მეთოჯინეობა ჩემი სულის გამოძახილია

მეთოჯინეობა ჩემი სულის გამოძახილია

ბავშვობაში პატარა ფიგურებს პლასტილინისგან ძერწავდა ან თაბაშირისგან აკეთებდა. სტუმრები და ახლობლები ყოველთვის აქებდნენ და მასაც სტიმული ემატებოდა. შემდეგ ექიმი-ვეტერინარი გახდა, მაგრამ სპეციალობით არ უმუშავია. ბავშვობის ჰობი - კერამიკული თოჯინების კეთება ნამდვილ პროფესიად ექცა. ასე გახდა მხატვარი-მეთოჯინე, თუმცა საუბრის დასაწყისში მითხრა, ხატვა არ ვიციო, რამაც ცოტა არ იყოს, გამაკვირვა. ამის შესახებ, თავად ბაჩო ცანავა გვიამბობს:

- ხატვა არ შემიძლია. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფურცელზე ფორმას ვერ ვგრძნობ, მხოლოდ ძერწვის დროს შევიგრძნობ და თვალითაც მაშინ აღვიქვამ. ესკიზის გარეშე ვძერწავ. პერსონაჟს როცა ჩავიფიქრებ, მისი ფორმაც წინასწარ ვიცი, რომელიც მოძრაობას გამოსახავს, მაგრამ ზუსტად რა გამოვა, მაინც ვერ ვიტყვი. მუშაობის პროცესში შეიძლება, ბევრი რამ შეიცვალოს. ფიგურები ყალიბში ჩამოსხმულივით ერთმანეთს არ უნდა ჰგავდეს. ყველაზე მთავარია, საინტერესო გამომეტყველება მივაღებინო, თორემ თავისთავად თოჯინის კეთება სირთულეს არ წარმოადგენს. ხელოვანმა თოჯინაში სული და გული თუ არ ჩადო, ნამუშევარი უემოციო იქნება. ძნელი სწორედ ამის მიღწევაა.

- ალბათ გაქვთ გამორჩეული ნამუშევრები.

- "მტირალა ჯამბაზი" ცოტა უცნაური გამოვიდა - ჩვეულებრივ ჯამბაზზე უფრო ემოციურია და მოწყენილი. ვფიქრობ, რომ ბიჭისა და მასხარის ნაზავია. ის ჩემი მეგობრების საყვარელი ფიგურაა. "სიყვარულის ეტლი" ყველაზე მასშტაბური კომპოზიციაა. სახელი მნახველებმა დაარქვეს. მე-16 საუკუნის საფრანგეთი გავაცოცხლე. საერთოდ, ძველი სტილი მიყვარს, განსაკუთრებით, ჩაცმულობა და აქსესუარები მომწონს. შევეცადე, ის ეპოქა სიყვარულის თემით გადმომეცა. ამ კომპოზიციაზე მუშაობისას, ერთი პერიოდი შევისვენე კიდეც. ამდენი ფიგურა როგორ განმელაგებინა, აღარ ვიცოდი. 5 თვე მოვანდომე დასრულებას. ერთი ფიგურის დამზადებას დაახლოებით 2 კვირა სჭირდება, პატარა ზომის თოჯინას 2-3 დღეც ჰყოფნის.

- სახელს ყველა თოჯინას არქმევთ?

- სახელებს ჩემი მეგობრები არქმევენ, მე - არა. უბრალოდ, როცა ცნობილ პერსონაჟს ვაკეთებ, სახელიც თავისთავად შერჩეულია. მაგალითად, "ჯეინ ეარი". ბავშვობაში ეს ნაწარმოები იმდენად მომწონდა, რომ მინდოდა, წიგნიდან მიღებული ემოცია თოჯინაში გადმომეცა. თუმცა ჩანაფიქრი რომანის წაკითხვიდან საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ განვახორციელე. ეს არის დიდი ზომის პირველი თოჯინა და პირველი ფიგურა, რომელსაც ტანსაცმელი მოვარგე. ჩემთვის ყველაზე საყვარელი ნამუშევარია. ისიც მახარებს, რომ თოჯინების დათვალიერებისას, სტუმრები ყოველთვის მეკითხებიან: - ეს ჯეინ ეარია? მაშინ ვხვდები, რომ ჩანაფიქრი კარგად გადმოვეცი.

- ტანსაცმლის შერჩევაში ვინმე გეხმარებათ?

- სხვათა შორის, ჩემი თავის შემოსვას ვერ ვახერხებ, მეგობრების დახმარება მჭირდება. აქ კი ყველაფრის ბატონ-პატრონი ვარ, თოჯინებს თავად ვუკერავ და ვაცმევ. ქსოვილებს მეგობრები მჩუქნიან, რაღაც ნაჭრები ბებიასაც ჰქონდა. მეორად მაღაზიებსაც ვსტუმრობ ხოლმე. ტანსაცმლის ფერების შეხამებისას დედის რჩევას ვითვალისწინებ. ქალს მაინც სხვა ხედვა აქვს.

- მარიონეტი თოჯინები რა ემოციებს აღგიძრავთ?

- მომწონს და მარიონეტების თეატრშიც დავდივარ. მარიონეტს მეტი დატვირთვა, მრავალფეროვანი ემოციები აქვს და მას, როგორც გინდა, ისე აამოძრავებ. მაგრამ როცა უძრავი თოჯინა ემოციური და მოძრავი ხდება, ეს გაცილებით რთული მისაღწევია. წარმოიდგინეთ, რომ ჯერ კიდევ კარკასში უნდა იდოს მოძრაობის ელემენტი.

- კედელზე უცხოური სერტიფიკატი გიკიდიათ. სად მიიღეთ იგი?

- საქართველოში ვატიკანის ყოფილმა ელჩმა, კლაუდიო გუჯეროტიმ ერთი თვით იტალიაში მიმიწვია. ნეაპოლში, კაპო დე მონტეს ფაიფურის საწარმოში პრაქტიკა გავიარე. იქ გატარებული დღეები არასდროს დამავიწყდება. ნეაპოლის სემინარიის ულამაზეს, მე-16 საუკუნეში აშენებულ შენობაში ვცხოვრობდი. გარედან ხომ უმშვენიერესი ნაგებობა იყო, შიგნით სხვა საოცრება გველოდა - უზარმაზარ ფოიეში კარავაჯოს, მიქელანჯელოს და სხვათა ორიგინალი ტილოები იყო გამოფენილი. ხანდახან ვერ ვიჯერებდი, რასაც ვუყურებდი. ფაიფურზე მუშაობა საკმაოდ რთული და სპეციფიკურია. ოსტატი გაეტანო დებერნანდო, ვისი შეგირდიც მე ვიყავი, ხშირად მაქებდა. ერთხელ ელჩს ჩემზე დიდი აღფრთოვანებით ესაუბრა. მეტი ხნით დარჩენა შემომთავაზეს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა.

- როცა თბილისში არ ხართ, ნამუშევრები გენატრებათ?

- სამუშაო პროცესი მენატრება, მასალას თან ხომ ვერ ვატარებ? მეთოჯინეობა ჩემთვის სულის გამოძახილია. ჩემი სახელოსნო ბინის ერთი ოთახია, სადაც ფიგურები იქმნება. სხვა გარემოში მუშაობა მიჭირს.

- მეგობრების ან ახლობლების პორტრეტებს აკეთებთ?

- ჩემი მეგობრების - ნიკა კოჭლამაზაშვილის და გოგი ჭიჭინაძის ფიგურები გამოვძერწე, ზუსტი სახეებითა და ჩაცმულობით. ორივე თვლის, რომ თოჯინები მათ ჰგავთ და მოსწონთ. გოგის ვაჩუქე, ნიკასი კი ჩემთან დარჩა. თოჯინები გამიჩუქებია, ოღონდ დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ახალი მფლობელიც ჩემსავით მოუფრთხილდება. გამოფენებისთვის გოგის თოჯინას ვთხოულობ ხოლმე. სხვათა შორის, ჩემი პორტრეტიც მაქვს. არ ვგეგმავდი, შემთხვევით გამომივიდა. რაღაც ფიგურა ჩავიფიქრე და დავიწყე კეთება. ერთმა ნათესავმა მე მომამსგავსა, - შენა ხარო? - მკითხა. დავამთავრე, როგორც ჩემი პორტრეტი. ბოლოს კი ასე მოხდა - ზოგისთვის მე ვარ, ზოგისთვის - არა.

- სხვა მეთოჯინეების გამოფენებს ესწრებით?

- ბევრი ნიჭიერი მეთოჯინეა და გულწრფელად მიხარია, როდესაც მათ მშვენიერ ნამუშევრებს ვნახულობ. ამას პირადად ვეუბნები კიდეც. ისე, ძირითადად ქალები არიან მეთოჯინეები. ისინი ბევრ ისეთ წვრილმანს ხედავენ, თუნდაც ჩაცმულობაში ან სხვა დეტალებში, რასაც მამაკაცი შეიძლება, ყურადღებას არ აქცევდეს. ნანა ბედიაშვილის არაჩვეულებრივი ცვილის თოჯინები ყოველთვის აღმაფრთოვანებს. მეთოჯინეები ერთმანეთს ვიცნობთ, კომპიუტერით ვეკონტაქტებით, თუმცა თითოეულს თავისი გზა აქვს და კონსულტაციები ნაკლებად სჭირდებათ. მე პირადად, რჩევებს მხატვარი მეგობრებისგან ვიღებ, ისიც - მხოლოდ ფერებთან დაკავშირებით. ტექნიკური ხაზით, სიახლეები შენით უნდა აღმოაჩინო, რაც ნელ-ნელა დაგეხმარება პროფესიონალიზმის ამაღლებაში.

- ბოლო დროის გამოფენებიდან რომელი იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი?

- თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმში შარშან პერსონალური გამოფენა მქონდა, სადაც 30 ნამუშევარი გავიტანე. "მტირალა ჯამბაზი" სპეციალურად მათთვის გავაკეთე და შემდეგ მუზეუმს ვაჩუქე. გამოფენა ერთ თვეს გრძელდებოდა. ამასთან ერთად, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის მასტერ-კლასებს ვატარებდი: თოჯინების ისტორიას და მათ დამზადებას ვასწავლიდი. ვფიქრობ, რომ წარმატებული გამოფენა იყო.

- სად ეძებთ პერსონაჟებს და როგორი დატვირთვით მუშაობთ?

- ადამიანების გაცნობა და მათთან ურთიერთობა მიყვარს. მათ სახეებს, მიმიკას, ემოციებს ვაკვირდები და აქედანაც იბადება პერსონაჟი. ძველი შენობები და სასახლეები მომწონს. ასეთ ადგილებში განსაკუთრებულ სურნელს ვგრძნობ. ხშირად საჯარო ბიბლიოთეკაში მივდივარ. იქაური გარემო ემოციებს აღძრავს. თუ პერსონაჟი ჩემს გულთან ახლოს არ მოვიდა, იმაზე ვერ ვიმუშავებ.

მაგალითად, ულვაშიან და ღიპიან ფიგურას ვერასდროს გავაკეთებ. არის პერიოდები, როცა უსაქმოდ ხარ. განწყობა არ გაქვს და ვერ მუშაობ. შეიძლება, მუშაობა დაიწყო კიდეც, მაგრამ არაფერი გამოგდის. ყოველი გამოფენის შემდეგ თითქოს ემოციურად იფიტები. დასვენება აუცილებელია, რათა ძალები აღიდგინო და შემოქმედებითად განეწყო.

ახალგაზრდა ხელოვანის, ბაჩო ცანავას ნამუშევრები თოჯინების მუზეუმშია დაცული. უნდა ითქვას, რომ იგი პირველი ქართველია, რომელმაც იტალიაში ფაიფურზე მუშაობის პრაქტიკა გაიარა. თოჯინების კეთების გარდა, მას სხვა გეგმებიც აქვს. საკუთარი სცენარით, თოჯინური ფილმის გადაღებას აპირებს. თუმცა მანამდე ბევრი რამ უნდა ისწავლოს: ფილმის მონტაჟი, თოჯინების ამეტყველება, მათი ამოძრავება. ამ ყველაფერს მეგობარი რეჟისორი შეასწავლის, რომელიც მალე დაიწყებს თოჯინური ფილმის გადაღებას და მას ასისტენტად აიყვანს. ამ დღეს ბაჩო ცანავა მოუთმენლად ელოდება.

ნანული ზოტიკიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"