სუპერკომედიად ქცეული დრამა - "საცივს ნიგოზი უხდება და არა - მიწის თხილი"

სუპერკომედიად ქცეული დრამა - "საცივს ნიგოზი უხდება და არა - მიწის თხილი"

იუმორისა და ჭამა-სმის საკითხში კომპეტენტურმა ნიკა არაბიძემ დაასკვნა, რომ გემოვნებაზე დავისას ჭეშმარიტების დადგენა ფაქტობრივად, შეუძლებელია. გადავწყვიტეთ, "უნივერსალური" რესპონდენტის გემოვნება მეტ-ნაკლებად გაგვერკვია...

დამინახა თუ არა, მკაცრი მასწავლებლის როლი მოირგო და, - კარგი გასაწეწი თმა გაქვსო, - თვალები დამიბრიალა. სავარაუდოდ, ქეჩოში იმ იმედით არ მწვდა, რომ მის შესახებ ცუდს მომავალში მაინც დავწერდი და ჩემს "გასაჩეჩად" მიზეზიც ექნებოდა...

- ერთ-ერთ სკეტჩში მასწავლებლის როლს ვასრულდებდი და მოსწავლეს თმაში "საყვარლად" ვწვდებოდი ხოლმე. მოკლედ, თათია სულუაშვილი დაჩაგრული მყავდა, უკვე თავის კანი სტკიოდა (იცინის)... ხალხს განსაკუთრებულად ჩემ მიერ განსახიერებული მთვრალი კაცი მოსწონს! ხშირად მეკითხებიან, - როლის შესრულებისას ფხიზელი ვარ თუ არა? კაცი ისე რომ დათვრეს, როგორც - ჩემი პერსონაჟი, დაახლოებით 7 ლიტრი ღვინო უნდა დალიოს. ჰოდა, ყოველი სკეტჩის გადაღებისას მართლა ამდენი რომ დამელია, ახლა ღვიძლი დაშლილი მექნებოდა.

- ნიკა, საკუთარ თავს გემოვნებიან ადამიანად მიიჩნევთ?

- რა ვიცი, აბა? უგემოვნო ვარო, - საკუთარ თავზე არავინ იტყვის. კარგი რაღაცები მომწონს, ცუდი - არა.

- ყველაზე მეტად, თქვენს გემოვნებას რა საკითხში ენდობიან?

- მე ყველა საკითხში კომპეტენტური ვარ - იუმორიდან დაწყებული ბირთვული ფიზიკით დამთავრებული (იცინის)! ყველაფერზე მაქვს საკუთარი შეხედულება! არ ვამბობ, რომ იუმორის "დარგში" მეტრი ვარ, მაგრამ ვინაიდან ჩემთან ინტერვიუზე მოხვედით, ე.ი. ამ საკითხთან დაკავშირებით შემიძლია, 1-2 სიტყვით ჩემი კომპეტენტური აზრი გამოვხატო. ისე, პროფესიით ინჟინერ-პოლიგრაფისტი ვარ. წიგნის გამოცემას რომ გადაწყვეტთ, მომიტანეთ - დაბეჭდვა-დაკაბადონება ჩემზე იყოს.

- ოდესმე თქვენთვის წიგნის დაბეჭდვა-დაკაბადონების თხოვნით მოუმართავთ?

- არა, რადგან ინსტიტუტში სწავლა 1997 წელს დავამთავრე, დიპლომი კი 7 წლის მერე ავიღე. მანამდე რატომ არ ავიღე? - იმიტომ, რომ არაფერში დამჭირვებია; სადაც ვმუშაობდი, დიპლომი არავის მოუთხოვია.

- 7 წლის მერე დიპლომი ვინ მოგთხოვათ?

- ინსტიტუტიდან დამირეკეს და მითხრეს: - წაიღე, თუ მიგაქვს, თორემ უნდა გადავაგდოთო. ჰოდა, წამოვიღე, აბა, რა მექნა? ისე, დედაჩემს გაუხარდა, დიპლომი რომ ავიღე.

- ნიკა, სამოსს საკუთარი გემოვნებით არჩევთ?

- ძირითადად, საკუთარ გემოვნებას ვენდობი, მაგრამ მაღაზიებში სიარული არ მომწონს, უფრო მეტიც - ეს შემაწუხებელია! მაღაზიებში სიარულს სირბილი მირჩევნია.

- სამოსის შერჩევისას ვის რჩევებს ითვალისწინებთ?

- ვიღაც რომ მეტყვის, - უი, რა კარგად გამოიყურები, აი, ეს გიხდებაო, შესაბამისად, მეც ვფიქრობ, - უი, მართლა ხომ არ მიხდება-მეთქი? ოჯახის წევრებისა და ახლობლების რჩევებს ვითვალისწინებ.

- ნიკა, როგორი კერძები მოგწონთ?

- რა მეტყობა, რომ ზოგადად, კერძები მომწონს (იცინის)?! აქაური ჰაერი (მშრალი ჰავა) მიხდება: დასავლეთში ჩხირივით ვიყავი, თბილისში ჩამოვედი და აი, შემომხედე, რა დღეში ვარ!.. კერძებსა და გურმანობას რაც შეეხება, ამ საკითხშიც კომპეტენტური ვარ, - ანუ იუმორისა და ჭამა-სმის "განხრებში" ჭკუა მომეკითხება. ზოგადად, ქართული სამზარეულო მიყვარს. რაღაც-რაღაცები უცხოური კერძებიდანაც მომწონს, მაგრამ ისინი უბრალოდ, აქა-იქ, თვეში ერთხელ ან ორჯერ უნდა გასინჯო, დააგემოვნო... რა თქმა უნდა, კერძებთან დაკავშირებით პრეტენზიული ვარ. მაგალითად, საცივი კარგად მომზადებული უნდა იყოს. ცუდი თუ იქნება, არ მომეწონება. საცივს ნიგოზი უხდება და არა - მიწის თხილი.

- კერძებს თავად თუ ამზადებთ?

- თქვენ უნივერსალურ ადამიანს ესაუბრებით! მარტოს ან მეგობრებთან ერთად ცხოვრება დიდხანს მომიხდა. თბილისში რომ ჩამოვედი, ბინაში 4 ძმაკაცი ვცხოვრობდით. ძირითადად, ქუჩაში ვჭამდით, მაგრამ ზოგჯერ კერძს თავადაც ვამზადებდით.

- ალბათ, მაქსიმუმ, კვერცხს წვავდით, არა?

- როგორ გეკადრებათ! ძალიან გემრიელი "აჯაფსანდალი" გაგვიკეთებია, ასევე - ლობიო... მგონი, კაცმა მწვადის შეწვაც უნდა იცოდეს, ყოველ შემთხვევაში - უმი და შემწვარი ერთმანეთისგან უნდა განასხვაოს. საიდუმლოდ გეტყვით: კერძების მომზადება შემიძლია, მაგრამ შინ არაფერს ვაკეთებ, რადგან კარგი თუ გამომივა, მერე ამ საქმეს მე გადმომაბარებენ.

- ეს საიდუმლო ინფორმაცია "ჩუმად" დავწერო?

- "ჩუმად" დაწერეთ! არ მინდა, მთელმა ქვეყანამ შეიტყოს. მირჩევნია, შინ კერძები სხვამ მოამზადოს.

- ნიკა, წიგნების კითხვა თუ გიყვართ?

- ბავშვობიდანვე სათავგადასავლო ჟანრის ლიტერატურა მიყვარს. ჟიულ ვერნისა და მაინ რიდის წიგნები 2-3-ჯერ მაქვს წაკითხული. ძალიან მიყვარს ნოდარ დუმბაძე; კიდევ, ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია". ეს წიგნი 20-ჯერ მაინც წავიკითხე: პირველად ისე ვკითხულობდი, როგორც - მხოლოდ ამბავს, შემდეგ - ცოტა სხვანაირად: ჩემს საყვარელ მონაკვეთებს გადავავლებდი ხოლმე თვალს. ახლაც, როცა თავისუფალი დრო მაქვს, შემიძლია, 20-30 ფურცელი წავიკითხო... სხვათა შორის, თქვენს ჟურნალს ვკითხულობ და შინ პროექტის - "ჩემი რჩეული" ყველა წიგნი მაქვს. კარგი წიგნებია, ბიბლიოთეკას ვავსებ...

- ბოლოს რა წიგნი წაიკითხეთ, გახსოვთ?

- ზღაპრები, ბავშვს ვუკითხავდი. "წითელქუდას", "ნაცარქექიას" ახლა ვიხსენებ.

- ბავშვისთვის ზღაპრების კითხვისას თქვენს მსახიობურ ნიჭსაც იყენებთ?

- როცა ძალიან პატარა იყო, ზღაპრებს გროტესკებით მაშინ ვუყვებოდი: "აი, მოვიდა დევი" და ა.შ. ბავშვი მიყურებდა და ვერ ხვდებოდა, უნდა მოსწონებოდა თუ შეშინებოდა (იცინის). ახლა მისთვის ზღაპრების კითხვით დედა და ბებო არიან დაკავებული.

- კინოთეატრს ხშირად სტუმრობთ?

- სხვათა შორის, ბოლოს მულტფილმის - "ქრუდსების ოჯახი" პრემიერაზე ვიყავი. ზოგადად, ვცდილობ, პრემიერებს დავესწრო. კარგი ფილმი მეც მომწონს! ტრაგედიებს ვერ ვიტან, მაგრამ მელოდრამის ნახვა შემიძლია; კომედიები მომწონს.

- "ქრუდსების ოჯახის" დიდ ეკრანზე ნახვამ თქვენზე როგორი შთაბეჭდილება მოახდინა?

- ერთ-ერთ მთავარ გმირს ვახმოვანებდი. უპირველეს ყოვლისა, სასიამოვნოა, რომ ხალხს მოეწონა. არავის უთქვამს, - ცუდი იყოო. ჩემი აზრით, ჩვენი ("კომედი ჯგუფის" წევრების) ხმები მულტფილმის პერსონაჟებს ზუსტად "აჯდებოდა".

- თქვენი საყვარელი ფილმი ან მულტფილმი რომელია?

- კომუნისტურ ეპოქაში დავიბადე. მაშინ ამდენი ტელეარხი სად იყო, მხოლოდ "მოსკოვი" და "თბილისი" გვქონდა. ბავშვობაში "ნუ, პოგადი" მიყვარდა. ასევე, მომწონდა ქართული მულტფილმები: "ჩხიკვთა ქორწილი", "წუნა და წრუწუნა", შემდეგ, როცა კომუნისტური ეპოქიდან ცოტა გამოვედით - "ტომი და ჯერის" ვუყურებდი სიამოვნებით... ზოგადად, უპირატესობას მულტფილმებს ვანიჭებ.

- თეატრში სპექტაკლებს თუ ესწრებით?

- თეატრში ადრე დავდიოდი, ახლა კი დატვირთული დღის რეჟიმის გამო, ამას ვეღარ ვახერხებ. მაგალითად, დღეს შინ საღამოს 10 საათზე ან 11-ის ნახევარზე წავალ. ჰოდა, ჩემ გამო ვინმე ამ დროს სპექტაკლს თუ ითამაშებს, სიამოვნებით დავესწრები (იცინის).

- იუმორისტს ტრაგიკული როლის შესრულების სურვილი თუ გაგჩენიათ?

- იპოლიტე ხვიჩიას, სანდრო ჟორჟოლიანს ტრაგიკული როლების შესრულება სულ უნდოდათ, მაგრამ კომიკურის თამაში უწევდათ, რადგან ასეთი იმიჯი ჰქონდათ. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ საკუთარ თავს ვინმეს ვადარებ. წლების წინ, ინსტიტუტში "სტუდენტური დღეები" ტარდებოდა. სპექტაკლი ქუთაისის ოპერის თეატრში დავდგით. დრამა უნდა ყოფილიყო, მაგრამ სუპერკომედია გამოვიდა! ხალხი სიცილისგან ხოხავდა! სპექტაკლში საკუთარი ინტერპრეტაციებითა და მთელი ამბებით ვითამაშეთ - მაგარი გამოვიდა! რეჟისორის ჩანაფიქრით, სპექტაკლი ისეთი უნდა ყოფილიყო, რომ ხალხი ტირილით "გამსკდარიყო". მაყურებელი მართლაც ტიროდა, ოღონდ - სიცილისგან...

- კონკურენტ ტელეარხებს თუ უყურებთ?

- ჩვენი შოუების გარდა, იუმორისტული გადაცემები მხოლოდ "იმედზე" გადის. დიდი ხანია, ამ გადაცემებზე მომუშავე ადამიანებს ვიცნობ და თვალყურს ინტერესით ვადევნებ. თუმცა, რა თქმა უნდა, ამის გამო ოთარ ტატიშვილს არ ვურეკავ და არ ვეუბნები, - მის გადაცემაში რა მომეწონა და რა - არა.

- შვილის გემოვნების ჩამოყალიბებაზე როგორ ზრუნავთ?

- ჩემს შვილს მულტფილმი - "პიტერ პენი" მოსწონს და უყურებს. ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მანქანები უყვარს. ამ მხრივ ხელს ვუწყობთ: ინტერნეტში შესაბამისი მულტფილმები და თამაშები მოვუძებნეთ. საშინელებათა ფილმებს არ ვაყურებინებთ. ასე რომ, მგონი, მისი განვითარების პროცესი ამ მხრივაც ნორმალურად მიდის.

- ნიკა, ცნობილი ადამიანებიდან ყველაზე გემოვნებიანად ვის მიიჩნევთ?

- ცოცხლებიდან თუ მკვდრებიდან?

- ამ მხრივ, სრული თავისუფლება გაქვთ. შეგიძლიათ, იდეალური ქალიც დაგვისახელოთ...

- (ფიქრობს) მაგალითად, როგორც ქალი, ნიკოლ კიდმანი მომწონს. ჩაცმის სტილითაც ყველასგან გამორჩეულია. ჩემი აზრით, მან იცის, რა უხდება და საკუთარ თავს როგორ მოუაროს. ძალიან ლამაზი ქალბატონი გახლავთ.

- როგორც ამბობენ, ნიკოლ კიდმანმა პლასტიკური ოპერაციებით თავი დაიუშნოვა და ფილმებშიც აღარ იღებენ...

- ვიდრე პლასტიკურ ქირურგთან მივიდოდა, მანამდე მომწონდა!

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"