თომას ჰამარბერგი - სასამართლოებთან დაკავშირებით მიღებული კანონი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ ეწინააღმდეგება

თომას ჰამარბერგი - სასამართლოებთან დაკავშირებით მიღებული კანონი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ ეწინააღმდეგება

სასამართლოებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა თომას ჰამარბერგმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ გახორციელებული ცვლილებებით სასამართლოს სტრუქტურა ამჟამინდელთან შედარებით ბევრად უმჯობესდება.

"იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების არჩევის წესი ბევრად უფრო დემოკრატიულია და მოსამართლეთა კორპუსს მეტი ძალაუფლება ენიჭება, ვიდრე აქამდე ჰქონდა. გაუმჯობესებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის წესიც და მნიშვნელოვანია, რომ არამოსამართლე წევრები იქნებიან არა პოლიტიკოსები, არამედ იურისტები და სამართლის სპეციალისტები. ვენეციის კომისიის მხრიდან იყო ერთი-ორი ალტერნატიული შეთავაზება, რომელიც კანონში არ აისახა, მაგრამ იმავე დოკუმენტში საუბარი იყო სხვა მექანიზმების მოძებნის შესაძლებლობის შესახებ", - აღნიშნა ჰამარბერგმა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის მიდგომა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა არჩევნების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა არ უნდა შეიცვალოს, რისთვისაც შესაბამისი მექანიზმების შექმნაა საჭირო.

პრესკონფერენციაზე ჰამარბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი სასამართლოს და მართლმსაჯულების ქონა, რომელსაც ნდობა ექნება.

"მთავრობამ, პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, დაადასტურა, რომ მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური გავლენის მოპოვების მცდელობას ადგილი არ ექნება. იმედს გამოვთქვამთ, რომ ვერ ვნახავთ პოლიტიკურ ჩარევას მართლმსაჯულების სისტემაში და სისტემა იმუშავებს, რომ დაიხვეწოს", - აღნიშნა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ