ჩაითვლება თუ არა საპენსიო სტაჟად ცალმხრივი სიყვარულის წლები

ჩაითვლება თუ არა საპენსიო სტაჟად ცალმხრივი სიყვარულის წლები

15 აპრილს ბესო ჩუბინიძის მიერ დაწესებულ სიყვარულის დღეს დავით გოგიშვილმა სამი სტატუსი მიუძღვნა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. ერთ-ერთში ისეთი ინტრიგა იდო, ვიფიქრეთ, დათოს სიახლე ჰქონდა პირად ცხოვრებაში და დავუკავშირდით.

- დავით, 15 აპრილს ძალიან აქტიურობდი, რა სიახლეა შენს პირად ცხოვრებაში?

- სიყვარულის დღეს ქართველი ერი ოდიოზურად აღვნიშნავთ. 15 აპრილს თანამედროვე ნოუჰაუ, ქართული წარმართული ფოლკლორის ნაჟური დავარქვი. "ფეისბუქის" ჩემს გვერდზე ამ დღეს რამდენიმე სტატუსით გამოვეხმაურე: 1) "სიყვარულის ნაღმზე აფეთქებულ წყვილებს ვულოცავ პროფესიულ დღესასწაულს, ვუსურვებ, გრძნობას არასდროს განეცადოს ინფლაცია ლართან და დოლართან მიმართებაში ნიუ-იორკის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე". 2) "საქართველოს ხელისუფლებამ სიყვარულის დღესთან დაკავშირებით სიურპრიზი გაუკეთა ქართულ საზოგადოებას, შრომის კოდექსში შედის ცვლილება, რომლის თანახმადაც ცალმხრივი სიყვარულის წლები ჩაითვლება საპენსიო სტაჟად"; და 3) "ყველაზე მეტად ის ტეხავს ცხოვრებაში, რომ მობილური, ქალაქის ტელეფონი და სიყვარული სამივე ერთდროულად ცალმხრივია".

- სწორედ მესამე სტატუსმა გააჩინა ინტრიგა, რომ გოგიშვილი კვლავ ცალმხრივად არის შეყვარებული.

- მე ორგზის ცალმხრივი სიყვარულის კავალერი გახლავართ, მაზოხისტური იპოთეკით დატვირთული ორი სიყვარული მქონდა ცხოვრებაში. პირველი სიყვარულის შემთხვევაში იმიტომ არ გამიმართლა, რომ მაშინ ლამის სიღარიბის დაძლევის პროგრამის სარეკლამო სახე ვიყავი, მეორედ სიყვარულის ნაღმზე 2004 წელს ავფეთქდი აბაშიძისა და კავსაძის ქუჩების გადაკვეთაზე.

- ვაკეს არ სცდები ხომ, ცოცხალი თავით?

- ჩვენ, პროვინციელები, სოფლელები უბედური შემთხვევის დროსაც და პოზიტიურ შემთხვევაშიც კისერს ვაკეში ვიტეხთ. სვეცკად მოკრძალებული გრძნობები და განსაკუთრებული სენტიმენტები გვაკავშირებს თბილისის ამ უბანთან. სხვათა შორის, ის ავად სახსენებელი ავარიაც მე და თემო მჟავიას მოტოციკლით სწორედ ვაკეში შეგვემთხვა.

- ვინ არის შენი ამჟამინდელი ცალმხრივი სიყვარულის ობიექტი?

- არავინ, ახლა ცარიელი ტაქსივით დავდივარ. გოგონა, რომელიც ბოლოს მიყვარდა, უკვე დიდი ხანია, ქალაქ ჰამბურგში ცხოვრობს. 2008 წლის 4 აპრილს დატოვა საქართველო. ზუსტად იმ დღეს წავიდა საქართველოდან, როცა ნატოს სამიტზე ანგელა მერკელმა მაპი არ მოგვცა. რომ მიდიოდა, ვუთხარი, დაიმახსოვრე, შენ და აფხაზეთი ერთად დაბრუნდებით-მეთქი. მერე მივწერე, 2008-ში საქართველომ დაკარგა შენი თავი, კოდორი და სამაჩაბლო-მეთქი.

- ანუ, ახლა შეყვარებული არ ხარ?

- არა. ვაკანსია მაქვს, ახალ სიყვარულს ველი.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"