რატომ მიაკითხეს ლევან ბერძენიშვილს სახლში სამართალდამცავებმა?

რატომ მიაკითხეს ლევან ბერძენიშვილს სახლში სამართალდამცავებმა?

"მხატვრული წიგნებით ვარ გარშემორტყმული. არამხატვრული ტექსტებიდან ის კანონებიც მეყოფა, რომლებიც პარლამენტში მაქვს წასაკითხი", - ამბობს პარლამენტის წევრი ლევან ბერძენიშვილი. წიგნები მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. შინ მდიდარი ბიბლიოთეკა აქვს, რომელსაც მუდამ აახლებს.

- წიგნების საკითხავად დროის გამონახვას ყოველთვის ვახერხებ. ახალ გამოცემებსაც მუდმივად ვეცნობი. მოგეხსენებათ, პროფესორი ვარ, 2 უნივერსიტეტში ვასწავლი.

- ხშირად ამბობენ, ახალგაზრდები წიგნებს აღარ კითხულობენო. ამ აზრს ეთანხმებით?

- ეს საზოგადო პრობლემაა და არა - ასაკობრივი. ჩემი აზრით, დღეს პროცენტულად ზუსტად იმდენივე ახალგაზრდა კითხულობს, რამდენიც ჩემს და შემდეგ თაობებში კითხულობდა. უბრალოდ, ადრე იყო შთაბეჭდილება, რომ მკითხველი ახალგაზრდობა გვყავს. მაშინ 100 ახალგაზრდიდან 2 იყო სტუდენტი, ახლა - 98. წლების წინ სიტყვა "სტუდენტი" უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე - დღეს. სწორედ სტუდენტებს ვხვდებოდით და მათ დონეს ვაფასებდით. ახლა ყველა სტუდენტია. ვთვლი, რომ ეს ცალკე პრობლემაა. საქართველო მაღალი ხარისხის განათლებას ვერ იძლევა.

- პარლამენტში ინტელექტუალური დონე როგორია?

- მაღალია, მაგრამ მხატვრული განათლების დონე ძალიან კარგი არ არის. ჩემი შეფასებით, პარლამენტართა უმრავლესობას, მხატვრულზე მეტი პროფესიული ლიტერატურა აქვს წაკითხული, მაგრამ ადამიანის ინტელექტის დონე მხოლოდ მხატვრული ლიტერატურის ცოდნით არ იზომება. საჭიროა უნარ-ჩვევები, ინფორმაციის წვდომის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი. ამ მხრივ ეს პარლამენტი უკეთესია, ვიდრე ის, რომლის წევრიც 2004-2008 წლებში გახლდით. არ არის დასამალი, რომ პარლამენტის ინტელექტს მაღლა, არა მხოლოდ უმრავლესობა, უმცირესობაც ექაჩება. პროცენტულად მათ ჩვენზე მეტი მომზადებული კადრი ჰყავთ.

- პრეზიდენტს კარგად იცნობთ, მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს როგორ შეაფასებთ?

- მიხეილ სააკაშვილს ინტელექტუალს ვერ ვუწოდებ, მაგრამ თამამად შემიძლია გითხრათ, ის უაღრესად ნიჭიერი ადამიანია. მას აქვს მიდრეკილებები უცხო ენებისადმი, უნარი - სწრაფი კონცენტრირებისა, მაგრამ არ აქვს ხანგრძლივი ფოკუსირების უნარი. მართალია, უნარ-ჩვევები აქვს, მაგრამ "ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების". გურამიშვილის ეს სიტყვები მასზეა ზედგამოჭრილი. პრეზიდენტის ნიჭიერება განსაკუთრებით პოლიტიკური თამაშების დროს გამოვლინდა. რასაც მიაღწია, ვნახეთ, ახლა მისი დეგრადაცია იწყება, რადგან დასჭირდა ცოდნა, რომელიც არ აქვს. რაც შეეხება მხატვრულ ცოდნას, მისი დონე ნულოვანია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ არც ერთი მხატვრული წიგნი წაკითხული არ აქვს. თავადაც აქვს ნათქვამი - წიგნების კითხვა არ შემიძლიაო.

- ამ კუთხით ბიძინა ივანიშვილს როგორ შეაფასებთ?

- პრემიერი პრეზიდენტის ანტიპოდია. ივანიშვილი ჩამჯდარი მკითხველია. რაშიც მიხეილ სააკაშვილს ტალანტი აქვს, იმ სფეროში ბიძინა ივანიშვილი ჩვეულებრივ დონეზეა. მხატვრული ლიტერატურის ნაკითხობით პრეზიდენტს სერიოზულ ფორას მისცემს. მისი საუბრიდან ჩანს, მსოფლიო კლასიკას ყურმოკვრით კი არა, საფუძვლიანად იცნობს. ეს გემოვნებაშიც გამოვლინდა. სააკაშვილმა ქართული პოეზიიდან ციტატად მოგვიყვანა კაკალაშვილის პოეზია, მისმა ფრაზამ - "მოულოდნელი საქართველოსი" - გადარია, ორიგინალურად მოეჩვენა. ივანიშვილს ბარათაშვილი უყვარს. განსხვავება დღესავით ნათელია.

- ბატონო ლევან, წიგნი მოგიპარავთ?

- არაერთხელ მომიპარავს. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ახლოს ვცხოვრობდი. ერთ დღეს წიგნი მოვიპარე და სახლში წავიღე, ვიფიქრე, სანამ სამუშაო საათები დასრულდება, წაკითხვას მოვასწრებ და საღამოს უკან დავაბრუნებ-მეთქი, მაგრამ ვერ მოვასწარი და მაშინდელი მილიცია თავზე დამადგა. ეს სირცხვილი დავიწყებული მქონდა და როცა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გავხდი, მაშინ გამახსენეს (იცინის). გარდა ამისა, მეგობარი მყავდა, რომელსაც წიგნებს გამუდმებით ვპარავდი. უკან რამდენიმე დღის შემდეგ ვაბრუნებდი. მე უფრო "დროებითი ქურდობები" ვიცოდი. ახლა ამის საჭიროება აღარ არის. ელექტრონულ წიგნებს ვყიდულობ, მათ შორის - საკუთარსაც. ლიტერატურას რუსული საიტებიდანაც ვიწერ.

- "არის რაღაც საერთო ღვინის სმასა და კითხვას შორის. მე მგონი, ის, რომ ორივეს ე.წ. პიროვნების თავისუფლებასთან მივყავართ, ოღონდ ერთი - მიშვებული, აგდებული და ულამაზო თავისუფლებაა, უპასუხისმგებლობით გამოწვეული, მეორე კი - შემართებული, გამოცდილი და ყოვლისშემძლე, ამაღლებული". რომელ ცნობილ ნაწარმოებში ვკითხულობთ ამ სიტყვებს?

- გურამ დოჩანაშვილის სტილს ჰგავს.

- ავტორი სწორად დაასახელეთ.

- "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"...

- დიახ. ღვინის სმასა და კითხვას შორის რაიმე საერთოს თავად თუ პოულობთ?

- აზრს ვეთანხმები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს დაპირისპირება ძველ სამყაროში განსხვავებული იყო. ერთმანეთს ღვინო და სიზმარი უპირისპირდებოდა. დიონისე და აპოლონი. მე ეს დაპირისპირება უფრო მართებულად მიმაჩნია. ღვინის სმა არა მარტო უპასუხისმგებლობაა, ეს არის ქცევა, რომელიც საერთოდ გამორიცხავს აზროვნებას. ჩვენ შევდივართ თამაშში, სადაც მნიშვნელობა აზრს კი არ აქვს, არამედ თანამიმდევრობას. დედმამიშვილების სადღეგრძელომ უნდა გაუსწროს შვილების სადღეგრძელოს. ღვინის სმაში აზრი საერთოდ არ დევს. წიგნის კითხვას თუ აზროვნება არ ახლავს, მაშინ ღვინის სმასავით დროის მოკვლაა და მეტი არაფერი. ასე კითხულობენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაგრამ ყველა იმიტომ არ კითხულობს, რომ იაზროვნოს. ამიტომ უფრო სამართლიანი მეჩვენება შედარება სიზმარსა და ღვინის სმას, ანუ დიონისესა და აპოლონს შორის. მე აპოლონის მხარეს ვარ, მიუხედავად იმისა, რომ დიონისურად მიცხოვრია, ბევრი გადარევა მქონია.

- სად მდებარეობს ყველაზე პატარა ძვლები - "ჩაქუჩი", "გრდემლი" და "უზანგი"?

- ყურში.

- ვინ შეარქვა ვაჟა-ფშაველას ეს ფსევდონიმი?

- ვინმემ შეარქვა? მე მეგონა, ლუკა რაზიკაშვილმა ეს ფსევდონიმი თავად დაირქვა.

- პეტერბურგში სწავლის დროს მეგობარმა, დიმიტრი ცისკარიშვილმა შეარქვა.

- ძალიან კარგი საქმე გაუკეთებია.

- ვინ გახდა 1921 წელს სტამბოლში გამართული მსოფლიო სილამაზის კონკურსის გამარჯვებული?

- (ფიქრობს)

- მიგანიშნებთ...

- არა, მინიშნება არ მინდა, ეს ამბავი ვიცი, მერი შერვაშიძეზეა ლაპარაკი. ცოტა ხნის წინ მის ბიოგრაფიას გავეცანი. ეს ეპიზოდიც არის მოთხრობილი, როგორ გაიმარჯვა სილამაზის კონკურსში და როგორ გახდა კოკო შანელის სამოდელო სახლის სახე.

- რომელ საბჭოთა მაღალჩინოსანზე თქვა ნიქსონმა შემდეგი სიტყვები: "ის სუსტი პოლიტიკოსი, მაგრამ კარგი მძღოლია"?

- ლეონიდ ბრეჟნევზე. მანქანები უყვარდა. ღამე მოსკოვის ქუჩებში დაქროდა.

- "როგორებიც არიან ადამიანები, ისეთივე არიან მათი წიგნებიც". რომელი ცნობილი გერმანელი ფიზიკოსია ამ გამონათქვამის ავტორი?

- თუ არ ვცდები, ლიხტენბერგია, ხომ?

- დიახ. ეთანხმებით?

- ვეთანხმები, მაგრამ როგორც ფილოლოგმა, შემიძლია გითხრათ: ხანდახან წიგნის უკეთ გასაგებად ავტორის ბიოგრაფიას ეცნობიან. ეს არასწორი გზაა და ძალიან მაცდურიც. თუ მწერლის ბიოგრაფიიდან ამოხვალ, წიგნს ვერაფრით გაიგებ.

- ძველ ჰიმალაელ დურგლებში არსებობდა ახალგაზრდა ოსტატთა გამოცდის უცნაური წესი. მასწავლებელი შეგირდს ესროდა ხის ნაჭერს. რა უნდა გაეკეთებინა მოსწავლეს, სანამ იმ ნაჭერს დაიჭერდა?

- ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვვარაუდობ, ხის ჯიში უნდა გამოეცნო.

- ტოკიოს ზოოპარკი წელიწადში ერთხელ, 2 თვით იკეტება. რატომ?

- ვერ გიპასუხებთ.

- ცხოველებმა დამთვალიერებლებისგან რომ დაისვენონ.

- (იცინის) ცხოველებსაც სჭირდებათ ადამიანებისგან დასვენება.

- რომელი ძველი რომაელი სახელმწიფო მოღვაწის გვარი იქცა ქველმოქმედების სიმბოლოდ?

- მეცენატის.

- "ზახრუმა" სპარსული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს...

- ვერ გეტყვით, როგორ ითარგმნება, მაგრამ ვიცი, რომ კარგს არაფერს ნიშნავს.

- "არგადარჩენას". რომელ მხატვარს ეკუთვნის ყველაზე მეტი ავტოპორტრეტი?

- რუბენსს.

- "ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ანტიქრისტე მოვნათლე", - წერდა 1725 წელს, თავის დღიურში ერთ-ერთი ვენეციელი მღვდელი, რომელსაც ცოტა ხნის ადრე მოენათლა 2 კვირის ჩვილი, სახელად - ჯაკომო. ამ ადამიანმა 73 წელი იცოცხლა და ამ ხნის მანძილზე სარეცელი 122 ქალთან გაიყო. მათ შორის იყვნენ მაღალი წრის მანდილოსნები, წარჩინებული მსახიობები, მოცეკვავეები. მოძალადე არ ყოფილა, ქალების უმეტესობას ის უყვარდა. სახელისა და სიმდიდრის ძიებაში თითქმის მთელი ევროპა მოიარა. იყო ჯარისკაცი, მუსიკოსი, ბიბლიოთეკარი. არაერთხელ იჯდა ციხეშიც. მიპასუხეთ, ვისზეა ლაპარაკი?

- კაზანოვაზე.

- დაბოლოს, დაასრულეთ გოეთეს ცნობილი გამონათქვამი: "არაფერში ისე არ მჟღავნდება ადამიანის ხასიათი, როგორც იმაში, თუ რა მიაჩნია მას..."

- "...სასაცილოდ". ამ სიტყვებმა გოგოლის გამონათქვამი გამახსენა: "დაცინვის იმასაც კი ეშინია, ვისაც არაფრის ეშინია". დაიმახსოვრეთ ეს სიტყვები და სხვა რესპონდენტის ჩასაჭრელად გამოიყენეთ (იცინის).

- მადლობა ინტერვიუსთვის! თქვენ ყოველთვის საინტერესო მოსაუბრე ხართ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა