პოლიტიკა არ უნდა იყოს პიროვნებების სიყვარულზე აგებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა, როდესაც ევროსაბჭოს პოლონელი დეპუტატის კითხვას უპასუხა. დეპუტატმა ივანიშვილს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დამოკიდებულებაზე დაუსვა კითხვა.
ივანიშვილის განცხადებით, მთავრობის მეთაურს პირველ რიგში უნდა უყვარდეს საკუთარი ქვეყანა და ცდილობდეს, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, რუსეთთან ურთიერთობის საკითხში "მიხეილ სააკაშვილს აქვს თავისი წვლილი შეცდომები" და ხალხმა პირველ რიგში დაშვებულ შეცდომებზე პასუხი საკუთარ მთავრობას უნდა მოჰკითხოს.
"თუ არა მიხეილ სააკაშვილის მძიმე შეცდომები, რუსეთს ასეთი დიდი აგრესიის განხორციელება გაუჭირდებოდა",- განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა პოლონელ დეპუტატს რიტორიკა დაუწუნა და აღნიშნა, რომ "სააკაშვილის მსგავსი რიტორიკით" ცდილობს მის პოლემიკაში ჩართვას.
"ამის სურვილი არ გამაჩნია. ამ რიტორიკით მიიღო ჩვენმა ქვეყანამ ის, რაც მიიღო. ჩვენ დღეს გვაქვს მცდელობა, დიპლომატიურად, კულტურულად გამოვასწოროთ დაშვებული შეცდომები", - განაცხადა ივანიშვილმა.