ავტორი:

"მომისმენია, როგორ ატყუებენ ქალები მეუღლეებს, რომ საქმეზე არიან და ამ დროს კაზინოში მოდიან..." - ყოფილი მოთამაშის ნაამბობი

"მომისმენია, როგორ ატყუებენ ქალები მეუღლეებს, რომ საქმეზე არიან და ამ დროს კაზინოში მოდიან..." - ყოფილი მოთამაშის ნაამბობი

"მე ვარ ერთადერთი მოგებული, რადგან თამაშს თავი დავანებე... გვიან, მაგრამ მაინც მივხვდი, რომ ეს დამღუპველია და თუ თავად არ ვუშველიდი თავს, სხვა ვერ გადამარჩენდა", - ამბობს ჩვენთან საუბრისას 50 წელს მიტანებული ყოფილი მოთამაშე, რომელიც ახლა ერთ-ერთ კაზინოში მუშაობს და იქაურობას თვალყურს ადევნებს. "მოთამაშეებისთვის მითითების მიცემა, წესრიგი და სათამაშო დარბაზის კონტროლი მევალება", - გვიყვება ჩვენი რესპონდენტი, რომელსაც ყველა აზარტული თამაში "დაგემოვნებული" აქვს და მისივე თქმით, ჭაობიდან ამოსვლაც საკუთარი ძალებით შეძლო...

- ჩემს ახალგაზრდობაში, როდესაც მოთამაშის "კარიერას" ვიწყებდი, ქალები სათოფეზე არ გვეკარებოდნენ, ის კი არა, მხოლოდ განსაკუთრებით გაბედული მამაკაცები რისკავდნენ თამაშს. მაშინ საქართველოში კომუნიზმი იყო და სად იყო სათამაშო აპარატი, პოკერ ან სლოტკლუბები. მართალია, ვისაც ძალიან აინტერესებდა, აზარტს ბანქოთიც კარგად იკლავდა, მაგრამ ასე ხელისგულზე არ იდო ყველაფერი. თამაში მოზარდებისთვის ასე ადვილად ხელმისაწვდომი არ იყო და ძალიან ბევრი ადამიანი გზას აცდენას ალბათ სწორედ ამის წყალობით გადაურჩა. ახლა ყოველ ნაბიჯზე მათი რეკლამებია. ლამის სახლში გივარდებიან.

ახლა შევეჩვიე, უფრო სწორად, არ მიკვირს, თორემ თავიდან ძალიან განვიცდიდი, სათამაშოდ გოგონები რომ შემოდიოდნენ. ისეთი მკვეთრი რეაქცია მქონდა, მეპატრონემ კინაღამ სამსახურიდან დამითხოვა, აქ დასახმარებლად დაგიქირავე და იმის იდეოლოგობას თუ დაიწყებ, რომ ეს საქმე დამღუპველია, უმუშევარი დარჩებიო... ყველგან კამერებია დაყენებული და უბრალოდ შეუძლებელია, ვინმეს დავეხმარო, მაგრამ იმ საშინელ ხმაურში იმის თქმას მაინც ვახერხებ, თავს ნუ იღუპავ-მეთქი.

- რა ასაკის გოგონები სტუმრობენ კაზინოს?

- ყველა ასაკის ქალბატონები შემოდიან. არ ვიცი, მოდაა, თუ მართლაც აქვს ქართველს იმის მოთხოვნილება, რაც წლების განმავლობაში აკრძალული იყო, ინტერესი კი არ მცირდება, პირიქით, მატულობს. მომისმენია, როგორ ატყუებენ ისინი მეუღლეებს, რომ რაღაც საქმეზე, სასწავლო კურსებზე, ექიმთან კონსულტაციაზე, ან სულაც დედასთან ან დაქალებთან არიან წასული და ამ დროს კაზინოში შემოდიან. აქ შემოსულებს კი გარესამყარო ავიწყდებათ. პირველ ხანებში მათი საუბრები გულთან ახლოს მიმქონდა, მახსენდებოდა, თავად როგორ ვიძირებოდი იმ საშინელ წუმპეში და ვცდილობდი, სხვას დავხმარებოდი, რათა იგივე არ გაეკეთებინა. ბევრმა მოთამაშემ ჩემი სიტყვები რაღაც "მანევრადაც" მიიღო და ჩხუბი ატეხა. ბევრს გაეღიმა, დაწყნარდი, ძია კაცო, თავს ვაკონტროლებო...

არადა, მაშინ ჭკუის დამრიგებელი არავინ მყავდა, არავინ იცოდა ჩემი გატაცების შესახებ. არც მეკითხებოდნენ, საიდან მომქონდა ასმანეთიანების შეკვრა უმუშევარ ახალგაზრდას, რომელიც მეორე დღეს აღარ მქონდა... ამათ კი, უცნობიდან დაწყებული ყველა ტვინს უბურღავს, არ გინდა! შეეშვი! თავს ნუ იღუპავ!.. გარშემო უკვე იმდენი ადამიანის უბედურება ესმით, რომელთა მიზეზიც აზარტული თამაშები გახდა და მაინც მოდიან. მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. აქ გრძნობ, რამდენად სუსტია ადამიანის ფსიქიკა ამ მართლაც დამღუპველი თამაშის წინაშე.

ამას წინათ 19-20 წლის გოგონები მოვიდნენ. შვიდნი იყვნენ. ყველა ერთმანეთზე ლამაზები. მიამიტად მითხრეს, მოცეკვავეები ვართო. როგორც გითხარით, მე მათთვის კონსულტაციის გაწევა, ასე ვთქვათ, მეგზურობა მევალებოდა. ზოგი პირველად იყო, ზოგიც მეორედ... გასართობად მოვედითო, მითხრეს. ხუმრობით ვუთხარი, ძალიანაც ნუ შეეჩვევით, თორემ თავის დანებება გაგიჭირდებათ-მეთქი. ეს ის კატეგორია იყო, ერთმანეთის ჯიბრზე რომ დადიან ბარებსა და კლუბებში, რაღაც ახლის ძიებაში რომ არიან. მშობლები ან ვიღაცები იმდენ ფულს აძლევენ, რამდენიც უნდათ და არც კი ეკითხებიან, სჭირდებათ თუ არა მათ ამდენი ფული... ეს მათი მხრიდან "დათვური სამსახურია".

- ასეთი ახალგაზრდები თამაშდამოკიდებული ხდებიან?

- კი, აბა რა, 20 წლის ახალგაზრდა თამაშს რომ გაუსინჯავს გემოს, მას სხვა რამის ინტერესი არც ექნება... მათ სიტუაცია მოსწონთ, კაზინოში, თამაშის გარდა, კარგად ერთობიან. ყავას სვამენ, ეწევიან და ჭორაობენ, ანუ იმ გარემოს პოულობენ, რომელიც სჭირდებათ, სადაც თავს კარგად გრძნობენ და ეს უკვე იწვევს კაზინოს მიმართ დამოკიდებულებას... რამდენიმე დღის წინ გოგონა ჩაგვივარდა ისტერიკაში, ქორწილში მეგობრებისგან ნაჩუქარი 2 ათასი დოლარი წავაგე და ქმარს რა ვუთხრაო. ქორწილი ათი დღის წინ ჰქონია... დაქალებმა დააწყნარეს, თავი ხელში აიყვანე და გამოსავალი ერთად მოვიფიქროთო. მერე რაღაც სცენარის მოფიქრებას შეუდგნენ, ახლა ხომ კრიმინალი გახშირებულია და ვითომ სახლში ვიღაც შემოგივარდა და ფული წაგართვაო. გაგრძელება აღარ მომისმენია, ვთხოვე, კაზინო დაეტოვებინათ და გარეთ ემსჯელათ. იყო შემთხვევები, როდესაც მოთამაშეების მშობლები მოვარდნილან პრეტენზიებით, მე მესმის მათი, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, წაგებულის გადახდა მაინც უწევთ.

- როგორია მამაკაცების დამოკიდებულება აზარტული თამაშების მიმართ?

- იცით, ქალბატონები უფრი რისკიანები არიან. მახსოვს სიტუაციები, როდესაც მეგობარი მამაკაცი წაუქეზებია ქალბატონს, ეს ან დადებითი შედეგით დასრულებულა და ამ დროს მამაკაცს უსაზღვროდ უყვარს ქალი, მაგრამ თუ პირიქით მოხდა, რამდენიმე წუთის წინ თბილი და მოსიყვარულე კაცი აფთარს ემსგავსება და საყვარელ ქალს ყველაზე ნორმალურ შემთხვევაში თარსს ეძახის. უკიდურეს შემთხვევაში, საქმეში დაცვა ერევა. სასაცილო ის არის, რომ ასეთი წყვილები მერეც მოსულან, ანუ ურთიერთობას აგრძელებდნენ... აქ დადიან წყვილები, რომლებიც ბავშვს ძიძას უტოვებენ და კაზინოში "გულის გადასაყოლებლად" შემოდიან.

იცით, ისეთი მოთამაშეებიც მინახავს, ბარში ყავის დასალევად რომ ჩადიან, მიმტანს სთხოვენ, სამარხვო შოკოლადი მოიტანეთო, ანუ მარხვაზე არიან, მაგრამ კაზინოში დადიან... ეს რაღაც ამოუცნობი ქართული ფენომენია ჩემთვის.

- განსაკუთრებით რომელ თამაშზეა მოთხოვნა?

- ტეხასურ პოკერზე, რომელიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და საქართველოშიც შემოვიდა. აზარტული თამაშების მოყვარულებს განსაკუთრებით აინტერესებდათ მისი პრინციპი. მას მეორენაირად ჰოლდემსაც ეძახიან. თუ სწრაფი ფიქრისა და ანალიზის უნარი არ გაქვს, ამ თამაშს ვერ ითამაშებ. ძალიან ბევრი უნდა იფიქრო, რათა სწორი სვლა გააკეთო და high card გამოიყვანო. ეს იყო ჩემი თამაში 30-წლიან "კარიერაში", იქამდე კი, წლების განმავლობაში მოგებული ყველა სახლი და ბინა წავაგე და პეტერბურგის გარეუბანში ერთადერთი, ოროთახიანი ბინა დავიბრუნე. შემდგომ, როდესაც ჯანმრთელობა ძალიან გამიუარესდა, მივხვდი, რომ შეიძლებოდა, ერთ თეთრ ღამეს, როგორც პეტერბურგს სჩვევია, მარტოობაში დამელია სული და საქართველოში დაბრუნებაზეც დავფიქრდი.

- იმ დროს ეს ბიზნესი საქართველოშიც ფეხმოკიდებული იყო?

- ის-ის იყო შემოდიოდა. რუსეთიდან, უცხოეთიდან შემოსულმა მოთამაშეებმა დრო იხელთეს და დამწყები, ჩვენს ენაზე არიფი მოთამაშეები პირწმინდად გაყვლიფეს.

- ამ ხელსაყრელი მომენტით თქვენ არ გისარგებლიათ?

- ერთადერთხელ ვითამაშე, - სულმა წამძლია და ერთ ქართველ ბიზნესმენს მოვუგე, რომელიც ისე გამომწვევად იქცეოდა, მის წინააღმდეგ სხვა იარაღი არ მქონდა. რახან დაფიცებული მქონდა, ფული არ ამიღია, ბიჭებს დავუტოვე და წამოვედი. მას შემდეგ 13 წელი გავიდა. ყოველდღე ვუყურებ, როგორ იძირებიან ადამიანები ამ ჭაობში და ვერაფერს ვაკეთებ, რადგან მეც ამ სიბინძურისგან მაქვს შემოსავალი.

ერთი ამბავი მინდა გიამბოთ, - 2000-იანი წლების დასაწყისში პარიზში ვცხოვრობდი და თავს თამაშით ვირჩენდი. ახლა არ ვიცი რა ხდება, მაგრამ იმ წლებში "პერესტროიკას" გაქცეული ქართველები იქ ცხოვრობდნენ. მათი უმეტესობა ან ქურდობდა ან თამაშობდა. პატიოსანი მუშაობით მხოლოდ მცირე ნაწილი ირჩენდა თავს. ჩვენს უბანში ერთი ახალგაზრდა კაცი ცხოვრობდა. ინვალიდი გოგონა ჰყავდა, ცერებრალური დამბლა ჰქონდა, მაგრამ როგორც ექიმები ამბობდნენ, იოლ ფორმებში და მედიცინის დახმარებით ყავარჯნით უნდა გაევლო. ე.წ. პანსიონატში ცხოვრობდნენ. გოგონა წინასაოპერაციო მკურნალობის კურსს გადიოდა. საოცრად ნიჭიერი და გონებაგახსნილი ბავშვი იყო. ბრწყინვალედ ლაპარაკობდა ფრანგულად, რითაც მედიდური ფრანგების სიმპათა დაიმსახურა. ხელები ცუდად ემორჩილებოდა, მაგრამ მაინც ძალიან კარგად უკრავდა საქსოფონზე. ფრანგები კი გულცივი ხალხია, მაგრამ საღამოობით ბაღში გამოსულ გოგონას მაინც გარს შემოეხვეოდნენ და სიამოვნებით უსმენდნენ.

მამამისმა როგორც კი გაიგო, მის უბანში ქართველები ცხოვრობდნენ, მაშინვე დაინტერესდა და რამდენიმე სახლში დაპატიჟა. გულღიად მოუყვა თავისი გაჭირვების შესახებ, რომელიღაც საერთაშორისო ორგანიზაცია უფინანსებდა შვილის ოპერაციას. გამიმართლაო, ამბობდა... იმ ორგანიზაციაში თავისი ახლობელი მუშაობდა, რომელსაც ძალიან ემადლიერებოდა. მაშინ საბანკო გადარიცხვები იშვიათი იყო, ამიტომ იმ "ენჯეოშნიკ" ახლობელს თანხის რაღაც ნაწილი აღებული ჰქონდა, რათა ამ კაცს ფრანგულ კლინიკაში გადაერიცხა, ოღონდ ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე.

...არ ვიცი, როგორ გამოაშტერეს და დააჰიპნოზეს ეს კაცი, მაგრამ თანამემამულეების წყალობით, ეს თანხა მთლიანად წააგო. მართალი გითხრათ, მაშინ სრულიად სხვანაირი ფსიქოლოგია მქონდა, მაგრამ როდესაც გავიგე, რომ ამის გამკეთებლები ისევ ქართველებს სიკვდილამდე უცემიათ, მაინც მესიამოვნა.

- ბავშვს ოპერაცია ვერ გაუკეთდა?

- გაუკეთდა, მაგრამ დაგვიანებით და მას ვერაფერი უშველეს. არ ვიცი, დროულად რომ გაკეთებულიყო, რა შედეგი ექნებოდა, მაგრამ ექიმებმა თქვეს, რომ დაგვიანებული იყო. მას იქაურმა ქართველებმა შეუგროვეს ფული. ამასობაში მამა ავადმყოფურად მოთამაშე, ე.წ. ჭია გახდა. დილიდან საღამომდე სათამაშო აპარატებთან იდგა. იმ ახლობლების სახლებიდან, რომელთაც შეიფარეს, ფულს იპარავდა და სათამაშოდ გარბოდა. მერე კი, როდესაც უკაპიკოდ დარჩა, გალოთდა და გამათხოვრდა. ცოლ-შვილს საქართველოში არ გამოჰყვა და იქ დარჩა... შემდეგ არ ვიცი, რა ბედი ეწია, მაგრამ მისი გამოსწორების შანსი თითქმის არ არსებობდა. ეს არის ისეთივე დაავადება, როგორიც ნარკომანია. იცით, როდესაც თამაშის სურვილით აკანკალებულ ადამიანებს ვუყურებ, არ მებრალებიან, სიამოვნებით დავასახლებდი მათ სადმე უკაცრიელ კუნძულზე, სადაც მსგავსი არაფერი იქნებოდა. მე მომისმენია, როდესაც ქალი ურეკავს სათამაშოდ შემოსულ მეუღლეს, საჭმელი არაფერი გვაქვსო, ის სრულიად გულგრილად პასუხობს, მე ფული არ მაქვსო და სათამაშოდ ემზადება.

- თქვენ როგორ დაიწყეთ თამაში?

- მე ბაბუამ მასწავლა, რომელიც ნარდის ჩემპიონი იყო. ნარდით დავიწყე, შემდეგ ბანქოსა და დანარჩენებზეც გადავედი... შვილი მყავს, რომელიც რუსეთში, უფაში ცხოვრობს და მხოლოდ დღესასწაულებზე ვეკონტაქტებით ერთმანეთს...

რე|ბანკმა გაამარტივა ტოპ|ქარდის აღების პროცესი და საზაფხულო აქცია დაიწყო

სს „ვანრიკაგროს“ აქტივები გაიყიდა - „საპარტნიორო ფონდი“ ლურჯი მოცვის პროექტს ახალ ინვესტორთან ერთად განაგრძობს

მეტრო "გოცირიძე" გადაიხურება და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება