კარგი მინისტრები გვყავს, მხოლოდ ერთის მიმართ არსებობს ეჭვი და ამისთვის საზოგადოებას ვამზადებ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას განაცხადა.
პრემიერი არ ასახელებს, იმ მინისტრის ვინაობას, რომელიც შესაძლოა წავიდეს. "მე თვითონ ძალიან განვიცდი. იქნებ შიგნით ჩავწყნარდეთ, მაგრამ ცოტაღა დარჩა ალბათობა, რომ შიგნით ჩავწყნარდეთ და ამიტომ ვამზადებ საზოგადოებას", - განაცხადა ივანიშვილმა.
იგი NDI-ს კვლევებში მინისტრების წარმატებული საქმიანობის შესახებ გამოკითხვებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წარმატებულ მინისტრებს შორის ათეულში განათლების მინისტრის ბოლო ადგილზე ყოფნას არ ეთანხმება. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ყველაზე წარმატებული სწორედ გიორგი მარგველაშვილია.
"წულუკიანი ძალიან მიყვარს - ძალიან წარმატებული მინისტრია, ასეთივეა ღარიბაშვილიც, ცუდად არ მუშაობს არც ალასანია და ასე შემდეგ. ძალიან კარგი მინისტრები გვყავს. რაც შეეხება მარგველაშვილს, სხვა კვლევებშიც არ არის ის პირველ ადგილზე. თეა წულუკიანი კარგი მინისტრია და მისი პირველობა კარგია. მარგველაშვილი კვლევებში რომ პირველ ადგილზე არ მოხვდა, ეს აჩვენებს იმას, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს წინ - დღეს კიდევ ვერ ხერხდება სწორი აქცენტების გაკეთება. მარგველაშვილი ყველაზე მეტს მეხმარება და ყველაზე სამაგალითოა, თუმცა, თეას არ ვეხები. მარგველაშვილთან ვმეგობრობ და მეტ აქცენტებს ვაკეთებ მასზე. არ მგონია, რომ მაგ რეიტინგებს ვინც წერს, საზოგადოებაც იგივე აზრზეა", - განაცხადა ივანიშვილმა.