ირაკლი ღარიბაშვილი: "ცუდია, თუ მერაბიშვილმა სააკაშვილს ზურგი შეაქცია"

ირაკლი ღარიბაშვილი: "ცუდია, თუ მერაბიშვილმა სააკაშვილს ზურგი შეაქცია"

საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი საკვანძო უწყებაა, შესაბამისად, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მის მიმართ ყურადღება განსაკუთრებით ბოლო დღეებში გამახვილდა. ლაპარაკი იყო იმაზე, მოახერხებდა თუ არა შსს იმის უზრუნველყოფას, რომ ნაციონალების 19 აპრილის აქციას ექსცესების გარეშე ჩაევლო. საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თბილისის მერმა გიგი უგულავამ პოლიციელებს მადლობაც გადაუხადეს. შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ სწორედ 19 აპრილის აქციის შეფასებით დავიწყეთ.

- 19 აპრილის საპროტესტო აქცია იყო დამარცხებული პოლიტიკური პარტიის აქცია. ყველამ კარგად იცის, რა გზებით და მეთოდებით შეძლო "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ ხალხის რეგიონებიდან ჩამოყვანა. აქციის მონაწილეთა უმრავლესობა ანგარებით იყო მისული. 19 აპრილის საპროტესტო აქციაზე პოლიციამ საზოგადოებას და ქართველ ხალხს აჩვენა თავისი დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესების მიმართ - ის, რომ პოლიცია არის დეპოლიტიზებული და არასოდეს ჩაერევა პოლიტიკურ პროცესებში, როგორც ეს ადრე ხდებოდა. საქართველოს დღეს ჰყავს სრულიად დეპოლიტიზებული შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამას ვამბობ დაბეჯითებით და ეს ჩემი უწყების თანამშრომელთა საქციელითაც დასტურდება. რაც შეეხება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილმა და ქალაქის მერმა გიგი უგულავამ ოფიციალურად გადაუხადეს ჩემს უწყებას მადლობა 19 აპრილის აქციის მშვიდობიანად ჩატარების გამო, ეს უბრალოდ, რეალობის აღიარებაა. ასეთი რამ ნაციონალების მხრიდან იშვითად ხდება და მართლაც გასაკვირია. მაგრამ, ვიმეორებ - რეალობა იყო ასეთი და მათ სხვა გზა არც ჰქონდათ. აქცია რომ მშვიდობიანად ჩატარდა, ეს ქართული საზოგადოების მაღალი კულტურის დამსახურებაა.

- 19 აპრილამდე ერთი დღით ადრე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გო­კა გაბაშვილმა განაცხადა, რომ თითქოს თქვენი სიმამრი თამაზ თამაზაშვილი სამარშრუტო ტაქსის მძღოლებზე ახდენდა ზემოქმედებას და ეუბნებოდა - აქციაზე ნუ წახვალთო, თუ დაინტერესდით ამ ფაქტებით?

- ამ განცხადებას, რომელიც გოკა გაბაშვილმა თუ უმცირესობის სხვა წევრებმა გააკეთეს, რეალობასთან კავშირი არა აქვს და მსგავს სისულელეებზე კომენტარს არ გავაკეთებ.

- თქვენი სიმამრის ყოფილმა თანა­მესაკნემ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სასჯელაღსრულების მაშინდელ მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს თამაზ თამაზაშვილის ლიკვიდაცია დაავალა, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება ამ მიმართულებით?

- რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში შეტანილია საჩივარი და მიმდინარეობს გამოძიება. მეტი კომენტარი ამ ეტაპზე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. არ მინდა ხელი შევუშალო გამოძიებას. ჩემი სიმამრის ადვოკატმა შეიტანა სარჩელი პროკურატურაში. გამოძიება იმიტომ კი არ მიმდინარეობს, რომ ის ჩემი ოჯახის წევრია. ის რიგითი მოქალაქეა და კანონის წინაშე დაცული უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, ბევრ მსგავს ფაქტს აეხდება ფარდა და ყველა ის ადამიანი, ვინც ზემოქმედებდა არა მარტო თამაზ თამაზაშვილზე, არამედ სხვა ბევრ უდანაშაულო ადამიანზე, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.

- თქვენს საკადრო პოლიტიკაზე საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა, მაგალითად, არაერთხელ უთქვამთ, რომ ადამიანებზე ზემოქმედებაში ეჭვმიტანილი პირები შსს-ში კვლავ მაღალ თანამდებობებზე რჩებიან, ან კიდევ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ადამიანებს აწინაურებენ.

- საზოგადოებამ არ იცის, რომ ორჯერ განვახორციელე ფართომასშტაბიანი საკადრო ცვლილებები. ამ მიმართულებით მეტი ინფორმირებულობაა საჭირო და ამ მცირე ხარვეზს ნამდვილად გამოვასწორებ. მაგალითად, მინისტრად რომ დავინიშნე, შსს-ში განხორციელდა საკადრო ცვლილებები, რომელიც უმტკივნეულოდ ჩავატარეთ და ის ადამიანები, ვისაც არანაირი დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი და უშუალოდ არ მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესებში (რისი უფლებაც პოლიციელს არა აქვს), არ დაგვითხოვია სამსახურიდან. ის ადამიანები კი, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და ჰქონდათ უპატიებელი გადაცდომები, რომელსაც კანონი უკრძალავს პოლიციელს, ცხადია, გავათავისუფლეთ. ეს იყო საკადრო ცვლილების პირველი ეტაპი. მეორე ეტაპზე სისტემაში დავტოვეთ ის ადამიანები, რომელთაც ნდობა გაამართლეს და კანონით დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებდნენ. ვინც ეს მოთხოვნები ვერ შეასრულა, გავათავისუფლეთ. სხვათა შორის, თანამდებობიდან გავათავისუფლე პოლიციის ბევრი მაღალჩინოსანი და მათ ადგილზე მოვიდნენ ახალი კადრები. ასევე, რეგიონებშიც შეიცვალნენ ის ადამიანები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. სამსახურიდან უკანონოდ, უსამართლოდ არავინ გამითავისუფლებია და ასეთი რამ არც მოხდება. რაც შეეხება წინა ხელისუფლების მიერ პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან უსამართლოდ დათხოვნილ პოლიციის თანამშრომლებს, მათი სისტემაში დაბრუნების პროცესი დაწყებულია და მომავალშიც გაგრძელდება. რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ პროფესიონალ კადრებს, მით უმეტეს, რომ ნამდვილად არის კადრების დეფიციტი. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ პროფესიონალ კადრებს. ჩემი იდეაა და ალბათ, განვახორციელებ - სისტემაში ახალგაზრდა კადრები მივიღო და მათი "გაზრდით" აღმოვფხვრა სისტემაში კადრების დეფიციტი. აქცენტს ახალგაზრდობაზე, მომავალ თაობაზე გავაკეთებ.

- იმ პირების დიდი ნაწილი, ვინც თქვენ გაათავისუფლეთ სამსახურიდან, თქვენივე დანიშნული იყო...

- მოკლედ გეტყვით - არ ვიყავი მათი მუშაობით კმაყოფილი.

- კოლაგის ტრაგედიის, ანუ 10 თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმე კვლავ ბურუსით არის მოცული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილიც კი არ არსებობს. სხვათა შორის, რაფალიანცებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ ქვევრში, რომელშიც პატარა დაიღუპა, აღმოაჩინეს ცისფერი ჩანთა. ისინი ამ ფაქტთან დაკავშირებით ექსპერტიზის პასუხს დღემდე ელოდებიან.

- ამ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე კომენტარისგან თავს შევიკავებ. საზოგადოებისთვის უახლოეს ხანში გახდება ცნობილი გამოძიების შედეგები - მოტივიც და ამ დანაშაულის ჩამდენის ვინაობაც.

- ზურაბ ჟვანიას, სანდრო გირგვლიანის, ზურაბ ვაზაგაშვილის, ბუტა რობაქიძის და სხვა გახმაურებული საქმეები დღემდე გაუხსნელია, ამ საქმეების გახსნა საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი დაკვეთაა. თუმცა უკვე ბევრი მიიჩნევს, რომ გამოძიება ჭიანურდება. ამასთან დაკავშირებით გაღიზიანება მატულობს.

- აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს პროკურატურა. გარწმუნებთ, ყველა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც წინა ხელისუფლებამ სხვადასხვა მიზეზთა გამო არ გამოიძია, ბოლომდე მივა, ყველა დამნაშავე, ვინც არ უნდა იყოს, კანონის წინაშე აგებს პასუხს.

- პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შსს-ს კონსტიტუციური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ქვეყნიდან 2012 წლის ბოლოს კი არა, სულ ცოტა ხნის წინ წავიდა. ამ ვერსიის მიხედვით, ახალაია სამეგრელოში იყო და მოგვიანებით საქართველოს დატოვება სასულიერო პირების დახმარებით შეძლო.

- ამას ვერ დაგიდასტურებთ. არ ვფლობ ინფორმაციას, რომ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი დათა ახალაია სამეგრელოს აფარებდა თავს და მას სასულიერო პირები უწყობდნენ ხელს.

- დათა ახალაიას სკანდალურ განცხადებაზეც მინდა გკითხოთ: მან ყოფილ პრემიერ ვანო მერაბიშვილს არაერთი ბრალდება წაუყენა. მისივე თქმით, კუდ-ის ყოფილი შეფი მზად არის, ვანო მერაბიშვილის დანაშაულებრივი საქმიანობის დამამტკიცებელი დოკუმენტები წარადგინოს. თუ თქვენ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, ერთმა "დამნაშავე" დათა ახალაიამ მოგაწოდათ "ათი მისნაირი დამნაშავე მაღალჩინოსნის" შესახებ მტკიცებულებები, უნდა ჰქონდეს თუ არა მას რაიმე შეღავათის იმედი?

- კარგი და საინტერესო შეკითხვაა. დათა ახალაია იყო კუდ-ის ხელმძღვანელი და მას ხელი მიუწვდებოდა ბევრ ინფორმაციაზე, ამიტომ ჩვენს უწყებასთან მისი თანამშრომლობა საინტერესო იქნება. გამორიცხული არ არის, აქედან გამომდინარე, მას შეღავათიც გავუწიოთ. თუ დათა ახალაიას აქვს სურვილი, თავის ქვეყანასა და ხალხს უთხრას სიმართლე, რა ხდებოდა რეალურად და რა დავალებებს აძლევდნენ მას, ეს დაეხმარება გამოძიებას იმ მრავალი საქმის გახსნაში, რომლებიც დღემდე ბურუსითაა მოცული. საბოლოო ჯამში კი ეს ქვეყანას წაადგება. არ გამოვრიცხავ მასთან თანამშრომლობას, გამოძიებისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

- წინა ხელისუფლების დროს სატელეფონო მოსმენები რომ მასობრიად ხდებოდა, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. თუმცა დღესაც აღნიშნავენ, რომ ეს პრობლემა ბოლომდე მოგვარებული არ არის.

- ის, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს, ანუ როცა ადამიანები ერთმანეთს ვეღარ ესაუბრებოდნენ მასობრივი მოსმენების შიშით, ის დრო და ეპოქა დასრულდა. არა მგონია, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ვინმემ გაბედოს მსგავსი უკანონობა. საქართველოში მოსმენა მხოლოდ კანონიერად, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - საბოლოოდ დასრულდა ის უკანონობა, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს, როცა ოჯახის წევრები ერთმანეთს ვერ ელაპარაკებოდნენ. არსებობს ინფორმაცია, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს კვლავაც აქვთ მოსასმენი აპარატურა და კვლავ უსმენენ მოქალაქეებს. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რათა თავიდან ავიცილოთ რისკი და ადამიანების პირადი ინფორმაცია დაცული იყოს.

- ვისაუბროთ კრიმინოგენულ მდგომარეობაზეც. "ნაციონალური მოძრა­ობის" წევრების ერთ-ერთი მთავარი ბრალდება თქვენ მიმართ ის არის, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა და პოლიცია უძლურია.

- ნოემბერსა და დეკემბერში გაიზარდა ქურდობის შემთხვევები, მოხდა რამდენიმე ყაჩაღობაც. იანვრიდან კი მკვეთრად გამოსწორდა მდგომარეობა. აღსანიშნავია, რომ განხორციელდა უპრეცედენტო ამნისტია, რის შედეგადაც 11 ათასი პატიმარი გათავისუფლდა, ამის მიუხედავად, კრიმინოგენული მდგომარეობა არ გაუარესებულა. მMეტიც - სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, წინა წლებთან შედარებით, ბევრად უკეთესი მდგომარეობაა: დანაშაულის გახსნის მაჩვენებელიც მაღალია. ასე რომ, დანაშაულის ზრდის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა განცხადებები უსაფუძლოა. ნაციონალების მიზანია, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და დააშინონ, ისე, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ. ქვეყანაში ყოველმხრივ სტაბილური მდგომარეობაა.

- თქვენს ყოფილ კოლეგაზეც მინდა გკითხოთ. 19 აპრილის აქციაზე პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას იქა­ურობა დატოვა ვანო მერაბიშვილმა. როგორ ფიქრობთ, რეალურად არსებობს დაპირისპირება მერაბიშვილსა და სააკაშვილს შორის?

- პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ კარგია "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელმაც ქართული საზოგადოება ზემოქმედებასა და სიცრუეში აცხოვრა, 19 აპრილს მაინც რომ გაიხსენა ევროპული ღირებულებები და ნამდვილი დემოკრატია. ცუდი ტონია, თუ პრეზიდენტს მისმა ყოფილმა შს მინისტრმა მართლაც შეაქცია ზურგი!

- მოკლედ, იმედი უნდა გვქონდეს, რომ საქართველოში კრიმინოგენული მდგომარეობა არ გაურესდება. სხვათა შორის, პრესაში წერენ, რომ ე.წ. კანონიერი ქურდები საქართველოში თავისი გავლენის აღდგენას ცდილობენ.

- არ დავუშვებთ ქვეყანაში მდგომარეობის გაუარესებას. კრიმინალების, ბანდიტების, ყაჩაღების და ე.წ. კანონიერი ქურდების ადგილი საქართველოში არ იქნება. ყველას მკაცრად ვაფრთხილებ, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში უმკაცრესად დაისჯებიან.

დარეჯან ლიპარტელიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა