შეყვარებული გოგონები ბიჭების ყურადღების მიპყრობას თვითმკვლელობით ცდილობენ

შეყვარებული გოგონები ბიჭების ყურადღების მიპყრობას თვითმკვლელობით ცდილობენ

თითოეულ მოზარდს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ფსიქოლოგები ოჯახის წევრებს მოუწოდებენ, გარდატეხის ასაკში მყოფ შვილებს სათუთად მოეპყრან, რადგან მათთან სიხისტე გაუმართლებელია, ხშირად - საშიშიც. არასრულწლოვანი თავს უსუსურად გრძნობს, ფიქრობს, რომ მისი არავის ესმის და შესაძლოა, თვითმკვლელობამდეც კი მივიდეს. მოზარდისთვის ეს ყველაზე მარტივი გზაა, ამით საკუთარ თავს და სხვებსაც უმტკიცებს, რომ მისი მართვა შეუძლებელია.

გასულ კვირას ხულოს რაიონში დედა-შვილს შორის მომხდარი შელაპარაკება შეიძლებოდა, მძიმე შედეგით დასრულებულიყო... საბედნიეროდ, სამდღიანი ძებნის შემდეგ, 16 წლის ნონა სახლში დაბრუნდა. ახლა მშობლებს თავისი ქმედების გამო ბოდიშს უხდის. უცნობია, გოგონამ ამ ნაბიჯით დედისთვის ჭკუის სწავლება სცადა თუ შეყვარებული ბიჭის ყურადღების მიქცევა სურდა... ნონა ხულოს რაიონის სოფელ ქვედა ქედლებში ცხოვრობს. სახლიდან გაბრაზებული გასულა. დედას ეგონა, ბებიასთან იყო. ცოტა ხანში მოუკითხავს, მაგრამ ქალიშვილი იქ არ დახვედრია. მეგობრებთან და მეზობლებთანაც რომ ვერ იპოვა, შეშინებულმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.

სამართალდამცავები, სამაშველო სამსახური და ახლობლები გოგონას ყველგან ეძებდნენ, 15 აპრილს კი საკუთარი სახლის სარდაფში, კუთხეში მიყუჟული იპოვეს.

"მაშველებმა სახლის სრულყოფილი ჩხრეკა ჩაატარეს და დაკარგული გოგონა სარდაფში ნახეს. თავიდან ხმას არ იღებდა. "სასწრაფო დახმარება" გამოიძახეს, პულსი გაუსინჯეს, წნევა გაუზომეს, ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. ფსიქოლოგიც მოუყვანეს. მერე ალაპარაკდა და გვითხრა, რომ იმ დილით დაბრუნდა სახლში და სარდაფში დაიმალა", - გვიამბო გოგონას მეზობელმა.

მისი თქმით, ნონა უიმედოდ იყო შეყვარებული, ბიჭისგან თანაგრძნობას ვერ იღებდა.

"გოგონამ ამ ფორმით სცადა ბიჭის ყურადღების მიქცევა. არადა, ყველანი შოკში ვიყავით, როცა მის სასოწარკვეთილ დედას ვუყურებდით. დედასთან შეკამათება მართლა მოუხდა, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი ყოფილა. ქალი გაოგნებული იყო, შვილისგან ასეთ საქციელს არ ელოდა. ბავშვის ბებია პირველ სართულზე ცხოვრობს და თავიდან იქ ეგონა... ყველგან ვეძებდით, მაგრამ ვერსად მივაგენით. მესამე დილით სარდაფში ნახეს. სახლთან ახლოს პატარა ტყე არის და როგორც ამბობს, იქ იმალებოდა, მერე წაქცეულა და გონება დაუკარგავს. სხეულზე უმნიშვნელო დაზიანებები ეტყობა - ხელზე პატარა ნაკაწრი აქვს. ამბობს, ტყეში დამალვის დროს დავიზიანეო. სერიოზული არაფერი სჭირს, კონტაქტშიც თავისუფლად შემოდის. გამომძიებელმა უკვე დაჰკითხა. ნონა XI კლასის მოსწავლეა. ბიჭი, რომელიც მას უყვარს, სოფელში არ ცხოვრობს - თბილისში, ხელოვნების გიმნაზიაში გაუცნიათ ერთმანეთი და შეუყვარდა... ნონა ცოტა ხანს იყო თბილისში, მამა მირიანთან. გიმნაზიაში უნდა ესწავლა, მაგრამ იქაური ჰაერი ვერ აიტანა და მშობლებმა მალევე უკან წამოიყვანეს. სკოლაში აქ დადის, მაგრამ იმ ბიჭთან დაკონტაქტებას ბევრჯერ შეეცადა... ნონა ძალიან კარგად ხატავს, ზრდილობიანი გოგოა, თუმცა - გულჩათხრობილი. ოჯახში სამი ქალიშვილი იზრდება. დედა დიასახლისია, მამა - "ქართული ოცნების" წევრია და პარტიის ოფისში მუშაობს. როგორც ჩანს, ეს ნონას ბავშვური კაპრიზი იყო. სხვა ახსნას ვერ ვუძებნით. ახლა თვითონაც ძალიან ნანობს, - ოჯახი ასე როგორ ვანერვიულეო. პოლიციელებს რა ჩვენება მისცა, არ ვიცი, სხვას ვერაფერს გეტყვით", - მითხრა მეზობელმა ქალბატონმა.

მისი თქმით, გოგონას ძებნის გამო ოჯახში კინაღამ ტრაგედია დატრიალდა. სასოწარკვეთილმა მშობლებმა ყურადღება მოადუნეს და მათი 5 წლის გოგონა აივნიდან გადმოვარდა. ნონას პატარა დაიკომ ხელი მოიტეხა და ბავშვს ბათუმში სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა...

შარშან ანალოგიური შემთხვევა თბილისშიც მოხდა - 16 წლის გოგონამ შეყვარებულის ყურადღების მიპყრობა უჩვეულო ფორმით სცადა: თემქაზე მდებარე ე.წ. "არაშენდას" კორპუსის მე-17 სართულის აივნის მოაჯირზე გადმომდგარი, ჯიუტად, შეყვარებულის მოსვლას ითხოვდა და ისტერიკულად კიოდა: - არ მომეკაროთ, თორემ გადავხტებიო! ძალოვანები თითქმის ერთი საათი ცდილობდნენ მის გადარწმუნებას. ფსიქოლოგიც ჩაერთო პროცესში. მძიმე საყურებელი იყო გოგონას გამწარებული მამის მოსმენა. იგი ქვედა სართულის აივანზე იდგა და დაჩოქილი შვილს ემუდარებოდა: არ დამღუპო, შვილო, ყველაფერს გავაკეთებ შენ გამო, ამას ნუ იზამო!

გოგონა გადახტომას იმიტომ არ ჩქარობდა, რომ შეყვარებულის გამოჩენას ელოდა. მარიამი ერთადერთ ფრაზას იმეორებდა: დანიელი რომ მოვა, დავანახვებ, რომ ის მართლა მიყვარსო! სავარაუდოდ, შეყვარებულის თვალწინ უნდოდა თავის მოკვლა და სამუდამოდ ასე დაემახსოვრებინა მისთვის თავი. მან რაღაც მომენტში ყურადღება მოადუნა, ძალოვანებმა დრო იხელთეს, გოგონას ხელი ჩაავლეს და სახიფათო ადგილს გაარიდეს. ამით არ დასრულებულა ყველაფერი. უჩვეულოა, მაგრამ ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში მარიამმა ისევ სცადა თავის მოკვლა, იმავე კორპუსში იგივე მოიმოქმედა. მაშინაც მაშველებმა იხსნეს.

ეს ფაქტები მხოლოდ ცალკეული შემთხვევებია თუ რაღაც სახიფათო ტენდენციის მიმანიშნებელი, - ამაზე ფიქრი და სწორი დასკვნების გამოტანა ფსიქოლოგებს, პედაგოგებს, მშობლებსა და საერთოდ, მთელ საზოგადოებას გვმართებს.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"