მოზღვავებულ პრობლემებთან ერთად ბოლო დროს, საზოგადოებას თავსატეხი უკვე მოზარდებმაც გაუჩინეს არორდინალური სიტუაცების შექმნით. როგორც ჩანს, საზოგადობა ზოგადად ვეღარ იცლის მოზარდების პრობლემებზე დასაფიქრებლად, რის შედეგსაც ვიმკით. სულ რამდენიმე დღის წინ, ხულოს რაიონის სოფელ ქედლებში, 16 წლის ნონა ქედელიძე გაუჩინარდა.
შეშინებულმა მშობლებმა დასახმარებლად აჭარის სამაშველო სამსახურს მიმართეს, უმცროსი 8 წლის ვაჟი მეზობელს მიაბარეს, თავად კი მაშველებთან ერთად გოგონას საძებნელად სოფლის მიმდებარე ტყეებში გაემართნენ. იქ კი შვილს თითქმის ორი დღის მანძილზე უშედეგოდ დაეძებდნენ. ამასობაში მეზობელს მიბარებულმა უმცროსმა ვაჟმა ფეხი სამ ადგილას მოიტეხა, რის გამოც ნონა ქედელიძის მამა მაშველებს ჩამოშორდა და უმცროსი შვილი საავადმყოფოში გადაიყვანა. ძებნა გოგონას დედამ განაგრძო, რომელიც განუწყვეტლივ იმეორებდა, ჩემი შვილისთვის არაფერი დამიშავებიაო...
უშედეგო ძებნის შემდეგ სასწორაკვეთილებაში ჩავარდნილ მშობლებს მხსნელად მაშველების ინტუიცია მოევლინა, - მათ ქედელიძეების სახლის სარდაფის გაჩხრეკა მოინდომეს. აი, რა გვიამბო აჭარის საგანგებო და გადაუდებელ საქმეთა სააგენტოს უფროსის მოადგილემ, მამუკა თურმანიძემ:
"ჩვენი თანამშრომელი იქ ფარნით და "ნონა, ნონას" ხმამაღალი ძახილით შევიდა. რაზეც არავინ უპასუხა. ბოლოს იგი ერთ კასრთან ძველი ტანსაცმელის გროვას გადააწყდა, გადაქექა და შიგ ჩაცუცქული შეშინებული გოგო დაინახა. გოგოს ხელი ისე მოვკიდეთ და ისე ამოვიყვანეთ სარდაფიდან, კრინტი არ დაუძრავს. საკმაოდ დაუძლურებული იყო. სახეც დაკაწრული ჰქონდა.
- და რას ამბობდა?
- არაფერსაც არ ამბობდა. ჩუმად იყო. ბოლოს ერთი ჩვენგანი შეეკითხა, სამი დღე-ღამე უწყლოდ როგორ გაძელიო და იმას უპასუხა, - ღამით გამოვძვერი, სახლთან ახლოს გავედი, წყალი დავლიე და უკან შევძვერიო. საერთოდ კითხვებისაგან თავს ვიკავებთ, - აქეთ გავაფრთხილეთ ოჯახის წევრები, - სანამ ექიმთან არ მიიყვანთ და ფსიქოლოგიურად არ მოძლიერდება, გოგონას არაფერი არ ჰკითხოთო, მაგრამ როცა საქმე მოზარდთან გვაქვს და ყველაფერი მშვიდობით მთავრდება, ბიჭები მაინც ვერ ითმენენ ხოლმე და რაღაცას მაინც იკითხავენ. ყური მოვკარი, გოგოს ერთი ჩვენგანი რომ ეკითხებოდა - მაინც რა მოხდაო? და იმან უპასუხა, - ცოტა დედასთან ვიკამათეო... ეს იყო და ეს. მერე ბავშვი სახლში შეიყვანეს, საქმე გამოძიებას გადასცეს, ჩვენ კი წამოვედით.
- სანამ გოგონას იპოვიდით, მანამდე მშობლებისთვის ხომ არ გიკითხავთ, მათი შვილი სახლიდან პირველად გაუჩინარდა თუ ეს სხვა დროსაც განმეორდა?
- რა თქმა უნდა. და მამამისმა გვიპასუხა, რომ მისი ქალიშვილი საერთოდ ძალზე დამოუკიდებელია და მსგავსი რამ პირველად არ მომხდარა"...
... რადან თავად ნონა ქედელიძე ტელეფონს არ პასუხობდა, ვცადეთ სოფელ ქედლების მოსახლეობას დავკავშირებოდით. ერთმა მათგანმა ნონას შინიდან გაქცევის მიზეზად გოგონას ცალმხრივი სიყვარული და ამ სიყვარულის გამო მშობლებთან დაპირისპირება დაასახელა. ჩვენი ინკოგნიტო წყარო "ამ უბრალო რამეზე"გოგონას "არაადეკვატური საქციელით"იმდენად გაღიზიანებული ჩანდა, რომ საუბარი მალევე შევწყვიტეთ და ნონა ქედელიძის მამიდას ნინო ქედელიძეს დავუკავშირდით...
" ვიცი, რა კითხვებიც გექნებათ. პირდაპირ გეუბნებით, რომ ჩემი აზრით, ჩემს ძმისშვილს, ისეთი არაფერი გაუკეთებია, რაც მის ასაკში სხვამ არ შეიძლება გააკეთოს.