რატომ ემუქრება მცხეთას მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღება?

რატომ ემუქრება მცხეთას მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღება?

მცხეთაში, ჯვრის მონასტრის ქვეშ, მტკვრისა და არაგვის შესართავთან გასართობი ცენტრის, პლაჟის მოწყობის იდეა პრეზიდენტ სააკაშვილს ეკუთვნის: "აქ შეიძლება ნავები და იახტები ვატაროთ და მტკვარში შევუშვათ აუზი თავისი პლიაჟით"... ახლახან იუნესკომ საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ ისტორიული მცხეთის უნიკალურ კულტურულ-არქიტექტურულ ძეგლებს - ჯვარს, სვეტიცხოველს, არმაზს, სამთავროსა და სხვებს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოღება ემუქრება. კონკრეტულად როგორია იუნესკოს მოთხოვნები და რეკომენდაციები? - ამ საკითხზე ორგანიზაცია "იკომოს-საქართველოს" (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი) გენერალური მდივანი ნატო ცინცაბაძე გვესაუბრება.

- მცხეთის ისტორიულ ნაწილში შექმნილ რთულ მდგომარეობასთან დაკავშირებით "იუნესკოს" წლების განმავლობაში არაერთი მოთხოვნა ჰქონდა და აქვს - დღემდე არ არსებობს მცხეთის ისტორიული ძეგლების მართვის გეგმა, არც ძეგლის კონსერვაციის გეგმა, ყველა ძეგლთადაცვითი პრინციპის გათვალისწინებით. იუნესკო სისტემატურად გვიყენებს მოთხოვნებს, რომელიც არ სრულდება. ჯერ კიდევ 2000 წელს მათ აღმოაჩინეს, რომ მცხეთის დაცული ზონების იმჟამინდელი მდგომარეობა აღარ პასუხობდა იმ პარამეტრებს, რითაც ეს ძეგლები 1994 წელს შევიდა მსოფლიო ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში, - დაწყებული გამალებული სამშენებლო სამუშაოების გამო ტერიტორია თანდათან მცირდებოდა, ამასთან, ტაძრების გარშემო მიწის უკონტროლო გასხვისება მიმდინარეობდა.

- ანუ დაცული ზონა ახალი მშენებლობების გამო მცირდებოდა?

- სახელმწიფო ვალდებულია, დაცული ზონის ტერიტორიაზე მშენებლობაზე გარკვეული რეგულაცია, შეზღუდვა დააწესოს, ამ ტერიტორიაზე გამოიყოფა ლანდშაფტის დაცვის ზონაც, სადაც მშენებლობა საერთოდ აკრძალულია. ამ ყველაფრის გამო მცხეთის ისტორიული ძეგლების გარშემო შექმნილი მდგომარეობა იუნესკომ საგანგაშოდ მიიჩნია და 2006 წელს ქართულ მხარეს ძალზე მკაფიო რეკომენდაციები მისცა - უნდა შემუშავებულიყო გენერალური გეგმა, მიწის რეგულირების წესები და მკვეთრად უნდა განსაზღვრულიყო ბუფერული ზონა. თუმცა, ამის შემდეგ, 2009 წელს ჩამოსულმა იუნესკოს მისიამ აღმოაჩინა, რომ მისი არც ერთი რეკომენდაცია არ შესრულდა, მათ ნახეს ძეგლების მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებული მშენებლობები - მძაფრი რეაქცია ჰქონდათ სვეტიცხოვლის შესასვლელთან საინფ­ორმაციო ცე­ნტრის შენობაზე, ხოლო მტკვრისა და არაგვის შესართავთან დაგეგმილი და მშენებარე სახელმწიფო დაწესებულებები, მათ შორის, იუსტიციის სახლი იყო ბოლო წვეთი, რის შემდეგაც მცხეთის ძეგლები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან "საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების" საგანგებო სიაში გადაიტანეს. სვეტიცხოვლის პირდაპირ მშენებარე საინფორმაციო ცენტრზე შავით თეთრზე დაწერეს, რომ ეს ნაგებობა არ შეესაბამება ძეგლთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის პრინციპებს. ამჟამად საქართველოს მთავრობას მიცემული აქვს მკაფიო მითითება, რომ მშენებლობები შეაჩეროს, შეიმუშაოს მცხეთის განვითარების გენერალური გეგმა. აღსანიშნავია, რომ არც საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება ამ ტერიტორიაზე მშენებლობა, მაგრამ 2012 წლის სექტემბერში სასწრაფოდ მიიღეს მთავრობის ახალი დადგენილება, რომლითაც ტერიტორიას მტკვრისა და არაგვის შესართავთან ლანდშაფტის დაცვის ზონის სტატუსი მოუხსნეს, რითაც გზა მიეცა უკანონო მშენებლობებს; ასე რომ, თუ პროცესი არ შეჩერდა, იუნესკო მცხეთის ძეგლების კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღებას აპირებს; მთავარია, არ გაჩნდეს ჩანაწერები, რომ ის შესაძლოა ამოიღონ მემკვიდრეობის სიიდან. ბაგრატზე ამგვარი ჩანაწერი იუნესკომ 2009 წელს გააკეთა, ნუსხიდან ამოღების პროცედურა კი წელს დაიწყო.

P.S. ამ საკითხზე კომენტარისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან სამსახურის უფროს მაგდა პოპიაშვილს მივმართეთ, მან გვითხრა: "ჩვენ მივმართეთ "იკომოსს" და მისი დასკვნის საფუძველზე მცხეთის ხიდისა და გამწმენდი ნაგებობის პროექტი (ის, რაც ჩვენი სამინისტროს კომპეტენციაა) შევაჩერეთ ისე, რომ სამუშაოები არც დაწყებულა.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"