გიგი კალანდაძემ ირაკლი ალასანიას ვალების გადახდა სთხოვა?!

გიგი კალანდაძემ ირაკლი ალასანიას ვალების გადახდა სთხოვა?!

ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში ირაკლი ალასანია ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. შესაბამისად, ის მუდმივად მედიის ყურადღების ცენტრშია და თავდაცვის მინისტრის გარშემო საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო აჟიოტაჟი არ ცხრება. მას ხან გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი უყენებს ბრალდებებს, ხან კოალიცია "ქართული ოცნების" დატოვებას უწინასწარმეტყველებენ, ყველაზე მეტად კი იმაზე ფიქრით იტეხენ თავს, იქნება თუ არა ალასანია კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გვესაუბრება:

- კოალიცია "ქართულ ოცნებაში" კარგი სამუშაო გარემოა. ჩვენ სწრაფად მოგვიწია საარჩევნო კამპანიის რეჟიმიდან ქვეყნის მართვის რეჟიმზე გადასვლამ. მიუხედავად ამისა, კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ამ მოკლე პერიოდში მოახერხა, ქმედითი ნაბიჯები გადაედგა ქვეყნის განვითარებისა და თავდაცვის მიმართულებით. მადლიერი ვარ პრემიერის, რომელმაც მხარი დაუჭერა საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების იმ გეგმას, რომელიც მე შევთავაზე. ჩემი და ბატონი ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობა კიდევ უფრო საქმიანი და მჭიდრო გახდა.

- ცოტა ხნის წინ ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებას", სავარაუდოდ, პირველი თქვენ დატოვებთ და "ნაციონალურ მოძრაობასთან" ითანამშრომლებთ...

- ამ ბოლო დროს რატომღაც დამკვიდრდა ტენდენცია, რომ ვიღაცები ექსპერტებად წარმოაჩენენ ხოლმე თავს. სამწუხაროდ, ზოგიერთი მათგანის "ექსპერტული დონით" ხშირად იმედგაცრუებული ვრჩები. მოსახლეობას ვთხოვ, ნუ ენდობიან მსგავს "ექსპერტულ" პროგნოზებსა თუ დასკვნებს. ეს ყველაფერი სრული აბსურდია - არ ვაპირებ კოალიციის დატოვებას და მით უმეტეს ნაციონალებთან რაიმე სახის პოლიტიკურ თანამშრომლობას. ამ სისულელეებზე ლაპარაკიც კი ჩემთვის მიუღებელია.

- დღეს აქტუალურია საკითხი, თუ ვინ იქნება "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი. თქვენი კანდიდატურა კოალიციაში განიხილება?

- ჩვენთვის ეს საკითხი არ არის პრიორიტეტული. თავდაცვის სამინისტროში უამრავი პროექტია განსახორციელებელი, რომელიც ჯარისკაცის უფლებებს დაიცავს და უკეთესი პირობებს შექნის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კუთხით. ჩვენი ვალია, ის საკითხები მოვაგვაროთ, რომელთა გადაწყვეტასაც მოსახლეობას წინასაარჩევნოდ ვპირდებოდით. სწორედ ამას აკეთებს ახალი ხელისუფლება და ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი, ამ ეტაპზე ნაკლებად საინტერესოა. არ გვინდა ვიჩქაროთ, თუმცა, კოალიციაში ამ საკითხს ერთად განვიხილავთ და შეჯერებულ გადაწყვეტილებას საჯაროდ განვაცხადებთ.

- გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა გიგი კალანდაძემ თქვენს წინააღმდეგ ხმაურიანი განცხადებები გააკეთა. თქვენი სახელი ე.წ. კულინარიელების საძმოსა და 14 წლის ბიჭების - თოხმაიდისა და რეხვიაშვილის გაუჩინარების საქმესთან კავშირში მოიხსენია...

- "ნაციონალური მოძრაობის" ძალისხმევით გიგი კალანდაძე "რეალ-TV"-ის გროტესკულ ფიგურას დაემსგავსა. მან "რეალ-TV" ჩაანაცვლა. რა კომენტარი უნდა გავაკეთო იმ სისულელესა და სიბინძურეზე, რაც კალანდაძემ ჩემს წინააღმდეგ თქვა? მე მას პასუხის ღირსადაც არ მივიჩნევ.

- გავრცელდა ასეთი ინფორმაციაც - თითქოს ციხიდან გამოსვლის შემდეგ კალანდაძე კაბინეტში გესტუმრათ შემდეგი წინადადებით - ვალებს თუ გადამიხდი, თქვენს მხარეს ვიქნები და ახალაია-სააკაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას ჩვენებას მივცემო.

- არ ვიცი, საიდან გაქვთ ეგ ინფორმაცია, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ.

- ცოტა ხნის წინ პალდოს საწვრთნელი ბაზა 70-მდე რეკრუტმა დატოვა, რის მიზეზადაც ოფიცერთა მხრიდან შეურაცხმყოფელი მოპყრობა დასახელდა. თუ დაისაჯა ვინმე, ან თუ გაირკვა, რა მოხდა სინამდვილეში?

- ხელმძღვანელ პირთაგან არავინ დასჯილა, ვინაიდან დასასჯელი არც არავინ იყო. მარტო 70-ის­ კი არა, საწვრთნელი ბაზიდან შესაძლოა, 4 ათასადე ადამიანის დათხოვნამ მოგვიწიოს, რადგან არმიაში მომსახურედ საუკეთესოთა შორის საუკეთესო უნდა შეირჩეს. რაც შეეხება იმას, რომ ყველამ თავისი საწოლი, საძინებელი და საპირფარეშო უნდა დაალაგოს, ამის შეხსენება ჯარისკაცს არ უნდა სჭირდებოდეს. ყველას მივცემთ შანსს, მაგრამ თავდაცვის სამინისტროს ჯარში სამსახური მხოლოდ ღირსეულთა ხვედრი იქნება.

- 19 აპრილს ვანო მერაბიშვილის ინიციატივით რუსთაველზე ტარდება მიტინგი - "ჩვენი ევროპული არჩევანი"...

- ნაციონალები ღია კარს ამტვრევენ. ახალმა ხელისუფლებამ ისეთი ნაბიჯები გადადგა ამ კუთხით, რომ არათუ გადაუხვია იმ კურსს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ რამდენიმე წლის წინ აიღო, არამედ კიდევ უფრო მაღალ რანგში წარმოაჩინა ევროპასთან ინტეგრაცია. ჩემთვის სრულიად გაურკვეველია, რა მიზანს ემსახურება 19 აპრილს აქციის ჩატარება. მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" 9 წლის განმავლობაში ხალხის განსხვავებულ აზრს ფეხქვეშ თელავდა, ჩვენ ყველას გვაქვს ვალდებულება, მივცეთ მათ სრული გარანტია იმისა, რომ 19 აპრილს აქცია მშვიდობიანად ჩაივლის. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

- მთავარი პროკურატურა 2008 წლის აგვისტოს ომის გარემოებების შესწავლას დაიწყებს. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ უნდა დაიკითხოს პრეზიდენტიც...

- იმას, რომ მოხდა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ეს აგრესია მოდიოდა რუსეთის სახ­ელმწიფოსგან, არავინ უარყოფს. არც ქართულ და არც სხვა ქვეყნების საზოგადოებას ეს საკითხი სადავოდ არასოდეს გაუხდია. რაც შეეხება კითხვას - შეგვეძლო თუ არა ამ ომისთვის თავის არიდება? - დიახ, შეგვეძლო, რუსეთის მიერ დაგებულ მახეში თავი რომ არ გაგვეყო. და კიდევ, ხელისუფლებას უნდა გაეთვალისწინებინა, უნდა სცოდნოდა საკუთარი ჯარის შესაძლებლობანი. რატომ არ იყო კომუნიკაცია, მართვა და კონტროლი ისეთ დონეზე, რომ არ შექმნილიყო ამ მხრივ პრობლემა? რატომ არ მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია ქართული სოფლებიდან, რატომ არ იმუშავა რეზერვმა, სად წავიდა ის 8 მილიარდი, რომელიც ყოფილმა ხელისუფლებამ თავდაცვას მოახმარა? არა მარტო პრეზიდენტი, ამ ომთან დაკავშირებით უნდა დაიკითხოს ყველა ის პირი, ვინ საომარ სიტუაციებში გადაწყვეტილებებს იღებდა.

დარეჯან ლიპარტელიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა