"თბილისელი შავი ვარ!"

"თბილისელი შავი ვარ!"

"თბილისელი შავი ვარ!" - ასე პასუხობს საქართველოში მცხოვრები ნიგერიელი ბიზნესმენი, რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ მათ, ვინც მისი ვინაობით დაინტერესდებიან. რიჩარდი თეოლოგია, დამთავრებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ფლობს რამდენიმე ენას და ცდილობს, ქართველები და აფრიკელები ერთმანეთს გააცნოს. პირველი ნაბიჯი ამ მიზნისკენ იქნება ფესტივალი, რომლის ჩატარებასაც ის ივლისში აპირებს.

ინტერვიუ ქართულად წარიმართა - რიჩარდი ჩვენს მშობლიურ ენას უკვე საკმაოდ კარგად დაეუფლა.

- ჩემი წინაპრები წარმოშობით ნიგერიიდან, უგადან არიან. მე კი ქალაქ ონიჩაში დავიბადე. ჩემს წინაპრებს ბევრი ომი გადაუხდიათ და გაუმარჯვიათ კიდეც. ჩვენ ჩვენი მხარის, იბოს დიდგვაროვნები ვართ. სწორედ ჩემი წარმომავლობის გამო არ შეიძლება, რომ არაორდინარული ვარცხნილობა ვატარო ანუ ისეთივე დრედები მქონდეს, როგორსაც ბევრი შავკანიანი ატარებს, რადგან ეს ჩემი გვარისთვის ძალიან დაბალ დონედ მიიჩნევა.

ბევრი დედმამიშვილი მყავდა, მაგრამ სამწუხაროდ, ყველა დავკარგე. მამაჩემი 106 წლის დაიღუპა. ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია, მანქანა დაეჯახა. ბებიაჩემი 138 წლისა გარდაიცვალა. ჩემი მეორე სახელი - "არინზე" მისი დარქმეულია... ჩემს კუთხეში მცხოვრებნი ისეთივე ტრადიციულები ვართ, როგორებიც ქართველები არიან. ჩვენთან უფროსების პატივისცემა მნიშვნელოვანია ისევე, როგორც თქვენთან. ასევე გვაქვს სტუმართმოყვარეობის ტრადიციაც. მაგალითად, უკრაინასა და რუსეთში ასეთი ტრადიციული ხალხი არ ცხოვრობს. თქვენი და ნიგერიელების კულტურა ერთმანეთის მსგავსია. ქართველებს ტრადიციები, ანდაზები, ბრძნული გამონათქვამები უყვართ. საქართველო და იბო ერთმანეთს ენობრივადაც ჰგავს (იღიმის). თქვენ ამბობთ სიტყვას: "გააჩერე", ჩვენ კი - "ჩერე"; ორივე ერთსა და იმავეს ნიშნავს. კიდევ არსებობს მრავალი რამ, რისი მიმსგავსებაც შეგვიძლია.

- საქართველოში როგორ მოხვდით?

- აქ დაახლოებით 20 წლის წინ ჩამოვედი. სტუდენტობის პერიოდში თურქეთში ვიყავი, როცა შევიტყვე, რომ არის ასეთი ქვეყანა - საქართველო. მერე ჩამოვედი, დავათვალიერე. დარჩენა მაშინვე არ გადამიწყვეტია, მაგრამ მივხვდი, რომ კარგ ხალხთან მოვხვდი, მეგობრები შევიძინე; ვიფიქრე, რომ იქნებ აქ მიმეღწია წარმატებისთვის და დავრჩი.

- ამჟამად რას საქმიანობთ?

- საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და ასევე, თეოლოგი ვარ. მშობლიურის გარდა, კიდევ ოთხ ენას ვფლობ: ინგლისურს, ქართულს, რუსულსა და ფრანგულს. ამჟამად ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ, ვმუშაობ ჩემივე დაფუძნებულ ფირმაში Wisdom Gate და ამიერკავკასიაში აფრიკის წარმომადგენელი ვარ. ხშირად ვმოგზაურობ სხვადასხვა ქვეყანაში.

- საქართველოში ყველაზე მეტად რა მოგწონთ?

- ძალიან მომწონს სიტყვები: "ძმაკაცობა" და "დაქალობა". ეს მაგარი რამ არის. სხვაგან ასეთი რამ არ არსებობს. შეიძლება, ყველა ენაშია სიტყვა "მეგობრობა", მაგრამ თქვენთან "ძმაკაცი" ის ადამიანია, რომელიც შენი ღვიძლი ძმასავითაა და ყოველთვის გვერდში დაგიდგება, არ აქვს მნიშვნელობა, საქმე კარგად მიგდის თუ ცუდად. სხვა ქვეყანაში ასეთი "ძმაკაცობა" არ მინახავს. წაკითხული მაქვს თქვენი მეფეების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, აგრეთვე წავიკითხე შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანიც". ვიცი, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ავთანდილსა და ტარიელს. ჩვენმა ხალხმაც ასეთივე მეგობრობა იცის. თქვენთან ცხოვრება კარგია, რადგანაც ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ისინი გრძნობენ, მეგობარს როდის რა გასაჭირი აქვს და ერთმანეთს ეხმარებიან. ეს თავისთავად, ქრისტიანობაა. ბევრი ამბობს, რომ ქრისტიანია, მაგრამ ისე არ ცხოვრობს, როგორც საჭიროა. ქრისტიანმა უნდა იგრძნოს თავისი ახლობლის ტკივილი და მიეშველოს იმ ტკივილის გადატანაში, გაუქარწყლოს დარდი. ქართველებში სიკეთე მომწონს, გულღიები არიან. კიდევ, რაც მაოცებს, ის არის, რომ აქ კარგი მეზობლობა იციან. სხვა ქვეყანაში ასეთ რამეს ვერ ნახავ... ბევრი ქართველი ძმაკაცი და დაქალი მყავს. ერთად კარგად ვართ, მათთან დროს ტარება მიყვარს. თუ რამე დასჭირდათ, მათთვის აფრიკაში ყოფნის დროსაც ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. უკრაინაშიც ბევრ ქართველს ვიცნობ, რომლებსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში საცხოვრებელი ფართობის პრობლემა ჰქონდათ და დავეხმარე - ჩემთან ცხოვრობდნენ. მიყვარს ქართველები და მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს.

- ახლა ზაფხულისთვის დაგეგმილ ფესტივალზე მოგვიყევით.

- მინდა, რომ ნიგერიელებმა და ქართველებმა ერთმანეთი გაიცნონ. თქვენს ქვეყანას ბევრი რამ სჭირდება, ისევე, როგორც ნიგერიას. მაგალითად, თქვენთან არის ის, რაც ძალიან მომწონს - ქართული ღვინო, ჩვენთან - ოქრო, ნავთობი. საქართველოს პირველ რიგში, კარგი მეგობარი სჭირდება. შეიძლება გამოგვივიდეს კომერციული ურთიერთობებიც, რაც ძალიან კარგი იქნება. ორმაგი მოქალაქეობა მაქვს, საქართველოს მოქალაქე დაახლოებით 5 წლის წინ გავხდი. მოკლედ, ორი ქვეყნის ერთმანეთთან დაკავშირებასა და დამეგობრებას ვეცდები. ყველაზე მთავარი - ბიზნესია, ამიტომ მინდა, ნიგერიელები ჩამოვიდნენ და ქართველებს აჩვენონ ისეთი საქონელი, რაც აქ არ მოიპოვება, მაგალითად: ჩვენი სპეციფიკური ზეთები, მუსიკალური ინსტრუმენტები, აფრიკული ტანისამოსი, ტყავის ფეხსაცმელები, ნიანგის ჩანთები. ბევრი კარგი რამ გვაქვს... თქვენთან შოკოლადი ყველას უყვარს, ის ფირმა კი, რომელიც შოკოლადს ამზადებს, სპეციალური ფხვნილით გერმანიიდან მარაგდება. ნამდვილი შოკოლადი კაკაოსგან კეთდება, კაკაო კი მხოლოდ აფრიკაშია. ამიტომ, ჯობს, რომ პირდაპირ აფრიკასთან იყოთ დაკავშირებულები. მინდა, ოდესმე აფრიკული და ქართული, "სუხიშვილების" ცეკვა გავაერთიანო, რადგან "სუხიშვილები" ძალიან მომწონს. ფესტივალი, რომლისთვისაც მე და ჩემი პარტნიორი, მუსა სამორი მოცეკვავეებსაც ჩამოვიყვანთ, საქართველოში 4-7 ივლისს გაიმართება. სამომავლოდ მინდა, რომ ნიგერიაშიც მოვაწყო მსგავსი ფესტივალი, სადაც ქართველებს ჩავიყვან და ასე მოხდება ამ ორი ქვეყნის ერთმანეთთან დაკავშირება.

- ცნობილი ქართველებიდან ვინმეს თუ იცნობთ?

- ბევრი ცნობილი ქართველი მეგობარი მყავს. მაგალითად, ვახტანგ რჩეულიშვილი, გუჯა ჯამბურია, ლელა წურწუმია, დათო ილურიძე. ნინო ბურჯანაძესაც ვიცნობ - მოქალაქეობა იმ დროს მივიღე, როცა ის პირველი პირის მოვალეობას ასრულებდა. ვიცნობ ასევე ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ ფიგურას - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომლის შესახებაც მთელმა მსოფლიომ იცის. ბიძინა ივანიშვილის გაცნობაც მინდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოვახერხე.

- აქ ალბათ კურიოზებიც გადაგხდენიათ თავს...

- თბილისის ქუჩებში როცა დავდივარ და თუ მეკითხებიან, ვინ ვარ, ვპასუხობ, რომ "თბილისელი შავი ვარ!" როცა დამიძახებენ: "ბიჭო, შენ რა შავი ხარ", მაშინ ვამბობ, - კახელი შავი ვარ-მეთქი, - კახელები ხომ შავგვრემანები არიან (იღიმის). უკრაინაში რომ ვიყავი, პოლიციამ გამაჩერა. შევნიშნე, ფორმაზე ქართული სახელი ეწერა. მივხვდი, ქართველი იყო და ქართულად მივესალმე. შოკში ჩავარდა...

- უცხოელებს ქართული სამზარეულო მოსწონთ. თქვენ რომელ კერძს ანიჭებთ უპირატესობას?

- ღომს, ხინკალს, მაგრამ უფრო მეტად, საცივი და მწვადი მომწონს. თქვენთან არის არაყი, ჭაჭა, ჩვენთან კი მსგავს სასმელს "კიკანა" ჰქვია. აფრიკაში არ გვაქვს ისეთივე ღვინო, როგორსაც თქვენ სვამთ, იქ ღვინო პალმისგან მზადდება.

- თავად თუ გეხერხებათ კერძების მომზადება?

- რა თქმა უნდა. ღომის და მწვადის გაკეთება შემიძლია. ხინკალს არ ვაკეთებ, რადგან ცომიანი კერძების მომზადება ქალების საქმეა.

- რა არის თქვენი ჰობი?

- ჩემს ქვეყანაში სპორტი, ძირითადად, ფეხბურთი იტაცებთ, მე კი მორბენალი ვიყავი. ძალიან მიყვარს მუსიკა, სიამოვნებით ვუსმენ ბობ მარლის. რეპიც მომწონს, მაგრამ ჯაზი, ბლუზი მირჩევნია. განსაკუთრებით მიყვარს ტრადიციული მუსიკა, ფოლკლორი. ქართული სიმღერებიც ვიცი. "მრავალჟამიერი" მომწონს, "ჩაკრულოც". არ მიყვარს უაზროდ გაკეთებული მუსიკა, მთავარია, ის ნამდვილი, გულწრფელი იყოს. ვცეკვავ კიდეც, ვიცი აფრიკული და ქართული ცეკვაც. მიყვარს ნადირობა. მამაჩემი კარგი მონადირე იყო; ლომებზე, სპილოებზე, მარტორქებსა და სხვა ცხოველებზე ნადირობდა. როცა სამშობლოში ჩავდივარ, მეც სხვადასხვა ცხოველზე ვნადირობ. ზოგადად, ძალიან მაინტერესებს ისტორია.

- რა გაბრაზებთ ყველაზე მეტად?

- ბევრ რამეზე ვბრაზდები. არ მიყვარს ტყუილი, ადამიანების დაჩაგვრა, არ მიყვარს, როცა შეურაცხყოფას გაყენებენ ან ზემოდან გიყურებენ... როცა ჩამოვედი, პატარა ბავშვები მიყვიროდნენ, - ხელები საპნით გაქვს დასაბანიო (იცინის)!.. "თეთრი" ადამიანების მიმართ ჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს, ჩემთვის მთავარი - ადამიანობაა. "შავებშიც" და "თეთრებშიც" მოიძებნებიან კარგები და ცუდები. ადამიანებს კანის ფერით კი არა, ადამიანობით ვაფასებ!

ეკა აბაშიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"