"არასრულწლოვანთათვის ჩილიმის მოწევა არ შეიძლება"

"არასრულწლოვანთათვის ჩილიმის მოწევა არ შეიძლება"

ჩილიმის წარმოშობის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. როგორც ამბობენ, თავდაპირველად, ჩილიმს ინდოელები ეწეოდნენ; დროთა განმავლობაში ის ჯერ აზიაში, შემდეგ - ევროპაშიც გავრცელდა. ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოშიც პოპულარობით სარგებლობს. ღამის კლუბებსა თუ კაფეებში არაერთ ადამიანს შეხვდებით, ამ მეტ-ნაკლებად ძვირიანი "სიამოვნებით" გატაცებულსა და გაბრუებულს... ჩილიმის შესახებ ერთ-ერთი უზბეკური რესტორნის მეჩილიმეს - მამუკა დალოევს ვესაუბრე.

- მამუკა, რა არის ჩილიმი და საიდან მოდის მისი მოწევის ტრადიცია?

- ჩილიმი ძირითადად, ეგვიპტეში იყო გავრცელებული და მეფისა და დიდგვაროვანთა ფუფუნებას უფრო წარმოადგენდა. მაშინდელი დიზაინი, რა თქმა უნდა, სხვაგვარი იყო, მაგალითად, ზემოდან ჭიქის მაგიერ ქვას ადებდნენ, ბამბუკებით ეწეოდნენ, თავისებური თუთუნი ჰქონდათ და ა.შ. ევროპაში ჩილიმი XIX საუკუნეში შემოვიდა, მერე კი რუსეთსა და საქართველოშიც გავრცელდა. ჩილიმის ზომასა და დიზაინში განსხვავება უბრალოდ სილამაზისთვისაა, მეტი არაფრისთვის. ზოგს გამჭვირვალე მილი აქვს, ზოგს დაწნული და ა.შ. ძირი მინისაა და უმეტესად, ხელითაა ლამაზად მოხატული.

- როგორი სახეობის თამბაქო იყრება ჩილიმში?

- თამბაქო ბევრნაირი ხილის არომატითაა - ალუბლის, მარწყვის, ვაშლის, ასევე, მენთოლით, შოკოლადით, ზოგჯერ მიქსსაც ვაკეთებთ - სხვადასხვა არომატს ვაზავებთ. შეიძლება წყალზე ან წვენზე გაკეთდეს, კონიაკით, ვისკით ან სხვა მატონიზებელი სასმლით, კლიენტის სურვილის მიხედვით. ჩილიმის ქვედა ნაწილში - ბოთლში ისხმება წყალი, რომელშიც მილი ორი სანტიმეტრით უნდა იყოს ჩაშვებული, მასზე ჭიქას ვდებთ, რომელშიც რომელიმე არომატს ვათავსებთ, ზემოდან კი ანთებულ ნახშირს ვდებთ. ჩვეულებრივ, მილიდან ქაჩავენ და ისე ეწევიან. ადრე წყალსაც არ ასხამდნენ, მშრალზე ეწეოდნენ. ჩილიმის მოწევისას ისეთივე ნაფაზი უნდა დაარტყათ, როგორიც სიგარეტისა, ან შეგიძლიათ, შეისუნთქოთ და უბრალოდ, ბოლი გამოუშვათ. ქართველები ძირითადად იმას აქცევენ ყურადღებას, რამდენი ბოლი გამოვა.

- მოწევას ე.წ. კაიფის ეფექტი თუ ახლავს თან? პლანს ან სხვა მცენარეს რომ შევადაროთ, დაახლოებით ასეთია?

- არა, არაფერი მსგავსი. თუმცა, ცოტათი აბრუებს, განსაკუთრებით - თუ კონიაკითაა, მაგრამ ორგანიზმსაც გააჩნია. მაგალითად მე, სიგარეტს არ ვეწევი, მაგრამ ჩილიმს - კი. სასიამოვნოდ, მსუბუქად მაბრუებს. გონებაზე მეტ-ნაკლებად მოქმედებს, მაგრამ უცნაური შეგრძნებები ან ჰალუცინაციები ნამდვილად არ ახლავს თან, ეფექტი შესაძლოა ათ წუთში ან უფრო ადრეც გაქრეს. ჩილიმი სახლშიც მაქვს და სტუმრებს ყოველთვის ვუმასპინძლდები ხოლმე.

- მის "შეკეთებას" ცოდნა უნდა?

- კი, რა თქმა უნდა, ბევრმა არ იცის. მე უკვე დიდი ხანია, ამ საქმით ვარ დაკავებული და ხელი შეჩვეული მაქვს. ადრე მოსკოვში ვმუშაობდი. სხვა რამის კეთება არ მეხერხება, ამიტომ, ეს ვარჩიე. ჩემი ჰობი არ არის, მაგრამ ასე ვთქვათ, საქმეს დასჭირდა და ვაკეთებ. თვითონ ვისწავლე, იქაურ ბარებში რომ დავდიოდით, ვეწეოდით ხოლმე, მერე კი სახლში და მეგობრებთან ერთად "დავამუღამე".

- ერთ ჯერზე რამდენის მოწევა შეიძლება?

- საერთოდ, ერთი ულუფა 2-3-კაციანია, თუმცა შეიძლება ათმა კაცმაც მოსწიოს. დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში ეწევიან. მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ როგორია ნახშირი, რამდენი ჩაყარე და ა.შ. ნახშირშიც სხვაობაა, მას თავისებური გემო, ბოლი აქვს და თუ ზედმეტი მოგივიდა, სასუნთქ გზებს წვავს. ბევრი არ შეიძლება, 1-2 "კუბიკი" საკმარისია. მოწევისას, სხვადასხვა არომატიზატორის სურნელი ირგვლივაც დგას ხოლმე.

- ჩილიმი ჯანმრთელობისთვის ისევე მავნებელია, როგორც თამბაქო? ერთ-ერთ ინტერნეტსაიტზე წავიკითხე, რომ შესაძლოა, პირის ღრუსა და ფილტვის კიბო გამოიწვიოს.

- ვერ გეტყვით, ასეთი რამ არ გამიგია. ის კი ვიცი, რომ თამბაქოზე ნაკლებადაა მავნებელი, რადგან ჩილიმში ის თამბაქო არ გამოიყენება, რითაც სიგარეტს ამზადებენ.

- მსმენია, რომ სხვადასხვა ხილის არომატის მქონე ჩილიმს 18 წლამდე ასაკის მოზარდებიც ეწევიან. ეს მათ ჯანმრთელობას არ ავნებს?

- რა თქმა უნდა, არასრულწლოვანთათვის ჩილიმის მოწევა არ შეიძლება.

- ჩილიმი რომელიმე ქვეყანაში აკრძალული თუა?

- ვფიქრობ, არა. არ გამიგია.

- ქართველებში მოთხოვნა დიდია?

- კი და სხვათა შორის, ქალბატონებში უფრო მეტადაა პოპულარული. ეტყობა, კაცებს სიგარეტიც აკმაყოფილებს. მიჩვევა არ იცის, მაგრამ მისი ხშირად მოწევა სასურველი მაინც არ არის. ამიტომ, მაინც ვურჩევდი, ბევრი მოწევისგან თავი შეიკავონ, განსაკუთრებით - თინეიჯერებმა.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"