"ახალაია ჟვანიას მკვლელობასთან სააკაშვილისა და მერაბიშვილის კავშირს ადასტურებს"

"ახალაია ჟვანიას მკვლელობასთან სააკაშვილისა და მერაბიშვილის კავშირს ადასტურებს"

კუდ-ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას განცხადებამ, რომელშიც მან ნაცმოძრაობის გენერალურ მდივან ვანო მერაბიშვილს მძიმე ბრალდებები წაუყენა, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სხვა განცხადება დათა ახალაიას ჯერ არ გაუვრცელებია. ამ ეტაპზე ახალაიები ჟურნალისტებთან კონტაქტისგან თავს იკავებენ. თუმცა ინტერვიუზე დავითანხმეთ ახალაიების ერთ-ერთი ახლო ნათესავი (2005-2012 წლებში პროკურატურის თანამშრომელი), ოღონდ იმ პირობით, რომ მის ვინაობას არ დავასახელებდით.

- თქვენი აზრით, რა კომპრომატები შეიძლება ჰქონდეს კუდ-ის ყოფილ უფროსს ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ?

- პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ დათა ახალაია, ბაჩოსგან განსხვავებით, არ ენდო მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის დაპირებებს, რომ თავისი ნებით ჩაბარებოდა სამართალდამცველებს და შემდეგ სასამართლოში თვითონ მოუგვარებდნენ პრობლემებს. ბაჩო მართლაც ასე მოიქცა და როგორც ეხმარებიან სააკაშვილი და მერაბიშვილი, კი ვხედავთ. დათა მამამისს, როლანდ ახალაიას ეუბნებოდა, ამათი ნდობა არ შეიძლება, შენ არ იცი, მიშა და ვანო რისი მკადრებელი არიანო. მაგრამ მიშამ და სხვა გავლენიანმა ნაციონალებმა როლანდი დააჯერეს, რომ ისევ დაბრუნდებოდნენ ხელისუფლებაში.

გეტყვით იმასაც, რომ როდესაც დათას წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მას შსს-დან მეგობრებმა შეატყობინეს, რომ მისი აყვანა იგეგმებოდა. დათამ თავი ეკლესიას შეაფარა. ხობის ეპარქიის ერთ-ერთი სასულიერო პირი ახალაიებთან მეგობრობდა და გაჭირვების ჟამს დახმარების ხელი გაუწოდა. კარგა ხანს დათა ახალაია აბაშაში, ამ სასულიერი პირის ახლობლის სახლში იმალებოდა, თუმცა მეზობლებმა შენიშნეს, რომ სახლის მეორე სართულზე ღამით შუქი მუდმივად ენთო. როდესაც მეზობლებმა ოჯახის უფროსს კითხვები დაუსვეს, დათას შეეშინდა, მისი ადგილსამყოფელი სამართალდამცავებისთვის არ ეცნობებინათ და ჯერ ჩხოროწყუს რაიონში გადავიდა, შემდეგ კი საქართველო დატოვა. დათა ახალაიას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილი ბაჩო ახალაიას ლიკვიდაციას გეგმავდა ციხეში (მასაც ჰყავს მერაბიშვილის ახლო გარემოცვაში ინფორმატორები). სწორედ ეს იყო ძირითადი მიზეზი იმისა, რომ დათა ახალაიამ სოციალურ ქსელში თავისი ცნობილი განცხადება გაავრცელა. ამის შემდეგ ბაჩო ახალაიას სიცოცხლე უფრო მეტად იქნება დაცული. ამასთანავე, დათა ახალაია სამართალდამცველებს მიაწვდის ისეთ ღირებულ მტკიცებულებებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებზე, რომ ახალი ხელისუფლება, სავარაუდოდ, ახალაიებს ბრალს შეუმსუბუქებს. რაც შეეხება კონკრეტულ მასალებს, რომელიც აქვს დათა ახალაიას, მე როგორც იურისტი, არ ვიქნები მართალი, მოგაწოდოთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც გამოძიებას დააზარალებს. ვიტყვი მხოლოდ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის შესახებაც დათა და ბაჩო ახალაიებმა ძალიან ბევრი იციან და აქვთ მტკიცებულებანი. ეს გახლავთ ზურაბ ჟვანიას საქმე. ძალიან მალე ჟვანიას მკვლელობის საქმე გაიხსნება და გამოძიებას ექნება მტკიცებულება მასთან მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის კავშირის შესახებ. მიხეილ სააკაშვილი ურცხვად აცხადებს, დათა ახალაია სულ სამჯერ თუ მინახავსო. მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად აირჩია სამეგრელომ, მას ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მისცა ხმა. ამ ყველაფერს ორგანიზებას უწევდა როლანდ ახალაია და მისი მთელი სანათესაო. ახლა კი გამოდის პრეზიდენტი და აცხადებს, ახალაიებს ახლოს არ ვიცნობო. რა თქმა უნდა, ძმები ახალაიები უნდა დაისაჯონ ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც მათ ჩაიდინეს, მაგრამ ასევე პასუხი უნდა აგონ მიხეილ სააკაშვილმა და ვანო მერაბიშვილმაც.

დარეჯან ლიპარტელიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ