”აზერბაიჯანელმა ჩემს ქვეყანაში სარწმუნოების შეცვლა მომთხოვა”

”აზერბაიჯანელმა ჩემს ქვეყანაში სარწმუნოების შეცვლა მომთხოვა”

"შევარდნაძის დაცვის ყოფილი წევრი ვარ. აფხაზეთის ომში ვიბრძოდი. მორწმუნე ქრისტიანი გახლავართ და ჩემს სამშობლოში სამსახურიდან იმიტომ დამითხოვეს, რომ მართლმადიდებლობაზე უარი არ ვთქვი", - მითხრა გიორგი ოქრუაშვილმა, რომელიც თავისი გულისტკივილის გასაზიარებლად რედაქციაში გვესტუმრა:

- 2011 წელს საქართველოში დაარსდა აზერბაიჯანული შპს "კავკასკაბელი", რომელიც ელექტროსადენებს აწარმოებს. საწარმოს დამფუძნებელი და ერთ-ერთი მოწილე ელჩინ ჰუმატოვი თბილისში ახალი ჩამოსული იყო. არავის იცნობდა და მთხოვა, იქნებ ხელოსნებით მომამარაგოო. საწარმოს მშენებლობას მე ვხელმძღვანელობდი. მოხდა ისე, რომ დაქირავებულმა მუშებმა სამუშაოს საფასური წინასწარ გამომართვეს და გაიქცნენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელმოკლედ ვცხოვრობ და 1993 წლიდან ნაქირავებში ვარ, სიტყვა არ გავტეხე, თავად გადავიხადე 2.500 ლარი და სამუშაო დავასრულე. კომპანიის დამფუძნებელმა რომ დაინახა ჩემი ერთგულება, მითხრა, მენეჯერად დაგნიშნავო. მართლაც დავიწყე ქარხანაში მუშაობა. ელჩინ ჰუმატოვი ძალიან დამიახლოვდა.

ქარხნის მშენებლობა რომ დავამთავრეთ, სპეციალისტები ბაქოდან გამოგზავნეს. მათ მანქანით დავხვდი. მასპინძლებმა გადაწყვიტეს, ჩამოსულებისთვის პატივი ეცათ და რესტორანში დაპატიჟეს, მერე კი ქალებთან დარეკეს. ხუთნი ვიყავით და ხუთი ქალი ამოიყვანეს. ვუთხარი, ერთი გაუშვით, მე სახლში წავალ, ხატის წინ მაქვს დაფიცებული, რომ მეუღლეს არ ვუღალატებ-მეთქი. მეორე დღეს ყველაფერი საწარმოს დამფუძნებელს, ელჩინ ჰუმატოვს სიცილით უამბეს, ანგელოზივით გოგო მოვიყვანეთ და გიორგიმ უარი თქვაო. ელჩინმა გაოცებით შემომხედა, ყოჩაღ! ასეთი თავშეკავება შეგიძლიაო?! ჩემი სარწმუნოებისათვის სიამოვნებაზე უარის თქმა კი არა, მეტიც შემიძლია-მეთქი. ელჩინ ჰუმატოვი დარწმუნდა, რომ ძლიერი მორწმუნე ვიყავი, მძიმე მარხვას ვიცავდი და ყოველდღიურად 7-გზის ლოცვებს ვკითხულობდი. ის თვითონაც ღრმად მორწმუნე იყო, ოღონდ მუსლიმანი. ერთხელ შემომთავაზა, - არ გინდა, უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთიო? რატომაც არა, ოჯახში მეწვიეთ-მეთქი. ვუამბე, რომ პირველი ქორწინებიდან სამი შვილი მყავდა და მეორე ცოლთან ერთად ვცხოვრობდი. შვილებს ჩემთან უნდათ ცხოვრება, მაგრამ პატარა ნაქირავებ ბინაში ყველა ვერ ვეტევით-მეთქი. ელჩინმა მითხრა, ხელს შეგიწყობ, რომ სახლიც გქონდეს და შვილებიც შენთან იყვნენო.

ელჩინ ჰუმატოვი ხშირად ლაპარაკობდა თავის სარწმუნოებაზე, ისლამის ძალაზე, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ამბობდა, ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება ისლამიაო. ხშირად მეკითხებოდა ღვთისმშობელზე. ხატებზე რამდენჯერმე მითხრა, როგორ შეიძლება ფოტოსურათის გჯერდესო და ჩემს ხატებს დასცინოდა. ვუხსნიდი, რომ ეს ფოტო კი არა, ხატი იყო. ბოლოს მკითხა, ღვთისმშობელი სულიწმინდისაგან როგორ დაფეხმძიმდაო? ცდილობდა, მდგომარეობიდან გამოვეყვანე. დასცინოდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩემს ხატებს. როდესაც აზერბაიჯანიდან სტუმრები მოდიოდნენ და თბილისის ღირსშესანიშნაობებს ვანახვებდით, ჩვენი საწარმოს დამფუძნებელი ყველა ლამაზ ნაგებობასა და ტაძარზე ამბობდა, თურქების აშენებულიაო. ნარიყალაზეც ასევე თქვა, ეს რა კარგი რამ აუშენებიათ თურქებსო. ვამტკიცებდი, ეს ქართული სიწმინდეებია და ბევრი დაანგრიეს-მეთქი. სამსახურში ისლამის აგიტაცია მიმდინარეობდა. ჩვენს საწარმოში 26 კაცია და მათგან ძირითადი კონტინგენტი აზერბაიჯანელია.

ელჩინ ჰუმატოვი მეორედ მეწვია შინ და მითხრა, რაც გაკლია (სახლსა და შვილებს) დაგიბრუნებ. თუ სარწმუნოებას შეიცვლი, ფინანსურად დაგეხმარები. მუდმივი სამსახური და შემოსავალი გექნებაო.

საწარმოში საქმე რომ აეწყო, ელჩინ ჰუმატოვი სამსახურში აღარ დადიოდა. ბაქოდან ახალი დირექტორი გამოგზავნეს და ის უძღვებოდა საქმეს. ერთხელ ძალიან ცუდად გავხდი. სახლში სასწრაფო მყავდა და მოულოდნელად ელჩინ ჰუმატოვი მესტუმრა. ისევ სარწმუნოების შეცვლაზე დამიწყო ლაპარაკი, კარგი კაცი ხარ, მაგრამ ერთადერთი მინუსი გაქვს, ქრისტიანი ხარო. ეს ჩემი ერთადერთი პლუსია-მეთქი. სანამ ცუდად გავხდებოდი, 4 დღით ადრე ჩემი მეუღლე გაზით მოიწამლა და გონება დაკარგა. ესეც ჩემს დასამოძღვრად გამოიყენა ელჩინმა, ხედავ შენს თავს რა ხდებაო. ცუდად ვიყავი, ის კი იმ სარწმუნოებაზე მელაპარაკებოდა, რომელსაც არ ვაღიარებდი. გავმწარდი და ვუთხარი, ამ თემაზე აღარ დამელაპარაკოთ. მირჩევნია, ქრისტიანი ვიყო და ქვაზე ვიცხოვრო, ვიდრე სარწმუნოება შევიცვალო-მეთქი. მხარზე მომარტყა ხელი, მართლაც ქვაზე იცხოვრებო. ამის მერე ჩვენი გამარჯობა გამარჯობას აღარ ჰყავდა. უგულოდ მესალმებოდა. ამ ამბიდან 2 თვეში ჩემი შვილი (რომელიც ჩვენთან მუშაობდა) გააგდო სამსახურიდან.

იხილეთ სტატია ვრცლად

ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"