ჯაბა ბოჯგუას დედას ეშინია, ერთ დღეს ქუჩაში არ აღმოჩნდეს

ჯაბა ბოჯგუას დედას ეშინია, ერთ დღეს ქუჩაში არ აღმოჩნდეს

ცოტა ხნის წინ მომღერალ ჯაბა ბოჯგუას 34 წელი შეუსრულდა. სოციალურ ქსელში ბევრი მილოცვა მიიღო. სამწუხაროდ, მის ნაცვლად მადლობა ყველას დედამისმა გადაუხადა. ჯაბას მეხუთე წელია, ტვინი აქვს გათიშული და ექიმები მის მდგომარეობას უიმედოდ აფასებენ. ჯაბას დედა, მანანა ბოჯგუა, მხოლოდ ღმერთის იმედადაა დარჩენილი და დარწმუნებულია, რომ ღმერთი არ გაწირავს.

-  ქალბატონო მანანა, როგორაა ჯაბა?

-  ჯაბა მეხუთე წელია, ძალიან ავადაა. მგრძნობელობა დაუბრუნდა. ქუჩაში ხმაურზე რეაგირებს. უბრალოდ, კონტაქტში ვერ შემოდის. წვალებით გამოვიარეთ ეს წლები. რაც შემიძლია, არაფერს ვაკლებ. ოთხი წელი დასრულდა, რაც ცუდად გახდა და ჯაბას ერთი ნაწოლიც არ აქვს ტანზე, ისე ვუვლი. იმედია, ღმერთი გადმომხედავს და ყველაფერი კარგისკენ შეიცვლება.

-  ექიმები რას ამბობენ?

-  ექიმების თქმით, აქამდე არ უნდა ეცოცხლა. უიშვიათესი რამ მოხდა. ვერ გვეკონტაქტება, მაგრამ არც გაუარესებულა მდგომარეობა და უკვირთ ექიმებს, ასე რომ მოხდა.

-  ალბათ ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად თქვენ გიჭირთ. ვინ გიდგათ გვერდით?

-  მეგობრები და მეზობლები. მე მაღალანაზღაურებადი სამუშაოც რომ შემომთავაზონ, ვერ ვიმუშავებ. ვერსად გავდივარ, ჯაბას ვერ ვტოვებ. სულ მას ვუყურებ, რამე არ მოუნდეს. ყველანაირად მასზე ვარ დამოკიდებული. ვერ ვიტყვი, ვინმე მეხმარება-მეთქი. დეპუტატი ხაჩირაშვილი წელიწადში ორჯერ გვირიცხავდა წამლის ფულს. მისი მადლობელი ვარ. ახალი ხელისუფლება რაც მოვიდა, სიმართლე გითხრათ, არავინ დამხმარებია. ჯერ ვერ დალაგდა ქვეყანა და სიმართლე გითხრათ, არავისთვის მიმიმართავს. გლდანის რაიონის გამგებლის ძალიან მადლობელი ვარ. ბინის ქირის გადახდაში გვეხმარება. დიდი თანხა არაა, მაგრამ უყურადღებოდ არ დავუტოვებივართ.

-  ალბათ ჯაბა ძალიან შეიცვალა.

-  თავისი სილამაზე არ დაუკარგავს. ფერი არ დაკარგვია, უბრალოდ, გამხდარია, რადგან ოთხი წელია, ცომეული არ მიუღია. ზონდირებულ კვებაზე რადგანაა, იმიტომ გახდა. სითხის სახით ვაძლევ საკვებს.

-  როგორც წესი, დედას გული უგრძნობს ხოლმე, შვილს რა ელის.

-  აქამდე მის ყველა ტკივილს ვგრძნობდი. ახლა ვეღარაფერს ვგრძნობ. არ ვიცი, რატომ. შეიძლება, ასეთი ცხოვრებისგან დავიღალე, მაგრამ იმედი მაინც მაქვს, რომ რამე შეიცვლება. ძველი ჯაბა აღარ დამიბრუნდება, მაგრამ შეიძლება შემომხედოს და დაილაპარაკოს.

-  მას ბევრი მეგობარი ჰყავდა...

-  შოუბიზნესის წარმომადგენლებზე ცოტათი გულდაწყვეტილი ვარ, თუმცა მათიც მესმის. არ დგას ჯაბა ფეხზე და ჯაბას დედა არავის არ უნდა.

-  ალბათ ყველას თავისი პრობლემა აქვს.

-  გეთანხმებით, მაგრამ ვინც ძალიან ახლოს იყო, ის განზეა გამდგარი. ეს ცოტა გულდასაწყვეტია. ჩემი შვილი ძალიან ალალი იყო. ასეთ მდგომარეობაში ვინმე რომ ჩავარდნილიყო, არ მიატოვებდა. ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, მე არავის ვემდურები. ჩემთვის მთავარია, ჯაბა ფეხზე დადგეს. არ ვიცი, როგორ გავუძლებდი ამ ყველაფერს დედაჩემი, ოთხმოცი წლის ქალი რომ არ მეხმარებოდეს. რამე რომ მოვაკლოთ, ერთი დღე ვერ იცოცხლებს. ვცდილობთ და ვწვალობთ და იმის გარდა არაფერი გვინდა, რომ ღმერთმა ის სკამზე მჯდომარე გვაჩუქოს.

-  როგორც მახსოვს, ბინასთან დაკავშირებული პრობლემებიც გქონდათ.

-  პრობლემა გვაქვს. ქირით ვცხოვრობთ. ფულიც არ მაქვს, რომ ბინა შევიძინო, მაგრამ ფულიც რომ მქონდეს, ან ბინიდან, სადაც ვცხოვრობ, პატრონმა რომ გამიშვას, მეორე პრობლემას ვაწყდები. ყველგან კარს მიხურავენ. არ უნდათ, კომაში მყოფი ავადმყოფი შევიდეს მათ ბინაში. მეშინია, ერთ დღეს ქუჩაში არ აღმოვჩნდე.

-  ჯაბას მამასთან, როგორც ვიცი, დაშორებული იყავით. ყოფილი მეუღლის ნათესავებს ახსოვთ ჯაბა?

-  ჯაბას მამა გარდაცვლილია. ჯაბას ჰყავს და. როცა ჯაბა საავადმყოფოში იყო, მის სანახავად სულ მოდიოდა. მას მერე, რაც საავადმყოფოდან გამოწერეს, ტელეფონითაც არ შემხმიანებია. ჯაბა ეძებდა მას და მისი სიყვარულით მეც ველაპარაკებოდი. მე ზედმეტად არ შევაწუხებ და არ დავურეკავ. თუ უნდა, მივიღებ. მისი ნახვა გამიხარდება.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"