დავით მაღრაძე: "ნაციონალების ღმერთი პუტინია"

დავით მაღრაძე: "ნაციონალების ღმერთი პუტინია"

სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენში საკმაოდ აქტიურად განიხილავდნენ პოეტ დათო მაღრაძის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების შესაძლებლობას, მისმა შემოქმედებამ საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა. 21 მარტს, პოეზიის საერთაშორისო დღეს, იტალიის ქალაქ გენუაში დავით მაღრაძე გახდა პირველი ქართველი პოეტი, რომელსაც პოეზიის მსოფლიო აკადემიის წევრობის რწმუნების სიგელი გადასცეს.

- პოეზიის მსოფლიო აკადემია იუნესკოს ეგიდით დაარსებული ორგანიზაციაა, რომელიც არ ხასიათდება ხალხმრავლობით, სხვადასხვა დროს 50-60 წევრზე მეტი არასდროს ჰყოლია. ჩემთან ერთად რწმუნების სიგელი ანდრია გუერამ, ტონინო გუერას შვილმაც მიიღო, რომელიც ძალიან კარგი კომპოზიტორია. აკადემიამ ეს სიგელი მას მამამისის ხსოვნის სიმბოლოდ გადასცა. ცერემონიალი პოეზიისა და სიყვარულის ქალაქ ვერონაში ჩატარდა. იმ დარბაზში, სადაც თავის დროზე მოცარტის კონცერტი გაიმართა. ამ აკადემიას აქვს ერთი ასეთი ტრადიცია: რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც წევრდება აკადემიაში, იმ ქვეყნის ღვინის დეგუსტაცია ტარდება. დამეთანხმებით, მშვენიერი ტრადიციაა - ქვეყანა მართლაც განისაზღვრება ლექსით და ღვინით. ღვინო არა მარტო ბახუსს უკავშირდება, ეს ერთგვარად სახეც არის ქვეყნისა, წარმოაჩენს იქაურ ამინდს, მზიან დღეებს, იქაურების ხალისსა და სილაღეს. უღრმესი მადლობა ბატონ მამუკა ხაზარაძეს, სწორედ მან გამოგვიგზავნა არაჩვეულებრივი ღვინო, რომელმაც ისეთი აღფრთოვანება დაიმსახურა, რომ ლამის ვიეჭვიანე კიდეც (იცინის). ჩემი ლექსები იტალიურად და ინგლისურად ააჟღერეს, მე კი რამდენიმე მათგანი ჩემს მშობლიურ ენაზე წავიკითხე. ჩემი პოემა "ჯაკომო პონტი" უკვე ითარგმნა იტალიურ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. ინგლისურენოვანი წიგნი უკვე დევს "ამაზონზე" და იყიდება. მალე წიგნის პრეზენტაცია მექნება სტამბოლსა და ლონდონში.

- თქვენი შემოქმედებითი წარმატების პარალელურად, საქართველოში განიხილება ვერსია პრეზიდენტობის კანდიდატად თქვენი სავარაუდო წარდგენის თაობაზე.

- არათუ პრეზიდენტობას, რიგით პოლიტიკოსობასაც არ ვაპირებ. არა მგონია, მაინცდამაინც პრეზიდენტი უნდა იყო, შენს ქვეყანას რომ ემსახურო. არც ის მგონია, ასპარეზისთვის პრეზიდენტს იმაზე მეტი სივრცე ჰქონდეს, ვიდრე მე მარგუნა ჩემმა სამშობლომ და ჩემმა წუთისოფელმა. ჩემი აზრით, ამგვარი ვარაუდი განაპირობა ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოთქმულმა მოსაზრებამ, რომ შესაძლოა პრეზიდენტობის კანდიდატი საზოგადოების წარმომადგენელიც იყოსო. მან ეს ზოგადად თქვა, მე კი არ ვუგულისხმივარ. მე პოლიტიკაში მხოლოდ მაშინ ვერთვები, როდესაც ყაჩაღივით შინ მივარდება პოლიტიკა, როცა ჩემს უფლებებს, ჩემი სიტყვის თავისუფლებას ლახავს, როდესაც ვხედავ, რომ ღირსებას ჰყრიან ადამიანს და სამართლის პოვნის შანსს არ უტოვებენ.

- უკვე ექვსი თვეა, რაც ახალი ხელისუფლება ქვეყნის სათავეშია, როგორ შეაფასებთ განვლილ პერიოდს?

- შემიძლია უყოყმანოდ ვთქვა, რომ პროცესები უკეთესობისკენ დაიძრა. ჩვენთან ჰაერი უკვე ისე იყო გაიშვიათებული, ამ აღმოსავლური დესპოტიის მსგავსი რეჟიმის პირობებში სუნთქვა ჭირდა. უპირველესი სიკეთე, რასაც ვხედავ, პოლიტიკური პოლიციის თვალსა და ხელს შუა გაქრობაა. წინა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა მმართველობის ცხრა წლის განმავლობაში, რომ ჩამოეყალიბებინა პოლიტიკური პოლიცია, რომლის მთავარი მიზანი იყო მოეკლა, დაესახიჩრებინა, ეწამებინა, ეცემა ოპოზიცია. ქართული პოლიცია "ნაციონალური მოძრაობის" კუთვნილებად აქციეს, მაგრამ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ვნახე სულ სხვა პოლიცია, რომელსაც არ დაუწყია პოლიტიკური ოპოზიციის დევნა, არავინ უცემია, თუ ვიღაც მუშტებს იქნევდა, იმათ აშველებდა, ეს იყო საქართველოს და არა "ქართული ოცნების" პოლიცია. დარწმუნებული ვარ, პენიტენციურ სისტემაში რა კოშმარიც ტრიალებდა, აღარ განმეორდება. ვფიქრობ, ბევრი მიმართულებით იდგმება სწორი ნაბიჯები, რომლის შედეგებსაც მოგვიანებით დავინახავთ.

- "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ 19 აპრილის აქციაზე ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლის საფრთხეს გააპროტესტებენ...

- მოდით, პიედესტალზე დააყენეთ ვანო მერაბიშვილი და კარგად დააკვირდით, თუ ეს კაცი ლაპარაკით, აზროვნებით დასავლური ყაიდის პოლიტიკოსს ჰგავს, წადით აქციაზე. ისიც კი არ ვიცი, საიდან, რომელი ისტორიული მონაკვეთიდან უნდა ავუხსნა, რა არის დასავლური ფასეულობები. ამათ ჯერ ანბანი და "თხა და გიგო" უნდა ისწავლონ. მერაბიშვილი, ეს თანამედროვეობის იოანე რაბათელი, რაბათის კომპლექსზე ისე ლაპარაკობს, როგორც კანფეტზე, ამას წინათ კულტურის სამინისტროში რომ მოიჭრა განხილვაზე, იძახდა - ესო ლამაზიაო, ბრჭყვიალაო, თქვენ რომ ააშენებთ, იმას შეადარეთო... კაცი ამ კატეგორიებით აზროვნებას ვერ გასცდა და რა დასავლურ ღირებულებებზე ლაპარაკობს, არ ვიცი. ისე, კულტურის სამინისტროში იმ შეხვედრაზე რა კომპეტენციის წყალობით მიიწვიეს, ვერ გავიგე. მითხრეს, ინიციატივა და სურვილი გამოხატა მოსვლისო, ასე რამდენსაც სურვილი ექნება, ყველა თუ მიიწვიეს, კულტურის სამინისტრო ვეღარ იმუშავებს და ეგ იქნება. როგორც ვიცი, ეგ არის პროფესიით მარკშეიდერი, ჰოდა, ამ "ცისფერ მთებში" ხომ არ ჩავრჩებით სამუდამოდ, ერთი კარგი მარკშეიდერი სულ რომ გვჭირდებოდეს. აქციას რაც შეეხება - აქცია გაიმართა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, რომელშიც მთელი ქვეყნის მოსახლეობა მონაწილეობდა და ამით დასრულდა რეჟიმი. იძახდნენ, ევროპა ჩვენი სახლიაო, თუ ეს ესმით, მაშინ შუშაბანდის მიშენებას კი არ ეცდებოდნენ ამ სახლზე, არამედ ცხოვრების წესით დაამტკიცებდნენ ამას. როგორ ფიქრობთ, ევროპა ჩემი სახლი არ არის და ადეიშვილისა და მერაბიშვილის სახლია, ამ ორი ტურის - ქილილასი და დამანასი? ისე, ვისაც სჯერა, რომ ადეიშვილი და მერაბიშვილი ევროპაში გაჭრილი ორი ფანჯარაა, გაატარეთ ამ აქციაზე, ოღონდ გაფრთხილდნენ, ორპირმა ქარმა არ დაჰკრას...

- ბოლო ხანს აქტუალური გახდა 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების თემა. წინა ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს რუსეთის და პუტინის წისქვილზე დაასხამს წყალს.

- ნაციონალების ღმერთი არის პუტინი, მაგის იქით ვერც ფიქრობენ, ვერც ვერაფერს სწავლობენ. ერთი დარჩა, რომ შინ ჩამოიკიდონ პუტინის ფოტოები და სულ მაგას უყურონ, მეტს მაინც ვერაფერს ხედავენ ამხელა მსოფლიოში. როდესაც მსჯელობას იწყებ და თან სამსჯელო საგანი საქვეყნო სივრცეს მოიცავს, წესით, შენი ქვეყნის ბედ-იღბლიდან იწყებ ადამიანი ფიქრს, ესენი კიდევ პირდაპირ პუტინიდან იწყებენ - იმას რა გაუხარდება ან რა ეწყინება. ჩემი აზრით, ეს თემა აუცილებლად უნდა იყოს შესწავლილი. 2008 წელს ისეთი მნიშვნელობის ტრაგედია მოხდა, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, ზუსტად რა და როგორ იყო, შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება, თუ არა. უნდა იცოდეს, როგორ მოიქცა პოლიტიკური ხელმძღვანელობა თვითონ, როდესაც ხალხს დანა-ჩანგლით ბრძოლისკენ მოუწოდებდა და თანაც იძახდნენ, გავიმარჯვეთო. ახლა რაღა აკრთობთ, თუ გაიმარჯვეს, საქართველო ხომ უნდა იცნობდეს თავის "გმირებს" ამ "დიდი გამარჯვების" შემოქმედთ. ხომ უნდა ვიცოდეთ, ბოლოს და ბოლოს ვინ რა გააკეთა, ან მთავარსარდალმა რა მაგალითი მისცა მხედრობას, ან დანარჩენმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ.

- თითქმის დაზუსტებით ითქვა, რომ ამ საკითხზე პრეზიდენტიც შეიძლება დაიკითხოს, თუმცა მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს გამოძიებასთან თანამშრომლობას, რადგან ეს მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებს დააზარალებს...

- სააკაშვილს გადაეცით, საქართველოს ინტერესები მაშინ დააზიანეთ, როდესაც შენ და შენმა პოლიტიკურმა ჯგუფმა პორტარტურიდან საკუთარ ცხენებს გამოასწარით-თქო! ისე, ეს დალოცვილი, თუ ტრავმირებას აპირებდა, თავის დროზე, ომში მაინც მიეღო ეს ტრავმები. სააკაშვილი დაკითხვაზე მივა კი არა, მიცუნცულდება. რით ვერ გაიგეს, რომ კოჰაბიტაცია კრიმინალებისა და დემაგოგების თავშესაფარი არ არის.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა