რა საერთო აქვთ ჯემალ ბაღაშვილსა და მის რძალს

რა საერთო აქვთ ჯემალ ბაღაშვილსა და მის რძალს

გია ბაღაშვილის მეუღლე თამუნა ტაბატაძე "ერისიონის" მოცეკვავე იყო. ამჟამად სწავლით, ოჯახითა და ორი შვილის - ნინისა და ლიზის აღზრდითაა დაკავებული. მეუღლის და არა მარტო მისი დიდი ხელშეწყობით ახერხებს ყურადღების ისე განაწილებას, რომ არც სწავლას მოაკლოს ძალისხმევა და არც ოჯახს. თამუნა ძალიან ჰგავს მსახიობ ოდრი ჰეპბერნს და სწორედ ამ მსგავსებას მიეძღვნა ფოტოსესია, რომლის შეფასებაც თქვენთვის მოგვინდია.

- ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე, მარკეტინგის განხრით. ძირითადად ოჯახისა და შვილების მოვლით ვარ დაკავებული. ჯერ კიდევ აბიტურიენტი ვიყავი, როცა ცეკვას თავი დავანებე, რადგან შეუძლებელი იყო, სწავლა და ქორეოგრაფია პროფესიულ დონეზე შემეთავსებინა. ერთი პერიოდი საცეკვაო მუსიკის გაგონებისას თითქოს სუნთქვა მეკვროდა, მაგრამ ახლა უკვე შევეჩვიე ამ შეგრძნებას. პატარები რომ გაიზრდებიან და უფრო მარტივი გახდება მათი დიდი ხნით დატოვება, თუ ოჯახური მდგომარეობა მომცემს საშუალებას, შეიძლება გარკვეული დროით დავუბრუნდე ცეკვას. თუმცა ამ ეტაპზე სცენის დანაკლისს გიასთან ერთად სახელოვნებო სფეროში საქმიანობით ვინაზღაურებ და კულისებიდან ვადევნებ თვალს შემოქმედებით ცხოვრებას. მოგეხსენებათ, ყოველწლიურად იმართება "იუმორინა". ვაკვირდები მსახიობების მოსამზადებელ პერიოდს, ხშირად დავდივარ რეპეტიციებზე და მინდა გითხრათ, რომ ეს უაღრესად საინტერესო პროცესია.

სწავლა შვილებთან ერთად...

...იმის გათვალისწინებით, რომ ორი შვილი ერთმანეთის მიყოლებით გავაჩინე, აკადემიური წლის აღება მომიხდა, ამან გაახანგრძლივა ჩემი სწავლის პროცესი და მესამე კურსზე ვარ. ოჯახს რომ ყურადღება არ მოვაკლო, ვცდილობ, სასწავლო საგნების დიდი რაოდენობა ერთად არ ავიღო და ეს პროცესი დროში გადავანაწილო. მიუხედავად ამისა, კვირაში რამდენიმე ღამის გათენება მაინც მიწევს. პატარები გამთენიისას მიირთმევენ რძეს. ხშირად ხდება, როცა მთელი ღამის მეცადინეობის შემდეგ, ბავშვებს დილის ექვს საათზე ვაჭმევ და მხოლოდ მერე ვახერხებ რამდენიმე საათით დაძინებას. ადვილი არ არის ამ რეჟიმში ყოფნა, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მეხმარება, ეს არის გიას მორალური მხარდაჭერა. ყველანაირად მიწყობს ხელს სწავლაში. მას თავად მუშაობის ინტენსიური გრაფიკი აქვს. ამის მიუხედავად, ახერხებს მაქსიმალურად დიდი დრო დაგვითმოს მე და პატარებს. ასევე მხარში გვიდგანან ჩვენი მშობლებიც, რომლებთან სტუმრობაც ბავშვებს უზომოდ უყვართ.

ჩემი პროფესია ძალიან მომწონს, კრეატიული და სიახლეზე ორიენტირებულია. ძალიან გამიმართლა, რომ ცოდნის რეალიზებას ამ ეტაპზეც ვახდენ. გიას სატელევიზიო გადაცემებმა საკმაო გამოცდილება შემძინა პროდიუსინგისა და მენეჯმენტის მიმართულებით.

დიასახლისი

...ვცდილობ, გიას თავად მოვუმზადო ის კერძები, რომლებიც განსაკუთრებით უყვარს. მაგალითად, ნიგვზიანი ქათამი, რომლის მომზადებაც გიას დედამ მასწავლა. ის არაჩვეულებრივი მზარეულია. შემიძლია თქვენც გაგიზიაროთ ეს რეცეპტი: ქათმის მოხარშვისას პირველ წყალს ყოველთვის ვღვრი, ე.წ. მეორე ნახარშიდან ამოვიღებთ ქათამს, შევბრაწავთ 50 გრამ კარაქში, დავჭრით და ჩავალაგებთ იმ წვენში, რომელსაც წინასწარ მოვამზადებთ. უნდა გავატაროთ ნიგოზი, ქინძი, ნიორი, დავუმატოთ ერთი ჩაის კოვზი კვაწარახი და ნარევი გავხსნათ ბულიონში. ქათმის ჩალაგების შემდეგ კერძს ერთხელ წამოვადუღებთ, დავუმატებთ მარილს გემოვნებით და მზადაა, იმედი მაქვს, მოგეწონებათ. ზაფხულობით, საგურამოში ყოფნისას, უფრო მეტად ვიცლი საოჯახო საქმეებისთვის, მაგრამ სასწავლო წლის განმავლობაში, როცა დატვირთული ვარ, ვცდილობ პატარებს არ მოვაკლო ყურადღება. მათი აღზრდა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის.

ცნობილი ოჯახის რძალი - დედამთილ-მამამთილი

...მართალია, მე და გია ცალკე ვცხოვრობთ, მაგრამ ზაფხულობით დასასვენებლად საგურამოში გიას მშობლებთან ერთად მივდივართ. საოცრად გვიყვარს ერთად ყოფნა. გასულ ზაფხულს იქიდან წამოსვლა იმდენად აღარ გვინდოდა, რომ გვიან შემოდგომამდე გაგვიგრძელდა საგურამოში ყოფნა. როცა აცივდა, არცთუ მოსახერხებელი გახდა გადაადგილება და ბოლოს ამ მიზეზით დავბრუნდით თბილისში. ბაბუკა პატარებს ძალიან ანებივრებს... ჩემი შვილები სადმე ჩამომჯდარს რომ დაინახავენ, გიტარას მიურბენინებენ და იმართება კონცერტი. ბაბუა მათ ასწავლის ახალ-ახალ სიმღერებს, მოკლედ დიდი კონკურსი აქვთ "ბაბუკასთან" დაკავშირებით. სხვათა შორის, "ბაბუკა" ბავშვებმა დაარქვეს. ის უზომოდ თბილი და ყურადღებიანია, ყველას გვანებივრებს სითბოთი და უყვარს სიურპრიზებით ჩვენი გახარება. როცა ყველანი ერთად ვართ, სახლში ნამდვილი ზეიმია. გარდა ამისა, ძალიან საინტერესო მოსაუბრეა. ერთნაირად საინტერესოა მასთან ნებისმიერ თემაზე საუბარი, იქნება ეს პოლიტიკური, სოციალური თუ სხვა. ყოველთვის დიდი ყურადღებით ვუსმენ და ბევრ რამეს ვსწავლობ მისგან. სხვათა შორის, ჩვენ ერთსა და იმავე საფეხბურთო კლუბს - "ბარსელონას" ვგულშემატკივრობთ (იცინის).

შვილები

...ნინი 3 წლის ხდება, მამას ჰგავს, როგორც გარეგნულად, ისე ხასიათით. თურმე გიაც მასავით ცელქი ყოფილა. მის გამო ყველაფერი ზემოთ გვაქვს ალაგებული, რადგან ნივთებს თავის ნებაზე უცვლის ადგილს (იღიმის). ლიზა უფრო მშვიდი და ღიმილიანია. მიუხედავად იმისა, რომ პატარები არიან, ორივეს უკვე ჩამოყალიბებული ხასიათი აქვს. საღამოობით გია პატარებს როიალის თავზე წამოასკუპებს და მთელი ოჯახი ვმღერით, ეს უკვე დამკვიდრებული რიტუალია. გარდა ამისა, მე და გია ბავშვებს ხალხურ და კლასიკურ მუსიკას ვასმენინებთ, მაგრამ მათ ყველაზე მეტად მაინც ბაბუკას ნამღერი ანსამბლ "ივერიის" საბავშვო რეპერტუარი უყვართ. ნინის სიმღერა გამორჩეულად უყვარს, ამიტომ უკვე მივიყვანეთ ჩვენი მეგობრების, დები ჭოხონელიძეების სტუდიაში, სადაც თინიკო ჭოხონელიძე ასწავლის ნინის ასაკის ჯგუფს. პატარებს მამასთან განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებთ, ოჯახის რომელიმე წევრისგან რამე თუ ეწყინებათ, მამას უყვებიან ხოლმე (იღიმის). მეტიც, თამაშის დროს რაღაც თუ გაუტყდებათ ან გაუფუჭდებათ, სანამ მე მათთან მივირბენ, მანამდე ერთად მალავენ ნივთმტკიცებებს (იცინის). ერთ რამედ ღირს იმის ნახვა, როგორ ხვდებიან და აცილებენ გიას. კარზე კაკუნის ხმა რომ ისმის, ორივე მირბის და ეხუტება, შინიდან გასვლისას კი აცილებენ. მერე აივანზე გადიან, რათა დაინახონ, როგორ მიდის მამას მანქანა.

გია - მეუღლე

...გია არაჩვეულებრივი მეუღლეა, ძალიან თბილი და ყურადღებიანი, თამამად შემიძლია დავეყრდნო და მისი იმედი მქონდეს. გია მრავალმხრივი და ჰარმონიულად განვითარებული ადამიანია, ჩემთვის დიდი ბედნიერებაა მასთან ურთიერთობა. როცა აქტიური სამუშაო პერიოდი აქვს, ვცდილობ, ყოფითი თემები მაქსიმალურად მოვარიდო, რომ სრული კონცენტრაცია მოახერხოს საქმეზე. ეს ყველაფერი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ხშირად ამბობენ, წლებთან ერთად გრძნობა იკლებსო, მაგრამ მე ამ აზრს არ ვეთანხმები. რამდენიმე წელია ცოლ-ქმარი ვართ, უკვე ორი შვილი გვყავს, მაგრამ რაც დრო გადის, ჩვენი ურთიერთობა უფრო სასიამოვნო ხდება. მეტი გვიჩნდება საერთო, ორივე ვცდილობთ, ერთმანეთი გავანებივროთ სიურპრიზებით და ერთმანეთის ცხოვრება უფრო საინტერესო გავხადოთ. მე მგონი, გამოგვდის კიდეც (იცინის). როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავთ, ვცდილობთ, სადმე ერთად წავიდეთ. როგორც ყველა შეყვარებულ წყვილს, ჩვენც გვაქვს საყვარელი ადგილები, რომლებსაც ხშირად ვსტუმრობთ. ამასთან, უკვე საერთო სამეგობრო წრე გვყავს და მათთან ერთადაც ვატარებთ დროს.

მსგავსება ოდრი ჰეპბერნთან

...პატარა ასაკიდანვე მეუბნებოდნენ, ოდრი ჰეპბერნს ჰგავხარო, მაგრამ არასდროს მიფიქრია ამის ხაზგასმა და მით უფრო ამ თემაზე რაიმე პროექტის გაკეთება. გიას დაუკავშირდნენ I SEE STUDIO-დან (ფოტოგრაფი აკო ხარისთვალაშვილი) და შესთავაზეს ჩემთვის ფოტოების გადაღება ოდრი ჰეპბერნის თემაზე. სიმართლე გითხრათ, ამ შემოთავაზებას დიდი სიფრთხილით მოვეკიდე, რადგან ოდრი ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის სილამაზისა და გრაციოზულობის სიმბოლოა. ბევრი ვიფიქრე, მაგრამ გიას აზრი გადამწყვეტი აღმოჩნდა, მას მოეწონა ეს იდეა და დიდი ენთუზიაზმით დაეთანხმა. გამოგიტყდებით, უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა ნიჭითა და სილამაზით გამორჩეულ ადამიანს მადარებენ.

თავის მოვლა

...ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, თავის მოვლას ყველაზე ნაკლებ დროს ვუთმობ, მაგრამ ყოველდღიურად მაინც ვიკეთებ მსუბუქ მაკიაჟს. მიუხედავად იმისა, რომ გრძელი თმა მაქვს, მარტივი მოსავლელია, არ საჭიროებს განსაკუთრებულ პროცედურებს. უბრალოდ, ვცდილობ, გამოვიყენო ხარისხიანი თავის მოვლის საშუალებები. თუ დრო მაქვს, სავარჯიშოდ მივდივარ. გია ძალიან გემოვნებიანია და ყოველთვის ვეკითხები აზრს ჩაცმულობის შესახებ, სპორტულ სამოსს ნაკლებად ვირგებ, კლასიკურ სტილს ვანიჭებ უპირატესობას. გიასაც მოსწონს, როცა ელეგანტურად გამოვიყურები და საღამოს კაბა მაცვია. ზოგადად ვცდილობ, სამოსი იმ გარემოს გათვალისწინებით შევარჩიო, სადაც მივდივართ. ამასთან დაკავშირებით, როგორც წესი, ჩემი და გიას შეხედულებები ემთხვევა, რაც ძალიან მახარებს.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"