ირაკლი ღარიბაშვილი 19 აპრილისთვის დაგეგმილი პროვოკაციის დეტალებს ამხელს

ირაკლი ღარიბაშვილი 19 აპრილისთვის დაგეგმილი პროვოკაციის დეტალებს ამხელს

ირაკლი ღარიბაშვილი 19 აპრილისთვის დაგეგმილი პროვოკაციის დეტალებს ამხელს.

"შეიძლება, მერაბიშვილს ჰგონია, რომ მაგრად მუშაობს და ღრმა კონსპირაციას იცავს, მაგრამ იშიფრებიან მისი აგენტები. მაგალითად, ერთ ძალიან საინტერესო ინფორმაციას გეტყვით, - როგორც მითხრეს, 19 აპრილს აპირებენ, რომ რამდენიმე მოქმედი პოლიციელი მიიყვანონ მერაბიშვილის მასკარადზე, მე მათი სახელები და გვარები ვიცი. მათი გეგმის მიხედვით, რამდენიმე მხარდამჭერი პოლიციელი (რომლებიც ან მათი ნათესავები არიან, ან მეგობრები, თქვენ იცით, რომ ვანო მერაბიშვილის ნათესავები დღემდე მუშაობენ სამინისტროში) მივა 19 აპრილს აქციაზე. ისინი დემონსტრაციულად გაიხდიან პოლიციელის ფორმას, ამოიღებენ პოლიციელის საბუთს და დახევენ", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაზეთ "ქრონიკასთან" საუბარში აცხადებს.

მინისტრი პოლიციელებს შეახსენებს, რომ კანონი მათ პოლიტიკურ მანიფესტაციაში მონაწილეობას უკრძალავს, თუმცა, თუ ასეთი გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, მოუწოდებს ხვალვე წავიდნენ სამინისტროდან.

"მოვუწოდებ ამ ადამიანებს, ნუ შეწუხდებიან, თუ მისვლა უნდათ, მივიდნენ, ოღონდ მათ ვურჩევ,მუნდირი არ შეარცხვინონ, ღირსება არ დაკარგონ, ასეთ უღირს სპექტაკლში მონაწილეობას ნუ მიიღებენ, მიუხედავად მათი ვალდებულებებისა ყოფილი ხელმძღვანელობის მიმართ. ეს არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა საკუთარი თავის, მუნდირის, პოლიციელის ღირსების, თუ მათ მსგავს სასაცილო სპექტაკლში მონაწილეობა საბოლოოდ აქვთ გადაწყვეტილი, მოვუწოდებ, ხვალვე დაწერონ პატაკი და წავიდნენ სამინისტროდან, რადგან პოლიცია არის თავისუფალი პოლიტიკისგან. გარდა ამისა, კანონით არის განსაზღვრული, რომ პოლიციელისთვის დაუშვებელია, მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მანიფესტაციაში. ის პოლიციელები, ვინც ამ სპექტაკლში მონაწილეობის მიღებას აპირებენ, დაფიქრდნენ გადაწყვეტილების მიღებამდე!", - აცხადებს ღარიბაშვილი.

მინისტრის ინფორმაციით, გარკვეული ძალები 19 აპრილს პროვოკაციის მოწყობას აპირებენ, რათა პოლიციამ ძალა გამოიყენოს. თუმცა, ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებას კარგი პრევენციული გეგმა აქვს შემუშავებული და ყველა რისკი მინიმუმადე აქვს დაყვანილი.

"მებრძვიან, მაგრამ მათ მთავარი არ იციან. გინდათ, გითხრათ, რა არის მთავარი? მე ბრძოლა უფრო მაძლიერებს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეულ ჯგუფებს სურთ პროვოკაციის მოწყობა, არეულობა, მათი სურვილია, პოლიციამ ძალა გამოიყენოს. თქვან, რომ პოლიციამ სათანადოდ ვერ დაიცვა მოსახლეობა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ 19 აპრილის მოლოდინი ხელოვნურად არის გაზრდილი, ამ დღეს არაფერი მოხდება. აქ მთავარია სხვა რამ, - იმდენად დესტრუქციული მესიჯები უდევთ ამ კამპანიაში, მე მინდა შევახსენო ვანო მერაბიშვილის განცხადება საზოგადოებას, სადაც ამბობს, - ამ მთავრობას ოთხი წელი ვერ ავიტანთ, ვერ ვაცდით და რაღაცა უნდა მოვიფიქროთ... ეს უკვე შინაარსით არის დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივი, ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მიმართული განცხადება. ასევე, განცხადება იმის შესახებ, რომ 19 აპრილის შემდეგ ქვეყანაში სიტუაცია შეიცვლება, ეს არის დესტრუქციის შემცველი, პროვოკაციული შინაარსის განცხადებები. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ჩვეული მოთმინებით ვუსმენთ, ძალიან კარგად ვაკვირდებით მათ ქმედებას და ვაცხადებ, რომ არ დავუშვებ რაიმე სახის პროვოკაციას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან კარგი პრევენციული გეგმა გვაქვს შემუშავებული და რისკები - მინიმუმადე დაყვანილი, რომ იქ სასაცილო პროვოკაციები არ მოაწყონ, 8 თებერვლის მსგავსი, რაც ჩვენ "ეროვნულ ბიბლიოთეკასთან" ვიხილეთ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა