"ქართველი ქალები უცხოეთში ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი"

"ქართველი ქალები უცხოეთში ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი"

არაოფიციალური სტატისტიკით, უცხოეთში მილიონნახევარზე მეტი ქართველია წასული. ერთმა ემიგრანტმა თქვა: "ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც გვყავს ბავშვები, რომლებიც მშობლებს სკაიპით იცნობენ". ქართული ემიგრაციისა და ემიგრანტების პრობლემებზე სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კოტე სურგულაძე გვესაუბრება.

- ვცდილობთ, ქვეყანაში შეიქმნას ისეთი გარემო, რომ მათ მოუნდეთ სამშობლოში დაბრუნება. როცა ემიგრანტს არ ექნება შიში, რომ მისი უფლები დაირღვევა, რომ მის ქონებას, კერძო საკუთრებას საფრთხე ემუქრება და რაც მთავარია, ექნება დასაქმების საშუალება თვითონ გადაწყვეტს, როდის დადგება დაბრუნების დრო.

- თქვენი აზრით, როდის დადგება ეს დრო?

- რა თქმა, უნდა, ემიგრანტებს ილუზია, რომ ყველა არჩევნების მეორე დღეს დაბრუნდებოდა, არ ჰქონიათ. იმისათვის, რომ ქვეყანა პოლიტიკურად და ეკონომიკურად წელში გაიმართოს, 2-3 წელი მაინც არის საჭირო, მთავრობა საამისოდ ყველაფერს აკეთებს. ზოგიერთ ჰქონდა მცდელობა, ეთქვა, - ეს თქვენი საარჩევნო დაპირებაა და ემიგრანტებს რატომ არ აბრუნებთო.. ერთი ხელის მოსმით, ემიგრაციის პრობლემას ვერცერთი ქვეყნის მთავრობა აგვარებს.

- ახლახან იტალიაში იყავით, რომელსაც ბოლოხანს უჩვეულოდ ბევრი ქართველი ემიგრანტი მიაწყდა..

- აღსანიშნავია, რომ ემიგრაციის პრობლემა თვითონ იტალიასაც ძალზე აწუხებს; იტალიის, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყნის მოსახლეობა 60 მილიონამდეა, იტალიის ფარგლებს გარეთ კი 30 მილიონია გასული, მითუმეტეს, ისინი მხოლოდ მესამე თაობას მიიჩნევენ ემიგრანტებად. იტალიაში ქართველი ემიგრანტები მძიმე პირობებში ცხოვრობენ, მათმა უმრავლესობამ იშოვა ვიზა, აიღო ბილეთი, ალალბედზე წავიდა ქვეყნიდან და დარჩა, სტრესულ გარემოში მძიმე შრომით ირჩენს თავს და აქ ოჯახსაც ინახავს. ემიგრანტებს უამრავი პრობლემა აქვთ, უპირველესად ის, რომ მათ დიპლომებს, კვალიფიკაციას ევროპაში არავინ ცნობს, ამიტომ, ძირითადად, არაკვალიფიციურ, მძიმე შრომას ეწევიან; იტალიელ კოლეგებს ვუთხარი, რომ მათი ქვეყანა სათანადოდ ვერ იყენებს მათ პოტენციალს, პროფესიონალიზმს. მწვავედ დგას რომში ქართული ეკლესიის პრობლემაც, რადგან იტალიამ ქართულ მხარეს მხოლოდ დროებით გადასცა ეს ტერიტორია. ყველა ეს საკითხი დავაყენე იტალიის საგარეო, შინაგან საქმეთა სამინისტროების, ემიგრაციის სამსახურის მაღალჩინოსნებთან, ვატიკანის წარმომადგენლობასთან შეხვედრებზე. ამ შეხვედრების ორგანიზებაში ძალზე დაგვეხმარა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, საქართველოს საელჩო.

- საკმაო აჟიოტაჟი გამოიწვია თქვენმა ვიზიტმა სამხრეთ აფრიკაში ბურების საკითხთან დაკავშირებით. ქართული ემიგრაცია, იქ ალბათ არც არის..

- არა, ქართველი ემიგრანტები სამხრეთ აფრიკაშიც არიან, სამშობლოსგან ძალზე შორეულ ქვეყანაში. დიასპორას გარდა, შევხვდი იქაურ ბიზნესმენებს, რომლებიც საქართველოში ინვესტიციების ჩადებით არიან დაინტერესებული. ვრცელდებოდა ხმები, ბურები ჩამოდიან, რომ ჩვენი მიწები მიითვისონო, არადა, ისინი ჩვეულებრივი ინვესტორები არიან, როგორებიც ამერიკელები, ფრანგები, არც არანაირი პრობლემის შექმნას აპირებენ სახელმწიფოსთვის. სამხრეთ აფრიკელი ჰოლანდიელების შთამომავლები მხოლოდ სოფლის მეურნეობით არ არიან დაინტერესებული, სხვადასხვა სფეროში აქვთ ინტერესი. აჟიოტაჟი, რომელიც შეიქნა: 5000 ბური ჩამოდის და მიწა შეღავათიანი პირობებით უნდა გადასცენო, რა თქმა უნდა, გააღიზიანებდა ქართველ გლეხს, რომელიც სრულიად მიტოვებული იყო წინა ხელისუფლების მიერ. ჯერჯერობით სულ რამდენიმე ბურია ჩამოსული, რომლებმაც მიწა იჯარით აიღეს..

- საფრანგეთში, სადაც რამდენიმე თაობის ქართული ემიგრაციაა, კვლავ გადაუჭრელია ლევილის მამულის პრობლემა..

- ლევილის საკითხი იმ სტადიაზეა, რომ შეიძლება საუბარი ერთობლივ პროექტზე, რათა ლევილის მამული ქართულ მხარეს გადმოეცეს და მისი მოვლა-პატრონობა ჩვენი პრეროგატივა იყოს.

- და ვიდრე ქართველები საქართველოს ტოვებენ, ქვეყანაში გაჩნდნენ მიგრანტები, ძირითადად, მესამე სამყაროს ქვეყნებიდან, რომელთა მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.

- მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც მიგრაციის პოლიტიკა და კანონმდებლობა არ აქვს, ერთადერთი გამონაკლისი საქართველოა. თავმოყვარე ქვეყანას უნდა ჰქონდეს კანონი მიგრაციის შესახებ, მიგრაციის სისტემას ევროკავშირიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. აქამდე არ არსებობდა სტატისტიკა, ვინც შემოდიოდა ქვეყანაში, ყველას ტურისტი დაარქვეს, რომ მათი რიცხვი ხელოვნურად გაებერათ, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისითაც გაუმართლებელია.

- პორტუგალიაში ქართული დიასპორის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ბარამიძე აცხადებს, რომ დიასპორის სამინისტრო ათი ათასობით ლარს ურიცხავდა სხვადასხვა ქვეყნის დიასპორებს, საელჩოებს ევროვიზიის კონკურსზე მომღერალ სოფო ნიჟარაძის მხარდამჭერი ეს-ემ-ეს-ების გასაგზავნად... მიმდინარეობს ამ საქმეზე გამოძიება?

- უამრავი ასეთი თანხა იხარჯებოდა უაზრო კონცერტებსა და შოუებში. ცხადია, მორალური პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება. კონკრეტული მინისტრი ამგვარ გადაწყვეტილებას ზემოდან ბრძანების გარეშე ვერ მიიღებდა. თუ სამართალდამცველები დაინტერესდებიან ამ საქმით, დასკვნების გამოტანა მათი პრეროგატივაა. სათვისტომოების საქმიანობის პოლიტიზება დაუშვებელია. რაც შეეხება ჩვენს ახლანდელ პოზიციას, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს ოფიციალურად მივმართეთ, რომ ტარდება ევროვიზიის კონკურსი და ვისაც სურვილი აქვს, მხარი დაუჭიროს მასზე საქართველოს სახელით გამომსვლელ კონკურსანტს. ცხადია, არანაირი თანხის გადარიცხვას ვაპირებთ.

- რით ახსნით, რომ ქართველი ემიგრანტების უმრავლესობა ქალია?

- იმით, რომ ძირითადად, ქალის შრომაზეა მოთხოვნა. ისინი ხშირად ხვდებიან ტრეფიკინგის, ძალადობის მსხვერლნი.. არალეგალი ემიგრანტები ყველაზე დაუცველები არიან, - არც დაზღვევა აქვთ, ვერც შრომით ხელშეკრულებას დებენ, და რაც მთავარია, დეპორტაციის საფრთხით, პოლიცასაც კი ვერ მიმართავენ. ამიტომ ჩვენი უპირველესი მიზანი ჯერ არალეგალების დაბრუნებაა. არაერთი ჩვენი თანამემამულე თუ უცხოელი ინვესტორია დაინტერესებული საქართველოში საწარმოს გახსნით. ჩვენი მიზანია, ამ საწარმოებში პირველ რიგში დასაქმდნენ არალეგალი ემიგრანტი ქართველები იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ინვესტიცია შემოდის, ეს ამ სახელმწიფოების ინტერესებშიც არის. ამასთან, ინვესტორს კომპანიაში ეყოლება თანამშრომელი, ვინც მის ენაზე საუბრობს და მის ქვეყანაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს.

ნინო კვიტაშვილი

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"