რით დაემუქრა დათა ახალაია ვანო მერაბიშვილს

რით დაემუქრა დათა ახალაია ვანო მერაბიშვილს

შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, საქართველოდან გაქცეული დათა ახალაიას განცხადებამ "ნაციონალური მოძრ­აობისკენ" ნასროლი დიდი ლოდის ფუნქცია შეასრულა.

მოკლედ შეგახსენებთ, რა ბრ­ალდებები წაუყენა დათა ახალა­იამ ვანო მერაბიშვილს. "აგერ უკვე მეშვიდე თვეა, სამშობლოდან გადახვეწილი ვაკვირდები ქვეყანაში მიმდინარე მტკივნეულ პროცესებს. ვფიქრობ, ვაანალიზებ წარსულს და სულ უფრო მიმყარდება რწმენა იმისა, რომ საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცია - კაცი, რომელმაც ჩვენთან - ჩემთან და ჩემს ძმასთან ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა" - აცხადებს­ დათა ახალაია. მისი თქმით, ლაფანყურის ავანტიურა მისი ძმის, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის (შს მინისტრის მაშინდელი მოადგილე) ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა (ცნობისთვის: ლორთქიფანიძე დათა ახალაიას განცხადებას არასერიოზულს უწ­ოდებს). გარდა ამისა, ახალაია აცხადებს, რომ სწორედ მერაბიშვილი გახლდათ ახალაიების ოჯახის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ინიციატორი. მისი აზრით, ნაციონალთა ხელისუფლება სწორედ ძალაუფლებისკენ მერაბიშვილის დაუოკებელმა ლტოლვამ, ანგარებამ და უბინძურესი ფორმებით წარმოებულმა ფარულმა ომებმა შეიწირა. ახალაია სწორედ მერაბიშვილს ადანაშაულებს საპარლამენტო არჩევნებში ნაცმოძრაობის დამარცხებაში, მასვე მიაწერს ციხის კადრების გადაღებას და საზღვარგარეთ გატანის ორგანიზებას. "ერთი რამ დღესავით ნათელია - საკუთარ ყოვლისშემძლეობაში ბრიყვულად დარწმუნებულმა მერაბიშვილმა ივარაუდა, რომ მხოლოდ ახალაიები დაზარალდებოდნენ მისი დანაშაულებრივი ავანტიურების წყალობით და თვითონ კვლავ ხელისუფლების ოლიმპზე დარჩებოდა, რადგანაც არჩევნებში გამარჯვება გარანტირებული ეგონა", - წერს დათა ახალაია და აცხადებს, რომ მერაბიშვილის მისამართით გამოთქმულ ყველა ამ ბრალდებაზე სათანადო მტკიცებულება აქვს. საინტერესოა, რატომ მივიდა იმ ზღვრამდე დათა ახალაია, რომ მსგავსი განცხადებები გაევრცელებინა და რა შედეგები შეიძლება ამან გამოიწვიოს. თუმცა მანამდე ალბათ, უნდა ვთქვათ ის, რომ ბევრჯერ დასმულა კითხვა - ვისგან ჰქონდა იმის გარანტია ბაჩო ახალაიას, რომ საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, ციხეში არ მოხვდებოდა. არსებული ინფორმაციით, ეს გარანტია ყოფილ შს მინისტრს თავად ნაციონალებმა მისცეს, რომლებიც დღემდე აკონტროლებენ სასამართლოს და ამიტომაც, ბევრი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომლებიც მძიმე დანაშაულში არიან ეჭვმიტანილი, გარეთ გირაოთი გათავისუფლებული დაიარებიან. თუმცა ბაჩო ახალაიას შემთხვევაში სასამართლომ "არაპარტიული" გადაწყვეტილება გამოიტანა. არსებული ინფორმაციით, ახალაიებმა ჯერ კიდევ მაშინ იგრძნეს თავი "გადაგდებულებად", თუმცა როგორც ჩანს, მიიღეს გარანტიები, რომ ბაჩოს ციხეში ყურყუტი "დროებითი მოვლენა" იყო. მაგრამ პროცესები სხვაგვარად განვითარდა. კერძოდ, თავად ახალაიებთან დაახლოებული პირები ამტკიცებდნენ, რომ ვანო მერაბიშვილმა დაარწმუნა მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერები, რომ ბაჩო ახალაიას ზედმეტი გამოსარჩლებით პარტია თავს კიდევ უფრო უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენებდა. პრინციპში, ეს ლოგიკური იყო, რადგან ცნობილია, რომ მერაბიშვილ-ახალაიებს შორის დიდი ხნის დაპირისპირება არსებობდა. მაგალითად, არსებული ინფორმაციით, თავის დროზე მერაბიშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ბაჩო ახალაიას შს მინისტრად დანიშვნას, ახალაიამ კი, სამართალდამცავი უწყების ხელმძღვანელის სავარძლის მიღებისთანავე, სამსახურიდან თავ­ისი წინამორბედის კადრების დათხოვნა დაიწყო. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, როგორც ჩანს, ახალაიებმა თავი მიტოვებულად მიიჩნიეს. სარწმუნო წყაროს ცნობით, მერაბიშვილთან რამდენჯერმე იმყოფებოდა დეპუტატი როლანდ ახალაია, მათ შორის საკმაოდ უხერხული საუბარი შედგა და ყოფილმა პრემიერმა ახალაიების მამა კაბინეტიდან უხეშად დაითხოვა. ასევე, ამავე ვერსიის მიხედვით, რამდენჯერმე გაიმართა სატელეფონო საუბარი დათა ახალაიასა და ვანო მერაბიშვილს შორის. როგორც ინფორმირებულმა წყარომ გვაცნობა, განცხადების გავრცელებამდე დათა ახალაია (მის ადგილსამყოფელზე სხვადასხვა ვე­რსია ვრცელდება, მათ შორის ისიც, რომ ახალაია ანკარაში იმყოფება) ტელეფონით კიდევ ერთხელ დაუკავშირდა მერაბიშვილს და დაემუქრა - გაჩუმებას აღარ ვაპირებო. ახალაიებთან დაახლოებული პირები პირად საუბრებში იმასაც აცხადებენ - დათა ახალაიამ მერაბიშვილს განუცხადა, რომ გაანადგურებდა და მხოლოდ მისი ჩვენებები საკმარისი იქნებოდა, რომ ყოფილი პრემიერი ციხეში წასულიყო. რა ინფორმაციას ფლობს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი შეფი და სააკაშვილთან დაახლოებული ერთ-ერთი ფიგურა, ამაზე ალბათ, საუბარი ზედმეტია. მას გამოძიებისთვის ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდება შეუძლია - დაწყებული გირგვლიანის საქმით და ელიტალური კორუფციით დამთავრებული. თუ დათა ახალაია ალაპარაკდა, არა მხოლოდ მერაბიშვილი, არამედ შესაძლოა, ნაცმოძრაობის მთელი ხელმძღვანელობა ციხეში წავიდეს. ალბათ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სავარაუდოდ, ძმას არც ბაჩო "ჩამორჩება" და ისიც დაიწყებს ჩვენებების მიცემას (როლანდ ახალაიაზე შეგნებულად აღარაფერს ვიტყვით). შესაბამისად, სავარაუდოდ, დათა ახალაიას განცხადება შანტაჟი და გაფრთხილებაა - ყურადღება მოგვაქციეთო. ჯერ ალბათ, არ უნდა მოველოდეთ, რომ უფროსი ახალაია საქართველოში დაბრუნდება და თავის ძმას გვერდით მიუჯდება. სხვათა შორის, არ არის გამორიცხული, რომ დათა ახალაია ახალ ხელისუფლებასთან ფარულ გარიგებას ცდილობს - შეასრულებს "ოქროს მოწმე 2"-ის ფუნქციას (ირაკლი ოქრუაშვილმა "იმედები" აშკარად არ გაამართლა), სამაგიეროდ, თავისთვის და ოჯახის წევრებისთვის თავისუფლებას თუ არა, შედარებით მსუბუქ სასჯელს მიიღებს. ვნახოთ, ალბათ, უახლოეს დღეებში განვითარებული მოვლენები გვაჩვენებს, არის თუ არა რეალური ეს ვერსია. ყოველ შემთხვევაში, თბილისის მერ გიგი უგულავას (რომელსაც ასევე არ დაადგება კარგი დღე, თუ ახალაიებმა ჩვენებების მიცემა დაიწყეს) ასეთი ეჭვები აწუხებს. "ეს მე ძალიან მაგონებს ოქრუაშვილის ბალადას. ახალი არაფერი არ ეწერა, რაც შვიდი თვის განმავლობაში გაზეთებში თუ ტელევიზიებში არ ყოფილა, ამიტომ შინაარსზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია, იმდენად აბსურდული რამეა. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია გია ხუხაშვილის გამოსარჩლება, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც ორკესტრირებულ მოქმედებას აქ­ვს ადგილი", - განაცხადა უგულავამ. სხვათა შორის, მერაბიშვილი ორდღიანი ფიქრის შემდეგ კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებას გამოეხმაურა და რა თქმა უნდა, ეს 19 აპრილის აქციას დაუკავშირა. "საქმე გვაქვს ისეთ აბსურდთან, რომელზეც სერიოზული კომენტარის გაკეთებას არც ახლა და არც მომავალში არ ვაპირებ. ეს ბრალდებები წარმოადგენს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ ბოდვას. ცხადია, ეს ყველაფერი მთავრობას დასჭირდა 19 აპრილის წინ, რათა ყველანაირად ხელი შეუშალოს დაგეგმილ აქციას", - განაცხადა მერაბიშვილმა. თუმცა თუ ნაციონალების ყოფილმა მთავარმა საყრდენებმა ახალაიებმა ჩვენებების მიცემა დაიწყეს, ალბათ, მერაბიშვილს და სხვებს ჩვენებების მიცემა სხვა უწყებებში მოუწევთ და 19 აპრილი მათთვის მხოლოდ კეთილ მოგონებად დარჩება.

P.S. ისე, დათა ახალაიას სიფრთხილე მართებს, რადგან ზოგ-ზოგიერთებს ჯერ კიდევ გრძელი ხელები აქვთ.

ზაზა შანიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა