როდის დაწერს დავით საგანელიძე იუმორისტულ წიგნს მიშა სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილზე

როდის დაწერს დავით საგანელიძე იუმორისტულ წიგნს მიშა სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით საგანელიძე საზოგადოებას სთხოვს, მცირედი მოთმინებით აღიჭურვოს და სასიკეთო ცვლილებებსაც მალე იგრძნობს... დეპუტატის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიერ საზოგადოებისადმი გაკეთებული მიმართვები მათი უკანასკნელი, სუსტი მცდელობაა, პოლიტიკურად გადარჩნენ. "თუმცა, ქართველმა საზოგადოებამ მათ უკვე გამოუტანა განაჩენი", - აცხადებს დავით საგანელიძე ჩვენთან საუბარში.

- რადგან ამ რამდენიმე დღის წინ ჩემთვის და მთლიანად ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, 9 აპრილი იყო, არ შემიძლია, ამ თარიღს გვერდი ავუარო... დღევანდელი რეალობა არ არის იმ მიზნის შედეგი, რისთვისაც 24 წლის წინ ჩვენი საამაყო ქართველები იბრძოდნენ, საქართველომ რეალურად მიაღწია დამოუკიდებლობას, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად. ძალიან ბევრი ქვეყანა თავისი ქვეყნის დაარსების დღეს ზეიმობს, ჩვენ კი უზარმაზარი ისტორიული და კულტურული წარსული გვაქვს... ამ 24 წლის განმავლობაში უამრავი შეცდომა დავუშვით, მართლაც დიდი ზიანი მივაყენეთ ერთმანეთს, მაგრამ როგორღაც მივხვდით, რომ სამოქალაქო ომზე დიდი საშინელება ქვეყნისთვის არ არსებობს. საბედნიეროდ, თანდათან ვისწავლეთ სამოქალაქო აზროვნება და მივხვდით, რომ შეცდომებზე სწავლა შეიძლება. პირველი ოქტომბრის შემდეგაც შეიცვალა ქართველი ხალხი, მათი სახელმწიფოებრივი აზროვნება და მნიშვნელოვანი საკითხებისადმი მიდგომა გაიზარდა და ამის შემჩნევა ძნელი არ არის.

- კონკრეტულად რა ცვლილებას ატყობთ?

- მათ იციან, რომ თავისუფლები არიან, გრძნობენ, რომ მათ სატელეფონო საუბრებს არავინ უსმენს, არავინ ზღუდავს ბიზნესის წარმოებაში და იმის მუდმივი შიში არ აქვთ, რომ ვინმე საკუთრებას წაართმევს და სახელმწიფოს გადაუფორმებს. შეუძლიათ, თავიანთი საქმე მშვიდად აკეთონ. არავის ეშინია, რომ ხვალ შეიძლება, მოდულის შენობაში ან ციხის იზოლატორში შეიყვანონ, აწამონ და ასე დააწერინონ აბსურდული ბრალდება სხვაზე ან სულაც საკუთარ თავზე. პირადად მე არ მეშინია, რომ ჩემს ოჯახს, ორ მცირეწლოვან შვილს რაიმე საფრთხე დაემუქრება, თუმცა ისიც ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი სამართლიანობის აღდგენას მკვეთრი ქმედებებით ითხოვს, მაგრამ ჩვენ იმას ვერ გავაკეთებთ, რასაც წინა ხელისუფლება სჩადიოდა. მესმის, რომ ძალიან ბევრია გამწარებული და მათ დამნაშავეების დასჯა უნდათ, მაგრამ სამართლიანობის აღდგენა ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს და ამას დრო სჭირდება. ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ "ნაციონალებს", ადამიანის სიცოცხლე ჩალის ფასად რომ არ უღირდათ. საქართველო შურისძიების ქვეყანა არ უნდა გახდეს, მაგრამ ყველა ის ადამიანი უნდა დაისაჯოს, ვინც კანონის წინაშე დააშავა, მე დამკვეთებს ვგულისხმობ და არა შემსრულებლებს.

- აგვისტოს ომის დეტალებზე პრეზიდენტიც უნდა დაიბარონ დაკითხვაზე, რას ელოდებით?..

- ჩადენილ დანაშაულზე ყველამ პასუხი უნდა აგოს, მისი სტატუსისა და თანამდებობის მიუხედავად. არ მინდა, გამოძიებას გავუსწრო, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას... დასრულდა ზღაპრებისა და პიარის ხანა, ახლა სხვა რეალობაში გვიწევს ცხოვრება. ხალხს ცვლილებები სჭირდება და ეს ყველას უნდა შეეხოს. წინა ხელისუფლებამ ციხეში გამოკეტა ყველა, ვისაც ფული ვერ შეაწერა, ახლა კიდევ ნებისმიერ საკითხზე მსჯელობისას ამნისტიისკენ იშვერენ თითს და თავხედურად დუმან იმაზე, რომ მათ დაუნდობელ რეჟიმს გულაგებში ასობით ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეეწირა. არ დავიღლები და რამდენჯერაც დამჭირდება შევახსენებ, რომ ქართველი ერის მტრები არიან... მათ ხელისუფლებაში ყოფნა ქვეყნის მფლობელობაში შეეშალათ. ეგონათ, რომ აქაურობა მათი იყო და რაც უნდოდათ, იმას გააკეთებდნენ და ეს არავის უნდა გაეპროტესტებინა. ვინც გააპროტესტებდა, ციხეში უშვებდნენ, კლავდნენ ან "სხვანაირად" აჩუმებდნენ, მათიანებს კი გზა ყველაფერში ხსნილი ჰქონდათ. ძნელია ამ ყველაფერთან შეგუება და დათმობა, ამიტომაც ფართხალებენ ახლა და ყველანაირი გზით ცდილობენ "გაცოცხლებას", მაგრამ აღარ უნდა ხალხს ეს "ნაციონალები" და ძალაა?!. მწარედ გვახსოვს, ბატონებო, თქვენი მმართველობა, იმ ცხრა წელიწადში ბევრი სისხლი და ცრემლი დაიღვარა. ეს არ იყო დემოკრატია, რომელსაც ასე ხშირად ახსენებდა სააკაშვილი, ავტორიტარიზმი იყო.

- თქვენ როგორ გრძნობთ თავს ხელისუფლებაში?.. ბოლო დროს ხშირად გვესმის, ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების გარშემო ნეპოტიზმის ფაქტები გახშირდაო...

- პირადად მე ამას ვერავინ დამწამებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული და ამას ახლა ვხვდები. ხელისუფლებაში ყოფნა უმძიმესი ტვირთია. რაც დრო გადის, უფრო მეტად ვხვდები, რომ ოპოზიციაში ყოფნა გაცილებით იოლი ყოფილა თურმე. როდესაც ოპოზიციონერი ხარ, აპროტესტებ ყველაფერს, რაც არ მოგწონს, აკრიტიკებ ხელისუფლებას, მერე მიდიხარ სახლში, წამოწვები დივანზე, მოიდგამ გვერდზე ჩაის ან ყავას და აკვირდები სიტუაციას. თუ გამოსწორდა, ხომ კარგი, თუ არა და - ისევ აკრიტიკებ.

- ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში როგორ ხდება?

- ამ შემთხვევაში ვინმეს კრიტიკითა და პროტესტით ვერ შემოიფარგლები, ვერც სახლში წამოწვები მხარ-თეძოზე... მუდმივად უნდა ეძებდე გზებს, რა როგორ უნდა შეიცვალოს, რათა ქვეყანაში ცხოვრება ყოველდღიურად გაუმჯობესდეს. ძალიან რთულ საქმეს შევეჭიდე, თუმცა პასუხისმგებლობის არ მეშინია, რადგან მჯერა იმ ლიდერის, რომელიც კოალიციას ხელმძღვანელობს.

- უმცირესობის განცხადებით, ბოლოდროინდელი ცვლილებები ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე უარყოფითად აისახა...

- უმცირესობის გამოსვლებიდან იმდენი სისულელის გახსენება შეიძლება, რომ ყველას რა მომაყოლებს... როდესაც ჩემს საპარლამენტო მისიას დასრულებლად ჩავთვლი, დავჯდები, ერთ იუმორით გაჯერებულ წიგნს დავწერ, რომელშიც "ნაციონალების" მარგალიტები იქნება შეტანილი, განსაკუთრებით მიშა და ვანო "მრისხანეების" ფრთიანი ფრაზები. იმედია, იმ დროს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ვითარება მშვიდად მუშაობის საშუალებას მომცემს...

დიახ, არჩევნებიდან რაღაც მცირე პერიოდში დაღმა წავიდოდა ბიზნესი, რადგან სხვანაირად შეუძლებელი იყო, - თუ რამე ბიზნესი, მცირე თუ დიდი, არსებობდა და ფუნქციონირებდა, ყველაფერი მათ ხელში იყო და სრულად აკონტროლებდნენ. მხოლოდ ის ბიზნესი ვითარდებოდა, რომელიც ხელისუფლებაზე იყო დამოკიდებული. ახალია ამაში რამე? ის ადამიანები, რომლებიც მათ მოსვლამდე მსხვილ ბიზნესს ხელმძღვანელობდნენ, ან ქვეყნიდან გააქციეს, ან დაიჭირეს, დანარჩენები დაიმორჩილეს... ასე რომ, მართლა შესაძლებელი იყო, რაღაც პერიოდი ჩავარდნა ყოფილიყო, რადგან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მცირე დროით, ალბათ მათი ბიზნესიც ჩავარდა, ხოლო ბობოლა "ნაციონალების" მიერ "ხელდასხმული" ბიზნესმენები გაიქცნენ. მესმის მათი გულისტკივილის, მაგრამ, საბედნიეროდ, მათი ბიზნესწარმატება დანარჩენი საქართველოს წარმატების საზომი აღარ არის. ამას, როგორც უმცირესობის "მსხვილ დამრტყმელებს" - სააკაშვილს, ბოკერიას, უგულავას, თარგამაძესა და დანარჩენებს სჩვევიათ, მათთვის ჩვეული ირონიით კი არა, სიამოვნებით ვიტყვი, სულ რამდენიმე თვეა თქვენი მსახვრალი ხელები მოშორდა მცირე და საშუალო ბიზნესს და ადამიანებმა ამოისუნთქეს. დროთა განმავლობაში უფრო მეტად იგრძნობენ შეღავათს, ისე, როგორც დანარჩენი მოსახლეობა.

- ბატონო დავით, ისევ აქტუალურია პარლამენტის თბილისში დაბრუნების საკითხი...

- დიახ, ამას ხმათა უმრავლესობა სჭირდება და დარწმუნებული ვარ, ამ საკითხს უმცირესობიდანაც ბევრი დაუჭერს მხარს. გარდა ამისა, ეს ძალიან რთული პროცესია და ვიდრე ამ საკითხის ტექნიკური განხორციელება დაიწყება, კონსტიტუციიდან უნდა ამოიშალოს ეს მუხლი, სადაც აღნიშნული პუნქტი წერია. ამას ემატება ტექნიკური მხარე. დანგრეულის აშენება გვიწევს, პარლამენტში ყველაფერი ხელახლა უნდა გაკეთდეს, რაც საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება და ადვილი ნამდვილად არაა... რას ვიზამთ, ეს არის იმ მძიმე მემკვიდრეობის ნაწილი, რომელიც სააკაშვილმა დაგვიტოვა და კიდევ ჰონორით ლაპარაკობს მიხეილ ვადაგასული, "მნგრეველები" მოდიანო...

- ვანო მერაბიშვილმა პროკურატურას მიმართა, მხოლოდ მე დამკითხეთ და ყველაფერზე გაგცემთ პასუხსო...

- დიახ, ერთობ "მოწამეობრივი" განცხადება გააკეთა. რა ქნას ბატონმა ივანემ, თავისებურად ცდილობს ქულების დაწერას, მიაჩნია, რომ მის გუნდს ჯერ კიდევ დიადი გეგმები აქვს წინ. მესმის, ძნელია იმ კეთილდღეობის დათმობა და ყველანაირად ეცდებიან დაბრუნებას. ისე კი, ერთ რჩევას მივცემდი, როდესაც ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი "პოლიტიკურ დევნაზე" ლაპარაკობს, ზურაბ ადეიშვილი და მიხეილ სააკაშვილიც დაიხმაროს. ცინიზმია ასეთი წარსულის მქონე ადამიანისგან განცხადების გაკეთება, მაგრამ რა ქნას ამ კაცმა, რაღაც ხომ უნდა თქვას, ლეგენდები დადიოდა მის მინისტრობაზე და ასე რამდენიმე თვეში გაქრობაც უხერხულია, ამიტომაც ფართხალებს ამდენს, ცდილობს, როგორმე გამოჩნდეს ტელევიზიით, გაახსენოს ხალხს თავი, რომ ისევ არსებობს. მერაბიშვილი რომ პოლიტიკურ დევნაზე ისაუბრებს, ეს უბრალოდ ანეკდოტია, უფრო სწორად, შავი იუმორი. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე ძალიან მოსწრებულად თქვა, პარაშუტი რომ არ გახსნილიყო, შესაძლოა, ნაციონალური მოძრაობისთვის დაშვება ძალიან ცუდად დამთავრებულიყოო. მართლაც ასეა, რომ არა ეს პარაშუტით დაშვება, შეიძლება, ეს ცვლილებები მათთვის ძალიან ცუდად დამთავრებულიყო, მაგრამ გაიხსნა პარაშუტი და მათ პოლიტიკაში დარჩენის შანსი მიეცათ, თუმცა მათ მიერ განვლილი გზა არ მისცემთ კვლავ წამოდგომის საშუალებას.

- ვინ გაუხსნა მათ პარაშუტები?

- ჩვენ, უმრავლესობამ მივეცით, რითაც ნაციონალური მოძრაობა უფსკრულისკენ მიმავალი გზიდან ფრთხილად დაეშვა... ამით კიდევ ერთხელ ვუთხარით მათ, რომ ბოროტებით მართული ქვეყანა წინ ვერასდროს წავა. კარგი იქნებოდა, მათ ეს გაეთვალისწინებინათ და მეტი სითბო და მხარდაჭერა მიეცათ საზოგადოებისთვის, მაგრამ რა ქნან, სისხლში აქვთ უკეთურება, თუ ვერ აკეთებენ, ამბობენ მაინც. 19 აპრილს დიდი იმედი აქვთ, მაგრამ ეს უფრო ხავსზე ჩაბღაუჭებული გუნდის ქმედებებს ჰგავს, ვიდრე რაიმე რეალურის მოლოდინს.

- მაინც რას ელოდებით?

- არაფერს, კიდევ ერთხელ შეახსენებენ საზოგადოებას თავიანთ არსებობას, ილაპარაკებენ, გულს მოიოხებენ, თავიანთ ჭიას გაახარებენ და დაიშლებიან. მათგან განსხვავებით, შეკრებებს არავინ დაუშლით. ქართველმა საზოგადოებამ მათ უკვე უთხრა არა და კარგი იქნება, თუ ამას აწი მაინც გააცნობიერებენ. ქვეყანა გადარჩენილია და ახლა ვაპირებთ, ის თანდათან განვავითაროთ, სასურველია, ამაში მათაც მიიღონ მონაწილეობა, თუ არადა, ხელს მაინც ნუ შეგვიშლიან. მათი აშენებული ვნახეთ უკვე, რაც იყო...

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა