სააკაშვილის ყოფილი ამერიკელი მრჩეველი - "FBI-ს აგენტმა მითხრა, ვინ გაანადგურა ჟვანიას მკვლელობის საქმეში მოპოვებული მტკიცებულებები"

სააკაშვილის ყოფილი ამერიკელი მრჩეველი - "FBI-ს აგენტმა მითხრა, ვინ გაანადგურა ჟვანიას მკვლელობის საქმეში მოპოვებული მტკიცებულებები"

ამერიკელი ჟურნალისტი და პოლიტოლოგი ჯეფრი სილვერმანი პირველად საქართველოში 1991 წელს ჩამოვიდა. მას შემდეგ ხშირად სტუმრობს ჩვენს ქვეყანას და აქ საკმაოდ დიდი ხნითაც რჩება ხოლმე. მისი თქმით, ახლოს იცნობს მეთიუ ბრაიზას და თავად მას კარგად იცნობენ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში. ამასთან, სილვერმანი 2001-2003 წლებში მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყო:

- თავდაპირველად, გიული ალასანია დაინტერესდა ჩემი სტატიებით და ისე მოხდა, რომ დავმეგობრდით კიდეც. შემდეგ კი, სააკაშვილის მრჩეველი გავხდი (იმხანად ის "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გახლდათ). ჩემი დახმარებით ჩაწერა მიშამ 2001 წელს BBC-ისთან პირველი ინტერვიუ... მოგვიანებით, ჩვენი "თანამშრომლობა" შეწყდა. აქვე უნდა ვთქვა, რომ პარალელურად ვაწარმოებდი ჟურნალისტურ გამოძიებას და გავარკვიე, რა ურთიერთობა ჰქონდა სააკაშვილს კრიმინალურ ავტორიტეტ ტარიელ ონიანთან... ასევე, ვთანამშრომლობდი საერთაშორისო კრიზისების მართვის ჯგუფთან. როგორც პოლიტოლოგი, ვიკვლევდი რუსეთის გავლენას საქართველოში... პირველ რიგში, ორიოდე სიტყვა მინდა გითხრათ აჭარის კრიზისზე (2004 წელი). სხვათა შორის, ამერიკის მხარეს აინტერესებდა, როგორ აწარმოებდნენ მიშა და რუსული მხარე ასლან აბაშიძესთან მოლაპარაკებას. იყო ასეთი პიროვნება ლევან ჟღენტი, რომელიც ასლან აბაშიძის "შავი მოლარე" იყო. ის ასევე კურირებდა იარაღისა და ნარკოტიკების ბიზნესს. მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინე კავშირები ლევან ჟღენტსა და ვანო მერაბიშვილს შორის, დაიწყო ჩემი პრობლემები სააკაშვილთან, თუმცა მანამდე მისი მეგობარი და მრჩეველი ვიყავი. იმხანად გიული ალასანიასთან ერთად "შავი ზღვის უნივერსიტეტში" ვმუშაობდი. როდესაც მიშას მერაბიშვილთან დაკავშირებით ჩემი კვლევის მასალები მივუტანე, მითხრა, არ მაინტერესებს და არც მინდა გავიგო ეს ამბებიო. ამის შემდეგ მასალები გადავეცი მეთიუ ბრაიზას (აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის იმდროინდელი მაღალჩინოსანი) და სახელმწიფო დეპარტამენტსაც... სხვათა შორის, 2010 წელს ჩემზე თავდასხმაც მოხდა, რომელსაც ბიოლოგიური იარაღის კომპონენტების კვლევის ცენტრს ვუკავშირებ. ლაპარაკია, 150-მილიონიან პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ბიოლოგიური იარაღის კომპონენტების კვლევა მიმდინარეობს და შესაბამისი ლაბორატორიაც არსებობს, რომელსაც პენტაგონი კურირებს.

- რომელ ლაბორატორიას გულისხმობთ?

- ლაბორატორია თბილისის აეროპორტის გვერდითაა. ის სააკაშვილმა 2007 წელს შექმნა ამერიკელების დახმარებით და მის ხელმძღვანელად საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ყოფილი შეფი ანა ჟვანია დანიშნა (საზოგადოებრივი­ ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია - CPHRL თბილისში რამდენიმე წლის წინ გაიხსნა). იქ ხდება ბიოლოგიური იარაღების კომპონენტების კვლევა, რაც ამერიკის ტერიტორიაზე აკრძალულია. რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა თუ მოხდა, საქართველო საერთოდ წაილეკება. თბილისში მდებარე ლაბორატორიაში ჯილეხის, ციმბირის წყლულის, წითელას, შავი ჭირისა და H1N1-ის ბაქტერიებს ამზადებენ. არ არის გამორიცხული, რომ ამ ვირუსების ხელოვნური გავრცელებაც ხდებოდეს, მაგალითად, წითელასი, რომელიც დღეს ქვეყანაში სერიოზულ პრობლემად იქცა. ასეთივე ლაბორატორია ქობულეთში ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ეგიდით გაიხსნა. მცირე ბიოლოგიური ლაბორატორიაა ქუთაისშიც.

- ინტერვიუს დაწყებამდე მითხარით, რომ 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომზეც გაქვთ საინტერესო მასალები...

- დიახ, აგვისტოს ომის დროს ცხინვალში ვიყავი, ვაკვირდებოდი მოვლენებს და დავწერე მოხსენება, რომელიც მეთიუ ბრაიზას გადავუგზავნე. ეს იყო არა საიდუმლო მასალები, არამედ ჟურნალისტური კვლევები. რუსეთ-საქართველოს ომის სავარაუდო სცენარი ბრაიზას ჯერ კიდევ 2005 წელს ჰქონდა. მე კი ორი თვით ადრე ამერიკული ორგანიზაციებისგან "კუბიკისა" და "არჩენჯელისგან" (ყოფილი სამხედროების მიერ დაფუძნებული კერძო კომპანიები) ვიცოდი, ომი რომ დაიწყებოდა. დავით კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობისას ეს კომპანიები სამხედრო დაგეგმარებასა და წვრთნაში დასახმარებლად დაიქირავეს. ისინი ვაზიანის ბაზაზე იყვნენ განთავსებული. "არჩენჯელის" გაწვრთნილი სნაიპერების ჯგუფი ცხინვალშიც იბრძოდა. სიმართლე გითხრათ, ეს იყო დიდი თამაში და არა ომი. კერძოდ, სარდლობა და სამხედრო მმართველობა იყო გათიშული, დაულაგებელი. საქართველოს შეეძლო ამ ომის მოგება, მაგრამ ეს მიზანმიმართულად არ გაკეთდა.

- რატომ?

- ომმა ჩამოწერა საქართველოში შემ­ო­სული უკანონო იარაღი. ასევე, ომის შემდეგ საქართველოში შემოვიდა დიდი ფული, რომელიც ასევე გაქრა გაურკვეველი მიმართულებით. და საერთოდ - ომი ძალზე ბინძური ბიზნესია. საომარი ოპერაციები შეგნებულად არაპროფესიონალურად იყო წარმართული. მეც სამხედრო ვარ, 6 წელი ვმსახურობდი ამერიკის ჯარში და რაღაც გამეგება. 2008 წელს ვიყავი როგორც ქართულ, ისე ოსურ-რუსულ პოზიციებზე. მე უფრო უკეთ შემეძლო ყველაფრის დაგეგმვა. საერთოდ არ არსებობდა სამხედრო დაგეგმარების ცენტრი.

- თქვენ ზემოთ თავდასხმაზე საუბრობდით...

- 2010 წლის სექტემბერში გამიტაცეს­ კონტრ­დაზვერვის თანამშრომლებმა. ეს შეგი­ძლიათ გადაამოწმოთ უჩა ნანუაშვილთან, რომელმაც ნახა ჩემი დამწვარი და ბორკილებისგან დაზიანებული ხელები. დაახლოებით, ათმა ნიღბიანმა გამიტაცა, სასტიკად მაწამეს და ორთაჭალაში, მტკვრის პირას დამაგდეს. მათ ჩაფიქრებული ჰქონდათ ჩემი მოკვლა, რაც ჯერ კიდევ 2009 წელს დაგეგმა ოთარ ორჯონიკიძემ - კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, რომელიც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვა, ჩემს "ცოცხლად დამარხვას აპირებდა"... ჩავხტი მტკვარში და გავცურე - ყოფილი სამხედრო ვარ და საკმაოდ კარგად გაწვრთნილი. პირველად 2004 წელს გამიტაცეს იმავე კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა, როდესაც ჟვანია-ონიანის დაპირისპირებას ვიკვლევდი. სხვათა შორის, ვიდრე სააკაშვილი ინტერპოლისგან ონიანის დაპატიმრებას მოითხოვდა, მანამდე კრიმინალური ავტორიტეტი პრეზიდენტის მიერ გამოყოფილი თვითმფრინავით სარგებლობდა. ჟვანია აპროტესტებდა მათ კავშირს. ახლა ვამზადებ საჩივარს მთავარი პროკურორის სახელზე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წინააღმდეგ.

- საუბრის დაწყებამდე ისიც მითხარით, რომ საინტერესო ინფორმაციას ფლობთ­ ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე...

- მოგეხსენებათ, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) თანამშრომლები იყვნენ ჩამოსულები. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამერიკაში ვესაუბრე FBI-ს ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელმაც მითხრა, ვინ გაანადგურა ჟვანიას მკვლელობის საქმეში მტკი­ცებულებები, კერძოდ, აგენტმა ბრაიან პარმენმა აშშ-ის იმჟამინდელი ხელმძღვანელობის მითითებით გაანადგურა მოპოვებული მტკიცებულებები ჟვანიას მკვლელობის საქმეზე, რადგან მკვლელობის რეალური მიზეზი თუ გამოიკვეთებოდა, მაშინ სააკაშვილის იმიჯი შეილახებოდა, რაც ამერიკის პოლიტიკას დარტყმას მიაყენებდა. დარწმუნებული ვარ, იმ დროს საქართველოში რომ ვყოფილიყავი, მკვდარი ვიქნებოდი.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა