THE "ვანოს დღე"

THE "ვანოს დღე"

19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით ისეთი პროგნოზები კეთდებოდა, რომ ზოგიერთს გულიც კი დასწყდა, რომ არაფერი მოხდა - არც ცემა-ტყეპა ყოფილა და არც მიხეილ სააკაშვილი გადამდგარა. მოკლედ, "ექშენი" არ იყო.

სამაგიეროდ, ქვეყანაში "ეროვნული მოძრაობა" დაიწყო. პირველად მსოფლიოს ისტორიაში "ეროვნული მოძრაობა" დაანონსეს მოქმედმა პრეზიდენტმა და მოქმედმა თბილისის მერმა. საერთოდ, როგორც წესი, ეროვნულ მოძრაობას ოკუპირებულ ან დაპყრობილ ქვეყანაში იწყებენ და გამარჯვების შემთხვევაში, ყოფილი დისიდენტები ხდებიან ხოლმე პრეზიდენტები და მერები. ჩვენთან უკუღმა ხდება და ლოგიკურად, პროცესი სააკაშვილისა და უგულავას "ლაგერებში" მოთავსებით უნდა დაიწყოს.

ლამის "ეროვნული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ვანო მერაბიშვილი გამოგვრჩა. სხვათა შორის, პირველი გამარჯვება უკვე მიღწეულია. ყოველ შემთხვევაში, მერაბიშვილმა რუსთაველზე შეკრებილებს ამცნო - აქციის შემდეგ ივანიშვილი, მთავრობა და პუტინი ვეღარ იოცნებებენ, რომ საქართველო ევროპას დაშორდესო. ამას მერაბიშვილმა 12 ათასი(დაახლოებით ამდენი ესწრებოდა აქციას) კაცით მიაღწია და წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, "ნაციონალებს", ბოდიშით, "ეროვნულ მოძრაობას" რუსთაველზე 50 ათასი კაცი რომ შეეკრიბა. სულ მცირე, ყელზე თოკმობმული პუტინი ჩოქვით ჩამოვიდოდა კრემლიდან კასპამდე, მაქსიმუმ კი, კიდევ ერთხელ მივიღებდით "მაპ"-ზე უკეთესს.

"ხელები შორს საქართველოს დამოუკიდებლობისგანო", - თქვა მერაბიშვილმა და ახალი აღმოჩენა გააკეთა: 90-იან წლებში, როდესაც ეროვნული მოძრაობა დაიწყო, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მაქსიმუმ 1000 კაცი იბრძოდაო. ან მერაბიშვილს ეროვნული მოძრაობა სხვა რამე ჰგონია, ან 90-იან წლებში სხვაგან იყო. არა, აშკარად პირველ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

სააკაშვილმა კი ნამუსზე ააგდო ახალი მთავრობა - უღირსობაა, როდესაც იუშენკოს საპნის, შამპუნისა და აბანოს ანგარიშს უგზავნიო. არადა, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი იფიცება - არ მიბანავია თბილისში, იმ დროს საერთოდ არ ვყოფილვარ საქართველოს დედაქალაქშიო. არა, - უმტკიცებენ თბილისიდან - გინდა თუ არა იყავი და შენი ჩუსტები და ჩაიდნები 400 დოლარი დაგვიჯდაო. ესენი იმდენს იზამენ, რომ ბოლოს და ბოლოს იუშენკოს აბანოფობია დაემართება.

სამწუხარო ამბავიც უნდა გითხრათ - როგორც ჩანს, "ეროვნული მოძრაობის" ლიდერებს შორის ყველაფერი წესრიგში არ არის. კერძოდ, როდესაც სააკაშვილი იუშენკოს აბანოზე საუბრობდა, მერაბიშვილმა ადგა და აქცია დატოვა. "შენც ვანო?", - იფიქრა ალბათ, დისიდენტმა-პრეზიდენტმა.

ექსპერტებმა აქცია დაანონსეს, როგორც "ვანოს დღე". თუმცა მთლად ასე არ გამოვიდა. თუმცა მერაბიშვილმა გული არ გაიტეხოს. თუ "ეროვნული მოძრაობა: დამაცხდა, შეუძლია იუმორის სფეროში სცადოს ბედი - ყოველ შემთხვევაში, 19 აპრილს საქართველოში ჩატარებული ერთად აღებული ყველა მიტინგის პაროდია კარგად გამოუვიდა.

გიორგი კვიტაშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა