როგორ გაყიდეს ექიმები შენობის გარეშე

როგორ გაყიდეს ექიმები შენობის გარეშე

თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის კვეთაზე მდებარე დიდი ტრადიციების მქონე შპს "მე-13 პოლიკლინიკა" უცნაურ და საეჭვო გარემოებაში გაასხვისეს. ჯანდაცვის ობიექტების გამსხვილება-ოპტიმიზაცია, შემდეგ კი გასხვისება, თბილისის მერიის მიერ ფართოდ დამკვიდრებული პრაქტიკაა, თუმცა, როგორც ჩანს, პრესტიჟულ ადგილზე მდებარეობა შპს "მე-13 პოლიკლინიკას" განსაკუთრებულ მიმზიდველობას სძენს... სამკურნალო დაწესებულების ირგვლივ განვითარებულ არაორდინარულ მოვლენებზე მისი მთავარი ექიმი ლეილა შეროზია გვესაუბრება:

- "მე-13 პოლიკლინიკა" თბი­ლისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ აუქციონზე გასაყიდად პირველად 2011 წლის 31 აგვისტოს გაიტანა და მისი ფასი მილიონ ცხრაასი ათასი ლარი იყო. ის შპს "მედკაპიტალმა" შეიძინა, რომელიც კომპანია "ავერსის" ბაზაზეა შექმნილი, მაგრამ რამდენიმე თვეში ჩვენი პოლიკლინიკის შესყიდვაზე, დანარჩენებისგან განსხვავებით, უარი თქვა. ამის შემდეგ, პოლიკლინიკა ხელმეორედ გაიტ­ანეს აუქციონზე, მაგრამ მყიდველი კვლავ არ გამოჩნდა, იგივე განმეორდა 2012 წლის მაისში, როცა ის პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებით პირდაპირი მიყიდვის წესით იყიდებოდა. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, 2012 წლის 20 ნოემბერს - პოლიკლინიკა დაჩქარებული ტემპითა და განახევრებული ფასით - მილიონ ლარად გაასხვისა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ შპს "მედიკომზე". უპრეცედენტოა ისიც, რომ მერიამ, ასე ვთქვათ, ჩვენი საქმიანობა გაყიდა - გაგვასხვისეს, როგორც ექიმების გაერთიანება, და რაც მთავარია - უძრავი ქონების, შენობის გარეშე, რომელიც მერიის ბალანსზე დარჩა! კლინიკა "შუა ქალაქთან" ერთად, ერთ ლოტად გაგვყიდეს... თან, მთლიანი თანხის დასაფარად "მედიკომს", მის ერთ-ერთ დამფუძნებელს და მეწილეს, ვინმე კახა ლომსაძეს საკმაოდ დიდი დრო მისცეს - 2013 წლის დეკემბრამდე. ჯერჯერობით კი მხოლოდ 30 000 ლარი - პირველი ბიჯი აქვს გადახდილი.. კახა ლომსაძე "მედიკომთან" ერთად "კლერიონისა" და სხვა კომპანიების ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომელთაც რამდენიმე მსხვილი პოლიკლინიკა შეიძინეს, მის უკან დგანან ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ანდრია ურუშაძის ძმა და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა ბაკურაძე... ასე დაგვტოვეს 80 ექიმი, პოლიკლინიკის მედპერსონალი ქუჩაში; ახლა გვეუბნებიან, კლინიკა "შუა ქალაქში" გადადითო, არადა, ამ კლინიკაში მხოლოდ რვა ოთახია თავისუფალი, დაახლოებით 150 კვმ. იქ გადასვლის შემთხვევაში ბავშვთა და მოზრდილთა ექიმებს ერთ ოთახში მოუწევთ საქმიანობა, რაც ელემენტარული სამედიცინო-სანიტარიული ნორმების დარღვევაა. "შუა ქალაქის" ექიმებიც აპროტესტებენ: იმათ არ შემოვუშვებთო და არის ერთი ამბავი! როცა მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე თამარ მათიაშვილს ვკითხეთ, რატომ არ გაიყიდა პოლიკლინიკა თავისი ფართობით, მან გვითხრა: ეს ისტორიული შენობააო, არადა, ჩვენს გვერდით, რუსთაველის გამზირზე მდებარე მართლაც ისტორიული მნიშვნელობის შენობა - ყოფილი იუსტიციის სამინისტრო, ჭავჭავაძეების სასახლე გაყიდეს! და რაც ყველაზე საგანგაშოა - აუქციონის პირობებით. მყიდველი მხოლოდ ხუთი წელია ვალდებული, პოლიკლინიკებს პროფილი შეუნარჩუნოს, 5 წლის შემდეგ კი შეუძლია კაზინო ან რესტორანი გახსნას. ქონების მართვის სააგენტო იმასაც გაიძახის, ეს პოლიკლინიკა წამგებიანია, კონკურენტუნარიანი არ არისო, არადა, 2010 წელს "მე-13 პოლიკლინიკის" სუფთა მოგებამ 35 ათასი ლარი შეადგინა, რომელიც მთლიანად წაიღო ქონების მართვის სააგენტომ, ადრე კი მოგების ნახევარი პოლიკლინიკას რჩებოდა და მის შემდგომ განვითარებას ხმარდებოდა. საქმე ის არის, რომ ქალაქის მერმა გიგი უგულავამ შეცვალა ბრძანება და ახლა სააგენტოს დაქვემდებარებული შპს-ები ვალდებულნი ვართ, მოგების 100 პროცენტი მას გადავცეთ. ამასთან, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ პირველადი ჯანდაცვა - პროფილაქტიკური მედიცინა, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის მომგებიანი და კონკურენტუნარიანია. ის ჯანდაცვის სისტემის საფუძველი, პირამიდის ფუძეა, შესაბამისად, ამ გზით ბიზნესის წარმოება შეუძლებელია.

- ვის მიმართეთ ამ საქმესთან დაკავშირებით?

- ყველას, პარლამენტს, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა პაპუაშვილს, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს და რაც მთავარია, სამართალდამცველ ორგანოებს. ჩვენი საქმე ამჟამად წინასწარ გამოძიებაშია, ფინანსურ პოლიციაში გამომძიებელი პაატა გაფრინდაშვილი კურირებს, თუმცა, გამოძიების ტემპით უკმაყოფილოები ვართ. ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ იმედი გაგვიჩნდა, მაგრამ თბილისის მერიაში არაფერი შეცვლილა, - ეს არის სახელმწიფო სახელმწიფოში. მერიის პასუხი უცვლელია: პოლიკლინიკა უკვე გავყიდეთ და ახლანდელი პროცესები ჩვენს კომპეტენციაში არ შედისო... ქონების მართვის სააგენტოს უფროს დავით ჭედიასა და გიგი უგულავას ხალხის ქონება თავისი ჰგონიათ.

P.S. "ყველა სიახლე" შეეცადა "მედიკომის" ხელმძღვანელობასთან კომენტარის ჩაწერას, თუმცა ჩვენს ზარებს არავინ უპასუხა.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა