ვის გაცნობაზე ოცნებობს მომავალი ავტოდიზაინერი

ვის გაცნობაზე ოცნებობს მომავალი ავტოდიზაინერი

ახალგაზრდა მხატვარს მანქანების ხატვა ბავშვობიდან იტაცებს. დიდი სურვილი აქვს ავტოდიზაინერი გახდეს... მას არა მხოლოდ თანამედროვე, არამედ რეტრო სტილის ავტომანქანებიც მოსწონს. ძველებური სტილი განსხვავებულად და თვალში საცემად მიაჩნია. კითხვაზე, თუ რომელ ფირმაში იმუშავებდა დიზაინერად, მპასუხობს, რომ "სიტროენში" ან "პეჟოში", რადგან ორივე ფრანგულია, დახვეწილი და განსხვავებული სტილით გამოირჩევიან...

5 აპრილს ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთ დარბაზში დავით დრონის პერსონალური გამოფენა გაიხსნა, რომელზეც 37 სურათს შორის, მანქანების გარდა, პორტრეტები და პეიზაჟებიც იყო გამოფენილი... მათ შორის იყო პიანისტ ირმა გიგანის სურათიც. დავით დრონის გამოფენის გახსნაზე როიალზე სწორედ ირმა გიგანი უკრავდა...

-  საგამოფენო მოსაწვევი დავით დრონის გამოფენის გახსნას იუწყება. როგორც ვიცი, დავით მამაგულიშვილი ხარ, უპირველესად აგვიხსენი, რატომ "დრონი"? ეს რას ნიშნავს?

-  დიახ, დავით მამაგულიშვილი ვარ. ძალიან ბევრს მოსდის შეცდომა და ამბობენ, მამაგულაშვილი. ეს არ მსიამოვნებს და ვღიზიანდები. რაც შეეხება დრონს, ბებია ბელორუსი მყავს, დრონი მისი გვარია და გადავწყვიტე, ჩემი სახელი ამ გვართან დამეკავშირებინა. ვფიქრობ, კარგად ჟღერს.

-  მანქანების ხატვამ როდის და როგორ გაგიტაცა?

-  5 წლის ვიყავი, როდესაც დედამ "ნორჩ ტექნიკოსთა კლუბში" შემიყვანა, სადაც ცნობილი პედაგოგი ნოდარ ინჯია ასწავლიდა. მან არაერთი ცნობილი ავტოდიზაინერი აღზარდა. მასთან დაახლოებით ერთ თვეს დავდიოდი, ტრანსპორტის დიზაინის საფუძვლები იქ ვისწავლე, დროს ძალიან საინტერესოდ ვატარებდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ბატონი ნოდარი გარდაიცვალა და მეც ამ სფეროს ჩამოვშორდი. 14 წლის ვიყავი, როდესაც მანქანების ხატვა სერიოზულად დავიწყე. თავიდან მხოლოდ ჟურნალებიდან ვიხატავდი მანქანებს, მოგვიანებით მასშტაბი და დრო გავზარდე და ნელ-ნელა უფრო მეტს ვაღწევდი. ვაპირებ, სამხატვრო აკადემიაში სამრეწველო დიზაინის ფაკულტეტზე ჩავაბარო. შეიძლება უახლოეს მომავალში ტექნიკურ უნივერსიტეტში მსოფლიო დონის სამრეწველო დიზაინის ფაკულტეტი გაიხსნას, მაგრამ რადგან ჯერ არ არსებობს, ალტერნატივად აკადემია მრჩება. აკადემიაში უკვე მიცნობენ და ჩემი დიზაინით აღფრთოვანებულები არიან.

როგორც გითხარით, თავიდან გადახატვით დავიწყე, ამით კარგი ბაზა იქმნება იმისთვის, როგორ უნდა ხატო საკუთარი დიზაინით. შემდეგში არაერთი ნამუშევარი შევქმენი საკუთარი გემოვნებით. ასევე გავლილი მაქვს ტიხრული მინანქრის კურსი, მაგრამ პირობების არქონის გამო მუშაობა ვერ გავაგრძელე. ამ ყველაფერს თანხები სჭირდება. მინანქრის ჯვარი მაქვს გაკეთებული, რომელიც დედას ვუსახსოვრე.

-  ვინ ნახა და როგორ შეაფასა შენი ნამუშევრები? პროფესიონალებს ვგულისხმობ...

-  ზვიად ციკოლიამ. მაშინ 14 წლის ვიყავი. როგორც ვიცი, ტექნიკურ უნივერსიტეტში დაგეგმილ სამრეწველო დიზაინის ფაკულტეტს ცნობილი ავტოდიზაინერი ზვიად ციკოლია უნდა ჩაუდგეს სათავეში, მაგრამ ჯერჯერობით ამ თემის გარშემო ახალი არაფერია. ზვიადი თავისი საქმის პროფესიონალია. აღფრთოვანებული ვარ მისი ნიჭითა და შესაძლებლობებით. ის რამდენიმე ჟურნალში ჩემ შესახებ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ჩემი ნიჭი არ უნდა დაიკარგოს, მაგრამ ჯერჯერობით არავინ გამოჩნდა ისეთი, ვინც ხელს შემიწყობს.

-  ახლა მაგიდასთან ზიხარ და ჩვეულებრივი კალმით ხატავ. საერთოდ, როგორ მუშაობ, ფანქრით თუ საღებავით?

-  თუ მანქანას საიდანმე ვიხატავ, მაშინ ფანქრით, მაგრამ თუ საკუთარი დიზაინით ვქმნი, მაშინ "პასტით". საღებავს არ ვიყენებ, გრაფიკას კარგად ვფლობ და სულ ასე ვმუშაობ.

-  მანქანების გარდა, პორტრეტებსაც ხატავ...

-  დიდი ხანი არ არის, რაც პორტრეტების ხატვა დავიწყე. დედამ მირჩია, მეც მომწონს, კარგად გამომდის და ეფექტურია. პირველად ერთი გოგონა დავხატე, მისი ვინაობა არ ვიცი, უბრალოდ, ფოტო მომეწონა. სულ ასე ვხატავ, ფოტოდან და არა ნატურიდან.

-  მე გამოფენაზე წარმოდგენილი ოდრის პორტრეტი მომეწონა, ეს ქალბატონი სილამაზის ეტალონი იყო...

-  დიახ (იღიმის), ეს პორტრეტი დედას ვაჩუქე დაბადების დღეზე. მისივე თხოვნით დავხატე და ალბათ ამიტომ გამოვიდა ასეთი კარგი. ხელ­ახლა რომ და­ვხატო, ნამდვილად აღარ გამოვა ისეთი, რო­გორიც პირველ ჯერზე.

-  ჰიტლერის პორტრეტსაც ვხედავ...

-  დიახ (იღიმის). შეიძლება ჰიტლერი ცუდი ადამიანია და უამრავ ადამიანს სიცოცხლე წაართვა, მაგრამ როგორც ტიპაჟი, მომწონს. სხვათა შორის, ისიც ხატავდა და თან ძალიან კარგად, ჭკვიანი ადამიანი იყო.

-  ბიძინა ივანიშვილის პორტრეტზე რას გვეტყვი?

-  ბიძინა ივანიშვილის პორტრეტს დაახლოებით ორი თვე ვხატავდი. ბოლო დღეს 13 საათი შეუსვენებლად ვხატე და ისე გადავიღალე, ხელიც კი დამისივდა. პორტრეტი ორი თვის წინ შევქმენი, მინდა ის ბატონ ბიძინას ვაჩვენო, გავეცნო, მაგრამ ჯერჯერობით მასთან შეხვედრა ვერ მოვახერხე. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი დროის ამბავია და ვნახოთ, მომავალში რა იქნება.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"