ზურაბ ადეიშვილი რევანშისთვის ემზადება?!

ზურაბ ადეიშვილი რევანშისთვის ემზადება?!

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მეორე დღეს იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ქვეყანა დატოვა და თანაც, სავარაუდოდ, არაერთი თუ არაერთის მაკომპრომეტირებელი მასალა გაიყოლა.

მოგვიანებით ზურაბ ადეიშვილზე ძებნა წითელი ცირკულარით გამოცხადდა, თუმცა იუსტიციის ყოფილი მინისტრის კვალს ინტერპოლმა ჯერ ვერ მიაგნო. თავდაპირველი ინფორმაციით, ადეიშვილი ავსტრიაში იყო, თუმცა შემდგომ ითქვა, რომ ის უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტს აფარებდა თავს. ეს ერთ-ერთ გამოსვლაში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც ახსენა და იქვე თქვა, ეკონომიურად ისე უჭირს, ტრამვაითი გადაადგილდებაო. თუმცა არსებობს არაოფიციალური ინფორმაცია, რომ უნგრეთში ადეიშვილს პირადად პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მასპინძლობს. ადეიშვილის სავარაუდო ადგილსამყოფელად ბუდაპეშტი დაასახელა თეა წულუკიანმაც და იქვე დასძინა, მას სააკაშვილის ხელისუფლების სხვადასხვა მაღალჩინოსანი სტუმრობსო. ადეიშვილთან კავშირს არ მალავს "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც ამ თვე-ნახევრის წინ მისი ქვეყანაში დაბრუნება არ გამორიცხა. თუმცა ეს ყველაფერი დათა ახალაიას ცნობილი წერილის გამოქვეყნებამდე იყო, რომელშიც ახალაია მკვეთრად დაუპირისპირდა ვანო მერაბიშვილს, რაც ექსპერტების შეფასებით, ნაცმოძრაობის მიერ ახალაიების "გადაგდების" შედეგია. როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. რებრენდინგის ერთ-ერთი საშუალება ისიც არის, რომ მართვის ცხრაწლიანი შეცდომებისა და დანაშაულების დიდი ნაწილი სწორედ ახალაიებს გადააბრალონ. არსებობს ვარაუდი, რომ განტევების ვაცის როლში ზურაბ ადეიშვილიც შეიძლება აღმოჩნდეს. შეგახსენებთ პრეზიდენტ სააკაშვილის ერთ-ერთ ინტერვიუს, როდესაც მან თქვა - რიგ შემთხვევებში პროკურატურამ გადააჭარბა უფლებამოსილებას და შეცდომები დაუშვა ბიზნესის შევიწროებაშიო.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალაიები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას და გარკვეული გარანტიის მიღებას ცდილობენ. არსებული ინფორმაციით­, საქართველოს ხელისუფლებასთან და­კავშირება ზურაბ ადეიშვილმაც სცადა. როგორც ჩანს, მან ამისთვის ნიადაგი იანვარ-თებერვალში მოსინჯა. შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: "ცოტა ხნის წინ ადეიშვილის ახლობელი დამიკავშირდა და უცხოეთიდან მისი დანაბარები გადმომცა: - ჩემზე ძვირი გული ნუ ექნება, ჩემი ბრალი არ არის, ყველაფერს სააკაშვილი მავალებდაო." ეს თუ სიმართლეა (სავარაუდოდ, თამაზაშვილს ამგვარი სიცრუის ტირაჟირება დიდად არ უნდა აძლევდეს ხელს), არ არის გამორიცხული, სწორედ თამაზაშვილის საშუალებით ეცადა ადეიშვილს იმ უწყებებთან დაკავშირება, რომელთაც მისგან ინფორმაციაც აინტერესებთ და გარკვეულწილად უსაფრთხოების გარანტიებზეც შეუძლიათ ლაპარაკი. გარდა ამისა, მთავარ პროკურატურაში დღემდე საკმაოდ მაღალ თანამდებობებს ინარჩუნებენ ე.წ. ადეიშვილის კადრები, რომელთა საშუალებითაც ასევე ადვილად შეძლებდა ყოფილი იუსტიციის მინისტრი ახალ ხელისუფლებასთან დაკავშირებას, რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში. თუმცა, ძნელად წარმოსადგენია, ნაცმოძრაობის ამჟამინდელ "ლიდერშიფს" არ ახსოვდეს, რაოდენ დიდ ინფორმაციას ფლობენ ახალაიებიც და ადეიშვილიც წინა ხელისუფლების შავბნელ საქმეებზე. მათი ახალ ხელისუფლებასთან გარიგება და ალაპარაკების საფრთხე, სავარაუდოდ, არაერთ ადამიანს უფრთხობს ძილს, შესაბამისად, ისინიც არ იქნებიან გულხელდაკრეფილი. შეგახსენებთ, სულ ახლახან ქვეყნის მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა: "თუკი დათა ახალაიას მეშვეობით დავადგენთ მნიშვნელოვან დანაშაულებრივ ქმედებებს, გვაქვს კანონით მონიჭებული უფლება, მასზე პასუხისმგებლობა შევამციროთ ან საერთოდ გავათავისუფლოთ". ეს განცხადება შეიძლება ღია შეთავაზებად შეფასდეს, ან იმის ნიშნად, რომ ახალაიებთან კულუარული მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება და საზოგადოებას ახალაიების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისთვის ამზადებენ.

რაც შეეხება ახალი ხელისუფლებისა და ადეიშვილის ურთიერთობას, სავარაუდოდ, ეს გაცილებით რთული პროცესი იქნება. თუ გაბედა ადეიშვილმა და მართლაც ითანამშრომლა ამა თუ იმ გახმაურებულ საქმეზე ხელისუფლებასთან, ვფიქრობთ, ეს თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე.

ისე, უკვე ჩანს ნიშნები, რომ ნაციონალები საბოლოოდ ემიჯნებიან ადეიშვილს და მისთვის აპირებენ ბრალდებების ტვირთის აკიდებას, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, "დიდი ექსპროპრიატორი" შურისძიებისთვის ემზადებოდეს. ნაკლებად სავარაუდოა, ადეიშვილი საქართველოში ჩამოვიდეს და ციხეში ჩაჯდეს, თუმცა მასალების მიწოდება მთავარი პროკურატურისთვის მას უცხოეთიდანაც შეუძლია.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა