ალბათ ბევრმა არ იცის, რომ კონსტანტინე გამსახურდიას ცნობილი რომანის, - "მთვარის მოტაცება" მთავარი გმირი, თარაშ ემხვარის პროტოტიპი, - რეალური პიროვნება არზაყან ემხვარი იყო. აფხაზი თავადი, ქართული აზროვნებითა და ცნობიერებით ცხოვრობდა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელების მხარდამხარ იბრძოდა. "ვინც საქართველოს და აბხაზეთის ისტორიას იცნობს, მისთვის შეუძლებელია მათი განცალკევების თუნდაც წარმოდგენა!" - წერდა ის და სწამდა, რომ აფხაზეთის გადარჩენა მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში შეიძლებოდა, ამიტომაც აფხაზი საზოგადოების ერთმა ნაწილმა მტრად შერაცხა...
წლების შემდეგ, მისმა ერთადერთმა შთამომავალმა, აფხაზმა ქალბატონმა ნატო მარშანია (საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი არზაყან (დიმიტრი) ემხვარი მისი ბებიის, ანა ემხვარის ძმა იყო) მის ცხოვრებას წიგნი მიუძღვნა "არზაყან ემუხვარი - ქედუხრელი რაინდი, რომელსაც კონსტანტინე გამსახურდიას წერილი წარუმძღვარა. ქართველი კლასიკოსი ამ წერილში მის შვილს ასე მიმართავს: - "ჩემს ნაწარმოებში "მთვარის მოტაცებაში" შენი მამის პროტოტიპად მთავარი გმირი, რომელშიდაც მე ჩემი სიყრმის მეგობარი კეთილი აფხაზი არძაყან, იგივე დიმიტრი ემხვარი გამოვხატე, რომელთანაც გავატარე პარიზში ჩემი ცხოვრების ყველაზე ტკბილი დღენი". კონსტანტინეს თქმით, მან მთავარი გმირი ენგურის ზვირთებთან ბრძოლაში დაამარცხა, "რადგანაც მისი მიზნების განხორციელება არ ძალმიძდა. გიჟი ენგურის ზვირთებთან შეკაჟება ეს მისი იდეების შებრძოლება იყო მის იდეალისა და არსებული მიმდინარეობისა". წერილი დათარიღებულია 1934 წლით. მწერალი სთხოვს არზაყანის ვაჟს, სიკვდილამდე წერილი არ გამოაქვეყნოს. მართლაც, ფართო საზოგადოებისთვის ეს ამბავი წლების შემდეგ გახდა ცნობილი...
თუ რა გახდა ამ წიგნის დაწერის საფუძველი და როგორ მუშაობდა თბილისში მცხოვრები აფხაზი ქალბატონი, ამის შესახებ ავტორი თავად გვიამბობს. მას ქართველი მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს...
ნატო მარშანია:
- რამდენიმე წლის წინ ხელში ჩამივარდა აფხაზური ისტორიის სახელმძღვანელო, რომელშიც ბაბუაჩემზე, არზაყან ემუხვარზე ეწერა, თითქოს "კნიაზი, მენშევიკი ემუხვარი, მშიშარა და წარუმატებელი ადამიანი იყო..." კარგა ხანს გაოცებული ვათვალიერებდი წიგნს. ჩემთვის, როგორც აფხაზეთის შვილისთვის, მიუღებელია, რომ ამას აფხაზ მოზარდებს ასწავლიან, რადგან ეს არის გაყალბებული ისტორია... გული ძალიან მეტკინა და გადავწყვიტე, არზაყან ემხვარის (გვარის ეს ვარიანტი ბოლო დროს უფრო ხშირად გვხვდება. - ავტ.) შესახებ ინფორმაცია მომეგროვებინა და საზოგადოებისთვის გამეცნო, ვინ იყო და რა გზა გამოიარა... ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად სამი წელი დამჭირდა. დაიწყო ხანგრძლივი მიმოწერა, - წერილი დავგზავნე: პრაღაში, რუსეთის ფედერაციაში, საქართველოს ეროვნულ და ქუთაისის ცენტრალურ არქივებში, სლავურ ბიბლიოთეკებში, ვარშავაში... პირველად ქუთაისს ვეწვიე, რადგან ბაბუამ ქუთაისის სასულიერო სემინარია დაამთავრა. შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ეროვნულ არქივში, აწ გარდაცვლილი, აკადემიკოს გურამ შარაძის მიერ პრაღიდან ჩამოტანილი საარქივო მასალებს მივაკვლიე, სადაც ბაბუას სასამართლო პროცესების ოქმების ასლებიც იყო შეტანილი, - მას ბოლშევიკური მთავრობა აგენტად მოიხსენიებდა... მერე იმ ქვეყნების არქივებსა და ბიბლიოთეკებსაც დავუკავშირდი, სადაც ემიგრაციის წლები გაატარა. თურქეთში ორი წელი იცხოვრა, მაგრამ მის შესახებ ვერანაირ ინფორმაციას ვერ მივაკვლიე. იქიდან, როგორც მაშინდელ ცნობებშია მოხსენიებული, "50-კაციან კოლონიასთან" (სათვისტომოსთან) ერთად, პრაღაში გაემგზავრა.
ჩეხეთში ქართველი დევნილები ადგილობრივმა თანაპარტიელებმა, სოციალ-დემოკრატებმა შეიფარეს. პრაღის ბიბლიოთეკამ მომაწოდა არზაყან ემხვარის მიმოწერები მეგობრებთან... მადლობელი ვარ ჩეხეთის და სლოვენიის არქივებისა და ბიბლიო-თეკებისა, განსაკუთრებით ვუმადლი სლოვენიის ბიბლიოთეკის დირექტორ ლუკაშ ბაბკას, რომელმაც ბაბუას წერილები მომიგროვა. ამ საუკუნოვან ბარათებში დევნილი ემიგრანტები ერთმანეთს უკიდურესი გაჭირვების შესახებ უყვებიან, მაგრამ ამავდროულად ამხნევებენ კიდეც. "მე არ ვიცი, როდის გაიგებს აბხაზეთი შენს დაკარგვას, მაგრამ ვიცი მხოლოდ, რომ ის მწარედ ამოიოხრებს... ერთხელ შენ უთხარი ჩემს ცოლს: სამშობლოს განთავისუფლების იმედი რომ არ მქონდეს, არ ვიცოცხლებდიო და აი, სწორედ განთავისუფლებული სამშობლო მიგიკრავს შენ გულში!" - წერდა აკაკი ჩხენკელი ბაბუას, მაგრამ არც ერთ მათგანს არ აუხდა ოცნება (აკაკი ჩხენკელის ეს წერილი პირველად გამოქვეყნდა)... ჩეხეთისა და სლოვენიის არქივებისა და ბიბლიოთეკების ხელმძღვანელობა გაოცებული იყო, ამდენი წელი აქ იცხოვრეს და მათ შესახებ საოცრად მცირე ინფორმაცია გვქონდაო.
- როგორ ფიქრობთ, რატომ?
- მუშაობის პროცესში აღმოვაჩინე, რომ 1946 წელს, ემიგრაციის შესახებ მასალები პრაღამ რუსეთს გადასცა "საჩუქრად". ვინაიდან რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი გვაქვს, საბუთების ოფიციალურად გამოთხოვის უფლება არ მქონდა. ამიტომ იქ მცხოვრებ ნათესავებს დახმარება ვთხოვე. მითხრეს, რომ მოსკოვის ბიბლიოთეკაში თბილად შეხვდნენ; უთხრეს, - ვიცით, არზაყან ემუხვარი განათლებული და ინტელიგენტი ადამიანი იყოო... მოსკოვის არქივებიდან ამოღებული მასალებიდან გავიგე, რომ ის პრაღაში კარლის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. გადმოცემით ისიც ვიცი, რომ სამედიცინო განათლებაც ჰქონდა მიღებული, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაციას ვერსად მივაკვლიე... შემდეგ ისევ პრაღას მივუბრუნდი. როგორღაც გავარკვიე, რომ ამავე ქალაქის მეოთხე რაიონში (ამ ადგილს დღემდე ისტორიული მნიშვნელობა აქვს) სასტუმროში ცხოვრობდა. ახლა ის კერძო სახლია. ვიპოვე ის ოჯახიც, რომელთანაც ბაბუა მეგობრობდა. იმ თაობიდან ცოცხალი არავინ არის, მაგრამ საოჯახო ალბომში აღმოაჩინეს არზაყანის ფოტოები, - ჩვენი 100 წელს მიტანებული ბებია ინახავდა, როგორც მისი მეუღლის უახლოესი მეგობრის ფოტოს; ბებია სულ ახლახან გარდაიცვალაო, მითხრეს. ნეტავ, ჩამესწრო ჩეხი ქალბატონისთვის, ბევრ რამეს გავიგებდი. ძალიან მინდა, იმ სახლთან ახლოს არზაყან ემუხვარის სახელობის მემორიალური დაფა გავაკეთო. ამ საკითხზე ჩეხეთის მუნიციპალიტეტთან ვმუშაობ...
მას შემდეგ, რაც ბოლშევიკებმა პრაღაში შეკრებილ სათვისტომოში აგენტები შეგზავნეს, ბაბუამ იქაურობა მიატოვა და გარეუბანში, სათვისტომოს საკუთრებაში არსებულ მიწაზე დასახლდა. ემიგრაციაში მყოფი ემხვარი, ყოველ წელს ადგილობრივ მილიციაში მიდიოდა და ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობას ხელის მოწერით ადასტურებდა. მას მკაცრად აკონტროლებდნენ. ერთ-ერთ ოქმში წერია, - 58 წლის აფხაზმა კნიაზმა საკმაოდ ბარაქიანი მოსავალი აიღოო, მაგრამ დაკონკრეტებული არ არის, რისი მოსავალი მოიყვანა ბაბუამ... რამდენიმე წლის შემდეგ, პრაღაში სიყრმის მეგობრებმა, აკაკი ჩხენკელმა და კონსტანტინე კანდელაკმა ინახულეს და პოლონეთში ქართული სათვისტომოს კონსულობა შესთავაზეს. იმ წლებში პოლონეთში არსებული ქართული დიასპორა ძალზე გავლენიანი იყო. მქონდა მიმოწერა პოლონეთის ხელმღვანელობასთან, მაგრამ იქ ამ სახელისა და გვარის მქონე ადამიანი არ რეგისტრირდება. სავარაუდოდ, უსაფრთხოების მიზნით, ბაბუამ ფსევდონიმი აიღო... პოლონეთიდან საფრანგეთში ჩავიდა და უეცრად, პარიზის კლოდ-ბერნარის საავადმყოფოში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. სამედიცინო დასკვნაში სიკვდილის მიზეზად სტაფილოკოკი წერია... ერთდერთი ვაჟი ჰყავდა, - გივი ემუხვარი, რომელიც 90-იან წლებში გარდაიცვალა და შვილი არ დარჩენია. მისი ძალისხმევის მიუხედავად, ბაბუას ნეშტის საქართველოში, აფხაზეთში გადმოსვენება ვერ მოხერხდა. შვილმა მხოლოდ აფხაზეთიდან აღებული ერთი პეშვი მიწა გაგზავნა, რომელიც ბაბუას საფლავზე მიმოაბნიეს.
- ის დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ხელისუფლების წევრების გვერდით არის დაკრძალული, არა?
- დიახ, ლევილის სასაფლაოზე, ნოე ჟორდანიასა და დანარჩენი თანამებრძოლების გვერდით. იქაურობა მოუვლელია. ბაბუაჩემის საფლავზე წარწერაც კი წაშლილია. ადგილობრივმა ქართულმა სათვისტომომ არზაყან ემხვარის შესახებ თითქმის არაფერი იცის, რადგან დრომ მაინც თავისი გაიტანა და ის თაობა, რომელმაც ამის შესახებ იცოდა, აღარ არის.
- ვიცი, რომ ამაზე აფხაზეთშიც იყავით ჩასული...
- დიახ, 2007 წელს ვიყავი სოხუმში, მაგრამ ზეპირი გადმოცემის გარდა, ვერაფერი მოვიპოვე. ომის დროს არქივი მთლიანად დაიწვა და ყველაფერი განადგურდა. მისი მაშინდელი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, დღევანდელ აფხაზეთში მასზე კარგის მთქმელი ძალიან ცოტა დარჩა, რადგან მათი მოსაზრებით, "საქართველოსთან თანაცხოვრებას მოაწერა ხელი, რითაც აფხაზეთში ქართული საქმე გააკეთა". იმ მცირე რაოდენობის აფხაზმა, ვისაც არზაყან ემხვარი მტრად არ მიაჩნდა, მთხოვეს, წიგნი რუსულ ენაზეც მეთარგმნა, რათა ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. როდესაც ბაბუას წერილებს, საარქივო მასალებსა და დოკუმენტაციას ვკითხულობდი, წამით არ გამჩენია ეჭვი, რომ თავისი ხალხის გამყიდველი არ იყო და ამას რაიმე პირადი სარგებლისთვის არ აკეთებდა. მან იმ რწმენით იცხოვრა, რომ აფხაზეთი მხოლოდ საქართველოსთან ერთად გადარჩებოდა. მას ქართველი მეუღლე ჰყავდა, ჩიკვაიძის ქალი და სულით ხორცამდე "ქართველი აფხაზი" იყო...
- ქალბატონო ნატო, რა იცით მისი აფხაზი თანამოაზრეების შესახებ?
- თითქმის არაფერი, გარდა იმისა, რომ თანამოაზრეები ნამდვილად ჰყავდა. ისინი ან დახვრიტეს, ან გადაასახლეს. სანამ ამ წიგნზე მუშაობას დავიწყებდი, დიდხანს ვყოყმანობდი, მერე დახმარებისთვის ისტორიკოს გიორგი ანჩაბაძეს მივმართე. ბატონმა გიორგიმ მითხრა, 1917-21 წლებზე ისტორიაში ძალიან ცოტაა შემონახული და ჯობია, თქვენ გააკეთოთ, როგორც მისმა ერთადერთმა შთამომავალმაო... გადავწყვიტე, უბრალოდ ფაქტები დამედგინა, ხოლო დანარჩენი, მისი ცხოვრებისა და ღვაწლის განსჯა, მკითხველისთვის მიმინდვია... 2007 წელს ვიყავი აფხაზეთში, ომის შემდეგ, ეს ჩემი პირველი მოგზაურობა იყო მშობლიურ კუთხეში. - ოჩამჩირე ყველაზე მეტად დაჩაგრულია, იქაურობა გაველურებული იყო. გულმა არ მომითმინა და ჩემს ქუჩაზე კომსომოლსკაიას შოსეზეც შევიარე. ჩემი სახლის ფანჯარა ღია იყო და თვალი მოვკარი ჩემს ჭაღს. ფანჯრებზეც ისევ ის ფარდები ეკიდა, რომელიც დავტოვე... ცუდად გავხდი... გარშემო ერთი ნაცნობიც არ შემხვედრია. იქ ვერ დავრჩებოდი და სოხუმში ერთ-ერთ ნათესავს ვესტუმრე. მათ რძალი გუდაუთელი აფხაზი ჰყავთ, ომის შემდეგ მოიყვანეს და არ ვიცნობდი. თუმცა ვიცოდი, რომ უკვე პატარა ჰყავდათ, მეოთხეკლასელი ინალი და საჩუქრები ჩავუტანე. დავმეგობრდით. მუსიკალური ბავშვია და მთხოვა, თუ შეგიძლიათ, პიანინოზე დაუკარითო. რამდენიმე სიმღერა ვიმღერეთ, მათ შორის - ქართულებიც.
- როგორ მიგიღეს აფხაზმა მასპინძლებმა?
- ნორმალურად, აგრესია არ გამოუხატავთ. პატარა ინალს ძალიან მოეწონა ქართული სიმღერები. სუფრასთან ვისხედით, როდესაც ჩვენმა რძალმა თავისი ოჯახის ამბავს მომიყვა: - ერთადერთი ძმა მყავდა, რომელიც ქართველებმა მომიკლეს; სრულიად შესაძლებელია, თქვენი ქმრის ტყვიით იყოს მოკლულიო... ენა ჩამივარდა. ჩემი ნათესავები დუმდნენ. მხოლოდ პატარა ბიჭი მიეჭრა დედას და რაღაც ჩასჩურჩულა... გუდაუთელი აფხაზები ყოველთვის რადიკალურად იყვნენ ქართველების მიმართ განწყობილნი, მაგრამ ასეთ რამეს მაინც არ ველოდი. ძლივს ამოვღერღე - ეს ომი იყო! ომს კი კანონები არ აქვს; ჩვენმა ბიჭებმა, ქართველებს ვგულისხმობდი, იარაღი მხოლოდ გაგრის დაცემის შემდეგ აიღეს, საკუთარი სახლ-კარის დასაცავად, ასევე მოიქცა ჩემი ქმარიც-მეთქი... არ მახსოვს, როგორ გამოვედი ქუჩაში. ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. ვნანობდი, რომ აფხაზეთში ჩავედი. სანაპიროზე წასვლა დავაპირე, გულს გადავაყოლებ-მეთქი. ამ დროს ეზოში ჩემს პატარა ნათესავს მოვკარი თვალი. არ ვიცი, როდის დამასწრო სახლიდან გამოსვლა. ჩემთან მოიჭრა და მითხრა, - ტროლეიბუსამდე მიგაცილებთო. გზაში დიდი კაცივით მესაუბრებოდა. მითხრა, - თქვენი შვილის გაცნობა მინდაო. მივხვდი, დედამისის სიტყვების გამო თავს უხერხულად გრძნობდა. დამშვიდობებისას ვკითხე, ქორწილში დამპატიჟებ-მეთქი?.. - ჩვენი ნათესავი ხართ და მანამდეც მინდა, ჩვენთან ჩამოხვიდეთო... ზოგჯერ, როდესაც უიმედობა შემიპყრობს, რომ აფხაზებთან ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია, იმ ბიჭის ანთებულ თვალებს ვიხსენებ... ყველა გზა არ არის მოჭრილი, არსებობს ადამიანური რესურსი, რომელსაც გამოყენება უნდა, ოღონდ სწორად და ფრთხილად უნდა მივუდგეთ.
- სოხუმელი თანაკურსელები როგორ შეგხვდნენ?
- ვიგრძენი, რომ ქართველებთან საუბარს მონატრებული იყვნენ... ყველაფერი აინტერესებდათ. ყოველ საღამოს, ყავის დასალევად სოხუმის კაფეებში ვიკრიბებოდით... ერთ-ერთმა, აფხაზზე გათხოვილმა ქართველმა მითხრა, - ჩემი ქმარი ქართველების ტანკს გადაუდგა და ადგილზე დახვრიტეს; სამი-ოთხი დღე ქუჩაში ეგდო და ცხედარს არ გვაძლევდნენო. მერე ღამე ქალებს მოუპარავთ გვამი და თავად დაუმარხავთ. სტუმრად ჩამოსულ ქართველებს მივიღებ, მაგრამ მათ გვერდით ვერ ვიცხოვრებო... მე ის ამბავი მოვუყევი, ქართველ დედას მოკლული შვილის თვალი რომ გადააყლაპეს. ამ ტრაგედიამ ისინი შეძრა, - მსგავსი არაფერი გაგვიგიაო. მათაც ვუთხარი, რომ ომს კანონები არ აქვს!..
წამოსვლამდე სოხუმის ბაზარში შევიარე. ჩემი შვილის დაბადების დღე მოახლოებული იყო და საჩუქრად რამდენიმე ბოთლი აფხაზური შამპანურის ყიდვა გადავწყვიტე. გამყიდველს ვკითხე, - ერთი ბოთლი რა ღირს-მეთქი? - მან კითხვა შემომიბრუნა: - ქართველი ხართო? - აფხაზი ვარ-მეთქი, ვერ ვუთხარი, აფხაზურად დამიწყებდა ლაპარაკს და სამწუხაროდ, ჩემი ენა თითქმის არ მესმის. - ქართველი ვარ, მერე რა-მეთქი? - არაფერი, ჩემგან საჩუქრად გქონდესო. - და რამდენიმე ბოთლი შამპანური გამომატანა... ასე რომ, ხალხში მასობრივად ქართველებისადმი სიძულვილი არ არის, ზოგი დღემდე მტრად მიიჩნევს, ზოგი - არა. მე ხალხში ქართველების ზიზღი ვერ დავინახე.
ლალი პაპასკირი
(გამოდის ხუთშაბათობით)