სიტუაცია, მაგრამ იმ რეალობიდან გამომდინარე, რასაც ახლა მე ვუყურებ, ვფიქრობ, არაფერი გვეშველება. აი, ახალმა ხელისუფლებამ მოგვცა გარანტია, რომ გაზაფხულის ხვნაში დაგვეხმარება ტექნიკით, საწვავით, ქიმიკატებით. უხარია ხალხს, მართლაც დიდი შეღავათია, მაგრამ რა ტექნიკა უშველის ზემო იმერეთის სოფლებს ზაფხულის გვალვების დადგომისას? აქ ბუნებრივი რელიეფი ისეთია, რომ მდინარეს ვერაფრით გამოიყენებ სარწყავად, არც მილებით აქა-იქ შემოყვანილი სასმელი წყალია გამოსავალი, არც ჭები, რომელთა სიუხვითაც სამწუხაროდ, ვერ გამოირჩევა ეს მხარე... სარწყავი სისტემაა საჭირო, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს დახმარებით თუ გავაკეთებთ. მოვხანით და დავბარეთ, ბატონო, მაგრამ არ მოვიდა მოსავალი, რადგან გადახმა ყველაფერი. ახლა თქვენ მკითხავთ, - ჩვენი წინაპრები რაღას შვრებოდნენო? ისინი არ ცხოვრობდნენ გლობალური დათბობის პერიოდში... მახსოვს, გაზაფხულის დადგომასთან ერთად თითქმის ყველა ოჯახში ნახავდით აბრეშუმის ჭიის "ჩელტებს". პლანტაციები გვქონდა აქ თუთის. ამას დიდი შრომა სჭირდებოდა, მუდმივი ზრუნვა და ფოფინი, მაგრამ ქალები ახერხებდნენ ამ სეზონური სამუშაოსთვის ღირსეულად გაერთმიათ თავი. იყო ჩაის პლანტაციებიც, სადაც ასევე ძირითადად ქალები მუშაობდნენ, ხორბალიც მოჰყავდათ... ახლა აღარც ეს ბედნიერება გვაქვს, ის ხეებიც გაიჩეხა და მხოლოდ ალაგ-ალაგაა შემორჩენილი... მოკლედ, მე რაც უნდა მოვითხოვო განათლების სამინისტროსგან, რამდენი კომპიუტერიც უნდა გამომიგზავნონ და რა ფერზეც უნდა შემიღებონ სკოლა, ვერც სკოლას შევინარჩუნებ და ვერც სოფელს, თუ არ დასხდებიან მეცნიერები და მთავრობის წევრებთან ერთად არ დასახავენ კონკრეტულად, ზემო იმერეთის გლეხობისთვის ღირსეული პირობების შექმნის გზებს.

- წინა ზაფხულს აქ გზების მშენებლობაც წამოიწყეს და სკოლაც შეგირემონტეს. მოდი, ნუ დავზაფრავთ ხალხს და რაღაც კარგიც ვთქვათ.

- ეს პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ მოხდა. პრეზიდენტს აქ ფესვები უხმობს ხოლმე და პერიოდულად ჩამოდის - მისი ბებია ხომ ცხრუკვეთიდანაა. მოკლედ, გვესტუმრა და იმ ზაფხულს ვიფიქრე, რომ გვეშველა. კარ-ფანჯრები შეგვიცვალეს, სკოლის ფოიე, დერეფნები და სპორტული დარბაზი შეგვირემონტეს, სკოლა ლამაზ ყვითელ ფერად შეიღება, გათბობის სისტემაც დაგვიმონტაჟდა, გზაც დაიგო ცხრუკვეთიდან სვერამდე და სკოლის ავტობუსებიც დაგვენიშნა. პირადად პრეზიდენტის მადლობელნი ვართ ამ დახმარებისთვის, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ არ მინდა უმადური გამოვჩნდე, თუ ჩვენი დახმარება არ გაგრძელდა, ეს მაინც ზღვაში წვეთია. ახლა ამ გარემონტებულ სპორტულ დარბაზში ფიზკულტურის გაკვეთილებს ვატარებთ და ზამთარში ახალგაზრდებსაც ვუღებთ კარს, რომ კალათბურთი, მინიფეხბურთი ითამაშონ, მაგრამ იმის საშუალება, რომ ნამდვილი სპორტით, თუნდაც ცეკვით დავაკავოთ ჩვენი მოსწავლეები, ფინანსური პრობლემების გამო, არ გვაქვს. ახლა ჩემს მოსწავლეებს შორის ძალიან პოპულარულია რაგბი, ფეხბურთი... გოგონებს ცეკვა უნდათ... მინდა დავეხმარო და პედაგოგი ადგილზე მოვუყვანო, საწყის ეტაპს მაინც რომ აქვე მოერიონ, მაგრამ ამის საშუალება არ მაქვს და ამიტომაც ეს ბავშვები ჭიათურაში დადიან... იქამდე კი ურთულესი, მთებზე დაკიდებული, საშიში და მოუწესრიგებელი გზაა, თანაც ამას ხშირად ბავშვები გაკვეთილების ხარჯზე აკეთებენ, რადგან საღამოობით ტრანსპორტი არ დადის. სახლში დაბრუნება ხომ უნდა მოახერხონ?

გარდა ამისა, სკოლის რემონტი ჯერ მხოლოდ დაწყებულია... ახლა იმ სტადიაში ვართ, გარედან რომ მტერს ვუბრმავებთ თვალებს და შიგნიდან - მოყვარეს... აღარც კომპიუტერები გვივარგა - 18-დან მხოლოდ 5 მუშაობს.

- გათბობის სისტემა დიდი შეღავათი იქნებოდა.

- რა თქმა უნდა, მაგრამ უსახსრობის გამო, ჩვენ მხოლოდ იმის ნახევარ საწვავს მოვიხმართ გასათბობად, რაც გვჭირდება.

- სანახევროდ გათბითო, ასე გითხრეს?

- არა, რამდენს დავხარჯავდით, მე ნამდვილად არ შემეძლო მცოდნოდა, ახლა ეს ცოდნა სამთვიანმა გამოცდილებამ შემძინა და ვეცდები, სამინისტროს საფუძვლიანად დავუსაბუთო ჩემი გასაჭირი და ისე ვთხოვო ამ პრობლემის მოგვარება.

- ბატონო თამაზ, სოფელში რამდენიმე ოჯახში შევიხედე და იმ სტუმართმოყვარეობის, იმ გულღიობის მიღმა, რაც იქ ვნახე, გასაოცარი სიღარიბეც დავინახე. ამას ბევრი თვალიერება და დიდი გულისყური არ უნდა - სიღარიბე ზედაპირზევე დევს... მითხარით, ამ ღარიბი საზოგადოების შვილები სკოლაში მაინც თუ არიან ბედნიერები?

- რთულია, ცალსახა პასუხი გაგცეთ... ბევრი ცვლილება გვჭირდება, კადრების გადამზადებაც და ეს უპირველეს ყოვლისა, ბავშვებთან დამოკიდებულებაზე მინდა რომ აისახოს. ახალი ტექნიკა, გარემონტებული საკლასო ოთახები, კარგად გამთბარი სკოლა... საჭიროების შემთხვევაში, ამ ბავშვებს ხანდახან ცხელი სადილიც მინდა, რომ მივაწოდო... ჩაატარონ ბატონო კვლევა და მიხვდებიან, რომ აქ ძალიან დიდი პროცენტია სიღარიბის ზღვარს მიღმა... რა გამომივიდა, ნახეთ? ვერც სკოლის კედლებში არიან ეს ბავშვები ბედნიერები... და რადგან გართობა ყველა ბავშვის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, რადგან არც კინო აქვთ, თეატრსა და სხვა საღამოებზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია და არც სხვადასხვა წრე, ამ ბავშვების ერთადერთ გართობად კარტის თამაში, სასმელი, თამბაქო რჩება... გოგონებს კი ხშირად გამოსავლად გათხოვება მიაჩნიათ. წელს მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის გოგონები გამითხოვდნენ... რა თქმა უნდა, ვდარდობ, ეგება სკოლის დამთავრებას როგორი ცვლილება გამოეწვია მათ ცხოვრებაში...

- ეკლესია არ დაივიწყოთ.

- წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია 1800 წელსაა აგებული. ჩემი სახლი ამ ეკლესიის გვერდით მდებარეობს. მამა გიორგი წერეთელმა აიღო მეურვეობა ამ ეკლესიაზე და ადგილობრივი წარმატებული ადამიანების დახმარებით ეკლესია აღადგინა... აქ ახლა წირვა-ლოცვაც მიმდინარეობს და ტაძარი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთგვარი ხსნაა... საოცარი ტაძარი გვაქვს, სამი ზაფხული ზედიზედ ხატავდა მის კედლებს გოჩა ცერცვაძე... ამ ზაფხულს უნდა გაეკეთებინა ბოლო შტრიხები, მაგრამ არ დასცალდა, უკურნებელმა სენმა გამოგვაცალა ხელიდან. ვიცი, რომ ამ საქმეს მისი ვაჟი დაასრულებს... მოკლედ, სულ ცოტა გვინდა, რომ სოფელს ჭირი მოვაცილოთ და ვიცხოვრებთ.... ცოტა გზა, ცოტა წყალი, ცოტა ზრუნვა და ფიქრი სახელმწიფოს მხრიდან. ადგილობრივებს ტრადიციად ჰქონდათ მრავალშვილიანობა. ახლა ამითაც მოვიკოჭლებთ, ხუთ და რვაშვილიანი ოჯახები აქ ყოველი მეორე და მესამე იყო, ახლა სამ შვილსაც აღარავინ აჩენს, ყველას ურჩევნია ერთი გაზარდოს და იმ ერთს მისცეს მაქსიმუმი... აქედან გადასახლებულებს უკან ვეღარავინ დააბრუნებს, მაგრამ თუკი დღეიდან მართლაც დაფიქრდება ვინმე, - რა სჭირდება სოფელს, ეს ჯანმრთელი ხალხი, იმედი მაქვს, ისევ გამრავლდება... ამაში დარწმუნებული ვარ, აბა, გახედეთ, როგორი გასაოცარი სილამაზისაა ზემო იმერეთი, განა აქედან გაიქცევი, თუკი არ გაგდებენ?

დეა ცუცქირიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"